უმუშევრობა - მთავარი დათვლის მეთოდია - კვირის პალიტრა

უმუშევრობა - მთავარი დათვლის მეთოდია

ქვეყანაში უმუშევრობის დონე მცირდება – ასეთია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასება. ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ 2010 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 0,6%-ით დაიკლო და ისიც დაამატა, რომ ბოლო წლებში უმუშევრობის დონე იმატებდა.

რას უნდა გამოეწვია საქართველოში უმუშევრობის შემცირება? მთავრობაში ამას არ აკონკრეტებენ. ჯერ არც "საქსტატის" 2010 წლის მაჩვენებლებიც გამოქვეყნებულა. შესაბამისად, ნიკა გილაურის განცხადება ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებს ემყარება და სკეპტიკოსებში ეჭვსაც იწვევს.

"საქსტატის" ცნობით, 2009 წელს ქვეყანაში უმუშევრობა 16,9% იყო; 2008 წელს 16,5%, ხოლო 2007-ში - 13,3%. 2009 წელს უმუშევარი 335600 ადამიანი იყო. 2010 წლის მონაცემები წესით, მალე უნდა გახდეს ცნობილი, თუმცა, თუ პრემიერ-მინისტრს დავუჯერებთ, უმუშევართა რაოდენობა 2000-ზე მეტით უნდა იყოს შემცირებული. ცხადია, გილაური მიიჩნევს, რომ უმუშევრობის 0,6%-ით შემცირება ბევრი არ არის, მაგრამ დადებითი სიგნალია და მომდევნო თვეებში უმუშევრობა კიდევ უფრო დაიკლებს...

ძნელი სათქმელია, საქართველოსთან რამდენად არის კავშირში, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, უმუშევრობის დონე მცირდება აშშ-ში. ამერიკის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობის დონემ მარტში 0,1%-ით დაიკლო და 8,8% შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დონე საშუალოდ 10%-ია. თუმცა მაგალითად ჰოლანდიაში უმუშევრობა დაახლოებით 4,5%-ია, ხოლო ესპანეთში 20%-საც აჭარბებს. ბალტიისპირეთის ქვეყნების მაჩვენებელი დაახლოებით 18%-მდეა.

განვითარებული ქვეყნების ფონზე, სადაც უმუშევრობის დონე საქართველოზე უარესია, სავსებით ლოგიკურად ჩნდება აზრი, რომ სინამდვილეში საქართველოში უმუშევრობა 16-17%-ზე მეტია. თუმცა აქ საყურადღებოა, როგორ იანგარიშება მაჩვენებელი და შეიძლება თუ არა, როცა, ვთქვათ, საფრანგეთში უმუშევრობის დონე დაახლოებით 10%-ია, საქართველოში 16%-ზე მეტი არ იყოს?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) თანახმად, უმუშევრად ითვლება პირი, ვინც არის 15 წლის და მეტი ასაკის; არ უმუშავია (1 საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში; ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირა და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.

გამოკითხვას "საქსტატი" კვარტალში ერთხელ აწყობს. ხდება 6700 შინამეურნეობის (ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახების) შერჩევა საქართველოს მასშტაბით.

განვითარებული ქვეყნებისგან, განსაკუთრებით ევროპისგან განსხვავებით, სადაც უმუშევრებს სახელმწიფო არცთუ მცირე დახმარებას აძლევს, საქართველოში სხვა ვითარებაა. აქ ადამიანი მუშაობს თუ უმუშევარია, სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებს და შესაბამისად, არც იმის ინტერესი აქვს, შრომის ბირჟაზე გამოცხადდეს და უმუშევრობის რაღაც მონაკვეთში რამე თანხა მიიღოს. შრომის ბირჟა კი ქვეყანაში უმუშევრობის დონის ყველაზე ზუსტი განმსაზღვრელია.

"საქსტატი" ასე ითვლის - უმუშევრად არ ითვლება ის, ვინც: არ იმყოფება შინამეურნეობაში ბოლო 12 თვის განმავლობაში; არის სამხედრო პირი და ცხოვრობს ყაზარმაში; არის პატიმარი; იმყოფება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მოხუცთა თავშესაფარში ან სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებაში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დასაქმებულად მიიჩნევს 15 წლის და უფროსი ასაკის პირს, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, 1 საათს მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით; ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.

ასე რომ, ის ადამიანი, ვინც საკუთარ ბოსტანში იმუშავებს ან საქონელს მოუვლის, უმუშევრად არ ითვლება. სწორედ ამიტომ, სოფლად მცხოვრებთა შორის უმუშევრობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალაქად. თვითდასაქმებული ადამიანი უმუშევრად არ ითვლება. საქართველოში კი სოფლის მოსახლეობის წილი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. უმუშევრად არ ითვლება ისიც, ვინც აქტიურად არ ეძებს სამსახურს.

ამიტომაც აქვეყნებს სტატისტიკის სამსახური ამგვარ ციფრებს და მათ მთავრობაც ენერგიულად იშველიებს. სანამ საქართველოში მიწაზე მუშაობაზე ხელი საბოლოოდ არ აუღიათ, როგორც ჩანს, უმუშევრობის მაჩვენებლები ჩვენთან, "მტრის ჯინაზე", სულ დაბალი იქნება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IღI-ის მიერ საქართველოში მოწყობილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. რამდენიმე მონაცემი "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 46% ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 45% კი ტერიტორიულ მთლიანობას.