ევროკავშირთან ბზარიდან - ეკონომიკურ ნაპრალამდე
ევროკავშირთან ბზარიდან - ეკონომიკურ ნაპრალამდე
ევროპარლამენტარები საქართველოს ფინანსური სანქციებით ემუქრებიან და ეს მაშინ, როცა ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმზეა, ბოლო ორ თვეში ეკონომიკა 8,3%-ით შემცირდა, ფაქტობრივად, ინვესტიციები აღარ შემოდის, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, სამსახურს 300 ათასი კაცი ეძებს, ტურისტული სექტორი გაჩერებულია და ინფიცირებულთა ყოველდღიურად ზრდის გამო მთავრობამ შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიყენოს შეზღუდვების მექანიზმი. ლაპარაკია იმაზეც, რომ თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდებიან, ევროკავშირის საპარლამენტო ტრიბუნიდან გაისმება მოწოდებები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ, ჯერჯერობით კი შვიდმა ევროპარლამენტარმა გაავრცელა განცხადება,
რომ საქართველოს ლიდერები აღარ უნდა მოელოდნენ ევროკავშირთან ჩვეულ ურთიერთობას, გადაიხედება ფინანსური დახმარების საკითხიც. შარშან მხოლოდ კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირმა საქართველოს 1,5 მილიარდი ლარი გამოუყო. არსებული ვარაუდით, ახლა საუბარია სწორედ ამ თანხის ნაწილზე, დაახლოებით 60 მილიონ ევროზე, რომელიც საქართველომ შესაძლოა წლეულს ვერ მიიღოს, რაც უფრო მძიმედ აისახება
ჩამოთვლილ ეკონომიკურ პრობლემებსა და შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზეც.

"შეიძლება ითქვას, ევროკავშირთან ურთიერთობაში ეს არის პირველი ბზარი"

გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი:

"ამ განცხადებაზე ხელმომწერი ყველა ევროპარლამენტარი ევროპარლამენტში მაღალი თანამდებობის პირია. მათ შორის არიან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, წევრები, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები და ა.შ. შესაბამისად, მათ აზრს დიდი გავლენა აქვს და რეკომენდაცია, რომელსაც ისინი საქართველოს შესახებ აძლევენ ევროკავშირს, ყურადსაღებია. შესაბამისად, თუ საქართველოს სანქციები დაუწესდა და საუბარია არა ინდივიდუალურ, არამედ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების გადახედვაზე, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელიც ამ კრიზისის დროს დიდწილად სწორედ ამ დახმარებებზეა დამოკიდებული.

ასეთ შედეგზე პასუხისმგებლობა კი დაეკისრება ხელისუფლებას, რადგან ევროკავშირის მედიაციის მიუხედავად, პოლიტიკური მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ფინანსური სანქციების გარდა, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობასაც კი გადახედოს. შეიძლება ითქვას, ევროკავშირთან ურთიერთობაში ეს არის პირველი ბზარი, რაც მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური პროგრესისთვის.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს და თუ მას რამე შეაფერხებს, ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს მოსახლეობაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, შექმნილი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელსაც სხვადასხვა პროგრამის რეალიზებისთვის ველოდებით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ თითქმის ამოწურული გვაქვს საგარეო ვალის აღების ლიმიტი, ეკონომიკა ვეღარ იღებს შემოსავლებს ტურიზმიდან და ამ ვითარებაში ერთადერთი, რაც გადარჩენის იმედს გვიტოვებს, პარტნიორი ქვეყნების დახმარებაა. ახლა კი ამასაც შეიძლება საფრთხე შეექმნას.

ევროპარლამენტარების ამ განცხადებაზე მყისიერი რეაგირებაა საჭირო, აუცილებელია დროულად გადაწყვეტილების მიღება, რათა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი, როგორმე განიმუხტოს ვითარება, რომელიც ამ პოლიტიკური კრიზისის გამო ჩამოყალიბდა ევროსტრუქტურებთან.

უნდა გავიაზროთ, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის დახმარება, ეს არის ქვეყნისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება და თუ დროულად არ გადაიჭრა პრობლემა, ვფიქრობ, მოსახლეობას ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება".

"ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია"

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი:

"მხოლოდ წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 287 მილიონი დოლარის გრანტის სახით მიღება ევროკავშირისგან. შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირი არა მარტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, არამედ მსხვილი დამფინანსებელიც, მათ შორის ძალიან ბევრი სახელმწიფო პროექტის. შესაბამისად, განცხადებაზე ხელმომწერი ევროპარლამენტარების მოსაზრება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ. არც მინდა ვიფიქრო, რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირის თუნდაც განცხადებას, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ.

