უცხოური ”გადამგდები” კომპანიებისგან დაცვა არ არსებობს?! - კვირის პალიტრა

უცხოური ”გადამგდები” კომპანიებისგან დაცვა არ არსებობს?!

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სავაჭრო გარიგებები ორ სუბიექტს შორის ხშირად ინტერნეტით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით იდება.

ინტერნეტშესყიდვებით ფიზიკური პირებიც სარგებლობენ და ვირტუალურ სივრცეში რეგისტრირებულ უცხოურ კომპანიებს სხვადასხვა პროდუქციას უკვეთენ. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, შეძენილი საქონელი ადრესატამდე არ აღწევს ან წუნდებული, უხარისხო თუ ვადაგასული ჩამოდის. ზარალს კი არავინ ანაზღაურებს.

ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება. ცოტა ხნის წინ ”ეკოპალიტრას” ერთ-ერთი ქართული კომპანია დაუკავშირდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ირანული კვების პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას ახორციელებს. ინტერნეტსივრცეში ახალი მომწოდებლისთვის მიუგნიათ, რომელმაც ისინი პროდუქციაზე მიმზიდველი ფასებით მოხიბლა და შეკვეთაც არ დააყოვნეს. სასურველი პროდუქციის სანაცვლოდ ირანიდან ვადაგასული კვების პროდუქტები (ტომატი-პასტა, კონსერვები) ჩამოუვიდათ. დეტალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ პროდუქციაზე დაკრული ახალი ეტიკეტის ქვეშ ძველი ეტიკეტები იმალებოდა.

ქართულმა კომპანიამ ირანელი პარტნიორისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, მაგრამ სანამ საქმეში საქართველოში ირანელ ბიზნესმენთა ასოციაცია არ ჩარიეს, მომწოდებლებთან ვერაფერს გახდნენ. სწორედ მათი დახმარებით მიაგნეს თაღლითებს და ვადაგასულ პროდუქციაში გადახდილი თანხის, $110 ათასის ნაწილიც დაიბრუნეს.

ლევან ფანჯიკიძე (კომპანია ”ჯეოპეიპარის” მენეჯერი): ”აზიის ქვეყნებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ბიზნესეთიკის ნორმებს. საშუალო ან პატარა კომპანიები თაღლითური გზებით ცდილობენ ხეირის ნახვას. ხშირად წუნიან საქონელს გვაწვდიან. ვერ ხვდებიან, რომ გრძელვადიანი ბიზნესურთიერთობით მეტ სარგებელს ნახავენ, ვიდრე ერთჯერადად მოტყუებით. როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია?.. ბოლო დროს რისკები გაზარდა ინტერნეტმარკეტპლეისებმა, სადაც კომპანიებს შეუძლიათ დარეგისტრირება, ვირტუალური პროდუქციის წარმოდგენა და ვირტუალური ბიზნესურთიერთობების დამყარება.

მავანნი ამ ვითარებით სარგებლობენ და თაღლითობაზე მიდიან. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ საქმეს. ერთ-ერთი თურქული ქაღალდის მწარმოებელი კომპანიის გამოზავნილ ქაღალდს საწარმოო დეფექტები ჰქონდა. მანამდე შევხვდით, თავისი პროდუქცია გაგვაცნეს, მაგრამ გამოგვიგზავნეს წუნდებული, ისეთი დეფექტებით, რაც პროდუქციას სრულიად გამოუსადეგარს ხდის.

თანხა სრულად გვაქვს დაფარული. ჩვენ წარვუდგინეთ ამ კომპანიას ფოტომასალა, მაგრამ ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან და გვეუბნებიან, რომ გამოგვიგზავნეს ის, რაც ჩვენ გვინდოდა. მოვიწვიეთ სავაჭრო პალატის ექსპერტიზა, რომლის დასკვნით, პროდუქციას საწარმოო დეფექტები აქვს და ვერ გამოვიყენებთ. დასკვნის მიუხედავად, მათ რეაგირება არ მოახდინეს და ჩვენი პრობლემა სრულიად უგულებელყვეს. დახმარებისთვის თურქეთის საელჩოს ბიზნესსამრჩევლოს მივმართეთ, მათაც დახმარება აღგვითქვეს. მივაწოდეთ დოკუმენტაცია, რომ მოგვადგა დიდი მატერიალური ზიანი.

