"ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაღარიბების პროცესია დაწყებული და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ" - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაღარიბების პროცესია დაწყებული და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ"

"მარტში, შარშანდელთან შედარებით, ზეთი 62%-ით არის გაძვირებული, 36%-ით - წიწიბურა, მედიკამენტები 30%-ზე მეტით, ფქვილი და პურეული 18%-ით. ამ საქონელს ყველაზე მაღალი წილი უკავია ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სამომხმარებლო ბიუჯეტში, მათ შორის პენსიონერებში..."

საქართველოში ფასები ისეთი ტემპით იზრდება, რომ გაძვირების მასშტაბი ვირუსზე არანაკლებ გვაშინებს. ყველაზე მეტად გაძვირებულია პირველადი მოხმარების სურსათი, მათ შორის ზეთი და ცხიმი, ყავა, ჩაი, შაქარი, ყველი, კვერცხი, პური და პურპროდუქტები. ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოში ასეთი მაღალი ინფლაცია არ აღრიცხულა, თანაც იმ ფონზე, როცა მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში 400 ათასამდე კაცი დარჩა უმუშევარი; ვინც სამსახური შეინარჩუნა, შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო ვისაც არ შემცირებია, გაუფასურებამ ლარს დაუკარგა მსყიდველობითი უნარი. ზეთის ფასი სოციალურ ქსელებში სარკასტული იუმორის საგანი გახდა, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, ოქროს ფასი სხვა პროდუქტებსაც დაედება.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი:

- მას შემდეგ, რაც არსებობს საბაზრო ეკონომიკა, ფასებიც მუდმივად იზრდება არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. ახალგაზრდებს ნაკლებად ემახსოვრებათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საქართველოში კუპონი იყო მიმოქცევაში, საშუალო თვიური ინფლაცია დაახლოებით 56% იყო. ახლა ასეთი მდგომარეობა არ არის, მაგრამ ბოლო 2-2,5-წლიან პერიოდს თუ შევხედავთ, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ასეთი მაღალი ზრდა (4,2%), როგორიც მარტში გვქონდა, არ ყოფილა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც, 7,2% ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 13 წელიწადში. ამაზე მაღალი ინფლაცია ბოლოს მხოლოდ 2008 წელს იყო, მაგრამ მაშინ სხვა ვითარება იყო: ინვესტიციები შემოდიოდა, ლარი მყარდებოდა დოლარის მიმართ და იზრდებოდა ხელფასებიც.

სტატისტიკის სამსახური დღეს 305 დასახელების საქონელზე აკვირდება ფასებს და აქედან მარტში შარშანდელთან შედარებით 249 პროდუქტზე გაიზარდა ფასები, 17-ზე უცვლელი დარჩა და 37-ზე შემცირდა.

ეს უკანასკნელი თითქოს პატარა რიცხვი არ არის, მაგრამ ნომენკლატურას რომ შევხედოთ, სიმწრის ღიმილით შეიძლება ითქვას, რომ ისეთი საქონლის ფასები შემცირდა, რაც პანდემიით გამოწვეული ფიზიკური და სოციალური მობილობის შემცირებას უკავშირდება: ტანსაცმელ-ფეხსაცმლის, სასტუმროს, ბინის დაქირავების, თვითმფრინავით მგზავრობის, მეორადი მოხმარების ავტომობილის...

