"ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალური შემოსავალი დაბალია" - როდის და როგორ დაიძლევა სიღარიბე - კვირის პალიტრა

"ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალური შემოსავალი დაბალია" - როდის და როგორ დაიძლევა სიღარიბე

"თუ, მაგალითად, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება ვაჭრობის სფეროში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ არ შეინიშნება ტურიზმში, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი როგორ იგრძნობს მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამიტომ ჩვენთვის მთავარია, ზრდამ მოიცვას ეკონომიკის ყველა სექტორი, ყველა რეგიონი და ქვეყნის შიდა მეურნეობები, ანუ მოდური ტერმინით რომ ვთქვათ, მოხდეს რეალური ინკლუზიური ზრდა"

ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა. ასეა თუ არა და როდის აისახება ეს ზრდა ხალხის მდგომარეობაზე, გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

- ეკონომიკური ზრდა რეალურია, მაგრამ გააჩნია ათვლის წერტილს. გასული წელი ჩვენთვის მძიმე იყო, არა მარტო პანდემიის გამო, არამედ ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვითაც. თუ მსოფლიოში ეკონომიკური ვარდნა დაახლოებით 4% იყო, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 6,2%-ს უახლოვდებოდა. მანამდეც, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული ეროვნული პროდუქტის მიხედვით საქართველო და დანარჩენი მსოფლიო რომ შევადაროთ, ჩვენ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 86%-ის დონეზე ვიყავით. გაეროს განვითარების პროგრამისა თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეიტინგში საქართველო ადგილს ისედაც მეორე ასეულის დასაწყისში იკავებს, ვარდნის მასშტაბი კი უფრო აზიანებს ჩვენს კეთილდღეობას და ზრდის მაჩვენებლები არ არის საკმარისი, რომ გაუმჯობესების პროცესი რეალურად ვიგრძნოთ.

წლეულს, წლის პირველ ნახევარში 12,1%-იანი ზრდა გვაქვს და ვისურვებდი, ეს ტემპი შევინარჩუნოთ წლის მეორე ნახევარშიც. სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი არის წლეულს 7,7%-იანი ზრდა. თუ ამ პროცენტს შევინარჩუნებთ, ჩვენ გვექნება კრიზისამდელ, 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-იანი ეკონომიკური ზრდა, რადგან ჯერ უკუსვლა უნდა დავძლიოთ და წინ მხოლოდ ამის შემდეგ წავიდეთ. თუმცა არ არის გამორიცხული რომ ჩვენ წლის მეორე ნახევარშიც შევძლოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკური ზრდა, 2019 წელთან შედარებით, 5%-იანი იყოს.

- რამდენპროცენტიანი ზრდაა საჭირო, რომ მოსახლეობამ ეს იგრძნოს? - შეგრძნება არა მარტო ობიექტური, არამედ სუბიექტური კატეგორიაცაა. ზოგი 10 ლარის მომატებას გრძნობს, ზოგისთვის კი 1000 ლარის მომატებაც არაფერს ნიშნავს, ამიტომ ასეთ კითხვას შეიძლება გაეცეს მხოლოდ რიტორიკული პასუხი: თუკი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაშინ ამას მოსახლეობაც იგრძნობს! მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოსახლეობის ყველა ფენამ უნდა იგრძნოს და არა ცალკეული სფეროების წარმომადგენლებმა.

თუ, მაგალითად, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება ვაჭრობის სფეროში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ არ შეინიშნება ტურიზმში, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი როგორ იგრძნობს მდგომარეობის გაუმჯობესებას? ამიტომ ჩვენთვის მთავარია, ზრდამ მოიცვას ეკონომიკის ყველა სექტორი, ყველა რეგიონი და ქვეყნის შიდა მეურნეობები, ანუ მოდური ტერმინით რომ ვთქვათ, მოხდეს რეალური ინკლუზიური ზრდა.

ამ დღეებში სამინისტროები რიგრიგობით მართავენ უახლოესი ათწლეულის სამოქმედო გეგმების პრეზენტაციას. ეს ფაქიზი თემაა, რადგან ჩვენ ისეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, ეკონომიკასა და პოლიტიკას თავს დასტრიალებს არა მარტო ერთი შავი გედი, არამედ შავი გედების გუნდი და ძნელია ზუსტად გათვლა, რასაც ათი წლის კი არა, უახლოესი ერთი, სამი თუ ხუთი წლის შემდეგ შეიძლება ველოდოთ. თუ ზომიერად ოპტიმისტები ვიქნებით, 2022 და მომდევნო წლებში ჩვენი ეკონომიკური ზრდა 5-6%-ზე დაბალი არ უნდა იყოს.

