"დღეს ჩვენ გვაქვს ერთდროულად ორი შოკი..."
27-03-2021
"დღეს ჩვენ გვაქვს ერთდროულად ორი შოკი..."
"2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 11%-მდე გაიზარდა. როცა ასეთი დიდი დანაკლისია, შეუძლებელია გაცვლითი კურსი არ გაუფასურდეს"

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა. შარშანდელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 95%-ით არის შემცირებული უცხოური ტურისტების შემოსვლა. იზრდება მსოფლიო ფასები სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე, მათ შორის მკვეთრად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რაც ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით გვემუქრება. არსებობდა მოლოდინი, რომ 2021 წელი გაცილებით რთული იქნებოდა ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით, ვიდრე პანდემიის დასაწყისი. ასეთ ვითარებაში კი საინტერესოა,
როგორი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საპასუხო რეაქცია, ანტიკრიზისული ქმედებები ფასების მოსალოდნელ ზრდაზე და ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბანკის მხრიდან ვიხილეთ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. გასულ კვირას რეფინანსირების სესხების განაკვეთი 8,5%-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ფული გაძვირდა. რით იყო განპირობებული სებ-ის
ეს გადაწყვეტილება, რა მოლოდინები აქვს ცენტრალურ ბანკს ფასების ზრდასთან დაკავშირებით და როგორი იქნება ლარის კურსი მიმდინარე წლის განმავლობაში? - ამ და სხვა საკითხებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვესაუბრეთ.

კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:


"იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდებოდა ქვეყანაში მოვლენები, ჩვენ ვუშვებდით, რომ შესაძლებელი იყო გამკაცრებულიყო მონეტარული პოლიტიკა. პანდემიის პირობებში ძალიან გაზრდილია გაურკვევლობა და აქედან გამომდინარე, პროგნოზებიც გაურკვეველია. გადაწყვეტილებებს პროგნოზების შესაბამისად ვიღებთ, ხოლო პროგნოზები იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორ სწრაფად ვითარდება სხვადასხვა მოვლენა.

ამიტომაც გვიხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის, მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის წლიური ინფლაცია 3,6% იყო, რაც საკმაოდ ახლოს არის იმ მიზნობრივ მაჩვენებელთან, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული საშუალოვადიან პერიოდში. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს განაპირობებულია კომუნალური სუბსიდიის პროგრამით, რომელსაც მთავრობა სამი თვის განმავლობაში ახორციელებდა. ჩვენ კი გადაწყვეტილების მიღებისას პროგნოზს ვუყურებთ და სწორედ ამან დაგვანახა, რომ მომავალში ინფლაციის დინამიკა იქნებოდა იმაზე მაღალი, ვიდრე არსებული მაჩვენებელია. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ რეფინანსირების სესხებზე განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის ის გახლავთ, რომ საქართველოსთვის პანდემია განმეორებითი შოკია და მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია უფრო დიდხანს გახანგრძლივდა, ვიდრე შეიძლებოდა სხვა შემთხვევაში ყოფილიყო. მანამდე შოკი იყო 2019 წლის განმავლობაში რუსეთიდან ფრენების შეჩერება, რამაც გავლენა იქონია გაცვლით კურსზე, დღეს გვაქვს უფრო გახანგრძლივებული მაღალი ინფლაციური პერიოდი, ვიდრე სხვა შემთხვევაში გვექნებოდა. ამან კი თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს მოლოდინების გაძლიერება. არადა, ნამდვილად არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც მაღალი ინფლაციის ტრადიცია აქვს.

- რომ დავაზუსტოთ, თქვენ გაქვთ ფასების კიდევ უფრო ზრდის მოლოდინი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით შეეცდებით, ფასების ზრდა გარკვეულწილად შეარბილოთ?
- დიახ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კომუნალური სუბსიდირების პროგრამის გაჩერების შემდეგ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენ გვქონდა თებერვლის ბოლოს და გამომდინარე აქედან მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. გარდა ამისა, უნდა დავასახელო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის შემთხვევაში: პირველია ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი - ანუ გაცვლითი კურსი არა მარტო რომელიმე ერთი ვალუტის მიმართ, არის გაუფასურებული და ეს საგარეო ფაქტორია, რომელიც ზემოქმედებს ინფლაციაზე.

