სხვა სასაკლაოებზე ცოცხალი პირუტყვის დასაკლავად მიყვანას ვერ რისკავენ - კვირის პალიტრა

სხვა სასაკლაოებზე ცოცხალი პირუტყვის დასაკლავად მიყვანას ვერ რისკავენ

საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი მონოპოლისტი იბადება. ამჯერად კომპანია"იბერმითი" ხორცპროდუქტების ბაზარზე უპირატესი მდგომარეობის მოპოვებას ცდილობს.

კომპანია, რომელიც ნატახტარში თავიდან სასაკლაოს საბაბით გაიხსნა და საქონლის ხორცის პირველადი დამუშავების პროფილით უნდა ემუშავა, ახლა ამ ბიზნესის ყველა ძირითად რგოლს იპყრობს. როგორც ირკვევა, სულ მალე"იბერმითი" ცოცხალ პირუტყვსაც თავად შეისყიდის, დაკლავს კიდეც, ხორცის დისტრიბუციასაც განახორციელებს და რეალიზაციასაც.

ახალი ხორცი 1-ელი ივნისის შემდეგ გაძვირდა. სწორედ იმ დღიდან, როცა სავაჭრო ობიექტებისა და აგრარული ბაზრების ხორცის რეალიზატორებმა სურსათის უვნებლობის სამსახურიდან სიტყვიერი დირექტივა მიიღეს: თუ საქონელი ნატახტარის ან თელეთის სასაკლაოზე არ იქნება დაკლული, ხორცი გასაყიდად არ ჩაიბაროთო. შედეგად გაჩნდა ხორცის დეფიციტი და 1 კილოგრამი ერთბაშად 5-6 ლარით გაძვირდა.

ადრე თბილისსა და მსხვილ ქალაქებში ახალი ხორცის დისტრიბუციას კერძო მოვაჭრეები მისდევდნენ. ისინი სოფელ-სოფელ ყიდულობდნენ ცოცხალ პირუტყვს, იქვე კლავდნენ და შემდეგ სავაჭრო ობიექტებს აწვდიდნენ. მას შემდეგ, რაც სასაკლაოზე პირუტყვის დაკვლა სავალდებულო გახდა და დაუმორჩილებლობა სოლიდური ფულადი ჯარიმით ისჯება (2 ათასი ლარი), მოვაჭრეები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ცოცხალი პირუტყვის სასაკლაომდე ტრანსპორტირება ხარჯიანია, ამას ემატება სასაკლაოზე ხორცის პირველადი დამუშავების საფასური, სულ მცირე, 1 კილოგრამზე 1 ლარი, ხორცის მიტანა დანიშნულების ადგილებზე და დრო, რომელიც სასაკლაოსთან გრძელ რიგში დგომას მიაქვს.

საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვითაც საქონელი მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში ამოქმედდა, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო კანონის მოქმედება დროებით შეაჩერეს. ამასობაში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასაკლაო მართლაც მოეწყო, საჭირო ნებართვებიც მიიღეს, მაგრამ პირუტყვი მათთან დასაკლავად არავის მიჰყავს-"იბერმითისა" და თელეთის სასაკლაო"აგროლაინის" გაცემული ფორმა #2-ის გარეშე ხორცს თბილისის არც ერთი სავაჭრო ობიექტი არ იბარებს. რეგიონებში კი პირუტყვი ჯერ კიდევ ოჯახებში იკვლება და კანონის დაცვასაც არავინ სთხოვთ, ამიტომაც ღირს თბილისთან შედარებით საგრძნობლად იაფი.

თინა გოცაძე (ალვანის მკვიდრი):"თუ რამ გაგვაჩნდა, სასაკლაოს მშენებლობას მოვახმარეთ. სუფთა და გარემონტებული კი გვქონდა, მაგრამ ლიცენზია რომ მიგვეღო, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და მითითებები მოგვცეს. საშხაპე უნდა გვქონოდა, ლაბორატორია და სპეციალური სასაკლაო. პირუტყვი შედის სადგომში, სადაც მაღალი ძაბვაა. ცხოველი უგონოდ ვარდება და ამასობაში ყასაბი კლავს. ყველა პირობა შევასრულეთ და რომ დავიანგარიშეთ, სასაკლაოს მოწყობა დაახლოებით 400 ათასი დოლარი დაგვიჯდა.

