ვისაც მექანიზაციაზე ხელი არ მიუწვდება, ჰიბრიდული სიმინდის დათესვას აზრი არ აქვს - კვირის პალიტრა

ვისაც მექანიზაციაზე ხელი არ მიუწვდება, ჰიბრიდული სიმინდის დათესვას აზრი არ აქვს

ოთხი სახეობიდან მხოლოდ ერთის აღწერაშია მითითებული, რომ მისგან ფქვილისა და ბურღულეულის დამზადებაა შესაძლებელი

საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ხელისუფლებამ ჯერ ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის მხოლოდ მესამედის გასაღება შეძლო. დაგეგმილი იყო, რომ კომპანია "პიონერის" სათესლე მასალა საერთო ჯამში 30 ათას ჰექტარზე უნდა დაეთესათ, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდით ჯერ მხოლოდ 10 ათასი ჰექტარია ათვისებული. გლეხები და ფერმერები, მიზეზთა გამო, ამერიკული სიმინდის დათესვისგან თავს იკავებენ. მთავრობამ დაასკვნა, რომ მხოლოდ აგიტაციით მიზანს ვერ მიაღწევდა და საქმეში ძალოვანი უწყებებიც ჩართო.

სანდო წყაროზე დაყრდნობით, ყველაზე დიდი ფართობების ათვისებას ამერიკული სიმინდით კახეთის რეგიონში აპირებდნენ და ადგილობრივი ძალოვანი უწყებები ყველაზე მეტად სწორედ საქართველოს ამ რეგიონში აქტიურობენ. არადა, როგორც სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისგან გავიგეთ, სიმინდის ყველაზე დიდი მოსავლიანობით საქართველოში გურია გამოირჩევა. კახელები კი ჩივიან, რომ ჰიბრიდული სიმინდის თესვას ადგილობრივებს აიძულებენ და ლამის პოლიციის თანხლებით მიმდინარეობს. გლეხები, როგორც შეუძლიათ, თავს იძვრენენ, ვისაც 2-3 ჰექტარი სავარგული აქვს, ცდილობს "პიონერის" სიმინდით მხოლოდ ფართობის მცირე ნაწილი დააკავოს. სიმინდის თესვის კამპანიას უამინდობამაც შეუშალა ხელი.

ფერმერებთან საუბრისას გამოიკვეთა ინფორმაცია, რომ სიმინდი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, საკვებად გამოუსადეგარია და მხოლოდ საფურაჟე დანიშნულება აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გლეხები უარს ამბობენ მის დათესვაზე, სწორედ ეს არის. ამ ინფორმაციის გადამოწმება სოფლის მეურნეობის კორპორაციაში ვცადეთ და სათესლე მასალის შესაბამისი სერტიფიკატი მოვითხოვეთ, სადაც მითითებული იქნებოდა, ჰიბრიდული სიმინდის სხვა თვისებებთან ერთად მისი საკვები დანიშნულება. მათ მხოლოდ ზეპირად განმარტეს, რომ ორივე - თეთრი და ყვითელი სიმინდი როგორც საკვები, ასევე საფურაჟე დანიშნულებისაა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილი სათესლე მასალა ოთხი სახეობისაა. აქედან მხოლოდ ერთის - 130-დღიანი ვეგეტაციის (PR32B10) სიმინდის ჯიშის აღწერაშია მითითებული, რომ მისგან შესაძლებელია ფქვილისა და ბურღულეულის დამზადება.

აბაშის ყვითელი, აჯამეთის თეთრი, ქართული კრუგი, ნახევარკბილა - ქართული სიმინდის ეს ჯიშები ნორმალური აგროტექნიკის პირობებში ჰექტარზე 7-14 ტონამდე მოსავალს იძლევა და საკვებადაც ვარგისია. ქართველი სელექციონერების მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში სიმინდის ჰიბრიდული ჯიშებიც შეიქმნა, მათ შორის წეროვანი 1, წეროვანი 2, ენგური და ქართული ურწყავი, რომელთა მოსავლიანობა ასევე ძალიან მაღალია.

სამწუხაროდ, დღეს ქართული სიმინდის 15 ჯიშიდან უმეტესობა აღარ არსებობს, რადგან ქვეყანაში სელექციონირება, როგორც დარგი, უკვე 15-20 წელიწადია მკვდარია. ისიც საკამათოა, რამდენად მართებულია ქართული ჯიშების ამერიკულით ჩანაცვლება და სიფრთხილე, რომელსაც გლეხები და ფერმერები ამერიკული სიმინდის მიმართ იჩენენ, არცთუ უსაფუძვლოა.

