ციფრული ლარი - რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა
ციფრული ლარი - რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა
"მომდევნო წლებში ლარი, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდი იქნება, რასაც სწორედ ეს ციფრული და კრიპტოვალუტები უზრუნველყოფს"

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო "ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა", რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს.
შეიძლება ითქვას, ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის უკეთ შესასრულებლად ახლა ციფრული ლარი სჭირდება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ეროვნული ბანკი ამბობს, რომ CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, Central Bank Digital Currency) გადახდის საშუალების სტატუსი ექნება და ამ ამბიციურ პროექტზე სათანამშრომლოდ ფინტექ-კომპანიებს იწვევს.

ლევან ბოძაშვილი,
ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მრჩეველი და მკვლევარი:

- ბოლო ორი-ორწლინახევრის განმავლობაში ბევრი ქვეყნის ეროვნული ბანკი და ასევე საერთაშორისო ბანკები უკვე აქტიურად მუშაობენ ციფრული ვალუტების საკითხებზე: ჩაატარეს კვლევები, დატესტეს ტექნიკური შესაძლებლობები და ციფრული ვალუტები გამოუშვეს. საქართველო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი ეროვნული ბანკის მიერ კრიპტოვალუტის გამოშვება. შესაბამისად, სებ-ის ერთ-ერთი მოტივაცია ციფრული ვალუტის გამოშვების თაობაზე შესაძლოა სწორედ ის იყო, რომ არ აღმოჩენილიყო ამ თვალსაზრისით მაჩანჩალა პოზიციაზე.

ციფრული ვალუტის გამოშვების კიდევ ერთი მოტივატორი ის არის, რომ თუ მას სწორად გამოუშვებენ, ეკონომიკის ბევრი სექტორისთვის ეს ფასების სტაბილურობას მოიტანს. სამომხმარებლო ფასები კატასტროფულად იზრდება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია გრძელდება, ქვეყანა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმპორტზე, ხოლო რეალური ეკონომიკური საფუძველი ამ პროცესების შესაჩერებლად არ არსებობს. ამიტომ სტაბილური ციფრული ვალუტა ჩვენთვის შესაძლოა იყოს ამ რთული ვითარებიდან ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი.

ბოლო ერთი წელიწადია, რაც კრიპტოვალუტამ შეძლო სახელმწიფოების ხელში კონცენტრირებული ფინანსური რესურსის დეცენტრალიზაცია. მაგალითად, თუ დღეს სახელმწიფოს ფინანსური ძალაუფლება კონცენტრირებულია მის ეროვნულ ბანკში და ის ადგენს თამაშის წესებს, კრიპტოვალუტის სწრაფმა განვითარებამ ის მოიტანა, რომ სახელმწიფო კარგავს გავლენას ამ სფეროზე. შესაბამისად, ეს პროცესი რაღაცნაირად რომ შეაჩეროს და ფინანსური მართვის სადავეები დაიბრუნოს, ბევრი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს ციფრული ვალუტის გამოშვება. სხვათა შორის, პატარა ქვეყნებმა ეს უფრო ადრეც, ხუთი-ექვსი წლის წინ დაიწყეს, რადგან ნაციონალურ კრიპტოვალუტებში დიდი საინვესტიციო პოტენციალი დაინახეს. ქვეყნებს, რომლებსაც კონკურენტული უპირატესობები და დამატებითი ეკონომიკური სიძლიერე არ ჰქონდათ, საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნამ საინვესტიციო მიმზიდველობა შესძინა. ამის მაგალითია მალტა, რომელმაც ნაციონალური ციფრული ვალუტის კანონმდებლობის მიღებიდან ექვს თვეში 1,8 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო.

შესაბამისად, საქართველომ ხელიდან გაუშვა მომენტი, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის საინვესტიციო მიმზიდველობა და უპირატესობა ჰქონოდა. ახლა ჩვენ ერთ-ერთი ბოლო ვიქნებით, ვინც შექმნის შესაბამის საკანონმდებლო სივრცეს, ციფრულ ეროვნულ ვალუტას, მაგრამ ამას არ ექნება ისეთი ეფექტი, როგორც, მაგალითად ორი-სამი წლის წინ, როგორიც მიიღეს მალტამ, ლუქსემბურგმა, ლიხტენშტაინმა და სამხრეთ კორეამ. ამიტომ ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დაგვიანებული და აუცილებელია ახლა ეს პროცესი სწორად წარიმართოს, რათა ამან მაინც მოიტანოს ეკონომიკური ეფექტი.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ავიღოთ ელექტრონული გადახდების სისტემა. ნებისმიერი გადახდა, რომელსაც დღეს მომხმარებლები ვახორციელებთ, მიბმულია საკომისიო მომსახურებასთან. ყველაფერი, რასაც ვიხდით, იქნება კომუნალური გადასახადები, ჯარიმები, სხვადასხვა სერვისის საფასური და სხვა, დაკავშირებულია საკომისიოსთან, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში 0,50-დან 1,50 ლარამდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 600-700 მილიონი ლარი ყოველწლიურად მოსახლეობის ჯიბიდან ამოდის და მიდის ბანკებში. ციფრული ვალუტა საშუალებას იძლევა პირდაპირ გადაიხადო შუამავლის, ანუ ბანკის გარეშე. მაგალითად, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პირდაპირ ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიას გადაუხადოთ გადასახადი ციფრული ლარით, ბანკის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ეს გამოათავისუფლებს 600-700 მილიონს, მოსახლეობაში დატოვებს, რაც სამომხმარებლო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტია.

ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა, რომ უნაღდო ანგარიშსწორება და ციფრული, კრიპტოვალუტა სხვადასხვა რამეა. უნაღდო ანგარიშსწორებას ჩვენ ახლაც ვიყენებთ, როცა, მაგალითად, ონლაინგადახდებით ვსარგებლობთ. ის, რაც განაცხადა ეროვნულმა ბანკმა, არის კრიპტოლარი. ის დამყარებულია ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე, სმარტკონტრაქტებსა და შესაბამის პარამეტრებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს.

სებ-ის პრობლემა ის არის, რომ მას არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია, არავინ იცის, რას და როგორ აპირებს, მან მხოლოდ განაცხადა, რომ გეგმავს ციფრული ლარის გამოშვებას. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ეს განცხადება მოულოდნელი იყო.

ტექნოლოგიურად ამ ვალუტის შექმნა პრობლემა არ არის. მაგალითად, ჩემმა კომპანიამ ერთი თვის წინ შექმნა კრიპტოვალუტა და ამ ერთ თვეში 3 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის რთული პროცესი, მთავარია, მისი ლიკვიდურობა როგორი იქნება და მოსახლეობისთვის რამდენად კომფორტული იქნება. თუ ციფრული ლარი არ იქნება გადახდის საშუალება ყველგან, მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული ელექტრონულ გადახდებში მაინც.

საინტერესოა ასევე, რით იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს ციფრული ვალუტა? შესაძლოა მისი უზრუნველყოფა მოხდეს სახელმწიფო აქტივებით, მაგალითად, სახელმწიფოს ხელში არსებული მიწებით. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკას, მისი ვალუტა აღარ იყოს მიბმული დოლარზე ან ევროზე, საქართველოს სახელმწიფო აქტივით იყოს უზრუნველყოფილი, ან სხვა აქტივით, რომელსაც სახელმწიფო მოიფიქრებს. სწორედ ასე უნდა გავაკეთოთ, თუ არ გვინდა ჩვენი ციფრული ვალუტა სადმე, რომელიმე კომპიუტერულ ფაილში დაილექოს და ვერაფერში გამოვიყენოთ.

- საინტერესოა, როგორ მოხდება კრიპტოლარის ღირებულების განსაზღვრა? ერთი კრიპტოლარი ერთი რეალური ლარის ტოლფასი იქნება? და თუ არც დოლარსა და არც ევროზე იქნება მიბმული, როგორ განისაზღვრება მისი გაცვლითი კურსი, როგორ დაადგენენ კონკრეტულ დროში კონკრეტულ ფასს?
- ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები ე.წ. სტაბილური კოინებია, ხოლო, მაგალითად, ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიც არის ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა, არ არიან სტაბილური ვალუტები, რადგან არ არიან რამე აქტივით გამყარებული და მათი ლიკვიდურობა მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება. ციფრული ვალუტები კი, რომელსაც ეროვნული ბანკები უშვებენ, სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ მიბმულია კონკრეტულ უზრუნველყოფის ერთეულზე. ასეთი კრიპტოვალუტის უპირატესობა რეალურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით ის არის, რომ არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ეკონომიკურ ეფექტებზე.
თუ ლარი უფასურდება, კრიპტოვალუტა არ უფასურდება. კრიპტოვალუტა შესაძლოა ძალიან ფლუქტუაციურია, ცვალებადია მისი ღირებულება, მაგრამ საერთო ჯამში ის ვერ უფასურდება იმაზე ნაკლებად, ვიდრე მისი პირველადი ფასია, მაშინ როცა ლარი, მაგალითად, შესაძლოა კუპონს დაემსგავსოს და მის პირველად ნომინაციას ჩამოსცდეს.

ამიტომ ეს უპირატესობა არსებობს და ახლა მთავარია, უფრო მეტი რამ აგვიხსნას ეროვნულმა ბანკმა და გვითხრას, რით იქნება კრიპტოლარი უზრუნველყოფილი. მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებაც რომ იყოს, ესეც კარგია, რადგან, სულ ცოტა, იმ თანხებს დავზოგავთ, რისი გადახდაც საკომისიოს შემთხვევაში გვიწევს და რომელიც დღეს ბანკის საფულეში მიდის.