მეორე გახლავთ მაღალი დოლარიზაცია და დოლარში სესხების მაღალი მოცულობა. შესაბამისად, ამ სესხების მომსახურებაც იზრდება, ხოლო ამის კომპენსაციისთვის ფასებიც იმატებს. კიდევ ერთი ფაქტორი შემიძლია დავასახელო - მაშინ როცა გამოშვება ქვეყანაში შემცირებულია, ხოლო ხარჯები არ მცირდება, ამის დაკომპენსირებაც მაღალი ფასებით ხდება. მაგალითად, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, სუპერმარკეტებს დასჭირდათ თანამშრომლებისთვის ტრანსპორტის დაქირავება, რაც დამატებითი ხარჯია; ან, მაგალითად, სტომატოლოგს რომ არ შეეწყვიტა საქმიანობა, დამატებითი უნიფორმა დასჭირდა, რაც ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი უკვე ფასებში შედის. ინფლაციის წამახალისებელი კიდევ ერთი ფაქტორია სასაქონლო ფასების მატება საერთაშორისო ბაზრებზე. ნავთობის ფასებს თუ გადავავლებთ თვალს, 1-ლი იანვრიდან მოყოლებული დღემდე 33%-ით არის გაზრდილი ფასი, ხოლო მხოლოდ მარტში კი 8%-ით. გარდა ამისა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ხორბლის, ზეთის და ბევრი სხვა პროდუქტის ფასიც წლის დასაწყისიდან დღემდე 10-15%-ით არის მომატებული.

- ასეთ ვითარებაში, რამდენად ექნება შესაძლებლობა ეროვნულ ბანკს, რომ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ფასების ზრდა მოთოკოს?
- დღეს ჩვენ გვაქვს ერთდროულად ორი შოკი - მოთხოვნისა და მიწოდების. ჯამურად თუ შევხედავთ, მოთხოვნის შოკი უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდების. მოგეხსენებათ, საქართველოში არის დამოკიდებულება ტურიზმზე და მობილობის შემცირების გამო ტურისტული შემოსავლები ძალიან შემცირდა. მაღალი დოლარიზაციის გამო აღმოჩნდა, რომ მიწოდების ფაქტორები ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მაღალი დოლარიზაციის გამო მიწოდების ფაქტორებს დაემატა უკვე სასაქონლო პროდუქტების ზრდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ეს შედეგი, რაც გვაქვს.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ფისკალურ სიტუაციას. თუ შევხედავთ ფისკალურ დეფიციტს, 2016 წლიდან მოყოლებული ეს იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 2,9% და შემდეგ სულ მცირდებოდა, მაგალითად, 2019 წელს უკვე 2%-მდე. გამომდინარე აქედან, შეუძლებელია მთავრობის მიერ ხარჯები არ განხორციელდეს, რადგან ეს არის ფისკალური იმპულსი. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ინფლაციაზე დაწოლას, მაგრამ ის ფაქტორიც გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად მოთხოვნა შემცირებულია და ამიტომ ეს არ არის ისეთი დაწოლა ინფლაციაზე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

- შიდა და გარე ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ინფლაციაზე, დიდი ალბათობით წლეულს შენარჩუნდება, არც ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის იმედი შეიძლება გვქონდეს, არც საინვესტიციო ბუმს ველოდებით. ასეთ ვითარებაში რა ეფექტური მექანიზმები აქვს ეროვნულ ბანკს, რომ ინფლაცია მოთოკოს და ლარის გაცვლით კურსზეც მოახდინოს გავლენა?
- გაცვლით კურსზე ზეწოლას ახდენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მოგეხსენებათ, შარშან საქართველომ ტურიზმიდან 2,8 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო და იმის გამო, რომ მოთხოვნა შემცირებული იყო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სასაქონლო ექსპორტიც შემცირდა. გამომდინარე აქედან, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5%-დან, რომელიც ისტორიულად ყველაზე დაბალი იყო 2019 წელს და ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა პანდემია, 2020 წელს უკვე 11%-მდე გაიზარდა. სწორედ ასეთი დიდი დანაკლისი ქმნის დაწოლას გაცვლით კურსზე. როცა ასეთი დიდი დანაკლისია, შეუძლებელია გაცვლითი კურსი არ გაუფასურდეს, ხოლო თუ გაცვლით კურსს ისე დავიცავთ, რომ ის არ გაუფასურდეს, ამას დასჭირდება საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენებს ეკონომიკას, ან სავალუტო რეზერვები უნდა გაიყიდოს პროპორციულად, რაც წარმოუდგენელია.

