"ბენ ლადენის ეფექტი" დროებითია - ფასების ზრდა ტერორიზმთან ბრძოლამ შეაჩერა - კვირის პალიტრა

"ბენ ლადენის ეფექტი" დროებითია - ფასების ზრდა ტერორიზმთან ბრძოლამ შეაჩერა

ბენ ლადენის ლიკვიდაციამ გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით შეცვალა. მსოფლიო ბირჟების რეაქცია მყისიერი იყო. ცვლილება, პირველ რიგში, ნავთობის ფასს შეეხო. შავი ოქროს ფასი, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო, ზევით მიდიოდა და გაიაფების ნიშნები არც სამომავლოდ ჩანდა. ბარაკ ობამას მიერ ნომერ პირველი ტერორისტის სიკვდილის გამოცხადების შემდეგ, ფასმა უცბად დაიწყო ვარდნა და ყოველდღიურად, საშუალოდ, 9-10%-ით იაფდებოდა. ნავთობთან ერთად გაიაფდა სხვა ნედლეულიც - რკინა, სპილენძი, რადგან ინვესტორებმა ნედლეულის შესყიდვები შეამცირეს. დაიკლო ხორბლის, შაქრის, ბამბის ფიუჩერსებმაც.

ინვესტორებს ნდობა დაუბრუნდათ ამერიკული ვალუტის მიმართ და დოლარმაც, ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ, გამყარება დაიწყო. ხუთ დღეში დოლარის კურსმა ევროს მიმართ 1,49-დან 1,45-მდე აიწია - იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ბენ ლადენის ლიკვიდაციის წინა დღეებში ანალიტიკოსები ამერიკის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუარესებაზე, უმუშევრობის ზრდასა და ინფლაციაზე მიუთითებდნენ და რეცესიიდან გამოსვლის შესახებაც ნაკლებად ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდნენ. დოლარის გამყარების გამო გაიაფება დაიწყო ოქრომაც და უნციის ფასი $1532-დან $1487-მდე ჩამოვიდა.

ვერცხლი, რომელიც ასევე რეკორდულად ძვირდებოდა, ორშაბათსვე 5%-ით გაიაფდა. კვირის ბოლოს კი $42-მდე დაეცა. ძვირფას ლითონებზე ფასის ვარდნას ბიძგი ჯორჯ სოროსის მიერ დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის გაყიდვამაც მისცა. სოროსის საქციელმა ინვესტორები გააკვირვა, რადგან სამომავლოდ ძვირფასი ლითონების ისევ გაძვირებას პროგნოზირებენ. სოროსმა ოქროს დიდ პარტიებად შესყიდვა 2008 წელს დაიწყო, როცა მისი ფასი $850-900 იყო და წინა კვირას უნცია $1500-ად გაყიდა.

ნომერ პირველი ტერორისტის სიკვდილმა გავლენა ვერ მოახდინა ყავის ფასებზე, რომელიც რეკორდულადაა გაძვირებული. კილოგრამი ყავა მსოფლიო ბირჟაზე უკვე $6,6-ზე დოლარზე მეტი ღირს, რაც 34-წლიანი რეკორდია. ბოლო 1 წელიწადში ის 120%-ით გაძვირდა. ფასების ზრდის მიზეზი კოლუმბიასა და სხვა მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებში მოსალოდნელზე მცირე მოსავლიანობა გახდა. დაბალი ტემპერატურის გამო წლეულს ყავის ცუდ მოსავალს ელოდება მექსიკაც. პრობლემები აქვს ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასაც. მსოფლიოს ყავის უმსხვილეს ექსპორტიორ ბრაზილიაში საშუალო ხარისხის ყავის მარცვლის მოსავალი შემცირდა. ამის გამო ბირჟებზე ყავის შემსყიდველებს შორის მაღალხარისხიანი არაბიკას ჯიშების მწირი მარაგებისთვის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული.