- საქართველოში ფასების ზრდის უპირველეს მიზეზად ლარის კურსი სახელდება, თუმცა ვხედავთ, რომ FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტს (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) ზომავს, 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. - მიზეზი რამდენიმეა. ერთ-ერთი დოლარის გამყარებაა. წლის დასაწყისიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა დოლართან: ევრო 3-4%-ით, თურქული ლირა თითქმის 10%-ით, ქართული ლარიც ახლანდელი მდგომარეობით 4,4%-ით არის გაუფასურებული. საქართველო ძალიან არის დაკავშირებული თურქეთის ეკონომიკასთან. წლის განმავლობაში იმდენ თურქულ პროდუქციას ვყიდულობთ, რომ თურქეთში დამატებით 70 ათას სამუშაო ადგილს ვქმნით. ფასების ზრდის კიდევ ერთი ფაქტორია ხარჯების ინფლაცია, რაც ნიშნავს, რომ გვიწევს გაძვირებული საქონლის იმპორტირება, მარცვლეული იქნება ეს, ზეთი, შაქარი თუ სხვ. ფაქტობრივად, ორმაგი დეფლირების რეჟიმში ვართ: დოლარებში ძვირდება მსოფლიო ბაზარზე ჩვენთვის საინტერესო საიმპორტო საქონელი და თვით დოლართან კიდევ ლარი ეცემა... აუცილებელია ვახსენოთ შიდა ფაქტორებიც, ტურისტული, სოციალური და ფიზიკური მობილობის მკვეთრი შემცირება. ამ მხრივ ვალუტის შემოდინება შეზღუდულია, რაც ფასებზე ნეგატიურად აისახება. პოლიტიკური არასტაბილურობა, ნაკლებად საინტერესოს ხდის ჩვენს ქვეყანას გარე აქტორებისთვის, იქნება ეს ბიზნესი, ინვესტორი თუ ტურისტი. საქართველო კარგავს საინტერესო ქვეყნის სტატუსს.

განსაკუთრებით მოწყვლადი მდგომარეობა გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მხრივ. დავთვალე და XXI საუკუნეში, 2000 წლის შემდგომ, საქართველომ 21,2 მილიარდი დოლარის მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქცია შემოიტანა. ეს 1/3-ით მეტია, ვიდრე მთელი ჩვენი შარშანდელი მშპ. ამავე პერიოდში 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიტანეთ, მაგრამ უარყოფითმა სალდომ 9,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, მათ შორის მხოლოდ 2012 წლის მერე - 3,5 მილიარდი დოლარი.

ყოველწლიურად შემოგვაქვს თითქმის 110 მილიონი დოლარის ხორცი, 50 მილიონი დოლარის ზეთი, დაახლოებით ამდენივე ღირებულების შაქარი, აღარაფერს ვამბობ ნავთობზე, რომლის იმპორტზეც წელიწადში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი იხარჯება. ერთი ბარელი ნავთობის ერთი დოლარით გაძვირებაც კი წლიურ იმპორტს 8 მილიონი დოლარით ზრდის. არადა, ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 20-ზე მეტი დოლარით გაძვირდა, ანუ იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტებისთვის წლეულს თითქმის 170 მილიონი დოლარით მეტის გადახდა დაგვჭირდება. ეს ფაქტორიც მოქმედებს ფასების ზრდაზე.

სიღრმისეულად და ემოციების გარეშე თუ შევხედავთ, ინფლაცია ფარული მტერია, მაგრამ გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება. შესაძლოა ფასი არ იზრდებოდეს, მაგრამ მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილს, თანაც მზარდ ნაწილს, ფული აღარ გააჩნია. ეკონომიკის ვარდნის ყოველი პროცენტი სოციალური შემწეობის მიმღების, ღარიბთა კონტინგენტის, სულ ცოტა, 3%-ით ზრდას იწვევს. ესე იგი, თუ ჩვენ 1%-ით შეგვიმცირდა მშპ, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 3%-ით იმატებს.

ბოლო წლებში იზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა და კიდევ უფრო სწრაფად იზრდება დახმარების მიღების მსურველთა განაცხადების რაოდენობაც. ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაღარიბების პროცესია დაწყებული და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