საკითხის შესწავლა წლეულს თებერვალში დაიწყეს, სამი თვის შემდეგ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას თურქეთში, რადგან იმ კომპანიას ვერ უკავშირდებიან... წესით, ხომ უნდა ზრუნავდნენ საქართველო-თურქეთის ბიზნესურთიერთობებზე. ერთობ ხშირია მსგავსი შემთხვევები თურქულ კომპანიებთან, იქნება ეს წუნდებული საქონლის გამოგზავნა თუ რაოდენობის დაკლება”.

გიორგი პერტაია (ბიზნესომბუდსმენი): ”ურთიერთობა ორ სუბიექტს შორის რეგულირდება ხელშეკრულებით, სასამართლოთი. ხოლო ჩემი კომპეტენციაა, როცა მთავრობა ან მისი ორგანო არღვევს გადასახადის გადამხდელის რომელიმე უფლებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორი კერძო სუბიექტია, აქვთ ხელშეკრულება და ცხადია, რისკებიც. როცა ქართულმა კომპანიამ გადაწყვიტა, წინასწარ 100%-ით გადაეხადა ფული და საქონელი შემდეგ მიეღო, ის რისკზე წავიდა. ეს ბიზნესრისკია და სხვა არაფერი. ასეთი რამ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ყველა ბერკეტი, მიმართონ საქართველოს სავაჭრო პალატას, რომელმაც, თავის მხრივ, დახმარებისთვის თურქეთის სავაჭრო პალატას უნდა მიმართოს. ხელშეკრულებაში უნდა ნახონ, პირგასამტეხლოს ან დავისას სად ხდება საქმის განხილვა. ეს შესაძლოა იყოს რომელიმე კონკრეტული სასამართლო ან არბიტრაჟი. ჩემი აზრით, ეს არ არის თემა, სადაც ხელისუფლება უნდა ჩაერიოს. თუ ორი პირი რამეზე შეთანხმდება, პირობები უნდა გაწერონ ხელშეკრულებაში და მის მიხედვით უნდა იმოქმედონ. გადარიცხვა კი ფინანსური ინსტიტუტებით ხდება, ეკონომიკური საქმიანობისთვის ხელშეკრულება უნდა არსებობდეს. მომხმარებელი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია, მან რისკები უნდა შეაფასოს. ეს ის სფერო არ არის, რომელიც შესაძლოა სახელმწიფომ არეგულიროს.

ოსმანი (გაგვეცნო, როგორც საქართველოში თურქეთის ატაშეს თანაშემწე): ”საელჩოს აქვს მხოლოდ დიპლომატიური მისია, რომელიც სახელმწიფო მიზნებს ემსახურება. საელჩო ორ კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში ვერ ჩაერევა. არც ერთი კომპანია, როცა ხელშეკრულებას დებს, ჩვენთან რეგისტრაციას არ გადის. უბრალოდ, როცა საელჩო კომპანიას ურეკავს, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ზოგჯერ ეს მოქმედებს. ზოგი ფირმა გადახდას თანხმდება. მოგვმართა ”ჯეოპეიპარმა”, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ თურქულ კომპანიას ვერ ვუკავშირდებით.

ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. აქაც, საქართველოშიც ბევრი აქვთ ასაღები თურქეთის მოქალაქეებს, ვცდილობთ დახმარებას, მაგრამ ზოგი გვეუბნება, რომ არ გადაიხდის და მორჩა. მეტსაც გეტყვით, გუშინ იყო შემთხვევა, ქართულ კომპანიას თურქული კომპანიის დავალიანება ერიცხება 35 ათასი დოლარი. ქართულმა კომპანიამ მითხრა, არ გადავიხდი, იქით ვუჩივლებო. კეთილი, უჩივლოს. გადავურეკეთ თურქულ კომპანიას და ეს ამბავი შევატყობინეთ.

- ბევრი შემთხვევაა, როცა ქართული კომპანიები თურქული კომპანიების გამო ზარალდება?

- თურქული კომპანიები უფრო მეტია, რომლებიც ქართულმა კომპანიებმა აზარალეს. თუ საშუალება გვაქვს, კომპანიებთან პირდაპირ კონტაქტზე გავდივართ. პირადად ჩემი ძმის კომპანიას 30 ათასი დოლარი აქვს ასაღები ქართველი ბიზნესმენისგან, რომელიც ამ ფულს არ იხდის.

- გამოდის, რომ ამჯობინებთ, ფული პირადი კონტაქტებით დაიბრუნოთ, ვიდრე სასამართლოს მიმართოთ?

