რას უქადის ლარს კორონავირუსის მესამე ტალღა
რას უქადის ლარს კორონავირუსის მესამე ტალღა
საქართველო უკვე მესამედ შევიდა კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში, რაც ნიშნავს, რომ უახლოესი თვის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, მეტად დაიტვირთება კოვიდკლინიკები და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად შესაძლოა შეზღუდვების დამატებაც დაგვჭირდეს. ჯერჯერობით მთავრობა ახალ შეზღუდვებს­ არ ამატებს, მაგრამ არსებულს ამკაცრებს. ყველაზე უარესი სცენარით მოვლენები ამჯერად შესაძლოა არც განვითარდეს, თუმცა მესამე ტალღის გამოცხადებაც უკვე უარყოფითად მოქმედებს მოლოდინებზე. პირველმა ორმა ტალღამ და შეზღუდვებმა გვაჩვენა, რომ ლარის კურსი ლოკდაუნზე მეყსეულად რეაგირებდა და მნიშვნელოვანი რყევებით უფასურდებოდა, შესაბამისად,
ახლა აქტუალური კითხვაა, რა გავლენას მოახდენს კორონავირუსის მესამე ტალღა ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე?

"ეკონომიკის აღდგენის სცენარებში ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპი და მასშტაბი"

ოთარ ნადარაია, "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი:

"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მესამე ლოკდაუნიც გვქონდეს, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩაკეტვამ ლარის
კურსზე უარყოფითად იმოქმედოს. გაგიკვირდებათ და, უფრო პირიქით მგონია და აგიხსნით რატომაც. ჩვენი საგარეო შემოდინებები, ამ შემთხვევაში ექსპორტსა და ფულად გზავნილებს ვგულისხმობ, მნიშვნელოვნად გაზრდილია. სხვათა შორის, იზრდება იმპორტიც, რაც შიდა მოთხოვნის აღდგენაზე მიუთითებს. არც ექსპორტისა და არც ფულადი გზავნილების მოცულობა არ არის დამოკიდებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, უფრო სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზეა მიბმული.

რაკი სხვა ქვეყნებში ვაქცინაცია უკეთესად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენთან და ეკონომიკის გახსნის პირობებში დაავადებულთა რაოდენობასაც უმკლავდებიან, არ გვაქვს მოლოდინი, რომ იმ ქვეყნებში, საიდანაც ძირითადი ფულადი გზავნილები შემოდის და საექსპორტო პროდუქცია გაგვაქვს, ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეთრად გაუარესდება. შესაბამისად, საქართველოში შეზღუდვები რომც გამკაცრდეს ან ახალი დაწესდეს, ექსპორტსა და გზავნილებზე გავლენას ვერ მოახდენს.

რა თქმა უნდა, მესამე ტალღის გამოცხადება ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს და თუ მკაცრი შეზღუდვები კვლავ დაწესდება, მეტად უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. ტურიზმიდან შემოსავალი ამ თვეებში მინიმალური გვაქვს - ის უკვე დაიკარგა პირველი ორი ტალღის დროს და ლარის კურსზე დიდი გავლენაც მოახდინა. ამიტომ ახლა, რაც არა გვაქვს, ვეღარ დაიკარგება და შესაბამისად, არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა ლარის ისეთივე რყევები გამოიწვიოს. გაგიკვირდებათ და, უფრო პირიქით, ყოველი შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში, ლარის გამყარების მოლოდინიც კი გვაქვს.

ვვარაუდობთ, რომ წლის მეორე ნახევარში ტურიზმი ქვეყანაში ნაწილობრივ აღდგება და სწორედ მაგ ეტაპისთვის უნდა ველოდოთ ლარის შედარებით გამყარებას.

რაც შეეხება ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის შესაძლო სცენარებს, 2019 წელთან შედარებით, წლეულს ტურიზმის 25%-იან აღდგენას ვვარაუდობთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გასული წლის ბოლოს, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ჩაკეტილი იყო, ტურისტული ნაკადები დაახლოებით 93%-ით შემცირდა. თუ სექ­ტორის აღდგენის ათვლას ამ ნიშნულიდან დავიწყებთ, რეალურად ძალიან მცირე გაუმჯობესებაზეა საუბარი.

