საქართველოდან უკანონოდ მილიარდები გაედინება - კვირის პალიტრა

საქართველოდან უკანონოდ მილიარდები გაედინება

ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოდან არალეგალურად ოთხი მლიარდი დოლარის გადინებამოხდა. ამ დასკვნამდე ორგანიზაცია "გლობალური ფინანსური ერთიანობა" (GFI) შესაბამისი კვლევის შედეგად მივიდა. ანგარიშში "განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების გადინების შესახებ", ნათქვამია, რომ საქართველოდან ფინანსური რესურსების გადინება ყოველწიურად დაახლოებით 456 – 474 მილიონი დოლარის მოცულობით ხდებოდა.

უკანონო ფულის გადინების მოცულობის მიხედვით, ქვეყანათა რეიტინგში საქართველო 74-ესა და87-ე ადგილებს შორის განთავსდა. პირველ ხუთეულში კი მოხვდნენ: ჩინეთი - 2,18 ტრილიონი აშშ დოლარი, რუსეთი - 427 მილიარდი დოლარი, მექსიკა - 416 მილიარდი დოლარი, საუდის არაბეთი - 302 მილიარდი დოლარი და მალაიზია - 291 მილიარდი დოლარი.

GFI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყნისთვის ზიანის მომტანია, როგორც უკანონო ფინანსური რესურსების გადინება, ასევე შემოდინება. გადინება კაპიტალის დანაკარგს გულისხმობს, ხოლო შემოდინება ისეთი უკანონო ქმედებებით განისაზღვრება, როგორიცაა კონტრაბანდული გზით საქონლის შემოტანა (საიმპორტო ვალდებულებებზე ან დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავის არიდება) და ფარული ეკონომიკის სტიმულირება.

"საფასო ცდომილებების შეფასების პროცესში გამოვლინდა, რომ საქართველოდან არალეგალური კაპიტალი სტაბილურად გაედინებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს საბაჟოზე დაფიქსირებული იმპორტის სასაქონლო ღირებულება აჭარბებდა პარტნიორი ქვეყნის საექსპორტო ანგარიშზე ასახულ სასაქონლო ღირებულებას. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე, რომლის რეალური ღირებულება შემცირებულად იქნა გატარებული ქვეყნის

საექსპორტო ანგარიშზე. პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შორის შეუსაბამობა, უკანონო ფულის გადინებაზე მეტყველებს“. - აღნიშნავს GFI-ის მკვლევარი სარა დე სლოოვერი.

შედარების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს ეკონომიკის მასშტაბების მქონე ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლები. მაგალითად, უკანონო ფულის გადინების თვალსაზრისით სომხეთსა და მოლდავეთს საქართველოს მსგავსი „რეიტინგი“ აქვთ. ხოლო აზერბაიჯანსა და რუმინეთში საქართველოსთან შედარებით უფრო მძიმე ვითარებაა. მაგალითად, აზერბაიჯანიდან გადინებული უკანონო ფინანსური რესურსების საშუალო წლიური მოცულობა 2298 – 4490 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო რუმინეთის მაჩვენებელი 3678 – 4209 მილიონ აშშ დოლარის შუალედშია.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "ეს საკმაოდ დიდი მოცულობის თანხაა და თუ შევადარებთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ქვეყანაში ამ ათი წლის განმავლობაში შემოვიდა, საკმაოდ სოლიდურ შეფარდებას მოგვცემს ერთმანეთთან. შესაბამისად, ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის და ამ მონაცემების ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს პოზიტიური ინვესტიციების თვალსაზრისით, აღნიშნული კვლევის შედეგები საკმაოდ არასახარბიელო სურათს იძლევა. მართალია, ოფიციალური სტატისტიკა ითვლის ინვესტიციების გადინებას და ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელიც მზარდია, მაგრამ GFI-ის კვლევა ცხადყოფს, რომ ოფიციალური სტატისტიკის გარდა არსებობს თანხები, რომლებიც ქვეყნიდან ოფიციალური არხების გვერდის ავლით გაედინება.

ბოლო ათი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ბიზნესმენს ნებაყოფლობით თუ იძულებით მოუხდა ქვეყნის დატოვება. ბუნებრივია, მათ შეძლეს საკუთარი აქტივები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჰქონდათ დაბანდებული, საზღვარგარეთ სხვადასხვა გზით გაეტანათ. გარდა ამისა, ქვეყნიდან ფულის გადინების არალეგალურ მაჩვენებელში შესაძლოა აისახა ქართველი ჩინოსნების მიერ ქვეყნის გარეთ გატანილი თანხები. რა თქმა უნდა მათ ხელი მიუწვდებათ ისეთ საშუალებებზე, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, აღრიცხვის გარეშე გაიტანო ქვეყნიდან გარკვეული აქტივები. სავარაუდოდ, ამ აქტივების გარკვეული ნაწილი, ოფშორული კომპანიების გავლით შემდეგ ისევ ბრუნდება საქართველოში, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც ქვეყნის გარეთ რჩება.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი რეიტინგი თუ კვლევა, გარკვეულ, ზოგ შემთხვევაში არასრულ მონაცემებს ეფუძნება, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა საქართველოდან უკანონოდ გასული ფულის მოცულობა ოთხ მილიარდზე მეტიც იყოს.

ზოგადად, ქვეყნიდან ნებისმიერი კაპიტალის გადინება, ლეგალური გზით ხდება თუ უკანონოდ - ეს არის დაკარგული შესაძლებლობა ამ ქვეყნისთვის, რომ მოხდეს მეტი ინვესტიციის დაბანდება, მეტი ბიზნესი დაფუძნდეს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი შემოსავალი მიიღოს მისმა მოსახლეობამ."

(სპეციალურად საიტისთვის)