სალაროს ახალი აპარატები - "შეცდომის დაშვება სასტიკად აკრძალულია?!" - კვირის პალიტრა

სალაროს ახალი აპარატები - "შეცდომის დაშვება სასტიკად აკრძალულია?!"

ახალი GPRS სალაროებით ყოველი ოპერაცია დაუყოვნებლივ საგადასახადოს მონაცემთა ბაზაში მოხვდება

ზაფხულის ბოლოსთვის ბიზნესის წარმომადგენლებს სალარო აპარატების გამოცვლა მოუწევთ. GPRS სისტემით აღჭურვილი ახალი სალარო აპარატები შემოსავლების სამსახურს შარშანდელი დაპირების თანახმად, ჯერ კიდევ მარტიდან უნდა შემოტანა. ახალი გეგმის მიხედვით, აპარატების შემოტანა და დარიგება ივნისიდან დაიწყება. მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს არ აღემატება, ახალი სალარო აპარატი შემოსავლების სამსახურმა, დაპირებისამებრ, უსასყიდლოდ უნდა გადასცეს, მაგრამ მათ, ვისი ბრუნვაც აღნიშნულ თანხას აჭარბებს, სალარო აპარატის შეძენა მოუწევთ.

არადა, რამდენიმე თვის წინ, "ეკოპალიტრასთან" ინტერვიუში, შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ცხაკაია გვარწმუნებდა, რომ GPRS სისტემით აღჭურვილ ახალ სალარო აპარატებს ყველა მეწარმეს უფასოდ დაურიგებდნენ. დღეს კი უკვე გარკვეულია, რომ ძვირად ღირებულ მოწყობილობებს საჩუქრად მხოლოდ მეწარმეთა ნაწილი მიიღებს.

ახალი აპარატები GPRS სისტემით იქნება აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, რომელსაც მეწარმე ამ სალარო აპარატით შეასრულებს, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ონლაინრეჟიმში აღირიცხება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სერვერზე ავტომატურად შევა ინფორმაცია, რით და რამდენს ვაჭრობს ბიზნესი და საგადასახადოს სრული სურათი ექნება მისი შემოსავლის შესახებ.

როგორც ირკვევა, შემოსავლების სამსახურმა ახალი სისტემით აღჭურვილი აპარატების შესყიდვაზე ხელშეკრულება ბულგარულ კომპანია Daisy Technology-სთან დადო, რომელმაც ამ სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ფინანსურ მაკონტროლებელს GPRS სისტემის 100 ათას ერთეულ სალარო აპარატს მიაწოდებს. პარტიის მთლიანი ღირებულება, დღგ-ის გარეშე, $13,3 მილიონია. გამოდის, რომ ახალი თაობის სალაროს აპარატში შემოსავლების სამსახური საკმაოდ ძვირს, $133-ს იხდის. მწარმოებლისგან 100 ათასი აპარატის მოწოდება ექვს თვეს გაგრძელდება.

"ეკოპალიტრა" შემოსავლების სამსახურის კონტრაქტორი კომპანიით დაინტერესდა. ინტერნეტსივრცეში მათი საიტის პოვნა ძნელი არ ყოფილა, მაგრამ უცნაური ის არის, რომ Daisy Technology-ის ოფიციალურ ვებგვერდზე სალარო აპარატების მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ არის. მეტიც, ინფორმაციას GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების შესახებ იქ საერთოდ ვერ მივაკვლიეთ.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში): "ცხადია, ეს კონტროლის დამატებითი მექანიზმია შემოსავლების სამსახურის ხელში. ახლა საგადასახადო უფრო ზუსტად გააკონტროლებს და აღრიცხავს კერძო სექტორის შემოსავლებს. ახალი ტექნოლოგიური სისტემებით აღჭურვილი სალარო აპარატების დანერგვა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ აუცილებელი იქნება რაღაც დროის განმავლობაში ე.წ. სატესტო რეჟიმის გამოცხადება, რათა მეწარმეებმა ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა აითვისონ და მაქსიმალურად გამოირიცხოს ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობა, რომელიც შესაძლოა ბიზნეს მხოლოდ გამოუცდელობით მოუვიდეს.

ვშიშობ, უნებლიე შეცდომის შემთხვევაში ისევ მეწარმეზე არ გადატყდეს ჯოხი და ისევ კერძო სექტორი არ დაზარალდეს. რა თქმა უნდა, ეს ხარჯიანი პროექტია, თუმცა თუ ეს ტექნიკური თვალსაზრისით გაამარტივებს და მოაწესრიგებს ურთიერთობას ბიზნესსა და მაკონტროლებელს შორის, მაშინ ხარჯი შესაძლოა გამართლებულად ჩაითვალოს".

მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი სალარო აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტში უნდა დაიდგას. ძველი სალარო აპარატები ფაქტობრივად, უსარგებლო იქნება და მეწარმეებს, არც მეტი და არც ნაკლები, მათი გადაყრა მოუწევთ.

სათუოა, საკმარისი იქნება თუ არა 100 ათასი აპარატი. თავად განსაჯეთ, ბიზნესრეგისტრში 1-ელი მარტის მდგომარეობით 350 241 სუბიექტია აღრიცხული. აქედან 89 932 კომერციული იურიდიული პირია (შპს, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება), ხოლო 237 722 - ინდმეწარმე. გასაგებია, რომ სუბიექტთა ნაწილი არ მოქმედებს, ზოგიერთის წლიური ბრუნვაც 250 ათას ლარს არ აღემატება, მაგრამ საერთო რაოდენობა მაინც დიდია.

ისიც ცხადია, რომ სალაროს აპარატი აგრეთვე შესაძლოა დასჭირდეთ ფილიალებს, წარმომადგენლობებს (6477) და საჯარო სამართლის სუბიექტებსაც (4095). აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალ სუბიექტს ერთზე მეტი აპარატი დასჭირდება, რადგან ის ყველგან უნდა დაიდგას, სადაც კი ანგარიშსწორება ხდება.

დიდი პრობლემაა მოსალოდნელი ჩეკის შეცდომით გამოწერისას, რაც მონაცემთა ბაზაში დაუყოვნებლივ აღირიცხება. შემოსავლების სამსახურში გვამშვიდებენ: თუ, ვთქვათ, ობიექტს 20 ათასის ლარის ბრუნვა არ აქვს და შეცდომით 100-ათას ლარიანი ჩეკი ამოარტყა, მარტივად გაუქმდებაო. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როცა 20 ათასიან ობიექტში 1 ათასის ნაცვლად მექანიკურად ჩეკში 2 ათასს ამოარტყამენ? ამ კითხვის პასუხი დღეს არ არსებობს. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ შეცდომების გამოსწორების პროცედურა სამართლებრივად გაწერილი ჯერჯერობით არ აქვთ.