ტურისტული სექტორის მკვეთრ აღდგენას მხოლოდ 2022 წელს ველოდებით. ეკონომიკის აღდგენის სცენარებში ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპი და მასშტაბი. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვაქცინაციით ე.წ. კოლექტიურ იმუნიტეტს 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს და მეორის დასაწყისში მივაღწევთ. თუ ჩვენ ვერ ავცდებით ქვეყნის სრულმასშტაბიან ჩაკეტვას დაახლოებით თვე-ნახევრის ან ორი თვის განმავლობაში, ეს ეკონომიკურ ზრდას დაახლოებით 0,5%-ით შეამცირებს. ბოლო, ერთი თვის წინანდელი პროგნოზით, 2021 წელს ქვეყანა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევდა და თუ ამას ორთვიანი ჩაკეტვაც დაემატებოდა, ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3,5%-მდე შემცირდებოდა. თუმცა დღეს გადავხედეთ ამ პროგნოზს, თუ ზრდის მიმართულებით და ჩაკეტვის გარეშე 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვვარაუდობდით, დღეს ვფიქრობთ­, რომ თუ ლოკდაუნის საჭიროება არ დადგება, ქვეყნის ეკონომიკა 4,6-4,7%-ითაც კი შეიძლება გაიზარდოს. შესაბამისად, სრული ჩაკეტვითაც კი ეკონომიკა, სულ მცირე, 3,5%-ით გაიზრდება.

რა გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს? ექსპორტსა და გზავნილებში დადებით მაჩვენებლებზე უკვე მოგახსენეთ, გარდა ამისა, სახეზეა აღდგენების დინამიკა. ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს "თიბისი ბანკის" საბარათე გადახდების შესახებ სხვადასხვა სექტორის მიხედვით და სახეზეა ეკონომიკის უფრო მკვეთრი აღდგენა, ვიდრე თუნდაც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ვფიქრობთ, ნებისმიერ შემთხვევაში, წლეულს 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელია.

წლის ბოლოსთვის დოლართან გაცვ­ლითი კურსი 3,2-3,5 ლარის დიაპაზონში იქნება. არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტურად გამომივიდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ლარის გამყარების ალბათობაც საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით წლის ბოლოს, როცა ექსპორტსა და გზავნილებთან ერთად, აღდგენას ტურისტული სექტორიც დაიწყებს. შესაძლოა ლარის გამყარების თვალსაზრისით ამან მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოახდინოს, მაგრამ მაინც დადებითი დინამიკა იქნება.

შემოდინებების დანაკლისის დაფინანსება წლეულსაც საკმაოდ მასშტაბური იქნება, როგორც შარშან. მოგეხსენებათ, 500 მილიონი დოლარის ევრობონდების წარმატებით დაფინანსებაც მოხერხდა.

ასევე მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალი ინფლაცია, რაც ჩვენი ბოლო პროგნოზით, შესაძლოა 9%-ზეც კი ავიდეს, თუ მეტზე არა. დიდია ალბათობა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა, რათა ლარის კურსი მკვეთრად არ გაუფასურდეს. ესეც მნიშვნელოვანი მუხრუჭია.

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გარემო. თურქული ლირა კვლავ რჩება პრობლემად. როგორც კი ლირა უფასურდება დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით, სადღაც 1,5%-ით უფასურდება ლარი დოლარის მიმართ, ეს კავშირი ბოლო წლებში ასე ჩამოყალიბდა".

"ეროვნული ბანკი ჯადოქარი არ არის, რომ მდგომარეობა ხელის ერთი მოსმით გამოასწოროს"

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი:

"როცა პესიმისტური განცხადებები ისმის პანდემიის შესახებ, მოსახლეობა და ბაზრის მონაწილეებიც ამაზე რეაგირებენ. ყველაფერი, რაც დღეს ლარს სჭირს, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის ამსახველია. სამწუხაროდ, გაგვიჩერდა ტურიზმი, ინვესტიციები განახევრებულია და თუ ეკონომიკური პარამეტრები არ გამოსწორდა, ლარის კურსზე, ალბათ, გამართლდება პესიმისტური პროგნოზი, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) თავის დროზე ჩადო დასკვნაში - ლარის დაახლოებით 10%-იანი გაუფასურება. ეს ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი შესაძლოა 3,7-მდე გაუფასურდეს. ველოდები, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა უფრო გამკაცრდება. დიდი არჩევანიც არა აქვთ - ან უნდა იზრუნონ ფასების სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრონ, ან მაკროეკონომიკური პარამეტრების შემხედვარე, გაჭირდება ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით კი ეკონომიკაში ფულის მასაც შეიზღუდება. რაც შეეხება ლარის კურსს, ეროვნულ ბანკს აქვს სავალუტო რეზერვები და ბოლო ერთ წელიწადში 1 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდა. თუმცა, თუ სხვა ეკონომიკური პარამეტრები არ გაუმჯობესდება, მხოლოდ სებ-ის მცდელობა ლარის კურსს ვერ უშველის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ეკონომიკა არ გაუმჯობესდება, არ უნდა გვქონდეს ლარის კურსის გამყარების მოლოდინი, რადგან ის დამოკიდებულია ექსპორტსა და იმპორტს შორის თანაფარდობაზე, ტურიზმზე, ინვესტიციებ­ზე და სხვ.

