2010 წლის წარმატებით დასრულების შემდეგ პროკრედიტ ბანკი არჩეულ სეგმენტს კვლავაც ერთგულად მოემსახურება - კვირის პალიტრა

2010 წლის წარმატებით დასრულების შემდეგ პროკრედიტ ბანკი არჩეულ სეგმენტს კვლავაც ერთგულად მოემსახურება

პროკრედიტ ბანკი უკვე 11 წელია საქართველოს საბანკო ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. მცირე და საშუალო ბიზნესისა და კერძო საოჯახო მეურნეობებისთვის სანდო და პასუხისმგებლიანი მომსახურების გაწევით ბანკმა ბაზრის ლიდერის სახელი სამართლიანად დაიმკვიდრა, 2010 წელი 20.9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა და მტკიცე საბაზრო პოზიციაც შეინარჩუნა.

ბანკმა წლის შედეგები პრესკონფერენციაზე შეაჯამა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ფინანსური მაჩვენებლები გააცნო, წლის მთავარ მოვლენებზე უამბო და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.

"2010 წელი პროკრედიტ ბანკისთვის კიდევ ერთი წარმატებული წელი იყო. ბანკმა შეინარჩუნა ძლიერი პოზიცია საბანკო ბაზარზე და კვლავ მისი ძირითადი მიზნობრივი ჯგუფის - ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესის ერთგული დარჩა. პროკრედიტ ბანკი განუხრელად მიჰყვებოდა არჩეულ კურსს - სანდო, მარტივი და პასუხისმგებლიანი მომსახურების გაწევას შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისათვის.

საბანკო მომსახურების გარდა, ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსურ საკითხებში მოსახლეობის გათვითცნობიერებასა და დაზოგვის კულტურის დანერგვაში. პროფესიონალმა და ერთგულმა თანამშრომლებმა, რომლებიც იზიარებენ ბანკის კორპორატიულ ღირებულებებს, დიდი როლი შეასრულეს ბანკის წარმატებული ბიზნესშედეგების მიღწევაში. ბიზნესკლიენტების გაზრდილი რაოდენობა და საერთო ბიზნესშედეგები აჩვენებს იმ ნდობასა და დაფასებას, რომელიც მოსახლეობამ პროკრედიტ ბანკს მისი სანდო და მაღალხარისხიანი მომსახურების გამო გამოუცხადა," - განაცხადა პრესასთან საუბრისას პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა მაია მერედოვამ.

საკრედიტო პორტფელი

წლის განმავლობაში ბანკი ორიენტირებული იყო ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევაზე და ამავდროულად საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე. 2010 წელს ბანკის საკრედიტო პორტფელი 11.4%-ით გაიზარდა და 595 მილიონ ლარს (336 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდა, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების წილი პორტფელში მხოლოდ 1.5% იყო, რაც გაცილებით დაბალია საბანკო სექტორის საშუალო მაჩვენებელზე.

ანაბრები

2010 წელს კლიენტთა სახსრები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბანკის მიმართ მოსახლეობის ნდობაზე მიანიშნებს. კლიენტთა მთლიანი სახსრები 25%-ით გაიზარდა და 480 მილიონი ლარი (271 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო ანგარიშების მთლიანმა რაოდენობამ 9.2%-ით მოიმატა და 436,898-ს მიაღწია. ვადიანი ანაბრების მთლიანი მოცულობა 12.8%-ით გაიზარდა და 215 მილიონ ლარს (121 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდა, შემნახველი ანგარიშები კი 38.6%-ით გაიზარდა და 146 მილიონი ლარი შეადგინა (82 მილიონი აშშ დოლარი).

ფინანსური შედეგები

პროკრედიტ ბანკმა 2010 წელი 20.9 მილიონი ლარის (11.8 მილიონი აშშ დოლარის) წმინდა მოგებით დახურა, რაც 2009 წლის მოგების შთამბეჭდავ მაჩვენებელზე 5.3%-ით მეტია. მომგებიანობის ასეთი მაღალი დონე განაპირობა კლიენტებისა და ოპერაციების მზარდმა რაოდენობამ, შესაბამისად საკომისიო შემოსავლის გაზრდამ, ხარჯების ეფექტურად მართვამ  და საკრედიტო პორტფელის მაღალმა ხარისხმა.

