აშშ კრიზისს თავს ჯერ ვერ აღწევს - კვირის პალიტრა

აშშ კრიზისს თავს ჯერ ვერ აღწევს

რიგითი ამერიკელისთვის ცხოვრება ბევრად უფრო გაძნელდა

ამერიკა ფინანსური კრიზისით გამოწვეულ დეპრესიას თავგანწირვით ებრძვის. ზესახელმწიფოში მოსახლეობის უმრავლესობა, უბრალო ამერიკელით დაწყებული ფედერალური მთავრობით დამთავრებული, ვალებშია ჩაფლული. კომპანიების გაკოტრების მაჩვენებლები ისევ დიდია და ჯერჯერობით უმუშევრად დარჩენილთა რიცხვი, ფაქტობრივად, არ იკლებს. ეკონომიკური კრიზისით თავბრუდახვეული ბევრი ამერიკელი მომავალსაც პესიმისტურად უყურებს...

აშშ-ის ეკონომიკაში დაწყებული კრიზისი მსოფლიო ეკონომიკის დიდ ნაწილზე გავრცელდა და იქ კრიზისის დასრულება დამაიმედებელი სიგნალი იქნებოდა სხვა ქვეყნებისთვის. მაგრამ კარგ ამბებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

გლობალური კრიზისის შემდეგ ბევრი ამერიკელისთვის ცხოვრება ბევრად რთული გახდა. ფასები კვლავ ზემოთ მიდის, რასაც შემოსავლების შემცირების პირობებში ამერიკელები მტკივნეულად განიცდიან. უკეთესობა არ ჩანს უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც პრობლემების სათავე იყო და ქვეყნის ეკონომიკა კრიზისში ჩააგდო. ბინების ფასი მარტში დაეცა და ეს სექტორი ისევ რეცესიაში აღმოჩნდა.

როგორც ამ სფეროს სტატისტიკოსები ამბობენ, უძრავ ქონებაზე ფასების მომატება მხოლოდ ვაშინგტონსა და სიეტლში შეინიშნება. ბევრ სხვა სფეროშიც არ არის უკეთესი ვითარება. ზოგიერთ სექტორში გაყიდვა 30%-ითაც დაეცა. ამერიკის ეკონომიკას მხოლოდ რითეილის (საცალო ვაჭრობის) სფერო აძლევს სტიმულს. მარტ-აპრილში ამერიკელებს შემოსავლები ოდნავ გაეზარდათ და ფულის ხარჯვასაც მცირედით მოუმატეს. იმის მიუხედავად, რომ ვალებში არიან ჩავარდნილი, ამერიკელების დიდი ნაწილი ფულს ბანკებიდან მაინც სესხულობს. ამერიკელების 70% სახლს იპოთეკური კრედიტით ყიდულობს და იმის გამო, რომ კრიზისის შედეგად უძრავი ქონება გაიაფდა, ბევრმა კრედიტები ბანკებიდან ახლა გამოიტანა, თანაც მომატებულ პროცენტად.

ფულის აქტიურად სესხების გამო ამერიკელებს ბანკების ასეულობით მილიარდი დოლარი მართებთ. იპოთეკურ სესხთან ერთად, ბევრს მეორე კრედიტიც აქვს აღებული, უმეტესად საკრედიტო ბარათის მეშვეობით. საკრედიტო ბარათი სესხის აღების ყველაზე გავრცელებული ფორმაა აშშ-ში. ამ გზით კრედიტის აღებაც მარტივია და დაგროვილი ფულის ხარჯვაც. ამერიკელები საკრედიტო ბარათს ნაღდი ფულის ეკვივალენტად მიიჩნევენ და მას ყოველდღიური საყიდლებისა თუ ონლაინგადახდებისთვის აქტიურად იყენებენ. საშუალო ამერიკელს საკრედიტო ბარათზე 10-15 ათასი დოლარის ვალი ადევს.

დღეს ამერიკელი "შავი დღისთვისაც" ნაკლებად ინახავს ფულს. კრიზისის პერიოდში ბანკებმა ანაბრებზე წლიური სარგებელიც შეამცირეს, ამიტომ ანაბარზე დანაზოგის შეტანამაც აზრი დაკარგა. ფულის ბანკში უმოქმედოდ დადება ინფლაციის გამო აღარ ღირს და ამერიკელები ფულის სამომავლოდ გადადებით თავს ნაკლებად იწუხებენ.

მთავრობა ცდილობს, ბიზნესები გაკოტრებას გადაარჩინოს, რათა სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს და ამას ჩინეთის, იაპონიისა და გერმანიისგან ნასესხები ფულით აკეთებს.