ლიცენზია აპრილში მოგვცეს, რაიონის მთავარი ვეტერინარიც ავიყვანეთ სამსახურში, მაგრამ რა გამოვიდა?- თბილისს გარდა კანონი არ კანონობს. ხორცით მოვაჭრეები ისევ ოჯახებში ყიდულობენ პირუტყვს, იქვე კლავენ და თავადვე ყიდიან. თბილისში კი საქონლის ხორცს მხოლოდ ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოდან იბარებენ. არადა, მე უფრო იაფ მომსახურებას ვთავაზობ, 1 კილოგრამი ხორცის პირველად დამუშავებაში 50 თეთრს ვიღებთ, მათთან კი დაახლოებით 1,20 ლარია. გაუგებარია, რატომ უნდა ჩავიყვანო პირუტყვი დასაკლავად ნატახტარში ან თელეთში, როცა სასაკლაო არის ყარაჯალაშიც, ლაგოდეხშიცა და ახმეტაშიც. ეს ყველაფერი ვიღაცის კერძო ინტერესებია და ამ ბიზნესის მონოპოლიზება ხდება. მაშინ ამიხსნან, ლიცენზია რატომ მომცეს? დღგ-ის გადამხდელებადაც კი დაგვარეგისტრირეს, არაფერი არ მიწარმოებია და მაინც დაგვარეგისტრირეს".

ხორცის ბიზნესის ლაბირინთებში უკეთ გასარკვევად ნატახტარში გავემგზავრეთ. საკმაოდ დიდი ფართობი, რომელიც კომპანია"იბერმითს" უკავია, გალავანით არის შემოსაზღვრული და მრავალრიცხოვანი დაცვის თანამშრომლების ნებართვის გარეშე იქ ჩიტიც ვერ შეფრინდება. თვალში გვეცა ავტომობილების გრძელი რიგი. როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ნაწილი ხორცის შესაძენად იყო მოსული და ნაწილიც ცოცხალი პირუტყვის დასაკლავად. იქ მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს პირუტყვი სამეგრელოდან ჰყავდა ჩამოყვანილი: ახლობელი მიწევს საავადმყოფოში და სასწრაფოდ ფული გვჭირდება, ამ სასაკლაოს ცნობის გარეშე კი ხორცს არავინ იბარებსო.

როგორც მოვაჭრეებმა გვითხრეს, ხორცის მოლოდინში ზოგჯერ ღამის თევაც კი უწევთ, რადგან არავინ იცის, როდის გამოიტანს"იბერმითი" ხორცს გასაყიდად.

1 კილოგრამის ფასი იქვე 12,50 ლარია. მოვაჭრეები ჩივიან, რომ ხშირად სასაკლაოდან უხარისხო, ცუდად დამუშავებული ხორცი გამოდის, თანაც მცირე რაოდენობით, ისე რომ ხშირად ყველას არც ხვდება. მოვაჭრეების ვერსიით,"იბერმითს" მათი განდევნა უნდა ამ ბიზნესიდან, რათა ხორცის დამუშავების გარდა, მიმწოდებელიც თავად იყოს. აქვე გავიგეთ, რომ"იბერმითი" უკვე ახორციელებს ხორცის დისტრიბუციას თბილისის მსხვილ სუპერმარკეტებსა და ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში.

"ჩვენს უკან ათასობით ოჯახია, ფაქტობრივად, ულუკმაპუროდ გვტოვებენ. ჩემგან ხორცს აღარავინ იყიდის, რადგან"იბერმითი" მონოპოლისტია, ფასს თავად ადგენს და გამოდის, რომ ჩემზე იაფად აწვდის ბაზარს პროდუქციას. ფაქტობრივად, ახალი ხორცის ერთადერთი მიმწოდებელი გამოდის",- გვითხრა რიგში მდგომმა მოვაჭრემ.

საქონლის დაკვლის მომსახურების დროსაც სასაკლაოს მხარეს"სრული უპირატესობაა". მაგალითად, ცოცხალი პირუტყვის პატრონი თავისი საქონლის წონას ვერ აკონტროლებს, რადგან პროცედურები რკინის ალაყაფის მიღმა ხდება და ზოგჯერ ერთ სულ პირუტყვზე 20-30 კილოგრამსაც აკლებენ. სასაკლაო მხოლოდ განსაზღვრულ საათებში მუშაობს, რეგლამენტირებულია ხორცის გაცემაც, ამიტომ ხშირად ძროხასაც და პატრონსაც ლოდინი უწევთ. პატრონს კიდევ რა უჭირს, სასაკლაოს ტერიტორიაზე ისეთი სუნი დგას, ჭამა კარგა ხანს არ მოგინდება, აი, პირუტყვს კი დიდი ხნის განმავლობაში მშიერს ვერ გააჩერებ, ეს, სულ ცოტა, მის წონაზე აისახება. სასაკლაოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოკრული განცხადება კი იუწყება, რომ ერთი სული პირუტყვის სადგომზე გაჩერება და კვება ერთი ღამის განმავლობაში 5 ლარი ჯდება.