- პანდემიის პირველი ტალღის დროს ხელისუფლებამ 9 სასურსათო პროდუქტის ფასის ზრდა დააზღვია. მთავრობა დღესაც განაგრძობს ხორბლის ფასის სუბსიდირებას, რათა პური არ გაძვირდეს. - ეს არის "ტკივილის გაყუჩება", მაგრამ არა პრობლემის გადაჭრა. ამისთვის საჭიროა უფრო რადიკალური და ქირურგიული ზომები, რაც ეკონომიკის ამოქმედების, ამუშავების გარეშე ვერ გამოვა. ჩვენ საკოორდინაციო საბჭომ გამოგვიცხადა, რომ მაისის დასაწყისში, ფაქტობრივად, ორკვირიანი ლოკდაუნი ცხადდება. რა შედეგების მომტანი იქნება ეს ბიზნესისთვის, რთული გამოსაცნობი არ არის. არადა, უკვე მარტში, მართალია ჯერ არ გამოუქვეყნებია "საქსტატს", მაგრამ არის ნიშნები, რომ თებერვალთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ჩვენი ქვეყანა, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, კვლავ კოვიდინფექციის მძევალია და სანამ არ მოვახდენთ რადიკალურ გარდატეხას ამ მიმართულებით, გაგვიჭირდება რეალურ გამარჯვებაზე საუბარი როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ისე მისი გახსნილობისა და ტურისტების საქართველოში შემოსვლის თვალსაზრისით. ჩვენ მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ, რაც მეტ კოორდინაციას მოვახდენთ, შევძლებთ ვაქცინაციის დროულად დასრულებას, მით უფრო მალე გაიღება კარი ეკონომიკური ზრდისთვის.

- იქნებ კონკრეტული პროდუქტების სუბსიდირებით ხელისუფლებას დაეცვა მოსახლეობა პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებისგან? - მხოლოდ მარტში, შარშანდელთან შედარებით, ზეთი 62%-ით არის გაძვირებული, 36%-ით გაძვირდა წიწიბურა, დაახლოებით ამდენითვე შაქარი, მედიკამენტები საშუალოდ 30%-ზე მეტით, ფქვილი და პურეული დაახლოებით 18%-ით. ამ საქონელს ყველაზე მაღალი წილი უკავია ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სამომხმარებლო ბიუჯეტში, მათ შორის პენსიონერებში. შესაბამისად, მათთვის ინფლაციის მაჩვენებელია არა 7,2%, არამედ დაახლოებით სამჯერ უფრო მაღალი. სწორედ ეს კონტინგენტი უნდა გახდეს ხელისუფლების მიზნობრივი დახმარების ადრესატი. ყველა ქვეყანა მიმართავს ამ გზას. მაგალითად, აშშ-ში 43 მილიონი კაცი იღებს სასურსათო ტალონებს, განსაზღვრულ თანხას, რომელიც შეგიძლია მხოლოდ პროდუქტების შესაძენად გამოიყენო. ტექნიკურად ბევრი რამის მოფიქრებაა საჭირო, მთავარია დროული ადმინისტრირება.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ფასების ზრდა გაგრძელდება?

- ეს ხომ ჩვეულებრივი კრიზისი არ არის, ეს არის სამედიცინო, ბიოლოგიური წარმომავლობის კრიზისი და ეკონომიკა გარკვეულწილად იძულებულია დაემორჩილოს თამაშის ამ სფეროს თამაშის წესებს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი, რომ შევძლოთ ეკონომიკის გადარჩენა, მისი განვითარებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა, მაგრამ ამავე დროს არ დავაზიანოთ მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამ ორი ამოცანის შესრულებაა ახლა ჩვენი სტრატეგიული მიზანი.

ერთი გარემოება უნდა აღვნიშნო - სოფლის მეურნეობა ბოლო დროს კარგ შედეგს აჩვენებს. მაგალითად, შარშან ზრდა 3,6%-ს შეადგენდა. უფრო მაღალი ზრდა იყო სამედიცინო სფეროსა და სოციალური მომსახურების დარგებში, მაგრამ ისინი უშუალოდ პანდემიასთან არის დაკავშირებული. კიდევ უფრო მაღალი ზრდა ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს, რომელმაც თითქმის ორჯერ გადააჭარბა ამ დარგში პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპს. ვფიქრობ, წლეულსაც ექნება სოფლის მეურნეობას კარგი შესაძლებლობა ამ დინამიკის გასაგრძელებლად. როგორც წესი, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში დეფლაციური პერიოდია და ფასების საერთო დონის შემცირება სწორედ ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით ხდება. ამიტომ

ზომიერი ოპტიმიზმით ვუყურებ ფასების დინამიკას უახლოეს თვეებში, რადგან შესაძლოა განსაზღვრულ პროდუქტებზე ზრდა კი არა, პირიქით, კლებაც გვექნეს.