თუ საქმე აქამდე მივა, ეს არა მარტო ფინანსურად დააზარალებს ქვეყანას, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზიანსაც მოგვაყენებს და ჩრდილი მიადგება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯსაც. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამის შემდეგ რომელიმე ინვესტორს გაუჩნდეს სურვილი, ფული ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ქვეყანაში დააბანდოს? ამიტომ ახლა მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ პოლიტიკური კრიზისი დროულად გადაიჭრას. ტყუილად ეგონათ მავანთ, რომ მოლაპარაკების ჩაშლა იოლად ჩაივლიდა. არ არის გამორიცხული აშშ-მაც გაიმკაცროს ტონი. ეს პრობლემებს უქმნის საქართველოს ეკონომიკას, მის მოსახლეობას და თუ ვინმე ამას თავის ჯიბეზე ვერ გრძნობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანას არ დაარტყამს სანქციების გავლენა - მერწმუნეთ, ეს თითოეულ მოქალაქეზე მტკივნეულად აისახება".

რა არჩევანის წინაშე დგას ეროვნული ბანკი

აკაკი ცომაია, ეკონომიკის ექსპერტი:

"ვფიქრობ, ევროკავშირი და აშშ საქართველოს საკითხში უნისონში იმოქმედებენ. და ეს მაშინ, როცა ამხელა საგარეო ვალი და განსაკუთრებით ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი გვაქვს, როცა მთავრობა წლეულსაც უკვე არსებულ ვალზე ვალის დამატებას აპირებს, მკვეთრად გააუარესებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს და გაცილებით დაამძიმებს მოსახლეობის მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში მთლიანად ქვეყანა დადგება დეფოლტის წინაშე. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორების ნდობა ქვეყნისა და მთავრობის მიმართ მკვეთრად დაიკლებს და ჩათვალეთ, რომ მოგვიწევს ძალიან დიდი მოცულობით იმპორტირებული საქონლის შეზღუდვა, რაც ჩვენს კეთილდღეობაზე მეტად უარყოფითად აისახება. რაც შეეხება ლარის გაუფასურების მიზეზებს, უცხოური ვალუტის შემოდინების მკვეთრი შემცირებისას, მცურავი გაცვლითი კურსის დროს, უცხოური ვალუტა მყარდება, ძვირდება იმპორტი და ლარი უფასურდება. გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მთავრობის მიერ უცხოურ ვალუტაში აღებული ვალი ლარში კონვერტირდა და ასე იხარჯება.

საქართველოს ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, პროპორციულად ხარჯავს უცხოურ რეზერვებსაც, მაგრამ ვერაფერს ვუზამთ იმ მდგომარეობას, რომ ინვესტიციებიდან, ტურიზმიდან და სხვა წყაროებიდან უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირებულია, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ინფლაციასა და ინფლაციურ მოლოდინებზე. ამიტომ, როგორც ეკონომიკაა ძალიან რთულ მდგომარეობაში, ასევე შავ დღეშია ეროვნული ბანკი. სებ-მა ახლა უნდა გააკეთოს არჩევანი რეზერვების ხარჯვასა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებას შორის. რეზერვების შემცირება ისევ და ისევ ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს უკავშირდება, ამიტომ ეროვნული ბანკი ერთი მხრივ რეზერვებს უფრთხილდება, მაგრამ მეორე მხრივ, თუ რეზერვებს არ დახარჯავს, მონეტარული პოლიტიკა უნდა გაამკაცროს ინფლაციური მოლოდინების მოსათოკად. ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს ეროვნული ბანკი - ასეთია სამწუხარო რეალობა".

"გაურკვეველ ვითარებაში არავინ ჩადებს ფულს ახალ საქმეში"

ზურაბ ლალაზაშვილი, აუდიტორული კომპანია "BDO საქართველოს" მმართველი პარტნიორი:

