სწრაფი გზავნილი - სწრაფი დანაკარგი? - კვირის პალიტრა

სწრაფი გზავნილი - სწრაფი დანაკარგი?

როგორ "გაცურა" მეზღვაურის გაგზავნილმა ფულმა სხვისკენ

უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაზე ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები მუშაობენ, მაგრამ გაყალბებული პლასტიკური ბარათებით თუ სხვა მექანიზმებით ანგარიშიდან ფულს მაინც ხსნიან. ამ სფეროში "მომუშავე" თაღლითები მსხვერპლად უმეტესად განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს ირჩევენ, რადგან იციან, რომ მათ დამნაშავის მოძებნა და თანხის უკან დაბრუნება, ცივილიზებული სამყაროს მოქალაქეებთან შედარებით, გაუჭირდებათ.

თაღლითების ბადეში არცთუ იშვიათად უცხოეთში სამუშაოდ წასულები ან სამსახურის მაძიებლები ხვდებიან. ერთ-ერთი დაზარალებული ქართველი მეზღვაური ავთანდილ ბაშელეიშვილიც აღმოჩნდა. შორეული ცურვის კაპიტანმა 3 ათასი გირვანქა სტერლინგი სწრაფი გადარიცხვის საერთაშორისო სისტემა "ვესტერნ იუნიონის" (western Union) მეშვეობით თბილისიდან ინგლისში, 27 აპრილს, თავისსავე ანგარიშზე გადარიცხა. ანგარიში იმავე დღეს შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ის ცარიელი იყო.

დაგვიანების მიზეზის გასარკვევად "ვესტერნ იუნიონის" ოფისს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ თანხა ანგარიშიდან იმავე დღეს ქალაქ ლიდსში ავთანდილ ბაშელეიშვილის პასპორტით მამაკაცმა გაიტანა. დაზარალებული ამბობს, რომ ფულადი გადარიცხვების საერთაშორისო სისტემას უსაფრთხოების საკმარისი ზომები არ გააჩნია, რათა ანგარიში თაღლითებისგან დაიცვას, ყალბი დოკუმენტაციით თანხის მოხსნა რომ ვერ მოახერხონ.

ავთანდილ ბაშელეიშვილი: "ათი წელიწადია კაპიტანი ვარ და შორეულ წყლებში დავცურავ. ამ საქმის დიდი გამოცდილება მაქვს. დაახლოებით ერთი წლის წინ ინგლისურ კომპანია "სიიბორნიდან" (Seabourn) დამიკავშირდნენ და მათთან სამუშაოდ გადასვლა შემომთავაზეს. ეს ცნობილი სამგზავრო კომპანიაა. ორი თვის განმავლობაში მოლაპარაკებები გვქონდა და დავთანხმდი. ჩემი CV-სა და პასპორტის ქსეროასლის გაგზავნა მომთხოვეს. მოგვიანებით შემატყობინეს, რომ მუშაობის დაწყებამდე 3 ათასი ფუნტი სტერლინგი ანგარიშზე წინასწარ უნდა დამედო.

იმავდროულად შემატყობინეს, რომ ინგლისის მთავრობამ 15 მარტიდან ახალი წესი შემოიღო, ვინც დიდი ბრიტანეთის წყლებში შედის, 3 ათასი ფუნტი სტერლინგი ანგარიშზე წინასწარ უნდა განათავსოს, სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ფული რომ გქონდეს. თანხა ჩემმა მეუღლემ თბილისიდან ინგლისში ჩემს სახელზე "ვესტერნ იუნიონის" სისტემით გადარიცხა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმავე დღეს ვიღაცამ ჩემი პასპორტით თანხა მოხსნა.

- გადარიცხვის კოდი ხომ არავისთვის შეგიტყობინებიათ?

- კომპანიას გადარიცხვის ის საბუთი გავუგზავნე, რომელზეც გადარიცხვის ნომერი დაშიფრული იყო, მხოლოდ ვარსკვლავები ჩანდა ანუ ID-ის წაკითხვა შეუძლებელი იყო. ეჭვი მაქვს, რომ ამ კომპანიას ქსელი აქვს, "ვესტერნ იუნიონის" ოფისში თავისი კაცი ჰყავს, ვისაც მონაცემებზე ხელი მიუწვდება. ამის შესახებ "სიიბორნსაც" მივწერე და "ვესტერნსაც". ჩემი წერილის შემდეგ "სიიბორნის" საიტზე გაჩნდა გამაფრთხილებელი განცხადება, რომლითაც კომპანია აფრთხილებს სამუშაოს მაძიებლებს, რომ ისინი სამსახურში მხოლოდ პირადი გასაუბრების შემდეგ აჰყავთ და წინასწარ ფულის ანგარიშზე ჩარიცხვასაც არ ითხოვენ.

"ვესტერნ იუნიონმა" კი მხოლოდ მეხუთე წერილზე მიპასუხა, რომ ფაქტის გამოსაძიებლად 21 დღე დასჭირდებათ და თუ აღმოჩნდება, რომ თანხა მართლაც კომპანიის გაუფრთხილებლობით დაიკარგა, ზარალს ამინაზღაურებენ. მაგრამ ამაშიც ეჭვი მეპარება. ქართველებს, როგორც ველურებს, ისე გვიყურებენ. ყურადღებას არ გვაქცევენ. გერმანელს ამას ვერ გაუბედავენ. კარგად რატომ არ შეამოწმეს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტი თუ ყალბი იყო? მაგალითად, "მანი გრემი" (Money Gram) დოკუმენტებს უფრო სკრუპულოზურად ამოწმებს. მსგავსი შემთხვევები "ვესტერნთან" დაკავშირებით ადრეც ყოფილა.

