"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" ხარისხის მართვის უმაღლესი სერტიფიკატი მიენიჭა - კვირის პალიტრა

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" ხარისხის მართვის უმაღლესი სერტიფიკატი მიენიჭა

ISO 90001:2008 "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" უკვე მეორე შვილობილ კომპანიას გადაეცა

შესაბამისი აუდიტის ჩატარების შემდეგ, კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიენიჭა. კომპანია "SGS"-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია დამოუკიდებელი ექსპერტიზის, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების სფეროში. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" უკვე მეორე შვილობილი კომპანიაა, რომელიც ხარისხის მართვის უმაღლესი ნიშნის მფლობელი გახდა.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის" ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა. მოწვეული სტუმრების გარდა, კომპანიის დაჯილდოებას კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი,  "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი დავით ზუბიტაშვილი, "SGS“-ის კასპიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ვოზნიუკი და "SGS  საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი თამარ ოღლიშვილი ესწრებოდნენ.

"SGS"-მა კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" აუდიტის ჩატარება 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. აუდიტის ფარგლებში მიმდინარეობდა "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" საქმიანობის დეტალური შესწავლა. აუდიტი ერთდროულად მიმდინარეობდა "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" სათავო ოფისში, ნავთობბაზებში, ავტოგასამართ სადგურებსა და მომსახურების ცენტრებში. აუდიტის შედეგად "SGS"-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" საქმიანობა, ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით, სრულ შესაბამისობაშია  ISO 90001:2008-ის სტანდარტებთან.

მაირ მამედოვი (კომპანია "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი): "ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩვენი შვილობილი კომპანია ხარისხის მართვის ამ სერტიფიკატით ჯილდოვდება. გასულ წელს, ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატი კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" გადაეცა. ეს სერტიფიკატი გადმოგვეცა, როგორც მენეჯმენტისთვის, ხარისხიანი მომსახურებისთვის, ნავთობბაზების და ბენზინგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურისთვის, რითაც ჩვენი შვილობილი კომპანია, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" გამოირჩევა ადგილობრივ ბაზარზე. ამ აუდიტის ფარგლებშიც კომპანია "SGS"-მა დიდი სამუშაო გასწია და მრავალმხრივ შეისწავლა კომპანიის მუშაობა. სერტიფიკატის მონიჭება ძალიან გვახარებს, მაგრამ ამავე დროს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების წინაშე."

ალექსანდრე ვოზნიუკი (კომპანია "SGS"-ის კასპიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი): "თანამედროვე საქმიანი სამყარო მსოფლიო ბაზრებს მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებს. დღეს კომპანიის მართვაში ხარისხიანი მენეჯმენტის დამკვიდრება მეტად მნიშვნელოვანია. კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი მენეჯმენტი და მომსახურების ხარისხი სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო თანამედროვე სტანდარტებთან. ჩვენც რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოეთ კომპანიის აუდიტი და დავადგინეთ, რომ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" სრულ შესაბამისობაშია  ISO 90001:2008-ის სტანდარტებთან. ამიტომ, მოხარული ვართ გადავცეთ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" ხარისხის მართვის ეს სერტიფიკატი და მომავალშიც წარმატებები ვუსურვოთ."

დავით ზუბიტაშვილი (კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი): "ამ სერტიფიკატის მინიჭება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში არის კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობენ. ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟია და რაც უფრო მეტი კომპანია იქნება ასეთი ნდობით წარმოდგენილი, რაც უფრო მეტ კომპანიას მიენიჭება ეს ჯილდო, მით უფრო ამაყები ვიქნებით. "SGS "-ის კვლევა კომპანიის მართვის ყველა რგოლზე მიმდინარეობდა, მათ შორის შემოწმდა საწვავის ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა.

თუმცა, რაც უფრო მეტად სასიამოვნოა ამ სერტიფიკატის მიღება, მით უფრო მეტი ვალდებულება გვეკისრება, ვიყოთ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე. ხარისხის მართვის უმაღლესი სერტიფიკატის ფლობა იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მუდმივად ასეთი მაღალი ნიშა უნდა გვეკავოს, კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ ეს სტანდარტი მუდმივად შევინარჩუნოთ."

R