მცირე საწარმოს... მეტს ახდევინებენ - კვირის პალიტრა

მცირე საწარმოს... მეტს ახდევინებენ

ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ახალი წლიდან ამოქმედდა, მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ შეაფასეს როგორც ”რევოლუციური”. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი რეჟიმით დაბეგვრის შემოღება. თუმცა, ზეპირი განცხადებები სხვაა და რეალობა სხვა.

როგორც ირკვევა, ის მეწარმე, რომელიც ”მცირე საწარმოს” სტატუსს მიიღებს, გაცილებით მეტად დაიბეგრება, ვიდრე ფიზიკური პირი, რომელსაც ინდმეწარმის სტატუსი აქვს და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე შპს-ის სტატუსის მქონე მეწარმე.

ახალი კოდექსით პირველად შემოვიდა ”მცირე საწარმოს” დაბეგვრის განსაკუთრებული რეჟიმი. ასევე გაჩნდა ”მიკროსაწარმოს” სტატუსი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს მხოლოდ მაშინ, თუ მისი წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30 ათას ლარს, ანუ დღეში საშუალოდ 80-ლარიანი ბრუნვა აქვს. ასეთი სტატუსის მქონე მეწარმე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, რაც წინა კოდექსითაც გათვალისწინებული იყო.

ექსპერტების განმარტებით, წლიური 30 ათასი ბრუნვა ძალიან მცირე მოცულობაა. საწარმოს, რომელსაც დღეში 80-ლარიანი ბრუნვა აქვს და თუ მოგება დარჩა 10%, თვეში დაახლოებით 250 ლარის მოგება გამოუვა. ასეთი მეწარმეები კი ძნელი საპოვნელია. ისიც გაუგებარია, როგორ დაითვლება წლიური 30-ათასიანი ბრუნვა, როცა ”მიკრომეწარმეებს” აღრიცხვის წარმოებას არავითარი კანონი არ ავალდებულებს. საგადასახადოს დაინტერესების შემთხვევაში ასეთ მეწარმესთან კონფლიქტი გარდაუვალია.

”მცირე საწარმოს” სტატუსი ენიჭება ფიზიკურ პირს, რომლის წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება. ასეთი ”მცირე საწარმო” იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. ამავე დროს, თუ ეს ფიზიკური პირი საქმიანობს ბაზრობის ტერიტორიაზე ან აქვს გაწეული ხარჯებიდან 60%-ის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ ისარგებლებს საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით.

იურიდიული პირები მოგების გადასახადით იბეგრებიან, ფიზიკური პირები - საშემოსავლოთი. შპს იბეგრება 15%-იანი მოგების გადასახადით; ინდმეწარმე იბეგრება 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ”მცირე საწარმოს” დაბეგვრის რეჟიმი კი 5% და 3%-იანი საშემოსავლო გადასახადია. ერთი შეხედვით, ეს დიდი შეღავათია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით.

თემურ კოპალეიშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): ”ვინც ეს პროექტი თავის დროზე პარლამენტში წარადგინა, 5%- და 3%-იანი დაბეგვრის რეჟიმებით, მან ალბათ მექანიკურად იგულისხმა, რომ რადგან ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია 15% და 20%-ზე, კარგი შეღავათი იქნებოდა. გაანგარიშება, როგორც ჩანს, არ გაუკეთებიათ. ცხრილის სახით შევადარე, როგორ იბეგრებიან შპს, ინდმეწარმე და მცირე საწარმოს სტატუსის მქონე ფიზიკური პირი შესაბამისი განაკვეთებით”.