- რას გვაძლევს ეს? - რაც უნდა ბევრი გეგმა დავსახოთ, ყველაფერი თავს იყრის ერთ მაჩვენებელში - ეს არის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმ ტემპით, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა და გუშინდელ პრეზენტაციაზე (ინტერვიუ ჩაწერილია 7 აგვისტოს - ავტ.) მას ფინანსთა სამინისტროც დაეთანხმა, ჩვენ 2029 წელს შევძლებთ, ვიყოთ 2020 წლის ბულგარეთის დონეზე (ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლია. ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული ეროვნული პროდუქტი იქ ყველაზე ნაკლებია). თუ მეტს მოვინდომებთ, 2032 წლისთვის ჩვენ ვიქნებით 2020 წლის საბერძნეთის დონეზე. თუ უფრო წინ გავიხედავთ და ექსტრაპოლირებას გავაკეთებთ, 2039 წლისთვის საქართველო იქნება 2020 წლის ჩეხეთის დონეზე, 2043 წელს - გერმანიის დონეზე, 2057 წელს კი - ევროკავშირის ყველაზე მდიდარი ქვეყნის, ლუქსემბურგის დონეზე... მაგრამ რაც უნდა ბევრი მეგობარი გვყავდეს არა მარტო ევროკავშირში, არამედ მსოფლიოში, არც ერთი არ გაჩერდება და არ გვეტყვის, მე 7, 8, 15, 25 წელიწადს დაგელოდები, რომ დამეწიო და მერე ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთო, ამიტომ ჩვენ გაცილებით მაღალი ტემპის განვითარება უნდა შევძლოთ. მაგალითად, დაგეგმილთან შედარებით 1%-ითაც რომ გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ბულგარეთის დონეს ნავარაუდევზე ორი წლით ადრე მივაღწევთ, გერმანიის დონეს - სამი წლით ადრე, ხოლო ლუქსემბურგის დონეს - ექვსი წლით ადრე, ანუ 2051 წლისთვის. ეს, რა თქმა უნდა, სქემებია და რეალურ ცხოვრებაში ზუსტად ასე, სწორხაზოვნად, წრფივად განვითარება შეუძლებელია (კაცობრიობას არ უყვარს წრფივი განვითარება, ის ზიგზაგურად ვითარდება), მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა ზრდის გაცილებით მაღალი, ანუ ორნიშნა ან ორნიშნასთან მიახლოებული ტემპი არა მარტო პოსტკრიზისული პერიოდის პირველ წელს, არამედ გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რათა ჯერ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს მივუახლოვდეთ, მერე კი - საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

ამის პირობაა კაპიტალტევადი, მეცნიერულად ტევადი დარგების განვითარება, რომლებიც სამეცნიერო სიახლეების მხრივ მსოფლიოში მოწინავეა. ამავე დროს, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ტრანზიტული როლი და ფუნქციები და ხელი შევუწყოთ საქართველოს გავლით სხვადასხვა მომსახურების მიწოდებას მეზობელი და არამეზობელი ქვეყნებისთვის. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი და ის სრულად უნდა გამოიყენოს. ეს შეუძლებელი არ არის, საჭიროა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა და პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის ეკონომიკისთვის სასურველი ინფორმაციული და პოლიტიკური ფონის შექმნა. როდესაც პოლიტიკური წინააღმდეგობა და გულში მჯიღის ცემა საერთაშორისო რეზონანსს იღებს, ინვესტორებიც ფრთხილობენ და ბიზნესმენებიც ნაკლები ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს, ამიტომ ჯერ ადგილობრივ, მერე კი მოწვეულ ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, სიმშვიდე და საგადასახადო ფონი ხელს შეუწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მეტი დოვლათის წარმოებას, ამის საფუძველზე კი - ეკონომიკურ ზრდას. აქ გამოსაგონებელი არაფერია, ველოსიპედი, დიდი ხანია, გამოგონებულია. მთავარია მონდომება და საკუთარი ქვეყნის მეტი სიყვარული.

- ეს მონდომება ფასებში როდის აისახება, რომ გაჭირვებულმა, სოციალურად დაუცველმა ფენამ რაღაცა სიკეთე იგრძნოს? - ეს ძალიან მტკივნეული თემაა, იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალური შემოსავალი დაბალია. ოფიციალურ საარსებო მინიმუმს ვერ დავეყრდნობით, რადგან სიღარიბის ზღვარი ამჟამად მოქმედ ოფიციალურ საარსებო მინიმუმთან შედარებით გაცილებით მაღალია. რომ შევადაროთ,

შრომისუნარიანი მამაკაცის ოფიციალური საარსებო მინიმუმი ამჟამად 200 ლარის ფარგლებშია, მაგრამ რეალურად, ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 500 ლარი მაინც უნდა იყოს. გამოდის, რომ ახლა ძალიან ბევრი დასაქმებულიც კი საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალ შემოსავალს იღებს, ამიტომ სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს არა მეტი სამუშაო ადგილის შექმნა (თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია ძალაში უნდა დარჩეს), არამედ უკვე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაზრდა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნა. ჩვენ უნდა შევძლოთ, საქართველოში სამუშაო ძალა იყოს რაც შეიძლება კვალიფიციური, ინტელექტუალური. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს სამუშაო ძალის ღირებულების ზრდას, მაგრამ, იმავდროულად, გამოიწვევს მსოფლიო ბაზარზე ამ ინტელექტუალური ძალის მონაწილეობით შექმნილი დოვლათის მაღალ კონკურენტუნარიანობას.