"ვითარება მეტად რთულია. დღეს საქართველოში არა გვაქვს უფლება რაიმე ტიპის სავალუტო შემოდინებაზე ვთქვათ უარი, იქნება ეს ინვესტიციები, დახმარება, შემოსავლები ტურიზმიდან თუ სხვა. უცხოური ვალუტა, რომელიც შემოდის საქართველოში, დიდწილად განსაზღვრავს ეროვნული ვალუტის სიმყარესაც. ამიტომ, თუ საქართველოსთვის უცხოური ფინანსური ნაკადები შემცირდება ან შეწყდება, ეს უარყოფითად აისახება როგორც საზოგადოდ ეკონომიკაზე, ასევე ლარის უფრო გაუფასურებას შეუწყობს ხელს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რა არის გამოსავალი ამ რთული ვითარებიდან? არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომლის ერთი აქნევითაც ყველა პრობლემას გადავწყვეტთ. შესაბამისად, საჭიროა მთავრობის კომპლექსური მიდგომა. უნდა გადაიდგას რადიკალური ნაბიჯები როგორც ლარის გამყარებისთვის, ასევე ეკონომიკის სტიმულირების თუ რეგულაციების შესუსტების ან საერთოდ გაუქმებისთვის, რაც მძიმე ტვირთად აწევს ბიზნესს. ასევე მძიმე ვითარებიდან გამოსვლას ხელს შეუწყობს სახელმწიფო ქონების გასხვისება, მეორე მხრივ კი, თუ ეკონომიკა არ ამუშავდა და მოძლიერდა, თუ არ შეჩერდა ეკონომიკური ვარდნა, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები უცხოური ფულადი ნაკადების შემოდინებისთვის საკმარისი არ იქნება.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეგვხვდა. ჩვენ მივაწოდეთ მას იმ საკითხების ჩამონათვალი, რაც, ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემების სწრაფად გადაჭრისთვის და დაეხმარება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ლარის გაუფასურება. ინვესტიციების შემოდინებისთვის ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ინვესტორი, რომელიც საქართველოში პირობითად დააბანდებს 100 დოლარს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ ქვეყნისა და შესაბამისად ადგილობრივი ვალუტის მსყიდველობითი უნარი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება.

უცხოელი ინვესტორების გარდა, ლარის სტაბილურობა მნიშვნელოვანი ინდიკატორია ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. გაურკვეველ ვითარებაში არავინ დებს ფულს ახალ საქმეში და არც არსებულის გაფართოებაზე ფიქრობს.