- კრიპტოლარის შემოღება და გადახდის მექანიზმად მისი გამოყენება რეალურ ლარს დაეხმარება თუ შესაძლებელია კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი მის გაუფასურებას?
- დღევანდელ ფინანსურ მსოფლიო ეკონომიკას სხვა პარადიგმიდან უნდა შევხედოთ. ტრადიციული პარადიგმა, ფაქტობრივად, შეცვლილია. ათობით და ასობით ადამიანი იყენებს დღეს კრიპტოვალუტას ნებისმიერ სფეროში. ეს ნიშნავს, რომ ლარის უზრუნველყოფას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი ხომ ბაზრისთვის, ფინანსური გადახდებისთვის არის ის, რომ შენი გადახდის ერთეული გამყიდველმა მიიღოს.

მომდევნო წლებში ლარი, ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდი იქნება, რასაც სწორედ ეს ციფრული და კრიპტოვალუტები უზრუნველყოფს. არსებობს ასეთი გენიალური წიგნი, ჯერ კიდევ 1977 წელს გამოშვებული, და ჰქვია "სუვერენული ინდივიდი", სადაც არაპირდაპირ იყო საუბარი კრიპტოვალუტებზე. სუვერენული ინდივიდი ნიშნავს, რომ მას აქვს ფინანსური დამოუკიდებლობა და არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე. სწორედ ეს ხდება დღეს, როცა კრიპტოვალუტები არის ადამიანთა შორის გადახდის საშუალება. მე არ მჭირდება ბანკი, რომ თქვენ რაღაც გადაგიხადოთ. ამიტომ ლარი გაუფასურდება თუ არა, მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. ამიტომ იყო საჭირო კრიპტოვალუტის შემოღება, რადგან ის მიბმული არ არის სხვა ვალუტაზე და მას საერთაშორისო გადაცვლადობა აქვს.

- ანუ დაახლოებით ორი-სამი წელიწადი დაგვჭირდება, რომ კრიპტოლარი ჩვენთან სრულფასოვანი გადახდის საშუალება გახდეს?
- მერწმუნეთ, კრიპტოვალუტას წლის ბოლომდე ყველა ქვეყანა შემოიღებს. "ვიზა" და "მასტერქარდი" გადავიდნენ უკვე კრიპტოვალუტაზე. რევოლუცია მიმდინარეობს, ფაქტობრივად, მსოფლიო ეკონომიკაში და იმისათვის, რომ ჩვენი კრიპტოლარიც არ დარჩეს ისეთ არამოთხოვნად ვალუტად საერთაშორისო ბაზრებზე, როგორც დღეს ლარია, ამას მუშაობა სჭირდება.

გეგმა მაინც უნდა არსებობდეს, რის გაკეთებას აპირებს ჩვენი ეროვნული ბანკი, რადგან ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეგიძლია მხოლოდ ტექნიკურად გადაწყვიტო, რომელიღაც კომპანია დაიქირავო და კრიპტოვალუტა შეგიქმნას. მერე რა ხდება, ეს არის მთავარი. თუ ის ბევრ სექტორში იქნება გამოყენებული, განსაკუთრებით სტაბილურ სექტორებში, როგორიცაა, მაგალითად, მონოპოლიური სექტორები, ენერგეტიკა, სახელმწიფო სერვისები და ა.შ., მას ლიკვიდურობა აუცილებლად ექნება და მერწმუნეთ, ორ-სამ წელიწადში ხალხი კრიპტოლარს უფრო გამოიყენებს, ვიდრე ჩვეულებრივ ლარს.

რამდენიმე წელიწადში ქაღალდის ფული უსარგებლო გახდება. უპირველესად კი სუსტი ვალუტები, როგორიც, მაგალითად, ჩვენი ეროვნული ლარია. მნიშვნელოვანია, რა რაოდენობის კრიპტოლარის გამოშვებას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამას დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება დასჭირდება.

ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა იმითაც არის განსხვავებული სხვა კრიპტოებისგან, რომ ეროვნული ბანკის ხელშია, რამდენს გამოუშვებს. მაგალითად, ჩინეთმა 2 მილიარდი ერთეული კრიპტოვალუტა გამოუშვა და თავიდან 100-100 ათასი ცალი დაურიგა შანხაის მოსახლეობას, რათა ლიკვიდურობა გაჩენილიყო. ჩვენმა ეროვნულმა ბანკმაც მსგავსი რამ უნდა გააკეთოს. მან უნდა შექმნას ბაზა, რათა ამ ვალუტამ მოძრაობა დაიწყოს, მოსახლეობას გაუჩინოს შესაძლებლობა და ინტერესი, რომ კრიპტოვალუტით აწარმოონ გადახდები. ამ პროცესში ეროვნული ბანკი ყველა შემთხვევაში მარეგულირებლად დარჩება. მთელი გლობალური საგადასახადო სისტემები კრიპტოვალუტაზე გადადის, შესაბამისად, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები