რატომ არის ოქრო "შეუფასებელი" - კვირის პალიტრა

რატომ არის ოქრო "შეუფასებელი"

"არ არსებობს საერთო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ოქროს შემადგენლობას შეამოწმებდნენ"

არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის ოქროს მარაგი დაახლოებით 200 ტონას შეადგენს. სარეალიზაციოდ გამოტანილი ნაკეთობების 80% ადგილობრივი წარმოებისაა, ბაზრის 20% კი იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი ბოლო დროს თითქმის მუდმივად იმატებს და ამჟამად 1 უნციაზე $1540-ის ფარგლებშია, თუმცა ორიოდე კვირის წინ $1560-საც აღწევდა.

ადგილობრივად ძვირფასი ლითონებისგან პროდუქცია უმეტესად ე.წ. ოქროს ჯართისგან მზადდება. მომხმარებელიც ასეთ ნაკეთობას უფრო ენდობა, რადგან მიჩნეულია, რომ იმპორტირებული პროდუქცია შედარებით დაბალი ხარისხისაა და საჭიროების შემთხვევაში კაპიტალდაბანდებად ვერ იქცევა. თუმცა მომხმარებელი არც დამღიანი და იარლიყიანი პროდუქციის შეძენისას არის დაცული ფალსიფიკაციისგან, რადგან ბიზნესის ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში მთლიანად დერეგულირებულია.

რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე სასინჯი ლაბორატორია, სადაც შეგიძლიათ თქვენ მიერ შეძენილი ნივთის შემადგენლობა შეამოწმოთ. თუმცა როგორც ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით საქმიანობაში მონაწილე პირთა უფლებებზე სამოქალაქო ზედამხედველობის საზოგადოებაში აცხადებენ, სასინჯი ინსტიტუტებისთვის არ არსებობს დადგენილი ნორმა, საერთო სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ამ სამსახურმა უნდა იმუშაოს.

ალბათ სწორედ ხსენებულ მიზეზთა გამოა, რომ ბაზარზე გამოტანილი როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული საიუველირო ნაკეთობების იარლიყზე მითითებული ინფორმაცია (თუკი ასეთი საერთოდ არსებობს) ხშირად არ შეესაბამება მის რეალურ სინჯსა და შემადგენლობას.

მიხეილ ბეგიაშვილი (სამოქალაქო ზედამხედველობის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე): "მომხმარებელი რომ დაცული იყოს, ამისთვის აუცილებელია, ქვეყანაში სათანადო საკანონმდებლო მოთხოვნები და რეგულაციის ნორმები არსებობდეს. ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით ასეთი რამ 2005 წლამდე მოქმედებდა, მას შემდეგ კი რეგულაციის არავითარი ნორმები არ გვაქვს. ბაზარი თვითრეგულირებაზეა მიშვებული.ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ასეთია - ეს საკითხი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს. მანამდე არსებობდა კანონმდებლობის მთელი სისტემა, რომლის ერთ-ერთი ავტორიც გახლდით. რა თქმა უნდა, მაინცდამაინც იმ სისტემის აღდგენის მომხრე არ ვარ, მაგრამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სასინჯი ინსტიტუტი, სტრუქტურა, რომელიც დაიცავს როგორც მეწარმის, ასევე მომხმარებლის უფლებებს.

ხელისუფლების პოზიციის თანახმად, რეგულაციები მეწარმეობის განვითარებას ზღუდავს. თუ გადავხედავთ უცხოეთის მაგალითებს, ვთქვათ, საფრანგეთში სასინჯი სამსახური, იგივე ძვირფასი ლითონების მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო დაწესებულებაა. მას გარანტიის სამსახური ეწოდება, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის და მთელ საფრანგეთში აკონტროლებს ძვირფას ლითონებსა და ძვირად ღირებულ სასმელებს. საფრანგეთის კანონმდებლობით, ძვირფას ლითონზე სინჯის დარღვევის ან დამღის გარეშე პროდუქციის გაყიდვისთვის სოლიდური ფულადი ჯარიმებია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, სასინჯი სამსახურის ინსპექტორი უფლებამოსილია, სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯოს კანონდამრღვევს, სანამ გამოძიება გაარკვევს მის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთების შესაბამისობას კანონით დაშვებულ ნორმებთან.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ ბიზნესის ამ სფეროს რეგულირება მისი განვითარებისთვის ხელის შემშლელია, მაშინ როგორ არის საფრანგეთის ძვირფასი ლითონების ბაზარი ასე განვითარებული? ამ ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს ძვირფას საიუველირო ნაკეთობათა წარმოებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით.

ჩვენთანაც არსებობდა მსგავსი ინსტიტუტი, მაგრამ მხოლოდ სასინჯი სამსახური ვერაფერს გახდება, თუ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება. ეს ინსტიტუტი სახელმწიფო დაქვემდებარებაში იქნება, თუ დამოუკიდებლად იარსებებს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ კერძო იურიდიული პირის სტატუსსაც გააჩნია. დღეს მოქმედი ლაბორატორიებიდან, სადაც საიუველირო ნაკეთობებს ამოწმებენ, მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოებრივ გაერთიანებას, არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ. ეს ნიშნავს, რომ ამ ბიზნესში არ ვმონაწილეობთ, ანუ ძვირფასი ლითონის ნაკეთობებს არც ვამზადებთ და არც ვყიდით.

არსებობს ვენის საერთაშორისო კონვენცია - ძვირფასი ლითონების კონტროლისა და მარკირების შესახებ, რომელთანაც ოცი ქვეყანაა მიერთებული და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. კონვენცია ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს, რომ ქვეყანაში, რომელიც მასთან მიერთებას აპირებს, სასინჯი სამსახური სავსებით ნეიტრალური იყოს.

სასინჯი ინსტიტუტი რომ ამოქმედდეს, სახელმწიფომ უნდა დაადგინოს, რომ დადამღვა იყოს სავალდებულო, ხოლო დამდამღავის შერჩევა - ნებაყოფლობითი. პროდუქცია სადმე აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული და დადამღული, რათა შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დამდამღავს პასუხი მოეთხოვოს. მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ გასაყიდად გამოტანილ პროდუქციაზე უნდა იყოს შებმული იარლიყი, რომელზეც მითითებული იქნება, რას ყიდის რეალიზატორი, წონა, სინჯი, ერთეულის ფასი, მთლიანი ღირებულება და სხვ.

ამ კანონით დღეს გამყიდველი აგრეთვე ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია, ვისგან შეიძინა ეს პროდუქცია ან ვისთან დაამზადა, ეს კანონის მოთხოვნაა, მაგრამ ამ ნორმას ყველა არ იცავს. ბაზარზე ბევრია უიარლიყო პროდუქცია და შესაბამისად, არც ჩამოთვლილი ინფორმაციაა ზედ დატანილი.

ძვირფასი ლითონების გამოყენებით დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გაყალბება (ფალსიფიკაცია) ყოველთვის იყო და დღესაც ხდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამ სახეობის ფასეულობებზე ფალსიფიკაციის დონე მატულობს მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდება ფასები ძვირფას ლითონებზე და როდესაც ქვეყანაში ძვირფას ლითონებზე რეგულირების არანაირი ნორმები არ მოქმედებს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, დაცული არავინ არის, არც მომხმარებელი და არც მოვაჭრე".

იმპორტის დაბეგვრა

- ოქროს იმპორტი საქართველოში ამჟამად 12%-იანი განაკვეთით იბეგრება. თუ წინა წლებში $1000-ის პროდუქციის იმპორტისთვის მისი 18% (დღგ) ანუ $180 იყო გადასახდელი, ამჟამად ეს პროდუქცია 12%-იანი იმპორტის გადასახადითაც იბეგრება: $1000-ის 12%=$120 და პლუს 18%-იანი დღგ-ით: $1000+$120=$1120+18%=$1321,6. ანუ ჯამში გადასახდელია $321,6 ყოველ $1000-ზე.