მხოლოდ კარგი სურსათი მხოლოდ მდიდრებისთვის?! - კვირის პალიტრა

მხოლოდ კარგი სურსათი მხოლოდ მდიდრებისთვის?!

სურსათის უვნებლობის თემა, რომელიც საქართველოში ისედაც ყოველთვის აქტუალური იყო, ბოლო დროს კიდევ უფრო გამწვავდა. ყურადღების გამახვილებას ჯერ ევროკავშირის მოთხოვნებმა შეუწყო ხელი, რომელთა შესრულებაც საქართველოს თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებისთვის მოუწევს, შემდეგ კი თვით ევროკავშირის ბაზარზე დატრიალებულმა ამბებმა აჩვენა, რომ უსაფრთხო საკვები არც იქ ყოფილა გარანტირებული.

საქართველოს საკმაოდ ლიბერალური სასურსათო კანონმდებლობა ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ევროპაში ბევრი რეგულაცია და მკაცრი კონტროლია. ცხადია, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ხდება საკვებით მოწამვლა ან დაავადებების გამოწვევა. პრობლემის გადაჭრის გზად ბევრს მკაცრი კონტროლის დაწესება მიაჩნია. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციისა" და ასოციაცია "საქართველოს რძის" მიერ შესწავლილი 24 სახეობის კარაქიდან 9 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია.

კახა კონიაშვილი („საქართველოს რძის" თავმჯდომარე): "სურსათის უვნებლობის სამსახურმა გეგმების შედგენისას უნდა გაითვალისწინოს იმ კუსტარული საწარმოების შემოწმებაც, რომელთა პროდუქცია დაბალი ფასის გამო მომხმარებელში პოპულარობით სარგებლობს. მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული პროდუქციის უმეტესობის ფასი დაბალია და მას დაბალშემოსავლიანი მომხმარებელი აქტიურად ყიდულობს. არ არის გამორიცხული, ამ პროდუქტმა მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას".

არის თუ არა გამოსავალი რეგულაციის გამკაცრება? არსებობენ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მკაცრი კონტროლის შემოღების მომხრეებიც, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს არსებობა არასაკმარისად მიაჩნიათ. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ სურსათის ხარისხი თავისუფალმა ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

ზოგიერთი ბიზნესმენის საჯარო განცხადებით, სახელმწიფოში პოლიტიკური ნება არ არსებობს, თორემ კერძო სექტორი მტკიცე და ობიექტურ კონტროლს ითხოვს. ამისთვის აუცილებელია მაკონტროლებელთა დაფინანსების გაზრდა და შემოწმებაში მეტი ინსპექტორის ჩართვა. საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მსგავსი კონტროლის შემოღებას ემხრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც. გარდა მომხმარებლისთვის უსაფრთხო სურსათის მიწოდებისა, მათი აზრით, თუ საქართველოში ევროპასავით მკაცრი კონტროლი დაწესდება, აქაური მეწარმეები პროდუქციას ევროპის ბაზარზეც გაიტანენ.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტ გია ჯანდიერს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უკან დახევის გზით წავიდა, როცა 2005 წელს გაუქმებული მაკონტროლებელი მუხლები კვლავ აამოქმედა და თუ მეტ კონტროლს განახორციელებს, უარესი იქნება. მთელ მსოფლიოში, სადაც კი სახელმწიფო მარეგულირებელ სტრუქტურებს ზრდის, კორუფციაც იქვეა ჩასაფრებული, რასაც ევროკავშირიც ვერ გაექცა. ზოგ ევროპულ ქვეყანაში ეს რეგულაციები მხოლოდ ფორმალობაა, ზოგშიც ამის გამო მაღალია გადასახადები და ბიზნესის დასაწყებად მრავალი ლიცენზია და ნებართვაა საჭირო.

საქართველო თუ მსგავს რეგულაციებს შემოიღებს, მცირე ბიზნესი ამას ვერ გაუძლებს. კონტროლის გამკაცრება მეწარმეებს ხარჯებს გაუძვირებს და საბოლოოდ პროდუქცია გაძვირდება. ბაზრიდან დაბალხარისხიანი და იაფი პროდუქციის განდევნა, პირველ რიგში, მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას დაარტყამს; ევროკავშირის მსგავსად რეგულირების გამკაცრება შეაფერხებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც... რეგულაციების შემოღების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ექსპერტი ლია თოდუა კი დარწმუნებულია, რომ მეწარმეები დაინტერესებული არიან, მომხმარებელი მოატყუონ და დაბალი ხარისხის პროდუქცია ძვირად მიჰყიდონ. სწორედ ამიტომ არის საჭირო სახელმწიფოს კონტროლი.

პაატა შეშელიძე (ეკონომიკის ექსპერტი, "ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს" პრეზიდენტი): "კონტროლის გაძლიერება პრობლემას ვერ გადაჭრის. პროდუქციის მთელ პარტიას მაინც ვერ შეამოწმებენ. შესაბამისად, შესამოწმებელი პროდუქციის შერჩევისას უკვე ჩნდება კორუფციის შანსი. სახელმწიფოს გარდა, სწორედ ამ კუთხით მუშაობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელეგადაცემებით გადაიცემა ცნობები ამა თუ იმ პროდუქციის ვარგისიანობის შესახებ.

სახელმწიფო კონტროლის შემოღება წარმოებას გააძვირებს, რასაც პატარა კომპანიები ვერ გაუძლებენ. ამდენად, კონტროლის გამკაცრება მხოლოდ იმ მეწარმეებს აძლევს ხელს, ვინც მაკონტროლებელთან გარიგებაში შევა და ზედმეტი ხარჯების გაღებაც შეუძლია, მცირე მეწარმეებისგან განსხვავებით. კონტროლის გამკაცრებით გადარჩებიან მსხვილი კომპანიები და მონოპოლიების წარმოქმნას შეეწყობა ხელი. რეგულაციების მომხრე შესაძლოა იყვნენ ის ორგანიზაციებიც, ვინც ამ საქმიანობისთვის სოლიდურ გრანტებს იღებენ ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ევროკავშირის მოთხოვნით საქართველოში საქონლის რამდენიმე სასაკლაო შეიქმნა. თბილისის ტერიტორიაზე ხორცი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიყიდოს, თუკი საქონელი ამ სასაკლაოებზე იქნება დაკლული. ნატახტარის სასაკლაოზე საქონლის დაკვლა საკმაოდ ძვირია: 1 კგ ხორცზე საქონლის პატრონს 1,20 ლარს ახდევინებენ. ასეთმა პოლიტიკამ საქონლის დაკვლა და გაყიდვა არალეგალურ სეგმენტში გადაიტანა..."

მკაცრი რეგულირება რომ სრულ გარანტიას ვერ იძლევა, ბოლო დღეებშიც გამოჩნდა, როცა ევროპაში ბაქტერიის გავრცელების გამო ათზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ათასზე მეტი დაავადდა. ეჭვი ესპანურ კიტრზე მიიტანეს, თუმცა საბოლოოდ ესეც არ დასტურდება.

პაატა შეშელიძე: "ერთადერთი გამოსავალი ისევ თავისუფალი ბაზარი და კონკურენციაა. მწარმოებელი მომხმარებლის მოწამვლაზე არ არის ორიენტირებული. დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანსაც უნდა ჰქონდეს საშუალება, თუნდაც არცთუ საუკეთესო ხარისხის საკვები შეიძინოს და სახელმწიფომ არ დაავალდებულოს, რომ სურსათი მხოლოდ ძვირად ღირებულ სუპერმარკეტებში იყიდოს".