შარშან გიბრალტარში გემიდან მეზღვაურებმა საკუთარ ოჯახებს ფული ამ სისტემის მეშვეობით გადმოურიცხეს, 800-1000 ევრო თითოეულმა, მაგრამ ადრესატებამდე ვერ მივიდა. ხმაური ატეხეს, თუმცა ვერაფერი გააწყეს. გემის მეპატრონემ ამის შემდეგ ურჩია, არ ენდოთ "ვესტერნს" და ფული ბანკით გადარიცხეთო. "ვესტერნ იუნიონის" წარმომადგენლობა თბილისშიც ვეძებე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ოფისი არ აქვთ. მათ ბანკის თანამშრომლები ემსახურებიან. მივედი ბანკებშიც. დაველაპარაკე თანამშრომლებს, ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. მითხრეს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.

ბევრი თაღლითი მუშაობს, რომელიც სამუშაოს მაძიებლებისგან ან ავტომობილის შეძენის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისგან წინასწარ ფულის გადარიცხვას ითხოვს. ბანკის თანამშრომელმა გოგონებმა მითხრეს, ეს რომ ვიცით, ამიტომ ჩვენს ახლობლებს ვაფრთხილებთ, ფული სწრაფი გადახდის სისტემებით კი არა, ბანკის მეშვეობით გადმორიცხონო".

ავთანდილ ბაშელეიშვილი არ გამორიცხავს, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდა, თუმცა უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო "ვესტერნისგან" პასუხსა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

"ვესტერნ იუნიონის" დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობას კომენტარისთვის "ეკოპალიტრაც" დაუკავშირდა. კომპანიაში გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია თანხების გადარიცხვების შესახებ კონფიდენციალურია და მის შესახებ რამე სახის ცნობის მესამე პირისთვის გამჟღავნება არ შეუძლიათ.  კომერციული ბანკები ამბობენ, რომ ისინი სწრაფი გადარიცხვის ათზე მეტ სისტემას ემსახურებიან. თანხის გადარიცხვა ამ სისტემებით დაცულია და დაკარგვის რისკი თითქმის არ არსებობს. როგორც ბანკები ამბობენ, თანხის დაკარგვა უმეტესად იმ ბანკის დაუდევრობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია, საიდანაც თაღლითს თანხა გააქვს.

მაგალითად, ბანკი "რესპუბლიკა" მხოლოდ "ვესტერნ იუნიონის" სისტემას ემსახურება. როგორც ბანკში ამბობენ, იმიტომ, რომ ყველაზე უსაფრთხო და სხვებზე სწრაფ სისტემად მიაჩნიათ. ბანკში განმარტავენ, რომ ადრესატი გზავნილის ათნიშნა კოდის გარეშე ბანკიდან თანხას ვერ გაიტანს. ამასთან, უნდა იცოდეს გამომგზავნის ვინაობა, აგრეთვე, რომელი ქვეყნიდან და რა თანხას ელოდება. ასე რომ, გაფრთხილდით, თუ თანხას სხვა ქვეყანაში რიცხავთ, გზავნილის კოდი მხოლოდ ადრესატს გაუმხილეთ.

თანხის ჩარიცხვა ადრესატის ანგარიშზე ჩვეულებრივად - საბანკო გადარიცხვით, შედარებით ხანგრძლივი პროცედურაა, მისი რეკვიზიტების ზუსტი ცოდნაა საჭირო და თანაც, სულ ცოტა, სამ დღეს მოითხოვს. თანხების გზავნილის სახით, ანუ სწრაფი გადარიცხვის სისტემით ჩარიცხვა დაახლოებით 10-15 წუთში ხდება, ამიტომ ბევრი უცხოეთში ან პირიქით, სამშობლოში გადარიცხვისთვის ამ უკანასკნელ გზას ამჯობინებს - იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მაღალი საკომისიოს გადახდა უწევს.

მაგალითად, 5 ათასამდე დოლარის western Union-ით გაგზავნისას ევროპის ქვეყანაში 200 დოლარის საკომისიოს გადახდა უწევს. როგორც ბანკებში ამბობენ, თანხის გადარიცხვა ყველაზე იაფი "კოინ სტარის" (Coin Star) სისტემით გამოდის - 95 დოლარი. კიდევ უფრო იაფი ჯდება ფულის ჩარიცხვა ადრესატის ანგარიშზე - ბანკის საკომისიო თანხის 0,3%, რაც მაგალითად, 5 ათას დოლარზე 15 დოლარი გამოდის.

ციფრების ენით

- ყველაზე მეტი თანხა საქართველოში და უცხოეთის მიმართულებით western Union-ის სისტემით მოძრაობს (25%-მდე).

- სომხური Anelic-ით გადაირიცხება გზავნილების 13%-მდე, Money Gram-ით კი დაახლოებით 9%.

ნონა ქვლივიძე