ეროვნული ბანკი ჯადოქარი არ არის, რომ მდგომარეობა ხელის ერთი მოსმით გამოასწოროს. ამიტომ სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ჯერ კიდევ შარშან ვამბობდით, რომ მთავრობას უნდა წარმოედგინა გეგმა, სტრატეგია, რით ვანაცვლებდით თუნდაც ტურიზმიდან დაკარგულ შემოსავლებს. სამწუხაროდ, ასეთი ხედვა დღემდე არ არსებობს და გველაპარაკებიან ათწლიან გეგმაზე, არადა, ისიც კი არ ვიცით, წლის ბოლომდე როგორ მივალთ".

"ჩვენს იმპორტდამოკიდებულ ეკონომიკაში გაზრდილი ხარჯები ინფლაციას ახალისებს"

პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა" ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:

"დღეს რაც კი რამ ცუდი ხდება, კორონასა და საგარეო შოკებს აბრალებენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან როცა ყველაფერი კარგად იყო და ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი წესრიგში გვქონდა, მაშინ ლარის დევალვაციას საგარეო ფაქტორებს აბრალებდნენ. ყველაფრის კორონასთვის გადაბრალება მომგებიანია ყველასთვის, იქნება ეს მონეტარული, ფისკალური ხელისუფლება თუ სხვადასხვა ექსპერტი. თუმცა მონუსხულივით იმეორო, ქვეყანაში დოლარი არ შემოდის და აბა, ჩვენ რა ვქნათო, არც მთლად ასეა საქმე. შეიძლება ცეცხლი იყოს, მაგრამ თუ ცეცხლს ნავთს დაასხამ, ვითარება უფრო გართულდება. ასეა ლარის შემთხვევაშიც. თუმცა ვითარება უმართავი ნამდვილად არ არის და მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც შეიძლება კურსის მეტ-ნაკლები სტაბილიზაციის მიღწევა.

საქმე ის არის, რომ ლარის კურსს არა მარტო უცხოური ვალუტის შემოდინება, არამედ ლარი-დოლარის მოცულობების თანაფარდობა განაპირობებს. გავიგეთ, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირებულია, მაგრამ ამგვარ ფონზე, როდესაც ლარის მასას (M2 აგრეგატი) შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით 2 მილიარდი ლარით ზრდი, ცხადია, ეს სურათს გააუარესებს. ეს იყო მთავრობის იმ ფისკალური სტიმულების პაკეტის დამსახურება, რომლითაც ვითომდა პოსტკორონაკრიზისი უნდა დაგვეძლია. რა მივიღეთ სანაცვლოდ? ორ თვეში ისევ ჩავკეტეთ ეკონომიკა.

ფული ტყუილად დაიხარჯა, სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი წნეხი წარმოიქმნა ლარის კურსზე. ამას ემატება ჯანდაცვის მინისტრისა თუ საკოორდინაციო საბჭოში შემავალი სუბიექტების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად ისე გვემუქრებიან ეკონომიკის დაკეტვით, ვითომ ჯიხურს კეტავდნენ. ცხადია, ეს მნიშვნელოვნად ცვლის მოლოდინებს და სწორედ ამ მოლოდინების არხით გადაეცემა წნეხი სავალუტო კურსს. საერთოდაც, საკოორდინაციო საბჭო ამ ქვეყნის ლამის მთავარ პრობლემად და ლარის ქრონიკულ დაავადებად იქცა. ამას დავამატოთ მთავრობის ხარჯები. რომ ნახოთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, საერთოდ არ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სწორედ კრიზისის დროს არის მთავრობის ხარჯები გამართლებული, შემცირებულ საერთო მოთხოვნას ასწევსო. სამწუხაროდ, ასე მარტივად არ არის საქმე. ჩვენ ორმაგი შოკი გვაქვს - ერთდროულად მოთხოვნის და მიწოდების, რაც ამ არგუმენტს იმთავითვე გამორიცხავს, თანაც ჩვენს იმპორტდამოკიდებულ ეკონომიკაში გაზრდილი ხარჯები ინფლაციას ახალისებს. ამდენად, ეს კლასიკური თეორია აქ არ გამოგვადგება. სამწუხაროდ, მთავრობა ამას ვერ ხედავს. მაგალითად, ამ რთულ მდგომარეობაში მერია 3 მილიონზე მეტს ხარჯავს მიკროავ­ტობუსებში მთვლელების დასამონტაჟებლად, რომელთა დანიშნულებაც არავინ იცის ამ ქვეყანაში.

