ტენდერული უთანასწორობა - კვირის პალიტრა

ტენდერული უთანასწორობა

სახელმწიფო ტენდერები ელექტრონული გახდა, რასაც კორუფციული გარიგებები უნდა გამოერიცხა და კომპანიებისთვის საშუალება მიეცა, მასში ოფისიდან გაუსვლელად მიეღოთ მონაწილეობა. ეს მათ სახელმწიფო შეკვეთების მიღების შანსებს გაუზრდიდა, ხოლო შემკვეთს საშუალებას მისცემდა, იაფი მომწოდებელი ეშოვა.

თუმცა ტენდერების ე.წ. ჩაწყობებს ელექტრონულმა სისტემამ ვერაფერი უშველა. სახელმწიფო ტენდერებში ყველაზე ხშირად ისევ ძველი კომპანიები იმარჯვებენ, რომელთა უკან სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები დგანან, შესაბამისად, ბიუჯეტიდან სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები პირდაპირ მათ ჯიბეებში ხვდება.

ეჭვი ტენდერების სამართლიანად გამართვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" სპეციალისტ ნინო ჩოხელსაც გაუჩნდა, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების ფონდის დაკვეთით გააკეთა. მისი თქმით, "ბენზინის სახელმწიფო შესყიდვებში ძირითადად ერთი კომპანია ფიგურირებს, რაც ეჭვს ბადებს, რომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში არ არის". შესყიდვების სააგენტო კი ამგვარ ფაქტებს ძველი დროიდან გამოყოლილ პრაქტიკას უწოდებს, როცა "ერთი სამინისტროს ტენდერებში მხოლოდ განსაზღვრული კომპანიები მონაწილეობდნენ". ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. სათანადოდ არც შემოთავაზებების ხარისხი მოწმდება, რასაც შესყიდვების სააგენტოც აღიარებს.

შესყიდვების ელექტრონული ფორმა ჯერ კიდევ არ შეხებია პრეზიდენტისა და თბილისის მერიის ფონდებს, მაშინ როცა ამ ფონდებიდან მილიონები იხარჯება. ევროპასა და შეერთებულ შტატებში სახელმწიფო შესყიდვებს მცირე და საშუალო ბიზნესის წასახალისებლად იყენებენ და თანაბარი შეთავაზებების განხილვისას უპირატესობას მათ ანიჭებენ. საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება. ბიუჯეტის ფულით სახელისუფლებო ბიზნესები იკვებებიან.

ამ სქემის მაგალითად მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ გეგენავას 70-მდე კომპანია გამოდგება, რომლებიც სახელმწიფო უწყებების ტენდერებს წლებია, ერთმანეთის მიყოლებით იგებენ. საკვები პროდუქტების შესასყიდ ტენდერებში ის ორი კომპანიით - "მეგაფუდითა" და "ფუდსერვისით" ფიგურირებს. ორივე ერთსა და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული და "ჰოლდინგ ჯის" შემადგენლობაშია, რომლის 100%-იანი დამფუძნებელი არჩილ გეგენავაა (გადეპუტატების შემდეგ ბიზნესი ქაღალდზე სანოტარო აქტით საკუთარ ძმას - ანდრო გეგენავას გადასცა). გეგენავას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს კომპანიები სურსათს აწვდიან შსს-ს ყველა დანაყოფს, ჯარს, ციხეს, საბავშვო ბაღებს, რომლებიც საკვები პროდუქტების ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან.

"მეგაფუდს" ეკუთვნის ციხეებში გახსნილი თონეები. სკოლებში კი შპს "გოგლი-მოგლით" არის შესული. მისია პურპროდუქტების მწარმოებელი "კოლხი", რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს პურით ამარაგებს, ასევე ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკე", რომელიც უკვე ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს აკონტროლებს. მხოლოდ 2011 წლის ოთხ თვეში "ფუდსერვისს" სახელმწიფოსგან 104 მილიონ ლარზე მეტი კონტრაქტები აქვს მიღებული (ამაში არ შედის კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთვის). ერთ-ერთი ბოლო ტენდერი "ფუდსერვისმა" 11 მაისს მოიგო, რომლითაც შსს-მ სასაზღვრო პოლიციისგან შეკვეთა 158 ათასი ლარის საკვებ პროდუქტის მიწოდებაზე მიიღო.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ გასულ წლებშიც ამ უწყებებს ეს კომპანიები ემსახურებოდნენ. ათეულობით ტენდერში "ფუდსერვისი", "მეგაფუდი" და სხვა კომპანიებიც უკონკურენტოდ იყვნენ.