სამაგიეროდ, გაიაფება დაიწყო კაკაომ, რომელიც ასევე რეკორდულად იყო გაძვირებული. კოტ დიუვუარში, რომელიც კაკაოს უმსხვილესი მწარმოებელია, ფერმერებმა ახალი მოსავალი აიღეს, მაგრამ რეალიზაცია გაუჭირდათ. ოთხთვიანმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რაც 11 აპრილს ყოფილ პრეზიდენტ გბაგბოს დაპატიმრებით დასრულდა, კაკაოს ფერმერებს დიდი ზარალი მიაყენა. სამოქალაქო ომი დასრულდა, მაგრამ ბითუმად მყიდველებს ქვეყანაში შესვლა ჯერ კიდევ ეშინიათ.

ბევრი ბანკი კვლავ დაკეტილია, ფერმერებს კილოგრამში 80 ცენტს სთავაზობენ, რაც იანვრის ფასის ნახევარიც კი არ არის. ამ ფასს მხოლოდ ის ფერმერები თანხმდებიან, ვისაც დაკრძალვისთვის თუ სამკურნალოდ სასწრაფოდ სჭირდებათ ნაღდი ფული. ამიტომ საწყობები კაკაოს მარცვლებით გადაივსო, რამაც ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას პროდუქტზე ფასი დააგდო.

ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსები სამომხმარებლო ფასების დაცემას არ ელიან, რადგან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საფინანსო სისტემაში ფულს "ყრის". რაც შეეხება დოლარის კურსის პროგნოზს, სპეციალისტები ელოდებიან, რომ ამერიკული ვალუტის კურსი, განსაზღვრული დროის შემდეგ, კვლავ დაცემას დაიწყებს, რადგან ამერიკის ეკონომიკა რეცესიას თავს ასე ადვილად ვერ დააღწევს და ინფლაციაც კარგა ხანს პრობლემად დარჩება. ევროპაშიც არასახარბიელო პროგნოზებს აკეთებენ. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ "ინფლაციის რისკი თანდათან ახლოვდება".

საქართველოში კი ინფლაციის რისკებს ვერ ხედავენ. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და წლეულს ის ერთნიშნა ნიშნულზე ჩამოვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ფასები ივნისიდან კიდევ დაიკლებს, ხოლო წლიური ინფლაცია 8%-ის ფარგლებში იქნება. ოფიციალურმა სტატისტიკამ აპრილში დეფლაცია, ანუ ფასების 0,1%-იანი კლება აჩვენა, რაც შარშანდელი ივლისის შემდეგ პირველად აღირიცხა, როცა დეფლაცია 0,4%-ანი იყო. თუმცა ფასების წლიური ზრდა მაინც მაღალია, ოფიციალური სტატისტიკითაც, შარშანდელ აპრილთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 13,5%-ითაა გაზრდილი.

ძვირდება ყველაფერი - კავშირგაბმულობის სფეროს გარდა. მობილურ ბაზარზე ფასებმა, რომელიც წელიწადია კლების ტენდენციით ხასიათდება, აპრილში კიდევ 3,1%-ით დაიკლო. სამომხმარებლო კალათაში კი ყველაზე მეტად, როგორც ყოველთვის, სურსათის ფასებია გაზრდილი, თითქმის 29%-ით.

საგრძნობლად გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი, ბოსტნეული და ბაღჩეული, ხილი. თუმცა მაის-ივლისში ბოსტნეულის, ხილის ფასები, ტრადიციულად, იკლებს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში სტატისტიკამ სამომხმარებლო ფასების ზრდა ისევ მინუსით აღრიცხოს. მნიშვნელოვანი წვლილი ინფლაციაში საწვავისა და ტრანსპორტის გაძვირებამ შეიტანა და ფასების ზრდას ამ მიმართულებით კიდევ ელოდებიან. ადგილობრივ ნავთობკომპანიებს ფასებთან დაკავშირებით უცვლელი პასუხი აქვთ, ამბობენ, რომ საწვავი გაზრდილ ფასად აქვთ შემოტანილი და უცხოეთის ბაზარზე გაიაფების მიუხედავად, ფასს ვერ დააკლებენ.

ნონა ქვლივიძე