კურტ დიელი ფილადელფიაში ცხოვრობს და ერთ-ერთ მსხვილ საკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს. 27 წლის ახალგაზრდა პროგრამისტი ერაყის ომშიც იყო და მას შემდეგ აშშ-ის პოლიტიკის მიმართ პროტესტი უფრო გაუძლიერდა. კურტი ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრება ძვირდება.

კურტ დიელი (ფილადელფიის მცხოვრები): "მე გამიმართლა, კარგი სამსახური მაქვს, მაღალ ანაზღაურებას ვიღებ, მაგრამ კრიზისის გამო ამერიკელებს ცხოვრება გაუჭირდათ. ბევრმა სამსახური დაკარგა, ბევრსაც ხელფასები შეუმცირეს, კრედიტები ვეღარ დაფარეს და ვალები დაედოთ. კატასტროფულად გაძვირდა სამედიცინო მომსახურება. ხალხს განსაკუთრებით უჭირს მკურნალობისა და სწავლის გაზრდილი საფასურის გადახდა. ამერიკელები გაზრდილ საგარეო ვალებსაც აპროტესტებენ. არ მოსწონთ, ხელისუფლება სხვას რომ ეხმარება ან სხვა ქვეყანაში ხარჯავს ფინანსებს, როცა თვითონ ვალებშია ჩაფლული".

კელი რეკინოსი (ფილადელფიის მცხოვრები): "კოლეჯი ახლახან დავამთავრე. გამოცდებს მოვრჩი და მინდოდა, სწავლა გამეგრძელებინა, თუმცა საფასური ისე გაზარდეს, აზრი აღარ აქვს. მერე მთელი ცხოვრება ბანკებისთვის სესხის დასაბრუნებლად უნდა ვიხადო ფული".

დეივ ბლოსი (ვაშინგტონის მცხოვრები): "ფასმა ყველაფერზე მოიმატა, საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ ყველაზე მძიმედ საქმე მაინც ჯანდაცვის სფეროშია. ადრე ერთი კბილის მკურნალობა $50 დოლარი ღირდა, ახლა $300 ჯდება. რეცესია გრძელდება, მაგრამ ბანკები მაინც განაგრძობენ კრედიტების გაცემას, რაც კრიზისის თავიდან დაწყების მიზეზი გახდა".

ჯონ შიპმენი (გაზეთ "ფილადელფია ინქუაიერის" კორესპონდენტი): "კრიზისი მედიაბიზნესსაც მწვავედ შეეხო. შეერთებულ შტატებში ათეულობით გაზეთი დაიხურა. თავის გადარჩენა მსხვილმა გამომცემლობებმა მოახერხეს, იმის წყალობით, რომ ვებგვერდები და ინტერნეტტელევიზიები გააკეთეს, მაგრამ თანამშრომლების ნაწილის დათხოვნა მაინც მოუხდათ. ნაწილი, ვინც საპენსიო ასაკში იყო, დათხოვნას აღარ დაელოდა და საკუთარი სურვილით წავიდა. ხელფასები ჩვენს რედაქციაში 3%-ით შეამცირეს, რასაც თანამშრომლების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მაგრამ გაზეთს ამანაც ვერ უშველა. ვინაიდან გაყიდვამ იკლო, გამომცემლობებს ხარჯების შეკვეცა უწევთ და კიდევ ერთი შემცირება ოქტომბრისთვის იგეგმება".

ბარბარა სელვინი (სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი): "შემოსავლის დაკარგვა ყოველთვის ძნელია, მაგრამ ახლა - განსაკუთრებით, რადგან სამსახურის შოვნა ამერიკაში ადვილი აღარ არის. ვინც პენსიაში გასვლას აპირებდა, იძულებული გახდა დაეცადა, რათა სამსახურში უფრო მეტხანს დარჩენილიყო. საკრედიტო დავალიანებები თავსატეხად იქცა. შესაძლოა გამოსავალი ის იყოს, რომ ახალი საკრედიტო ბარათი აიღონ და ძველი დავალიანება გადაფარონ, მაგრამ ძვირი დაუჯდებათ, რადგან კრიზისის შემდეგ საპროცენტო განაკვეთმა 1-2%-ით აიწია.

რა იქნება ხვალ, ამ კითხვას სპეციალისტები ვერ პასუხობენ. ამბობენ, რომ ვითარება გაუმჯობესდება, თუ შტატების ხელისუფლება ინვესტირებას დაიწყებს ისეთ პროექტებში, როგორებიცაა მწვანე ტექნოლოგიები, განათლება და ჯანდაცვა, რაც გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას სტიმულს მისცემს. სპეციალისტების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ წლეულს ეკონომიკა შესაძლოა 3,5%-ით გაიზარდოს. ეს არ იქნებოდა ცუდი შედეგი, თუმცა გაცილებით უარესი პროგნოზებიც კეთდება".

ნონა ქვლივიძე, აშშ-დან