იმდენად შემცირდება სავალუტო რეზერვები, რომ ქვეყნის რისკ-პრემიუმი მნიშვნელოვნად გაიზრდება და აღარანაირი სანდოობა ქვეყანას არ ექნება. გამომდინარე აქედან, თქვენს შეკითხვას რომ ვუპასუხო, დიახ, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, ძირითადად, ეს არის რეფინანსირების განაკვეთი, თუმცა მის გამოყენებასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვეს გაზრდილი განაკვეთი. მეორე მექანიზმი არის უცხოური ვალუტის ინტერვენციები, რასაც ვახორციელებთ, მაგრამ ამის მიზანი არ არის გაცვლითი კურსის გამყარება, ეს შეუძლებელია და ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ მცურავ გაცვლით კურსს.

- საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის პროგნოზით, საქართველოს საგარეო ვალი წლის ბოლოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 69%-ს მიაღწევს, ამის მიზეზი კი შესაძლოა იყოს ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი, რომელიც წლის ბოლოსთვის 3,5-იან ნიშნულამდე გაიზრდება. იზიარებთ თუ არა ამ პროგნოზს?
- არავითარ შემთხვევაში არ გავიზია­რებდი, არც არანაირ პროგნოზს დავეთანხმე­ბოდი. მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როცა გაურკვევლობა არის ძალიან მაღალი. ჩვენ შესაძლოა ვისაუბროთ დაშვებებზე. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ გაცვლითი კურსი 3,3 ან 3,5 იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს და ა.შ., მაგრამ არავითარ შემთხვევაში პროგნოზებით. არც ერთი ცენტრალური ბანკი, რომელსაც მცურავი გაცვლითი კურსი აქვს, პროგნოზს არ აკეთებს.

შარშან ჩვენ ინტერვენციების სა­ხით ბაზარს მივაწოდეთ 916 მილიონი დოლარი. ამის საშუალება­ მოგვცა იმან, რომ ჩვენ თავად ვყი­დულობდით რეზერვებს, ასევე, რაკი ქვეყანა სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა, დონორებმა მოგვცეს ფული სირთულეების გადასალახად.

ეროვნული­ ბანკი არავითარ შემთხვევაში კურსის რომელიმე მიმართულებით ტარ­­გეტირებას არ აკეთებს, მაგრამ როგორც კი შევნიშნავთ, რომ ნომინალური კურსი გახანგრძლივებუ­ლად ზემოქმედებს გაუფასურების მი­მართულებით ინფლაციასა და მოლოდინებზე, უკვე ვიღებთ სხვა­დასხვა ზომას.

- პანდემიამდე პერიოდში ჩვენ ლარის კურსის მკვეთრ რყევებს ვადევნებდით თვალს - ხან უფასურდებოდა, ხან კი მყარდებოდა, რაც სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებდა ბიზნესსაც და მოსახლეობასაც. ბოლო პერიოდში ლარი საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა გაუფასურებული, მაგრამ მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებს...
- მე არ დავარქმევდი ამას რყევას, რადგან მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ყოველთვის ხდება რომელიმე მხარეს კურსის გადახრა, მოძრაობა. ეს მცურავი გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი თვისებაა. ეს რომ არა, მაშინ ფიქსირებული კურსი გვექნებოდა ან ლარის კურსი მიბმული იქნებოდა რომელიმე ვალუტის კურსს. პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ შოკი ძალიან დიდია, პოლიტიკა, რომელიც ადრე გვქონდა, შეიცვალა და, ბუნებრივია, რომ ასეც უნდა მომხდარიყო, იმიტომ ხდებოდა სავალუტო რეზერვების დაგროვება, რომ ასეთ რთულ ვითარებაში გამოგვეყენებინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ბაზარს და ისევ არა და არ ხდება კურსის რომელიმე დონეზე ტარგეტირება, მაგრამ ბაზარმა რომ გამართულად იმოქმედოს ამხელა შოკის პერიოდში, ჩვენ დროდადრო ვაწვდით ბაზარს უცხოური ვალუტის ლიკვიდობას.

