თურქეთში დასვენება ძვირდება - კვირის პალიტრა

თურქეთში დასვენება ძვირდება

ეგვიპტური რევოლუციით თურქული ტურიზმი ხეირობს

თურქეთსა და საბერძნეთში საზღვაო ტურისტული სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა ფასები სერვისსა და მომსახურებაზე უკვე 20%-ით გაზარდეს. მიზეზთა შორის ეგვიპტეში, ტუნისსა და ტაილანდში პოლიტიკური არასტაბილურობა სახელდება - ტურისტები იძულებული არიან, უარი თქვან საყვარელ კურორტებზე და მათ ჩანაცვლებაზე იფიქრონ. ამიტომ წლეულს თურქეთში დამსვენებელთა მოზღვავებას ელოდებიან.

ტურისტული ბიზნესის სპეციალისტები ამბობენ, რომ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა თვალში საცემად შეცვალოს საერთაშორისო ტურისტული ინდუსტრია. მაგალითად, ეგვიპტის ალტერნატივის ძიებისას, ტუროპერატორებმა და ტურისტებმა შესაძლოა სხვა, აქამდე ნაკლებად პოპულარული კურორტები აითვისონ. თუმცა ფასებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზამთარში ეგვიპტის ალტერნატივის პოვნა ადვილი არ იქნება.

თურქეთისა და საბერძნეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ფასების ზრდას იმით ხსნიან, რომ ფინანსური კრიზისის გამო ბოლო წლებში დამსვენებელთა სიმცირემ დიდი შემოსავალი დააკარგვინათ და ახლა ანაზღაურებას ცდილობენ.

მისაღები ფასებისა და გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ქართველი დამსვენებლების დიდი ნაწილი სწორედ თურქეთის კურორტებზე დასვენებას ანიჭებდა უპირატესობას. ხარისხიანი მომსახურება ხშირად თურქეთში უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე შავი ზღვის საქართველოს კურორტებზე. ფასების ცვლილებამ კი შესაძლოა რაღაცები ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესშიც შეცვალოს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, წლევანდელი მაისის ბოლომდე თურქეთის საკურორტო ზონების სასტუმროებში ნომრების უმეტესობა უკვე დაჯავშნილია. ტუროპერატორთა ვარაუდით, მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა ფასებზე გავლენა კიდევ მოახდინოს და ზაფხულისთვის თურქეთში ტურისტული პაკეტის ღირებულება კვლავ გაძვირდეს. თურქეთის მიმართულებით უკვე გაძვირდა ავიაბილეთები, რაც ტურპაკეტის ღირებულების მნიშვნელოვანი კომპონენტია. შარშანდელი ზაფხული ამ თვალსაზრისით უპრეცედენტო იყო. მაღალი კონკურენციის გამო ავიაკომპანიებმა თურქეთისკენ ფრენა 350 ევროდან 100 ევრომდე გააიაფეს, ახლა კი ერთი მიმართულებით უკვე 140 ევრომდე ღირს.

ნატა კვაჭანტირაძე (საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი): "ფასების ზრდა ტურისტული ბიზნესის სურვილი ნამდვილად არ ყოფილა, ეს არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა. ტურისტების ის ნაკადი, რომელიც ზამთარ-გაზაფხულის სეზონზე ეგვიპტისკენ მიეშურებოდა, ახლა თურქეთისკენ გადადის. შეკვეთების მომატების გამო იქაურმა სასტუმროებმა ფასების გაზრდა გადაწყვიტეს.

საზაფხულო ტურისტული სეზონი საქართველოში ჯერ არ დაწყებულა და ძნელია წინასწარ თქმა, რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე მეზობლად ტურისტულ სერვისზე ფასების ზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის მიმართულებაზე ჩვენთან მოთხოვნა მაღალია, არ მგონია, რომ საქართველოდან თურქეთში დამსვენებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ფასების ზრდა დამსვენებელთა უმრავლესობისთვის არ იქნება შემაფერხებელი გარემოება. მსოფლიოს სხვა საზღვაო კურორტებთან შედარებით, გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე თურქეთი მაინც ყველაზე იაფ ქვეყნად მიიჩნევა".

ქართული ტუროპერატორები თურქეთის მიმართულებით ფასების შენარჩუნებას ცდილობენ. კომპანია „ენ ტურში" GBC-ს განუცხადეს, რომ მაისში, შარშანდელთან შედარებით, ფასები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი, თუმცა სეზონის პიკზე ფასების მკვეთრ მატებას ელოდებიან. ტუროპერატორ „აირზენა ჰოლიდეიში" კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სასტუმროების ფასები არ შეცვლილა, თუმცა ივლისისთვის ზრდას ვარაუდობენ.

ციფრების ენით

- ეგვიპტეში ტურისტების რაოდენობა 60%-ით არის შემცირებული, შარშანდელ ამავე დროსთან შედარებით,

- შარმ-ელ-შეიხის სასტუმროების დატვირთვა ამჟამად მხოლოდ 50%-ია.

- ვარდნაა ეგვიპტის სამომხმარებლო სექტორშიც, სურსათზე მოთხოვნამ შარშანდელთან შედარებით 25%-ით დაიკლო.