ინვესტორი "ადვილად" არ გარბის - კვირის პალიტრა

ინვესტორი "ადვილად" არ გარბის

რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები, თბილისის ცენტრალური ქუჩების დროებით პარალიზება, 26 მაისის სისხლიანი დარბევა - ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ადგილობრივ ბაზარზე გავლენა უკვე მოახდინა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლოა ბევრი ინვესტორისთვის "ზომიერი თავშეკავების" საბაბი გახდეს.

საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს უკვე გამოეხმაურნენ უცხოელი ინვესტორები და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების შემდგომ განვითარებას. სიფრთხილეს იჩენენ უცხოელი ტურისტები და ვიზიტორები. მაგალითად, ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების გამო რამდენიმე სტუმარმა სასტუმრო "ბეტსიმდე" მიღწევა ვერ შეძლო და შესაბამისად, შეკვეთა გაუუქმდათ.

სასტუმრო "შერატონში" აცხადებენ, რომ პოლიტიკურ მოვლენებს მათ ბიზნესზე გავლენა არ მოუხდენია, არც წინასწარი ჯავშანი გაუუქმებია ვინმეს და სასტუმროს ნომრები სრულად იყო დატვირთული. როგორც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განმარტავენ, სტუმრები დეტალურად ინტერესდებოდნენ ქუჩებში მიმდინარე მოვლენებით და იმ დღეებში სასტუმროს დაცვა განსაკუთრებულ, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა.

როგორც რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" მოკვლევამ აჩვენა, ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით დაზარალდა საპროტესტო აქციების ეპიცენტრში მდებარე მაღაზიები და მაღაზიათა ქსელები. მაგალითად, კომპანია "ბეკოში" ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე მათი მაღაზია აქციის მსვლელობისას შეფერხებით მუშაობდა, გათიშული იყო სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი. მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა კოსტავას ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარებსა და რესტორნებში. კლიენტების სიმცირეზე საუბრობენ პარფიუმერიულ და საიუველირო მაღაზიებშიც. რამდენიმე დღით მუშაობა შეწყვიტა კინოთეატრმა "რუსთაველმა".

ჯერჯერობით შეფერხებები არ შეჰქმნიათ ტურისტულ სააგენტოებს, თუმცა პოტენციური ტურისტების მხრიდან ინტერესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ტურისტულ სააგენტო "ფრეშ თრეველში" გვითხრეს, ისინი გრაფიკის შესაბამისად მუშაობენ, მეტწილად ტურისტული ჯგუფები ისრაელიდან და პოლონეთიდან ჩამოჰყავთ.

მათივე ინფორმაციით, ტურისტული საგზური ჯერ არავის გაუუქმებია, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის მსურველი უცხოელები ხშირად რეკავენ და მიმდინარე პროცესებით ინტერესდებიან. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მცირე პოლიტიკური დესტაბილიზაცია მყისიერად აისახება მათ მუშაობაზე, ხოლო ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალიც ნახონ. უცხოეთიდან მომრავლებულ სატელეფონო ზარებზე ლაპარაკობენ ტურისტულ კომპანია "ინტერკონტინენტალშიც", თუმცა იმედოვნებენ, რომ სტაბილურობა შენარჩუნდება და ზაფხულის ტურისტულ სეზონს ხელს არაფერი შეუშლის.

შოთა  მურღულია (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები განსაზღვრულ გავლენას აუცილებლად მოახდენს ეკონომიკაზე. პირველ რიგში ეს ადამიანების ქცევაზე აისახება. მცირე პოლიტიკური დაძაბულობის შემთხვევაშიც კი სამომხმარებლო ქცევა სრულიად იცვლება. ასეთ დროს ყველა ცდილობს, ხარჯი შეამციროს და რამე თანხა დაზოგოს - უფრო მყარ ვალუტაში გადაახურდაოს, ბანკიდან დანაზოგი გამოიტანოს... საერთო ჯამში ეკონომიკა ზარალდება, თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა შეეზღუდოთ. მაგალითად საფრანგეთში, პარიზში საკმაოდ ხშირად იმართება ძალიან დიდი დემონსტრაციები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს დიდად მოქმედებს მათ ეკონომიკაზე.

ვფიქრობ, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოში ფულის დაბანდებას გადაწყვეტს, ნაწილობრივ ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ რისკებს. ეს გაცილებით დიდი რისკია, ვიდრე რამდენიმედღიანი აქცია".

საპროტესტო აქციებმა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზეც იქონია. ბროკერების განცხადებით, რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერებული იყო ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რადგან მოსახლეობა დესტაბილიზაციას ელოდებოდა. ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა საბანკო სექტორი, თუმცა თუ პროცესები გახანგრძლივდებოდა, შესაძლოა ბანკებს ჯერ საკრედიტო განაცხადების განხილვის პროცედურები შეეჩერებინათ, შემდეგ კი სესხების გაცემაზეც ეთქვათ უარი...