მეორე საკითხია ცენტრალური ბანკი და მისი პოლიტიკა. რეფინანსირების სესხები ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ცხადია, ეს ზრდის ლარის მასას და წარმოქმნის წნეხს კურსზე, მით უფრო, როცა დოლარის შემოდინება შემცირებულია. ახლა, ასეთ რეალობაში, რას გახდება სებ-ის ერთჯერადი ინტერვენციები, რომელთაც ბაზარზე გამოისვრის? ცხადია, ვერაფერს!

ინტერვენციების პოლიტიკაც ცოტა არათანამიმდევრულია. ისინი ემსახურება ლარის გაუფასურების შეჩერებას და არა მის ძველ წონასწორობის ნიშნულზე დაბრუნებას. მაგალითად, თუ ლარი 10 პუნქტით დაეცა, სებ-ი ჩაერევა, გააჩერებს დევალვაციას, თუმცა ამის შემდეგ ინტერვენციას აღარ მიმართავს, სანამ კურსი გაუფასურების ახალ ტრენდს არ წამოიწყებს. ეს არ არის სწორი. არ ვამბობ, რომ ლარი მხოლოდ სებ-ის რეზერვებით უნდა გავამყაროთ და ზემოთ ფისკალური ხელისუფლების შეცდომებზეც ვისაუბრე, თუმცა ცენტრალური ბანკიც სცოდავს".
ალექს
05 მაისი 2021 03:08
სიყვარულს და სტატისტიკას ვერ გაუგებ ჩემო სალი , ლარი დამკაში გავიდა, იმპორტია აქ ყველაფერი, ჰოოდა ამრავლებენ ას დოლარ ფასიან რაცხას - კიტრს, მაგალითად, შემოიმპორტირებულს ირანიდან, ვავა ცხაკაია , უი ჭოპორტი, ვავა, ჭოპორტი , ამრავლებენ  ჯერ სამზე , ლარზე ჰო, ერთი თვის მერე 3,5 -ზე , და კიტრი ისევ ის კიტრია, ცოტა მორბილდება , ეგარი ! დავესესხები ბუმბერაზ ოსტატებს :დოლარში სესხის მაშინ  ამღებებისათვის, როცა კურსი იყო 1,65 ახლანდელი 3,5 ტრაგედიაა, მაკროეკონომიკისათვის კი, სტატისტიკა! ლარის კურსის ბლუმბერგზე დადგენის ნაცური, 2006 წლის მიშას კარტელური წესი კი , მიკროშიდასაამქრო წესია , და არა მაკროეკონომიკური ! მაკრო იქნებოდა რომ ერთად, ერთ ქართულ მისამართზე  იყიდებოდეს ქვეყანაში შავთეთრად ქუჩა ქუჩა და დარბაზ დარბაზ მბრუნავი 25 მილიარდი ლარი, 14 მილიარდი დოლარი და ასეულ მილიონობით რეფინანსირების კრედიტები  და სახაზინო ვალდებულებები , სახელმწიფო საწარმოთა აქციები და ობლიგაციები, ასევე ჯერ გაუპრივატიზირებული და გაუქციონირებელი საწარმოების ექუიტები ! მაშინ არ გვექნებოდა ტრაგედიები, გვექნებოდა სტატისტიკა ! ასეა სალი, ასტე ! აბა ბიჭო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო, იყო დრო და მომენტიო  ! თქვენ იცით რაა პლატონური სიყვარული ? ესაა მატრონა რომ უყვარს პლატონს, მაგრამ არისტოტელი ყვარობს, პატრონობს მატრონას !

რუბრიკის სხვა სიახლეები