შავი სია ცუდად მოვაჭრეთათვის - კვირის პალიტრა

შავი სია ცუდად მოვაჭრეთათვის

"რითეილის ბაზრის თითქმის 30% არაკეთილსინდისიერად მუშაობს"

მწარმოებელი და სადისტრიბუციო ბიზნესის წარმომადგენლები ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის იდეით გამოდიან. მომსახურების დაბალი ხარისხი, პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევა და გადაუხდელობა - დაახლოებით ამ პარამეტრებით შეარჩევენ კომპანიები ამ ერთგვარ "შავ სიაში" შესაყვან სავაჭრო ობიექტებს. თუმცა რითეილის (საცალო გაყიდვების) ბიზნესის წარმომადგენლებს ეს იდეა დიდად არ ეპიტნავებათ. ბიზნესმენებს აგრეთვე განზრახული აქვთ საინფორმაციო ბაზის შექმნა სავაჭრო-სადისტრიბუციო კომპანიების ყოფილი თანამშრომლების შესახებაც, რადგან ზოგის კვალიფიკაცია არ მოსწონთ, ზოგის კი კეთილსინდისიერება...

ინიციატივას ორმოცამდე კომპანია გამოეხმაურა. ურჩ გადამხდელ სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის გამოცდილება თითქმის ყველას აქვს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ე.წ. "შავი სია" მეტად წარმომადგენლობითი აღმოჩნდეს. როგორც ამბობენ, მასში არა მარტო წვრილი სავაჭრო ობიექტები, არამედ მსხვილი სავაჭრო ქსელებიც მოხვდებიან. ასე რომ, როგორც ქართული სიბრძნე გვასწავლის, სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობს.

ლილი ბიბილოშვილი (კომპანია "ნიკორას" ადმინისტრირებისა და პერსონალის მართვის დირექტორი): "კომპანია "ნიკორა" გამოვიდა ინიციატივით, შეხვედროდა სადისტრიბუციო და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს. მიზანი იყო ბაზარზე არსებული პრობლემების გაზიარება, ინფორმაციის, გამოცდილების გაცვლა-შეჯერება და გამოსავლის ძიება. წარმოება, ვაჭრობა და დისტრიბუცია რითეილის ბაზრის სამი ძირითადი კომპონენტია, ამიტომაც ლოგიკურია ამ სამი მიმართულების ერთმანეთთან თანამშრომლობა და არსებული მონაცემების საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, რათა ჩვენი უფლებები დაცული იყოს და ნორმალურ ბიზნესგარემოში მუშაობის საშუალება გვექნეს. თუ ერთობლივად არ ვიმოქმედებთ, მაშინ პრობლემებთან კვლავაც ცალ-ცალკე შეჭიდება მოგვიწევს".

თამარ კალაძე (კომპანია "ბიემეს-ის" მარკეტინგის მენეჯერი): "ბაზარზე ჩვენ გერმანული პროდუქცია შემოგვაქვს. სავაჭრო ობიექტების მხრიდან დროულად გადახდა ნამდვილად სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობენ კომპანიები, რომლებიც ყოველთვის კეთილსინდისიერად და კარგად იხდიან გაყიდული საქონლის საფასურს, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისთანაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ სადისტრიბუციო კომპანიას ამ თვალსაზრისით გართულებული ურთიერთობა აქვს.

დღესაც ხდება, რომ ჩვენი კუთვნილი თანხების მიღებას ვერ ვახერხებთ: კომპანია, მაღაზია, სავაჭრო ობიექტი დაიხურა, გაკოტრდა, გაიყიდა და მათი კვალის მიგნებაც კი ჭირს. ურიგო არ იქნება, როგორც კომერციული ბანკების შემთხვევაში არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა "კრედიტინფოს" სახით, სადაც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია ბანკების მევალეთა, ურჩ და კეთილსინდისიერ გადამხდელთა შესახებ, ასევე შეიქმნას რითეილის ბაზრისთვისაც.