გიორგი  გაჩეჩილაძე ("საქართველოს მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე): "ჩემთვის კარგად არის ცნობილი კომპანია "პიონერის" საქმიანობა, რომელიც აწარმოებს როგორც გენმოდიფიცირებულ, ასევე ჰიბრიდულ თესლს. საქართველოში, 1996 წლიდან მოყოლებული, ამ სახის ნედლეულის შემოტანის არაერთი მცდელობა იყო. პირველად "მონსანტომ" შემოიტანა კარტოფილის თესლი სამცხე-ჯავახეთში, რითაც კარტოფილის უნიკალურ ჯიშებს დაემუქრა საფრთხე. ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი გენმოდიფიცირებულთან შედარებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უვნებელია, მაგრამ მას აქვს წმინდა ეკონომიკური, სამეურნეო უარყოფითი თვისებები – ასეთი ჯიშები არ იძლევა მეორე მოსავალს.

ერთხელ რომ დათესავთ, მეორედ თესლად ვეღარ გამოიყენებთ. ამიტომ გლეხი იძულებულია, წავიდეს და ისევ ამერიკული კომპანიისგან, ანუ ხელისუფლებისგან შეიძინოს ნედლეული. გლეხებს არწმუნებენ, რომ ამერიკულ სიმინდს არც მოხვნა, არც დაბარვა და გამარგვლა არ სჭირდება. ეს სრული აბსურდია, პირიქით, კარგი მოსავლის მისაღებად საჭიროა ძვირად ღირებული შხამქიმიკატები, რომლებსაც ასევე ამერიკული კორპორაციები აწარმოებენ. მოკლედ, ეს მთელი სისტემაა გლეხის ხელში ჩასაგდებად და მუდმივი სარეალიზაციო ბაზა.

შეერთებულ შტატებში, სადაც გამოყვანილია ეს ჯიშები და წესით, ყველაზე უხვ მოსავალს უნდა იძლეოდეს, ჰექტარზე 8 ტონა მოდის, ევროპაში – 9 ტონა. ეს ყველაფერი – ევროპული და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისა და იქაური ტექნიკის ფონზე. საქართველოში კი, კერძოდ, გურიაში, ჩვეულებრივი თესლით, ცარიელი ხელებით გლეხს 5 ტონა სიმინდი მოჰყავს ჰექტარზე.

ერთ ჰექტარზე "პიონერის" სიმინდი რომ მოიყვანო, 65 ათასი მარცვალია საჭირო, რისთვისაც გლეხმა 240 ლარი უნდა გადაიხადოს. უკრაინაში კი იმავე რაოდენობის ისეთივე სიმინდი 150 ლარის ეკვივალენტი ღირს. გამოდის, ვიღაც კარგად ითბობს ხელს საქართველოში ამ თესლის გასაღებით. გლეხებს აიძულებენ, თესლის შესაძენად ბანკიდან სესხი აიღონ, გარანტიად კი ბანკში სახლი ან მიწა უნდა ჩადონ. საინტერესოა, ვინ აძლევს გლეხს გარანტიას, რომ მოსავალს მიიღებს, ან თუ მიიღებს, გასაღების პრობლემა არ ექნება?

საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, დაანგრიოს აგრარული სექტორი. ჩვენ თითქმის მთლიანად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. მაგალითად, დღეს იმპორტით შემოდის ხორბლის 92%, მცენარეული ცხიმის – 83%, ფრინველის ხორცის – 76%, შაქრის 65%, ღორის ხორცის – 65%, ბოსტნეულით საქართველო ცნობილი იყო და უკვე 30%-მდე ავედით იმპორტის მხრივ. სიმინდიღა დარჩა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყოფდა საკუთარ თავს. ახლა სიმინდის განადგურებაა დაგეგმილი. ამას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან გვაქვს საუკეთესო ჯიშის სიმინდი, რომელზეც უცხოეთში დიდი მოთხოვნაა, ქართველ გლეხს კი ხელისუფლება სიმინდის უცხოურ თესლს სთავაზობს. ამ თესლის შემოსატანად მთავრობამ $40 მილიონი დახარჯა, ამის მეოთხედი და ყველაზე დიდი, 1 წელიწადი ეყოფოდა ქვეყანაში მეთესლეობის აღორძინებასა და ქართული ჯიშების გამოყვანას.