თინა ხიდაშელი (თბილისის საკრებულოს წევრი): "ბოლო წლებში გეგენავა ქვეყანაში საკვები პროდუქტების უდიდესი დისტრიბუტორი გახდა. მისთვის ცხადდება სახელმწიფო ტენდერები და უცნაურია, რომ მის გარდა მონაწილეობის სურვილიც არავის უჩნდება. ტენდერები უმეტესად ერთი, ორი ან სამი დღით ცხადდება. არცთუ იშვიათად ტენდერი სამდღიანია, მაგრამ აქედან ორი დღე შაბათ-კვირაა. მაგალითად, 27 აპრილს შსს-მ გამოაცხადა ტენდერი ბაღჩეული კულტურების შეძენაზე. ტენდერი 18 საათსა და 23 წუთზე გამოცხადდა, მაშინ როცა სამუშაო დღე დასრულებული იყო.

წინადადებების მიღება 28 აპრილიდან დაიწყო და 30 აპრილს დილის 10 საათზე დასრულდა. 30 აპრილი შაბათი, ანუ არასამუშაო დღე იყო. 16 აპრილს შსს-მ 18 ათას ლარის საკონდიტრო ნაწარმზეც გამოაცხადა ტენდერი, რომელიც 18 აპრილს 5 საათზე დასრულდა. 16-17 აპრილი შაბათ-კვირა იყო. ნათელია, რომ ყველაფერი წინასწარ არის გარკვეული და გამარჯვებულიც ცნობილია. მას კონკურენტი ვერც ეყოლებოდა, რადგან სხვა, უბრალოდ, ვერც შეიტყობდა და და არც უნდა შეეტყო.

ელექტრონული ტენდერის პლუსი ის არის, რომ მონაწილეობის მსურველს შინიდანაც, კომპიუტერიდან შეუძლია შეთავაზების გაგზავნა. ტენდერისთვის გრძელი ვადის მიცემა სახიფათოა, წინადადებები სხვა კონკურენტებმაც შეიძლება შეიტანონ, ფასი დააგდონ და გაიმარჯვონ. ამიტომ სხვამ რომ ვერ მოასწროს, ისინი მოკლე ვადით ცხადდება. არის გრძელვადიანი, ერთთვიანი ტენდერებიც, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება.

გეგენავა ცდილობს, რომ ტენდერებში ორი კომპანიით ოპერირებდეს, ერთი კომპანია თვალსა და ყურს ცუდად რომ არ მოხვდეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 96,35 ათას ლარზე გამოცხადებული ტენდერი საზოგადოებრივი კვების მომსახურებაზე "მეგაფუდმა" მოიგო და განაცხადი სხვას არავის შეუტანია. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიერ 528 ათას ლარის თამბაქოსა და სასმელების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი 1-ელ აპრილს დასრულდა, აქაც მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. ასევე არის რამდენიმე მიმდინარე ტენდერი, მაგალითად, შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის მიერ საკვებ პროდუქტებზე ნახევარმილიონიანი ტენდერი, რომელშიც ისევ "ფუდსერვისს" აქვს განაცხადი შეტანილი და რამდენიმე მილიონი ლარის ბიუჯეტიდან გადარიცხვა გარანტირებული აქვს.