ახალი ფილიალების კონცეფცია

ბანკმა დანერგა კონცეფცია "საბანკო მომსახურება ერთ წერტილში", რათა კლიენტებისთვის უფრო სწრაფი და ეფექტური მომსახურება შეეთავაზებინა. ამჯერად კლიენტებს შეუძლიათ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ოპერაციები ერთ მაგიდასთან, სალაროსთან მისვლის გარეშე განახორციელონ. ყველა ოპერაციის ერთ წერტილში შესრულებით ბანკის საბანკო მომსახურება კლიენტებისთვის უფრო ეფექტური გახდება და გამარტივდება. გარდა ამისა, საქმიანობისადმი ახლებური მიდგომის ასახვის მიზნით, გადახალისდა ფილიალებისა და მომსახურების ცენტრების შიდა დიზაინი, რათა კლიენტებისთვის უფრო სასიამოვნო გარემო შექმნილიყო. ყველა ახალი ფილიალი, რომელიც გაიხსნება და არსებული ფილიალები, რომლებიც გარემონტდება, უკვე ახალი კონცეფციის მიხედვით მოეწყობა და აღიჭურვება.

ბიზნესმრჩევლის მომსახურება

მცირე ბიზნესების საჭიროებათა უკეთ გასაგებად და მათთვის უფრო ეფექტური მომსახურების გასაწევად 2010 წელს ბანკმა ახალი მომსახურება - მცირე ბიზნესმრჩეველი (SBA) დანერგა. ბიზნესმრჩევლები კარგად მომზადებული პროფესიონალები არიან, რომლებიც ბანკში მცირე ბიზნესკლიენტებისთვის საკონტაქტო პირის ფუნქციას ასრულებენ. ბიზნესმრჩევლები კარგად იცნობენ ბანკის პროდუქტებს და კლიენტების ბიზნესსაჭიროებებს, ამიტომ შეუძლიათ მათთვის კომპეტენტური და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების გაწევა.

თანამშრომლები

ბანკის ყველაზე ღირებული აქტივი მისი თანამშრომლებია. მაღალკვალიფიციური და ერთგული კადრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობების განმტკიცებასა და მათთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევაში, რაც საბოლოოდ ბანკის წარმატებული მუშაობის საწინდარია. 2010 წელს ბანკმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო თანამშრომელთა ტრენინგსა და განვითარებაში. სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებთან ერთად მათ დამატებითი ტრენინგი ჩაუტარდათ ტექნიკური ცოდნის ამაღლების მიზნით, საშუალო რგოლის მენეჯერებმა კი მენეჯმენტისა და ინგლისური ენის კურსები გაიარეს.

გამჭვირვალობის კამპანია

2010 წლის ბოლოს ბანკმა გამჭვირვალობის კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის ცოდნის ამაღლება საბანკო მომსახურების შესახებ. კამპანიის ძირითადი გზავნილი იყო: ყველა საბანკო მომსახურება და პროდუქტი ნათელი, გამჭვირვალე და კლიენტებისათვის ადვილად გასაგები უნდა იყოს. კამპანიის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა მოამზადა საგანმანათლებლო ხასიათის ბროშურა "რა უნდა ვიცოდეთ საბანკო მომსახურების შესახებ". ბროშურა კლიენტებს ბანკებთან ურთიერთობაში დაეხმარება. მოსახლეობას 130 000 ცალი ბროშურა დაურიგდა. იგი არასაბანკო ენითაა შედგენილი და მოიცავს კლიენტებისათვის - როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნესისათვის საჭირო ინფორმაციას ისეთი ძირითადი საბანკო მომსახურების შესახებ, როგორიცაა ანაბრები და სესხები.

2011 წლის პერსპექტივა და სამომავლო გეგმები

პროკრედიტ ბანკი შეინარჩუნებს ბაზარზე მყარ პოზიციას და განაგრძობს სანდო საბანკო მომსახურების გაწევას მისი ძირითადი მიზნობრივი ჯგუფისათვის: ძალიან მცირე, მცირე, საშუალო და აგროსაწარმოებისათვის, რომელთაც ზრდის პოტენციალი აქვთ და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

ფილიალების ქსელში ინვესტიციები 2011 წელსაც გაგრძელდება. გაიხსნება ახალი ფილიალები ახალციხესა და სამტრედიაში, სადაც ბანკი აქამდე არ იყო წარმოდგენილი. ყველა ახალი ფილიალი ახალი კონცეფციის მიხედვით მოეწყობა, არსებული ფილიალების უმეტესობა კი ახალი დიზაინის მიხედვით აღიჭურვება. ახალი სათავო ოფისის მშენებლობა გაგრძელდება და გეგმის მიხედვით 2012 წლის დასაწყისში დასრულდება.

მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, თანამშრომელთა ტრენინგს 2011 წელს კვლავაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა. გარდა სამუშაოსათვის სპეციფიკური ტრენინგებისა, თანამშრომლები გაივლიან ფინანსური მათემატიკისა და ბუღალტერიის კურსებს, საშუალო რგოლის მენეჯერები მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კურსებში და გაივლიან სატრენინგო კურსებს მაკედონიის რეგიონულ აკადემიასა და პროკრედიტის ფიურტის (გერმანია) აკადემიაში.

R