დაპატიმრებები ინვესტიციებს აბრკოლებს - კვირის პალიტრა

დაპატიმრებები ინვესტიციებს აბრკოლებს

ზედიზედ მეოთხე წელიწადია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იკლებს. თუ 2008-ში (არჩევნების, რუსეთთან ომის გამო) და 2009-ში (მსოფლიო საფინანსო კრიზისის პირობებში) შემცირება ლოგიკური იყო, 2010 წლის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ეკონომიკური სირთულეები დაძლეულია.

ამის მიუხედავად, შარშან ქვეყანაში $553 მლნ უცხოური კაპიტალი შემოვიდა. ანუ 3,5-ჯერ ნაკლები ყველაზე წარმატებულ, 2007-თან შედარებით. ინვესტიციების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო წლებში იმ საერთაშორისო დონორებზე მოდის, რომლებმაც 2008 წელს საქართველოს $4,5 მლრდ გამოუყვეს.

რატომ მცირდება ინვესტიციები

წლეულს შარშანდელზე უარესი მაჩვენებელი არ იქნება, მაგრამ არც საინვესტიციო ბუმია მოსალოდნელი. კონკრეტული ციფრების დასახელებისგან მთავრობაში თავს იკავებენ. ეკონომიკის მინისტრი კი უცხოელი ინვესტორების ვიზიტების სიხშირიდან და მათ მიერ სხვადასხვა პროექტებით დაინტერესებიდან გამომდინარე ასკვნის, რომ წლეულს ინვესტიციების შემოდინება შედარებით მოიმატებს.

არადა, სტაბილურ ქვეყნად საქართველოს ბევრი ინვესტორი ჯერ არ მიიჩნევს, მიუხედავად მსოფლიო ბანკის, Fitch-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ რეიტინგებში მინიჭებული ადგილებისა. ძნელია ახალი ინვესტორების მოზიდვა, როცა უკმაყოფილო არიან ბაზარზე მოქმედი ბიზნესმენები, - ამბობს დევიდ ლი, რომელიც უკვე კარგად იცნობს საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს.

დევიდ ლი (ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი საქართველოში, „მაგთის“ გენერალური დირექტორი): "მეწარმეებს ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ საგადასახადო სისტემა იდეალურისგან შორს არის. ხშირია ისეთი დისციპლინარული პროცედურები, როგორიცაა წინასწარი დაკავება, რაც არ არის გამართლებული დღევანდელი ბიზნესგარემოდან გამომდინარე.

ამის შესახებ მთავრობა ინფორმირებულია და ცდილობს, განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას. როცა თბილისს სურს, კონკურენცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც უფრო ადვილად და უფრო სწრაფად ვითარდებიან, არ არის საკმარისი, უბრალოდ მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის. მათთვის საუკეთესო უნდა გახდე. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მცირე ფაქტორიც კი, რაც ბიზნესისთვის პრობლემატურია".

* * *

2004-დან 2010 წლამდე ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში დიდი ბრიტანეთი იყო. სტატისტიკის მიხედვით, ამ ქვეყნიდან $800 მლნ-მდე თანხა ჩაიდო ქვეყნის ეკონომიკაში. მეორე-მესამე ადგილს გაერთიანებული საემიროები და ჰოლანდია ინაწილებენ ($626 და $599 მლნ). შემდეგ მოდიან აშშ, თურქეთი და ვირჯინიის კუნძულები.

არ იქნება გასაკვირი, თუ უკვე წლეულს ლიდერი არაბეთის გაერთიანებული საემიროები გახდება. ფოთის პორტის გასხვისების მიუხედავად, არაბული ჯგუფი საკმაოდ დიდ თანხებს ჩადებს ინდუსტრიულ ზონასა და სამშენებლო პროექტებში. ლიდერებს შორის არ არის ეგვიპტე. არადა, ერთ-ერთ ყოფილ ეკონომიკის მინისტრს იმედი ჰქონდა, რომ ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში კომპანია „ფრეში“ $1 მილიარდზე მეტ თანხას ჩადებდა. ეს კი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში დაბანდებული ჯამური ინვესტიციების ტოლია.

რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ბოლო ოთხ წელიწადში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგი ლიდერობს. აქ ჩადებულმა თანხებმა $1,1 მილიარდს გადააჭარბა. მრეწველობაში იმავე პერიოდში $836 მილიონი ჩაიდო, ხოლო ენერგეტიკაში - $676 მილიონი. ძირეულ ცვლილებებს დარგების მიხედვით ექსპერტები არც ახლო მომავალში პროგნოზირებენ.

თუმცა მოსალოდნელად მიაჩნიათ, თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან ერთად, ენერგეტიკაში მსხვილი უცხოური კაპიტალის ჩადება. შეთანხმება მიღწეულია 15-მდე ჰესის მშენებლობაზე. სწორედ ამ მიმართულებით თანხის დაბანდება მოუტანს ინვესტორებს გარანტირებულ მოგებას, - მიიჩნევენ ექსპერტები.

სანდრო ჯუფალაკიანი