რაც შეეხება საგარეო ვალის მოცულობას, ამის მიზეზი არ არის მხოლოდ გაცვლითი კურსი. ქვეყანამ ძალიან დიდი ვალი აიღო, რათა პანდემიური პერიოდისთვის გაეძლო. ამ შემთხვევაში რამდენიმე სხვა გარემოებაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტიც შემცირდა და ესეც მოქმედებს ვალის ზრდაზე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აქ სხვა რამეა, ვალის მოცულობაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი მდგრადობაა. არც ერთი დონორი საქართველოს არ მისცემდა სესხს, რომ არ ჰქონდეს გაკეთებული ვალის მდგრადობის ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის ეს არის რთული ვითარება, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, საქართველოში ვალი ამ ეტაპზე მდგრადია. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ვალი მაღალია, ეკონომიკა გაიზრდება. ეს არის 15 და მეტ წელიწადზე გაკეთებული ანალიზი. შესაბამისად, მომავალში ვალის დონე შემცირდება.
ჟორა
06 აპრილი 2021 04:06
რა შუაშია აქ ბლუმბერგის კურსი,ანდა ეროვნული ბანკის პოლიტიკა? ქვეყანა არაფერს არ აწარმოებს რაც მოთხოვნადია მსოფლიოში და თანაც დამატებული ღირებულების შემცველი რომ იყოს.თუ რაიმე ნედლეულის გატანა ხდება ექსპორტზე,ყველამ ვიცით რომ ხდება ოფშორული კომპანიების მიერ და საქართველოში შემოდის ვალუტის მინიმუმი,ხოლო ძირითადი მოგება პანამასა და შვეიცარიის ბანკებში ილექება.არც სოფლის მეურნეობა ( წარმატებული პროდუქტით) გვაძლევს საშუალებას რომელიმე მსხვილ და მდიდარ ბაზარზე მოვიკიდოთ ფეხი.ვართ აკიდებული ამ გაძვალტყავებული რუსეთის ბაზრის იმედზე სადაც მართლაც ფეკალიაც კი გაიყიდება,მაგრამ რა ფასად? ასევეა ტურიზმში, ვართ სამასი დოლარით ჩამოსული ჩელაბინსკიდან "ტურისტის" იმედზე.კიდე გასაკვირია რომ დოლარი უკვე 19 კარამდე არ გაძვირდა. ფულის მასა რომელსაც ბანკი ყრის ბაზარზე უაზრო ე.წ. ინფრასტრუქტურულ გაუთავებელი პროექტების გავლით,სასწრაფოდ იცვლება დოლარებზე და ილექება ჩინოვნიკების ჯიბეში. ატკატები უკვე ლამის 50%მდე ავიდა. 20წელია 300 კილომეტრი ავტობანის აშენება,ჯერ ვერც დავამთავრეთ და მეორეც ალბათ ყველზე ძვირი და უხარისხო ავტობანი გამოგვივა მსოფლიოში.
ალექს
04 აპრილი 2021 17:24
რად ვერ გაყიდეთ დოლარები ? ათი თეთრით გაძვირდა და სამ დღეში გაიაფდა ??!! სუეცი დაიკეტა გაიხსნა ?! ლარის კურსს მთავრობა და პარლამენტი არ ადგენენ, მას ადგენს საბანკო კარტელის ფალსიფიცირებული გარიგებები, მიშას წესით, რისი დამტკიცებაც რიგით გამომძიებელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, ესაა პოლიტიკური საბოტაჟი რომელზეც ხელს ითბობს ნებისმიერი მმართველი, ქოცი, ნაცი, სატელიტი , მოქკავშირი და ასე შემდეგ ! კურსს რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, იგივეა კიტრის გამყიდველს კითხო კიტრი რა ღირსო, რამდენიც გიღირსო !
ალექს
29 მარტი 2021 12:40
საფიქრებელია ,რომ რადგან 1 მილიარდის ბლუმბერგზე ნავაჭრით 70-ს ლურსს ადგენთ ,ერთ დოლარს მიიყვანთ შვიდ ლარამხე !!!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?