შემოსავლების სამსახური - "შეიარაღებულია” და საშიში - კვირის პალიტრა

შემოსავლების სამსახური - "შეიარაღებულია” და საშიში

ბიზნესის დასჯის ხანგრძლივი, ყველაზე მკაცრი ეტაპი თითქოს ჩამთავრდა და შემოსავლების სამსახური რამდენიმე დათმობაზე წავიდა:ერთი კვირის წინ მეწარმეებს საწვავის ხარჯების ჩამოწერის უფლება მისცა, რამდენიმე დღის წინ საწარმოო დანაკარგების აღრიცხვისგან მეტალურგიული ბიზნესი გაათავისუფლა, თუმცა საწარმოო დანაკარგების სადამსჯელო "იარაღი” სხვა ბიზნესებისთვის ჯერ კიდევ ხელთ აქვს. იგი კვლავაც იტოვებს რამდენიმე ბერკეტს, მათ შორის ე.წ. ინვენტარიზაციას, რაც ბიზნესს თითქმის ყველაზე მეტად აშინებს.

შემოსავლების სამსახური მეტალურგიულ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ნედლეულის გადამუშავებისას საწარმოო დანაკარგებს საქონლის მიწოდებაში 100%-ით აღარ ჩაუთვლის. თუმცა დანაკარგები ნებისმიერი სახის ბიზნესს აქვს, რომლებსაც ამ გაუთვალისწინებელ დანაკარგებს შემოსავლების სამსახური დღემდე მზა პროდუქციად უთვლის, გაყიდულად ანგარიშობს და ჩვეულებრივად უბეგრავს.

უსამართლოდ დარიცხული გადასახადისგან გათავისუფლებას მეწარმეები დიდი ხანია ითხოვენ, მაგრამ მთავრობამ შეღავათი მხოლოდ გაზისა და ნავთობის კომპანიებს გაუწია და დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული კოეფიციენტი შეუმცირა. სხვა ბიზნესსფეროები კი დაიჩაგრნენ, რადგან დანაკარგის ზღვრული ნორმა მთავრობამ ვერ ან არ დაადგინა და ძველი, საბჭოთა სტანდარტი, ე.წ. გოსტი დატოვა. როგორც დაჩაგრული მეწარმეები ამბობენ, საწარმოო დანაკარგების ბერკეტს, მაკონტროლებლები მათი რეკეტისთვის იყენებდნენ. საწარმოო დანაკარგების საბაბით მილიონიანი ჯარიმები დღემდე არაერთ წარმოებას დააკისრეს.

საწარმოო დანაკარგების გადასახადებიდან გამოქვითვას დიდი ხანია ითხოვენ "ბორჯომის" "კოკა-კოლას", "პეპსის", ღვინისა და არყის მწარმოებლები. შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ ამ ბეგარას უახლოეს მომავალში ბამბისა და თხილის ბიზნესს შეუმსუბუქებს. თუმცა ამ შეღავათს უფასოდ მათ არავინ გაუკეთებს. მეწარმე დანაკარგის ზღვრული მოცულობის დადგენას თუ მოინდომებს, შემოსავლების სამსახურს განსაზღვრული საფასური უნდა გადაუხადოს...

ცოტა ხნის წინ შემოსავლების სამსახურმა კომპანიებს საწვავის ხარჯებში ჩამოწერის ბუღალტრული პროცედურაც გაუმარტივა. წარმოების პროცესში დახარჯული საწვავი კომპანიამ ხარჯებში რომ გაატაროს, რამდენიმე პროცედურა დასჭირდება: უნდა გააჩნდეს საწვავის შეძენის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია, საწვავი გაწერილი უნდა იყოს ძირითად საშუალებებზე - ავტოსატრანსპორტო და სპეცტექნიკაზე.

აგრეთვე მეწარმემ უნდა აღრიცხოს, რომელ სატრანსპორტო საშუალებაზე რა ტიპის და რაოდენობის საწვავი გასცა. როგორც ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, ამ ცვლილებით ყველაზე მეტი შვება სადისტრიბუციო კომპანიებმა უნდა იგრძნონ. ინფორმაცია რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიაში გადავამოწმეთ. უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებამ გააოცა. კომპანია "ნატახტარი 2005"-ში ამბობენ, რომ მათ შეღავათი არც სჭირდებოდათ, რადგან საწვავის ხარჯების ჩამოწერა პრობლემას არ წარმოადგენდა. მსგავსი რეაქცია ჰქონდათ ცვლილებაზე კიდევ ერთი სადისტრიბუციო კომპანია "ალტერ ჰოლდინგშიც".

ბიზნესომბუდსმენი ამბობს, რომ შეღავათი ვერ იგრძნეს იმათ, ვისაც შემოსავლების სამსახური არ ეხებოდა და შესამოწმებლად მათთან არასდროს შესულა.

"საწვავის ხარჯის ჩამოწერა, ინვენტარიზაცია და საწარმოო დანახარჯები იარაღია საგადასახადოს ხელში, რომლის გამოყენება ბიზნესის დასასჯელად ნებისმიერ დროს შეუძლია. დავების საბჭოში არაერთი დაჯარიმებული მეწარმე მიდიოდა და ამ გასავლების ხარჯებში გატარებას ითხოვდა. გამაგებინეთ, მომავალში როგორ ჩამოვწერო, ხელახლა რომ არ დამაჯარიმოთო? - კითხულობდნენ, მაგრამ ამაზე პასუხი არ არსებობდა. მას არ ან ვერ ეუბნებოდნენ და მასთან საგადასახადო მეორედ რომ შესულიყო, კიდევ დააჯარიმებდა", - განმარტავს ბიზნესომბუდსმენი.

კიდევ უფრო საშიში ბერკეტი, რომელსაც მაკონტროლებელი უწყება ინარჩუნებს, ინვენტარიზაციაა. საგადასახადო ნებისმიერ საშუალო ზომის მაღაზიაში ინვენტარიზაციისთვის რომ შევიდეს, 99%-ს ისე დააჯარიმებს, ვერავინ მოედავება. ინვენტარიზაციის დროს საგადასახადოს ინსპექტორი ბუღალტრულ დოკუმენტებს იღებს და დაფიქსირებულ ციფრებს დახლებზე იმ დროისთვის არსებული საქონლის რაოდენობას ადარებს.

თუ აღურიცხავი საქონელი ან დანაკლისი აღმოჩნდება, მაღაზია დაჯარიმდება. თუ რევიზორს დასჭირდება, შეუძლია კიდევ უფრო მეტად ჩაეძიოს და მაგალითად, ყველა პროდუქტი სათითაოდ შეამოწმოს. ვთქვათ, 30 შამპუნიდან იღებს ერთ-ერთს და მისი შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებს სასაქონლო კოდის მიხედვით ამოწმებს. ცხადია, ამ დროს ინსპექტორი ერთ ცდომილებას აუცილებლად აღმოაჩენს და ბიუჯეტსაც სოლიდური თანხა გარანტირებული აქვს.

ბოლო წელიწად-ნახევარში "სახიფათო ინვენტარიზაცია" იმდენად ბევრ ბიზნესში მოეწყო, რომ ბიზნესი ახლაც შეშინებულია. ხისტი ადმინისტრირებისა და ცუდი საგადასახადო კოდექსის გამო მას კვლავაც დაჩაგრულის განცდა აქვს და ბოლოდროინდელი რამდენიმე შეღავათის მიუხედავად, ეს განცდა ასე ადვილად არ გაუვლის.

ნონა ქვლივიძე