ამხელა ხარჯის გაღება კი, ლოგიკურია, არავის უღირს, ამიტომაც ხშირად ცოცხალ პირუტყვს იქვე სასაკლაოს მიჰყიდიან."იბერმითის" ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მათი მობილური ჯგუფები რეგიონებში დადიან და ცოცხალ პირუტყვს ყიდულობენ, შემდეგ სასაკლაოზე კლავენ და სავაჭრო ქსელში გააქვთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხორცპროდუქტების მაღაზიათა ქსელი"იბერულა" კომპანია"იბერმითის" შვილობილია, მონოპოლიური მდგომარეობისთვის საჭირო ბიზნესჯაჭვიც იკვრება. უპირატესი მდგომარეობა ვისაც აქვს, ბაზარს ფასსაც ის კარნახობს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გიმაგრებს ზურგს და შენს სასარგებლო კანონებს გამოსცემს, რომელიც თვალითაც არავის უნახავს.

ზურაბ აბაშიძე ("თავისუფალი დემოკრატების" წევრი):"იმ ადამიანებს, ვისაც თბილისში ხორცი შემოჰქონდათ გასაყიდად, პრობლემა შეუქმნა სახელმწიფომ, მთავრობამ. მოითხოვეს მხოლოდ იმ ხორცის შემოტანა, რომელიც ნატახტარის ან თელეთის სასაკლაოზე დაიკვლება. ეს არის ჩვეულებრივი მონოპოლია და სამარშრუტო ტაქსების ვითარებას მაგონებს, სადაც ტენდერში თითქოს რამდენიმე კომპანია მონაწილეობდა, სინამდვილეში კი ყველა ერთი ქოლგის ქვეშ იყო გაერთიანებული. ამ ხელისუფლებას ერთნაირი პოლიტიკა აქვს ბიზნესის ყველა მიმართულებით. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მომხმარებელი ზარალდება. დღეს აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ახალი ხორცის დეფიციტია და თუ გაგიმართლა და იშოვე, სულ მცირე, 4-5 ლარით არის გაძვირებული.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც მთავარი მარეგულირებელია ამ სფეროში, გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს და რამდენიმე ადამიანის პირად ინტერესს ნუ გადააყოლებს მომხმარებლის უფლებებს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ახლა ხორცის ბიზნესში ხდება, ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის ფინანსური ინტერესებია.

ხორცის მოვაჭრეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური პირები პირადად შეხვდნენ და მათ ეს რეგულაცია გააცნეს. ახლა სურთ, სირაქლემას პოზაში დადგნენ, რადგან აშკარაა, რომ სულ სხვა სამინისტროსა და გუბერნატორის ინტერესებს ემსახურებიან".

P.შ. როგორც ნატახტარში გავიგეთ, კიდევ ერთი სასაკლაო ამჟამად აჭარაში შენდება, მანამდე კი საქართველოს ამ ზღვისპირა რეგიონზე ხორცის გაყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები როგორც ჩანს, არ ვრცელდება.

ეჭვგარეშეა, რომ ეს ვითარება ხორცის იმპორტს გაზრდის. ბაზარზე ძირითადად ინდოეთიდან, აშშ-დან, დომინიკის რესპუბლიკიდან შემოტანილი კამეჩის ხორცი იყიდება, რომლის რეალიზაცია აქამდე მეტწილად იაფ რესტორნებსა და ხორცის გადამმუშავებელ საწარმოებში ხდებოდა. ახლა კი ახალი ხორცის მკვეთრი გაძვირების გამო, იმპორტირებული ხორცის სამომხმარებლო წილი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ციფრების ენით

- 2010 წელს საქართველოში საქონლის ხორცის წარმოებამ 29 200 ტონა შეადგინა. იმპორტირებული იყო 5 527 ტონა საქონლის ხორცი.- საქართველოში სულ 50-ზე მეტი საშუალო და დიდი ზომის ფერმერული მეურნეობაა, თითოეულში დაახლოებით 6 ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია

- 2010 წლის III კვარტლის ბოლოსთვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 1061,1 ათასი იყო.