დავუშვათ, მეწარმეთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 ათას ლარს, ხოლო დღიური ბრუნვა 240 ლარია; აქედან 200 ლარად მასალები შეიძინეს და 20% ფასნამატია, რათა მოგება დარჩეს (200+40=240); დღეში 240 ლარი ნიშნავს თვეში 7200-ლარიან ერთობლივი შემოსავალს, ანუ ბრუნვას, წელიწადში კი 86400 ლარს (20%-იანი ფასნამატი 14400 ლარი გამოდის). დავუშვათ, დღეში ყველას 10 ლარის ხარჯი აქვს, ანუ წელიწადში დაახლოებით 3600 ლარი (ელექტროენერგიის ხარჯი, შენობის ქირა და სხვ.), მაგრამ ასეთ ხარჯებს მნიშვნელობა აქვს შპს-სა და ინდმეწარმისთვის, და არა ”მცირე საწარმოსათვის”. შპს-ისა და ინდმეწარმისთვის წლიურ ბრუნვას ხარჯები უნდა დააკლდეს (86400-3600=10800) და მათ დასაბეგრ ბაზას მივიღებთ. მცირე საწარმოსთვის კი ბრუნვას ხარჯები არ აკლდება და ამიტომაც მათი დასაბეგრი ბაზა წლიური ბრუნვის ტოლია. ანუ, მცირე საწარმო 86400 ლარიდან იბეგრება...

ამგვარად, წლის ბოლოს შპს გადაიხდის 10800 ლარის 15%-ს (1620 ლარს), ინდმეწარმე გადაიხდის 10800 ლარის 20%-ს (2160 ლარს), მცირე საწარმო კი 86400 ლარის 3% (2592 ლარს) ან 5%-ს (4320 ლარს).

თემურ კოპალეიშვილი: ”ვისაც მცირე საწარმოს სტატუსის მიღება სურს, შემოსავლების სამსახურში განცხადება უნდა დაწეროს. სტატუსს ან მიანიჭებენ, ან არა. თუმცა აზრს ვერ ვხედავ, რატომ უნდა მოითხოვოს ფიზიკურმა პირმა ”მცირე საწარმოს” სტატუსი”.

შევამოწმოთ, ხომ არ იძლევა სხვაობას სხვა გადასახადები. სულ საქართველოში ექვსი გადასახადი მოქმედებს. 1. მოგების გადასახადი; 2. საშემოსავლო გადასახადი - მეწარმე ან ერთით იბეგრება ან მეორით; 3. დამატებული ღირებულების გადასახადი ანუ დღგ-ი, გადამხდელია პირი (ფიზიკური პირიც თუ შპს-ც), თუ ბრუნვა 100 ათასს აღამატება; 4. აქციზი. მოქმედებს აქციზურ საქონელზე მომუშავე ყველა საწარმოსთვის სტატუსის მიუხედავად; 5. იმპორტის გადასახადი გადაიხდება იმპორტის შემთხვევაში, სტატუსისგან დამოუკიდებლად, ანუ აქაც ყველა თანაბარ პირობებშია; 6. ქონების გადასახადი. ამ წლიური გადასახადით დაბეგვრა ქონებაზეა დამოკიდებული და სხვაობას არ იძლევა ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის. ასე რომ, არც ერთ სხვა გადასახადში შეღავათი ”მცირე საწარმოს” არ აქვს.

გამოდის, ვისაც თუნდაც მცირე ბრუნვა აქვს, მისთვის ”მცირე საწარმოს” სტატუსის მინიჭება გაცილებით უარეს დღეში ჩაყენებას გულისხმობს, ვიდრე ეს ინდმეწარმესა და შპს-ს შემთხვევაში იქნება. ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე უკეთესი ფორმა შპს-ა. ნაკლები გადასახადის გარდა, ის პასუხს მხოლოდ საწარმოს ბალანსზე არსებული ქონებით აგებს. ინდმეწარმეს კი ბიზნესსაქმიანობისას ვალი თუ დაედო, მთელი ქონებით მოუწევს პასუხისგება, შესაძლოა სახლის თუ საკუთარი ავტომობილის გაყიდვამ მოუწიოს.

დაწინაურებულ ქვეყნებში მცირე საწარმოებისთვის შეღავათიანი რეჟიმის მინიჭება ჩვეულებრივი მოვლენაა, შეღავათის მინიჭება ბრუნვიდან გამომდინარე ხდება. ჩვენთან კი საწარმოების დაბეგვრის რეჟიმი რატომღაც სტატუსის მიხედვით არის განსაზღვრული. ხოლო ”მცირე საწარმოს” მიმართ შეღავათებზე საუბარი ახალი საგადასახადო კოდექსის პირობებში, საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილი აღმოჩნდა.