საქმიანი ურთიერთობის დასაწყისში კიდევ უფრო რთულია განსაზღვრა, ვის უნდა ენდო და ვის არა. ხშირად ხდება ისე, რომ თვალს გჭრის რომელიმე ფეშენებელური მაღაზიის ინტერიერი და ექსტერიერი, ამის მიღმა კი სრულიად გაუმართავი ან არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტი დგას. ხომ არ შეიძლება, რომ ჩვენი ფული მავანმა ატრიალოს, ათი ფილიალი გახსნას, ჩვენ კი თვეების განმავლობაში კუთვნილი თანხების ამოღებას ვერ ვახერხებდეთ".

მარინა ხურციძე (შპს "ბიუთი ბრედის" დირექტორი): "მწარმოებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი პროდუქცია მომხმარებელთან პირვანდელი სახით მივიდეს. ეს პრობლემა რეალურად დგას, ხშირად მაღაზიებში პროდუქციას დროულად არ ცვლიან, დარღვეულია დასაწყობებისა და შენახვის პირობები. ყველა სავაჭრო ობიექტთან დადებულ ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ჩვენთვის აუცილებელი პირობაა, დროულად მოხდეს დახლიდან ძველი პროდუქციის ამოღება და მისი ახლით ჩანაცვლება.

მაგრამ ეს პირობა ხშირად ირღვევა, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ეს გაყიდვის მაჩვენებელზეც მოქმედებს. გაუგებარია, რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა ორი დღის პროდუქცია, როდესაც ჩვენ ყოველდღე ვაწვდით სავაჭრო ობიექტებს ახალ პარტიას; მხოლოდ იმიტომ, რომ რითეილერმა მეტი მოგება ნახოს? სხვათა შორის, ჩვენ წვრილ სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობისას უფრო შეგვქმნია პრობლემები. იქ, სადაც ყოველდღიურად გვიხდიან, ზოგჯერ ფულის დასაბრუნებლად ორი-სამი დღის ვადას ითხოვენ, შემდეგ ვალი ვალს ემატება და სოლიდური თანხები გროვდება".

ირაკლი თედიაშვილი (კომპანია "უკრაინული პროდუქტის" აღმასრულებელი დირექტორი): "ჯერ მხოლოდ ერთი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვედით, ამიტომ რისკების დაზღვევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რითეილის ბაზრის სუბიექტების თითქმის 30% არაკეთილსინდისიერად მუშაობს. გაგიკვირდებათ და ამით მსხვილი სავაჭრო ობიექტები, სუპერმარკეტების ქსელები უფრო გამოირჩევიან... ჩვენისთანა ახალბედა კომპანიებს სხვისი გამოცდილების გაზიარება დიდ სამსახურს გაუწევდა. ახლა ნდობის ფაქტორი მხოლოდ პირადი კონტაქტებით განისაზღვრება. ფულის ამოღების სამართლებრივი ბერკეტებიც არ არსებობს და ამ პრობლემასაც შეძლებისდაგვარად ნაცნობ-მეგობრების დახმარებით აგვარებ".

სერგო ჩხაიძე (კომპანია "თელავის ღვინის მარნის" გაყიდვების მენეჯერი): "უნდა დაიდოს შეთანხმება, რომ თუ რომელიმე კომპანიის უფლებებს რითეილერი უგულებელყოფს, ამ მემორანდუმის საფუძველზე გაერთიანებულმა კომპანიებმა ერთობლივი ძალებით უარი უნდა განაცხადონ ამ კომპანიასთან თანამშრომლობაზე. მე ეს უფრო სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, ვიდრე უარყოფით მონაცემთა ბაზის შექმნა. საქართველოს ბაზარი მოცულობით ძალიან პატარაა. ვიღაცას დღეს თუ ცუდად წარმოაჩენ, მომავალში ისევ მათ უნდა მიმართო პროდუქციის გასაყიდად. ეს დისონანს შეიტანს ერთმანეთთან თანამშრომლობაში".