მარტივი შრომით წარმოებული პროდუქციით ჩვენ შორს ვერ წავალთ. წლეულს შესაძლოა მოვიწიოთ, ვთქვათ, 100 ტონა ატამი, გაისად - 200 ტონა, მაგრამ მარტო ატმისა და ყურძნის წარმოებით მსოფლიო ბაზარზე თავს დიდხანს ვერ გავიტანთ. წინ რომ წავიდეთ, საჭიროა სიღრმისეული ცვლილებები, მათ შორის - განათლების სფეროში, მეცნიერების ღირსეული დაფინანსება და კვალიფიციური კადრების გაზრდა.

ამ მიმართულებით თუ წავალთ, ჩვენ მართლაც გვექნება საშუალება, უფრო ღირსეულად გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე და კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს.

- თუ არსებობს მეთოდი, თუნდაც რომელიმე ქვეყნის გამოცდილება, რომ უფრო სწრაფად შევძლოთ სოციალურად დაუცველი ფენის მდგომარეობის გაუმჯობესება? - ყველა მაგალითი ინდივიდუალურია და ზუსტად რამის გადმოღება არ შეიძლება, მაგრამ ცნობილია ინდოეთის მიღწევები.

ინდოეთმა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სიღარიბიდან გამოიყვანა თითქმის 600 მილიონი ადამიანი. ყურადღება მიაქცია განათლებას, მეცნიერებას, ისეთ სპეციალობებს, რომლებმაც ჩვენთან რატომღაც ფასი დაკარგა.

ეს არის ზუსტი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო დარგები: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა. თვით აშშ-შიც კი პროგრამისტების წრე, ძირითადად, ინდოეთში მომზადებული კადრებით ივსება. ინდოეთი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. აღარაფერს ვამბობ ჩინეთზე, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე ლიდერი ხდება და სხვებს ჰკარნახობს მეცნიერულ სიახლეებს. სხვათა შორის, ჩინეთში დაწყებული პანდემიის მიუხედავად, ამ ქვეყანამ შეძლო, რომ გასული წელი კლებით კი არა, 2%-იანი ეკონომიკური ზრდით დაემთავრებინა. სიღარიბის პრობლემა იქაც, ძირითადად, დაძლეულია და ეს ქვეყანა სტაბილურად ვითარდება - ჰყავს მილიარდერები და სულ უფრო ნაკლები ღარიბი მოსახლეობა.

აშშ-ში 1963 წლიდან მოქმედებს ე.წ. სასურსათო ტალონები, რომლებსაც აძლევენ მოსახლეობას, რომელთა შემოსავალი სიღარიბის ზღვარზე ნაკლებია. ბოლო მონაცემებით ასეთი იყო 43 მილიონი ადამიანი. ასე ახერხებენ, სოციალური დაცვის ქოლგის მიღმა არ დარჩეს ქვეყნის არც ერთი მოქალაქე.

- სანამ დათქმულ 10 წელიწადს ღირსეულად გავლევთ, ჩვენს ღარიბ ფენას როგორ გავაძლებინოთ? - დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს, საკმარისი არ არის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რესურსების ოდენობაზე, რომელთა განმკარგავიც არის სახელმწიფო. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყნიდან არის გასული და ისინი ეხმარებიან საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებს.

გამოსავალია ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, ბიზნესის ხელშეწყობა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, რადგან სახელმწიფო ვერასოდეს გასცემს იმაზე მეტ დახმარებას, ვიდრე ადამიანს შეუძლია, საკუთარი შრომით მიიღოს. ამაზე იდეალური და უნივერსალური რეცეპტი ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია.

ისმის ხოლმე კითხვა: რა კავშირია ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას შორის? ყოველი 2,5-3%-იანი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს უმუშევრობის 1%-ით შემცირებას, ამიტომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ სტატისტიკისთვის კი არ გვინდა! ეს, უპირველესად, გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკა წელში გაიმართოს და მოსახლეობამ, შემოსავლების ზრდის ხარჯზე, პირობების გაუმჯობესება იგრძნოს.