სატელეფონო ზუმერი გაფრთხილებთ - კვირის პალიტრა

სატელეფონო ზუმერი გაფრთხილებთ

მას შემდეგ, რაც აბონენტებს პორტირების ანუ ნომრის შეუცვლელად მობილური კომპანიის არჩევის საშუალება მიეცათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა და წუთობრივმა ტარიფებმაც დაიწია. მაგრამ პორტირებამ მომხმარებელთა შორის გაუგებრობებიც შექმნა.

აქამდე ადვილად, კოდით მიხვდებოდით, რომელი ქსელიდან იყო აბონენტი, ახლა მხოლოდ ნომრით ამას შეტყობა შეუძლებელია. მობილური ოპერატორების შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობისთვის საჭიროა იმის ზუსტად ცოდნა, რომელი კომპანიის აბონენტია საკონტაქტო პირი. მომხმარებლებს შორის გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიებს დაავალა შეატყობინოს აბონენტს, რომ ის პორტირებულ ნომერს უკავშირდება.

პორტირების შემოღებით მოგებული უნდა დარჩენილიყო აბონენტი, რომელმაც ქსელი იმიტომ შეიცვალა, რომ უწინდელზე იაფად ესაუბრა, თუმცა არჩევანის თავისუფლებასთან ერთად, პორტირებამ აბონენტებისთვის ახალი პრობლემაც წარმოქმნა - აბონენტს სხვა ქსელის აბონენტთან დაკავშირება შესაძლოა უფრო ძვირი დაუჯდეს. მან უკვე ზუსტად უნდა იცოდეს, რომელ მობილურ ქსელში ჩართულ აბონენტს უკავშირდება, სასაუბრო წუთის ფასი მოსალოდნელზე მეტი რომ არ აღმოჩნდეს და დეპოზიტიც შეუმჩნევლად არ ამოეწუროს.

მაგალითად, "ჯეოსელის" აბონენტი შიდა ქსელის აბონენტთან დასაკავშირებლად ბუნებრივია, "ჯეოსელის" ნომერს აკრეფს, მაგრამ თუ აბონენტი "ბილაინში" ან "მაგთის" ქსელში აღმოჩნდა პორტირებული, ის "ჯეოსელის" შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლებს და საუბარიც მოსალოდნელზე ძვირი დაუჯდება. ამგვარი პრობლემის წინაშე ყველა ქსელის მომხმარებლები აღმოჩნდებიან.

სულხან  ნოზაძე ("ბანის" აბონენტი): "მეგობარს დავურეკე, რომელიც "მაგთიკომის" ქსელში იყო ჩართული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი აქცია არ მოქმედებდა. თავიდან გამიკვირდა, შემდეგ კი ამიხსნეს, რაც ხდებოდა. ის სხვა ქსელში იყო პორტირებული".

დავით  მელიქიშვილი ("ჯეოსელის" აბონენტი): "მეგობარი საყვარელ ნომრად მყავდა დარეგისტრირებული და დაბალი ტარიფით ვესაუბრებოდი. ამიერიდან ამას ვეღარ გავაკეთებ. მეგობარმა თვითონ შემატყობინა, რომ სხვა ქსელში იყო პორტირებული. სამწუხაროდ, ვერაფერს ვიზამ, მასთან საუბარი ადრინდელზე ძვირი დამიჯდება".

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მობილურ ოპერატორებს ოფიციალურად დაავალა, აბონენტს საგანგებო ზუმერით შეატყობინონ, რომ ზარი არა ქსელის შიგნით, არამედ მის გარეთ, ანუ პორტირებულ ნომერზე განახორციელა. მანამდე კომისიამ აბონენტის გაფრთხილების რამდენიმე ვარიანტი განიხილა. "მაგთის" ინიციატივა იყო, აბონენტისთვის ავტომოპასუხეს ეთქვა, რომელ კომპანიას უკავშირდება, მაგრამ კომისიამ უარი თქვა.

როგორც აქ ამბობენ, ევროპული ქვეყნების გამოცდილება გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ხმოვანი შეტყობინება აბონენტების გაღიზიანებას გამოიწვევდა. მანიშნებელი ზუმერი სამივე მობილურმა კომპანიამ გაააქტიურა. გამაფრთხილებელი ზუმერი აბონენტმა ზარის გაშვებისთანავე უნდა გაიგონოს, თუმცა ჯერჯერობით "გაფრთხილებას" ბევრი ვერ ხვდება. შესაბამისად, არც ზუსტი ინფორმაცია აქვს, საუბრის ერთი წუთი რა უჯდება.

პორტირების შემოღების შემდეგ სამივე კომპანიამ ფასდაკლების აქციები წამოიწყო. მათ აბონენტებს შეღავათიანი ტარიფები შიდა ქსელში სასაუბროდ წინასწარგამიზნულად მისცეს, სხვა ქსელში წასვლა რომ აღარ მოინდომონ. დაწესდა ბონუსები "ახალი გადაბირებული" აბონენტებისთვის, მათთვის თამაშდება პრიზებიც. შესაბამისად, სასაუბრო ტარიფი საერთო ჯამში გაიაფდა. ამ ვითარებაში მოგებული ის აბონენტი აღმოჩნდება, ვისაც ზუსტად ეცოდინება, რომელი ქსელის აბონენტს უკავშირდება და გამაფრთხილებელი ზუმერი არ გამორჩება.

ნონა ქვლივიძე