ბიზნესი კრედიტს მეტწილად უცხოურ ვალუტაში იღებს, დღეს კი ამას ყველა ერიდება, რადგან არამყარი ვალუტის კურსის გამო შესაძლოა სესხის მომსახურების პრობლემა შეექმნათ. ბევრ კომპანიას ეროვნულ ვალუტაში მოგება უფიქსირდება, მაგრამ მყარ ვალუტაში რომ გადავიყვანოთ, დავინახავთ, რომ ეს კომპანიები ან ზარალზე არიან, ან წლების განმავლობაში მოგებას ვერ იღებენ. შესაბამისად, თუ საქართველოში არ არის გარემო, სადაც ბიზნესი მოგებას იღებს, არც არავინ დაინტერესდება ინვესტირებით. ამას გარდა, ადგილობრივი ბიზნესის დაგროვილი მოგება უნდა იყოს რეინვესტირების წყარო, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს გაფართოვდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, აწარმოოს პროდუქცია, მომსახურება გასწიოს და ა.შ. შესაბამისად, თუ გვსურს ეკონომიკა გაჯანსაღდეს და ინვესტორები მოვიზიდოთ, ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს ამ გზაზე".
მედეა
07 მაისი 2021 19:53
ალექს, როგორ მინდა გავერკვიო თქვენს ნაუბარში. გთხოვთ, დილეტანტებისთვის კარგად აღსაქმნელი წინადადებებით გადმოსცეთ ის ჭეშმარიტება, რასაც ინტუიციით ვხვდები და ვწვალობ. -რა უნდა შეცვალოს და როგორ, ან რითი უნდა შეცვალოს მთავრობამ?, უნდა გამდიდრდეს ჩვენი ლამაზი ქვეყანა! მთავრობის კრიტიკა ჭარბადაა----გამოსავლის შეთავაზება კი--თითქმის არ გიწერიათ ან მე ვერ მივაგენი და მივხვდი. გთხოვთ, არ გამიჯავრდეთ და გასაგებად გამოთქვათ აზრი .
ალექს
11 აპრილი 2021 05:22
მთავარი კურსის დადგენის წესია , და არა კურსი, მისი დასმა შეიძლება მარტივად : საღამოს კომბანკებში 3,5 იყო ! ეს როგორ ხდება ნეტავ ? ასე ხომ არა : მაქვს 5 შპს და ანგარიშები 5 ბანკში და თითოეულს ასი ათასი ლარი და 30 ათასი დოლარი უძევს იმ ბანკში , პირველი შპს აძლევს დავალებას პირველ ბანკს , მიყიდე ასი ათასი ლარით დოლარები კურსით 3,42 ბლუმბერგზე ! მეორე ბანკს მეორე შპს აძლევს დავალებას მიყიდე 30 ათასი დოლარი კურსით 3,43 ! მესამე გამიყიდეს 3 ,44-დ ! მეოთხე მიყიდე 3,45-დ, მეოთხე გამიყიდე 3,46-დ , მეხუთე მიყიდე 3,47-დ ! საერთო ჯამში თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, და სამშაურად სავალუტო ბაზრის დესტაბილიზაციას ვიწვევ , ის არამდგარდია, ეს ქნა სოროსმა როცა ფუნტი -უძლიერესი ვალუტა დააქცია , თუ ამ ბანკების აქციებიცა მაქვს , ან სულაც ჩემია ბანკიცა და ის შპს-ც ! წამოვა წვიმა ექსპორტიორებისაგან , დამაშვრალი ემიგრაციის დოლარებისაც , ზოგს დენის , ზოგს წამლის, ზოგს საკვები ლარებში აქვს საყიდელი, ხომ უნდა ბენზინიც ? უნდა, ეგენი ჩემს ბლუმბერგზე დაკრულზე, იმპორტული რაცაა , თან ოლიგოპოლიებში მონოპოლიზირებული , ან რეგულირებადი ნარმანიას და მისნაირების მიერ , უწევენ და უწევენ ზემოთ პლანკას, ეგაა რაცააა ! ჰა დადგით აბა სპექტაკლი , უგულავა ? ბლუმბერგის სპექტაკლი, გვენეტაძე ? ჰა !? მიშა, ესაა რაცაა !რა უყავით სავალუტო და საფონდო ეროვნიული ბირჟები, რომელ კარტელში შეტენეთ ?! სად აგროვებთ სახაზინო ვალედებულებებს მთავრობის შანტაჟისათვის ? ერთი მილირდის შეძახილით ბლუმბერგზე 70 მილიარდის კურსს ადგენთ ?! შოკი კი არა მარაზმია ! ეგ ერთი და მეორე, ვალუტაზე ვინც მუშაობს-ექსპორტიორია, მას კონვერტაციას ნუ აძალებთ , გადაიხადოს ვალუტით დენის ფულიც , დიახ და ბენზინისაც , ნედლეულისაც , ძირითად და საწარმოო საშუალებებს , შენობას თუ ყიდულობს , რატომ აკეთებინებ ბანკში კონვერტაციას , საქმიანს აღარიბებ , უსაქმურ პარაზიტს ამდიდრებ ? კი მოქალაქემაც, თუკი სავალუტო შემოსავალი აქვს , რას ამდიდრებინებ ბანკს, ბანკმა გამოუგზავნა ვალუტა თუ შვილმა გამოუგზავნა გადაკარგულიდან , არა თქვა ახლა ერთადერთი საგადასახადო საშუალება აქ ლარიაო, თორემ იცოდე კახურად მოგდგები, შენც და შენს პატრონ კომპარტიასაც !
ალექს
11 აპრილი 2021 05:20
ათი თეთრით გაძვირდა და სამ დღეში გაიაფდა ??!! სუეცი დაიკეტა გაიხსნა ?! ლარის კურსს მთავრობა და პარლამენტი არ ადგენენ, მას ადგენს საბანკო კარტელის ფალსიფიცირებული გარიგებები, მიშას წესით, რისი დამტკიცებაც რიგით გამომძიებელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, ესაა პოლიტიკური საბოტაჟი რომელზეც ხელს ითბობს ნებისმიერი მმართველი, ქოცი, ნაცი, სატელიტი , მოქკავშირი და ასე შემდეგ ! კურსს რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, იგივეა კიტრის გამყიდველს კითხო კიტრი რა ღირსო, რამდენიც გიღირსო !
აი ამ დროს ინტევენცია ჩაუვარდათ, არ გაიყიდა დოლარი 3,5-დ !!! სხვათაშორის არაერთგზის მომხდარა რომ კარტელის კურსს არ გაყვა ბაზარი და ეკონომიკა - ჯიხურებმა არ მოუცვალეს კურსს ფეხი, სავარაუდოდ მათ და სებ შორის კონფლიქტია , მაგრა ძალა აღმართსა ხნავს , ჯერ ლიცენზიებს წაართმევენ, მერე თავისუფლებას და ფულებს !

რუბრიკის სხვა სიახლეები