- მე ეს არ მითქვამს. ჩვენ იმ კომპანიას ვერ ვუკავშირდებით. შესაძლოა, ვინმემ კომპანია გახსნა, პროცედურა შეასრულა, დახურა, ფული აიღო და წავიდა.

- ხშირად ხდება ასეთი რამ? როგორ დაიცვას თავი ქართველმა მეწარმემ, როცა თურქულ კომპანიას გაურიგდება?

- სამწუხაროდ, ამის მექანიზმი არ გვაქვს. ერთადერთია სასამართლოსთვის მიმართვა, ჩივილი. შესაძლოა წელიწადში ორი-სამი კომპანია იყოს დაზარალებული ორივე მხრიდან. არც ჩვენ გვსურს, თურქულმა კომპანიამ თავისი ქვეყნის იმიჯი შელახოს. წლების წინ რომ დაირღვა თურქული პროდუქციის იმიჯი, ჩვენ მის აღდგენას ვცდილობთ. თუმცა ასეთი თაღლითობები ზოგჯერ ხდება ხოლმე... ამიტომ ასეთმა დაზარალებულმა კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს საელჩოს თურქეთში, ისინი ურჩევენ ადვოკატებს, იურისტებსა და საჭირო სამართლებრივ პროცედურებს.

- სასამართლოში საქმის აღძვრა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც დაზარალებული კომპანიისთვის დამატებითი ტვირთია, თან არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ სასამართლო თავისივე ქვეყნის კერძო სუბიექტის საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანს...

- მაშინ დაანებონ ბიზნესს თავი. მე რატომ არ ვარ ბიზნესმენი? იმიტომ რომ რისკი არ მიყვარს, არ მიყვარს ფულის დაკარგვა.

- ბატონო ოსმან, ერთი თაღლითის გამო სოლიდურმა კომპანიამ უარი უნდა თქვას ბიზნესსაქმიანობაზე?

- მე ბიზნესს ვასწავლი, მაგრამ ბიზნესმენი არ ვარ. ჩემი ძმა ბიზნესმენია და დაკარგა 30 ათასი დოლარი და ახლა რა ვქნათ?

- მერე, რატომ არ მიმართეთ სასამართლოს?

- საქართველოში ახალი ცვლილებებით არანაირი ბერკეტი არ არსებობს, რომ დამნაშავე დააკავონ. უბრალოდ, გაჰყავთ სასამართლოზე, დგება შეთანხმება, გაყოფენ წელიწადში რამდენი უნდა გადაიხადონ, მერე კარგად იყავით... ადამიანს არაფერი აქვს გაფორმებული თავის სახელზე, ჩვეულებრივი თაღლითია.

- თურქეთის სასამართლოს აქვს ასეთი ბერკეტები?

- იქ უფრო გახდები რამეს, ვიდრე აქ. 2011 წლის ცვლილებებით, რაც ვიცი იურისტებისგან, არანაირი მკაცრი ზეწოლა არ აქვს. უნდა დასაბუთდეს, რომ საბუთი ყალბია და სასამართლომ სხვა მუხლი მიუყენოს. ვალი რომ მაქვს, არაფერს ნიშნავს, მიდიხარ და ეუბნები, რომ ახლა არ მაქვს და ზეგ გადავიხდი, მაგრამ რეალურად ზეგაც არ იხდი”.

”ეკოპალიტრა” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასაც დაუკავშირდა. როგორც საერთაშორისო ურთიერთოების დეპარტამენტში გვითხრეს, ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავსი პრობლემის გამო უცხოელი კოლეგებისთვის მიუმართავთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ წერილი გერმანიის სავაჭრო პალატისთვის გაუგზავნიათ. თუმცა სავაჭრო პალატაშიც განმარტავენ, რომ მეწარმეთა უფლებების დასაცავად რამე ბერკეტი არ გააჩნიათ, მით უფრო მაშინ, თუ თაღლითი კომპანია რომელიმე სავაჭრო პალატის წევრი არ არის.

როგორც ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბიზნესის ინტერესების დამცველი სამთავრობო უწყებები და არაერთი ბიზნესგაერთიანება, მოქმედებს სასამართლო სისტემები, რეალურად არაკეთილსინდისიერი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ქმედითი ბერკეტები ძნელი მოსაძებნია. ალბათ ოფიციალურმა უწყებებმა უნდა გამონახონ საშუალებები, რათა ბიზნესის ინტერესები საგარეო ვაჭრობის დროს მეტად იყოს დაცული.