თბილისშიც, ქუთაისშიც, ბათუმშიც, რუსთავშიც ყველა საბავშვო ბაღს მარშალ გელოვანის #2-ში რეგისტრირებული ფირმა აწვდის კვერცხს, თან ისე, რომ სხვას კვერცხის მიწოდების სურვილიც არ უჩნდება. გეგენავა "ნუგეშის" ქსელში, რომელიც ასევე მისია, კვერცხს 23 თეთრად ყიდის, ბათუმსა და ქუთაისში საბავშვო ბაღებს 32 თეთრად აწვდის. არადა, კვერცხის ბაზარი გაჯერებულია. კვერცხის უამრავი კომპანიაა, რომლებსაც პატარა ტენდერშიც შეეძლოთ მონაწილეობა, მაგრამ ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და მის ბიზნესში არავინ ერევა.

მისი კომპანიები სხვა სფეროებშიც უალტერნატივო არიან. კვების სფეროს მონოპოლიზების შემდეგ, გეგენავამ კიდევ ერთი კომპანია "სუფთა სამყარო" შექმნა, რომელსაც ნარჩენები გააქვს ავლაბრის რეზიდენციიდან, ეროვნული ბანკიდან, უზენაესი სასამართლოდან, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, შსს-დან, საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან. სულ ასეულობით ობიექტიდან. "სუფთა სამყარო-ქუთაისი" დასავლეთ საქართველოს ემსახურება. კიდევ ერთი "სუფთა სამყარო-აჭარა" კი ამ რეგიონში არსებულ სახელმწიფო უწყებებს მილიონების ფასად ასუფთავებს.

მისია დაცვის სამსახური "თორნი", რომელიც იცავს იმ უწყებებს, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სამსახური არ ემსახურება და რომელიც სახელმწიფოს 100%-იანი წილითაა შექმნილი. ყველა ამ კომპანიის დაცვის ფულს ასევე ბიუჯეტი იხდის, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ახალი კომპანია დაფუძნდა, "ხის სახლი" და ეჭვი მაქვს, სპეციალურად არის შექმნილი, სახელმწიფო უწყებები ავეჯით რომ უზრუნველყოს. საყურადღებო ფაქტია, რომ ბოლო წლებში ამ კომპანიებში ახალი მეწილე ჩნდება, ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა, რომელიც ზოგან კომპანიის 4%-ის, ზოგან მეტის - 11% ან 48%-ის მფლობელია.

უცბად ძალიან დიდი მადა რომ გაუჩნდა, წილში გიორგი რურუა ჩაუსვეს. სწრაფი კვების ობიექტების ქსელმა "ორი წუთი", სადაც ანდრო გეგენავას 50% და გიორგი რურუას 25%-იანი წილი აქვს, ისე იოლად მიიღო ჯიხურების ჩადგმის უფლება, როგორც არავის არასდროს მიუღია. ათასფრად გადაჭრელებული "ორი წუთის" ჯიხურები დგას ტროტუარებზე, ცენტრალურ ქუჩებზე - არც ქალაქის იერსახეს შეესაბამება და არც არქიტექტურულ გარემოს. ყველა სტანდარტი ირღვევა, მაგრამ არქიტექტურის სამსახური ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერადაა".

მართალია, ელექტრონულმა სისტემამ შესყიდვების ძველი ფორმა - ერთ პირთან მოლაპარაკება გააუქმა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ქაღალდზე. მან დიდად ვერც სახელმწიფო ხარჯების დაზოგვა შეძლო, რადგან ეკონომიის მიღწევა მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ არის სფეროები, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში, ელექტრონული ტენდერის სისტემის წყალობით, მომსახურებას ან საქონელს სახელმწიფო მართლაც საკმაოდ იაფად იღებს.

თუმცა აქ სხვა პრობლემა ჩნდება - იაფად დაბალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზება. როგორც აღინიშნა, შეთავაზებების ხარისხის სათანადოდ გაკონტროლება ვერ ხერხდება... ევრაზიის ფონდის კვლევაში ელექტრონული შესყიდვების სხვა ხარვეზებიც გამოჩნდა. მათ შორის ისიც, რომ შესყიდვების სააგენტო არ უნდა იყოს შესყიდვების განმახორციელებელი ორგანო, არამედ სისტემის მარეგულირებლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

ნონა ქვლივიძე