2009 წლის მონაცემებით, საქართველოში სიმინდის ნათესებს დაახლოებით 100 ათასი ჰექტარი ეკავა. თეორიულად, თუ აქედან 30 ათას ჰექტარზე "პიონერის" სიმინდის თესლს დათესენ, ყველაზე კარგ პირობებში, საერთო ჯამში 500 ათასი ტონა მოსავალი უნდა მოვიწიოთ. ასეთი მოცულობის მოსავალი ქართული ჯიშებით მოდიოდა 1999 წელს. 2003-ში 460 ათასი ტონა სიმინდი მოვიდა საქართველოში".

თამაზ  კუნჭულია (ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში): "ახლა მეთესლეობა არ არის იმ დონეზე, რომ მოსახლეობისთვის ქართული სიმინდის თესლის მიწოდება შეგვეძლოს. ამისთვის რთული და ძვირად ღირებული სამუშაოებია საჭირო. ამიტომ დღეს იმის თქმა, რომ გვაქვს ადგილობრივი ჰიბრიდული სიმინდის თესლი, მხოლოდ თეორიულად შეიძლება. თუ ჰიბრიდულ თესლზე გადასვლა გვსურს, რომელიც ნამდვილად მაღალმოსავლიანია, ქართულ პირობებს შეგუებულია და ქართულ პირობებშია გამოყვანილი, ამისთვის მეთესლეობა უნდა აღორძინდეს. ეს კი საკმაოდ რთულ ტექნოლოგიას ითვალისწინებს. ამიტომ დღეს იმის თქმა, რომ ჩვენი ჯიშები გვაქვს და ნუ ვიყიდით ამერიკულ სიმინდის თესლს, არ იქნება სწორი. არც ის არის გამორიცხული, რომ ჩვენი თესლი უფრო იაფი დაგვიჯდეს, ვიდრე შემოტანილი. ის უპირატესობა მაინც ექნება, რომ აქაურ პირობებს იქნება შეგუებული.

ქართველმა მეცნიერებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოიყვანეს ქართული სიმინდის ჰიბრიდული ჯიშები და საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდათ. სელექციონირება, როგორც დარგი, საქართველოში ფაქტობრივად 15-20 წელიწადია მკვდარია. სელექციური მუშაობა საკმაოდ ძვირად ღირებულია და ამიტომ თანხაც არ გამოიყოფა. ფაქტობრივად, ერთწლიან კულტურებში სელექციური მუშაობა გაჩერებულია, ცალკეული ენთუზიასტების იმედადაა დატოვებული.

რაც შეეხება ამერიკულ თესლს, ეს მაღალმოსავლიანი ჯიშებია, არ არის გენმოდიფიცირებული, მაგრამ ხალხი სიფრთხილით ეკიდება. ამ სიმინდის მოსაყვანად მიწა უნდა დამუშავდეს სხვადასხვა მექანიზმით, საჭიროა საკმაოდ ძვირად ღირებული ჰერბიციდები, საკულტივაციო სამუშაოები ასევე მექანიზაციის გამოყენებით, მოსავალს იღებენ სიმინდის სპეციალური კომბაინით. ამ თესლის ნათესი ისე ახლო-ახლოს არის ერთმანეთთან, რომ თუ მექანიზაცია არ გიწყობს ხელს, სხვანაირად ამ კულტურის დათესვას აზრი არ აქვს.

სხვა საკითხია მოწეული მოსავლის გაყიდვა. ადგილობრივ ბაზარზე შესაძლოა იყოს მოთხოვნა: მეფრინველეობის ფაბრიკები, მეღორეობის ფერმები იყენებენ ამ სიმინდს, რადგან მოგეხსენებათ, რომ ადამიანის საკვებად ეს სიმინდი ვარგისი არ არის. თუმცა ის მაფიქრებს, რომ ფერმებს უკვე გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები სხვადასხვა მომწოდებლებთან, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება იაფად შეიძინონ საკვები.

ამ სიმინდის დათესვამდე აუცილებელია ნიადაგის შემოწმება. რაც უფრო კულტურულია ჯიში, მით მეტ სასუქს მოითხოვს. თუ იმდენი სიკეთე გამოიტანა ნიადაგიდან, რომ გააღარიბა, მეორე წელს გლეხი მოსავალს ვეღარ მიიღებს".