აუთვისებელი"ყამირი" ტურიზმისთვის - კვირის პალიტრა

აუთვისებელი"ყამირი" ტურიზმისთვის

სახელმწიფომ, კარგა ხანია, ერთ-ერთ უმთავრეს სფეროდ ტურიზმის განვითარება გამოაცხადა, ბოლო წლებში ბიუჯეტიდან ამ მიზნით დიდი თანხები იხარჯება და სტატისტიკისმონაცემებით, ტურისტების რაოდენობაც გაზრდილია.

თუმცა მსოფლიოს ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ტრადიციული ტურიზმის გარდა, ძალიან პოპულარული ხდება ე.წ. ეკოლოგიური და ეთნოტურიზმი.

ეკოტურიზმი დასავლეთის ქვეყნებში 1980-იანი წლების დასაწყისში მომძლავრდა. ასეთი დასვენება გულისხმობს ტურისტების ყოფნას ამა თუ იმ რეგიონის მცხოვრებთა შორის, მათი ყოფა-ცხოვრების სტილის გაზიარებას. ამ ბაზრის ლიდერებია ლაოსი, კენია, ტანზანია, კოსტა-რიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ევროპასა და აშშ-ში ეკოტურიზმის მოყვარულები ხშირად სტუმრობენ ეროვნულ პარკებს. საერთო ჯამში, ბაზარი მართლაც მიმზიდველად გამოიყურება: 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგაც კი ამ ტიპის ტურიზმის ბაზრის ზრდა 20-25%-ია, ხოლო ტურისტები დღეში საშუალოდ $600-ს ხარჯავენ, რაც ტრადიციული ტურიზმის მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს. ეს ამ სფეროში მოქმედი ბიზნესისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, თუ ბიზნესმენი სწორად გათვლის კონცეფციას და ველური, უკაცრიელი ბუნების თანამედროვე ცივილიზაციასთან შეხამებას შეძლებს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მხრიდან მაღალი მოთხოვნა გარანტირებული ექნება.

მაგალითად, ტაილანდის კუნძულ კოკუდზე კომპანია Six Senses Resorts & Spas-მა სასტუმრო Sovena Kiri ააშენა. ნამდვილი ჯუნგლები, ბამბუკის ღობეები და თითქმის აბორიგენთა სახლების მსგავსი ნაგებობა რობინზონ კრუზოს საცხოვრებელს წააგავს. თუმცა აქვეა ელექტროენერგია, საშხაპე ტროპიკულ ბაღში, დიდი აუზი, ტერიტორიაზე Wi-Fi ინტერნეტი და უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი"სასტუმრო ოთახში".

ასეთი სასტუმროს მიზანია, ადამიანები მაქსიმალურად მოწყდნენ ცივილიზაციას, რეალობასა და მყუდრო გარემოში დაისვენონ. ამ ბიზნესის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მალე ფუფუნების საგანი ბრილიანტები კი არა, ველურ ბუნებაში ვილა იქნება. შესაბამისად, არც მათი აშენება-შეძენისთვის დაიშურებენ მილიარდერები დიდ ფულს. ზოგ ასეთ სასტუმროში სეზონზე კლიენტებს დღე-ღამის გატარება შესაძლოა $12 ათასიც დაუჯდეთ, ხოლო ვილისთვის რამდენიმე მილიონსაც გადაიხდიან.

სხვა საინტერესო მიმართულებაა ე.წ. ეთნოტურიზმი, რომელიც ქვეყანაში არსებული ისტორიული თუ კულტურული ძეგლების პოპულარიზაციით ტურისტების ნაკადს მნიშვნელოვნად ზრდის. მაგალითად, პარიზიდან ორიოდე საათის სავალზე, პატარა ქალაქ ბლუაში, დღესაც შესანიშნავად არის შემონახული საფრანგეთის მეფეების რეზიდენცია. საფრანგეთის ხელისუფლებამ ისტორიულ პროვინციაში, მდინარე ლუარის გასწვრივ ულამაზესი ციხე-სიმაგრეების აღდგენა ჯერ კიდევ 1840 წლიდან დაიწყო და დღესაც წელიწადში საშუალოდ 300 მილიონ ევროს ხარჯავს 40 ათასი ისტორიული ძეგლის მოსავლელად. ამხელა ხარჯის მიზანი ნათელია: რატომ არ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ძვირფასი მემკვიდრეობა და რატომ არ უნდა მიიღოს მეტი შემოსავალი? ლუარაში ტურისტების მოძალებით ფრანგული ღვინო, შამპანური, კონიაკი თუ ყველი ბლომად იყიდება და ყველა ხეირობს.

ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ საქართველოს ნამდვილად მოუწევს მსგავსი მაგალითების შესწავლა და დანერგვა. ცხადია, ჩვენს ქვეყანას ჯერ არც 300 მილიონი ევროს დახარჯვის საშუალება აქვს და ვერც ხელუხლებელი ჯუნგლებით მოიწონებს თავს მსოფლიოს წინაშე, თუმცა თავისი გამორჩეული ტურისტული პოტენციალი ნამდვილად აქვს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ თანხას, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო 5,064 მილიონი ლარით არის დაფინანსებული, შარშან კი ამ უწყებამ 8,638 მილიონი მიიღო. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის წლეულს გამოყოფილია 55,681 მილიონი ლარი (შარშან- 66,586 მილიონი), 8 მილიონ ლარამდეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსება, საიდანაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამისთვის 5,5 მილიონი ლარია განსაზღვრული...

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელის თქმით, ეკოტურიზმის კუთხით საქართველოში არის ეროვნული ნაკრძალებისა და აღკვეთილების სტატუსის მქონე ტერიტორიები, რომლებიც ველური ტურიზმის მოყვარულებს აინტერესებთ. ასეთი ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში იზრდება. სახელმწიფო დაცულ ტერიტორიებზე არსებული მარშრუტების კერძო ოპერატორებისთვის გადაცემასაც აპირებს.

ნათია მურაჩაშვილი (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი):"სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა, იმ მუზეუმ-ნაკრძალებში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს ზაფხულში დამსვენებელი ნამდვილად არ აკლია. უკანასკნელ ათწლეულში შარშანდელი მაჩვენებელი გამოირჩეოდა.

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია ორი წელიწადია მიმდინარეობს. იქ დამთვალიერებლები წელიწადის ნებისმიერ დროს მიდიან. იმატა ექსკურსიებმაც ადგილობრივთაგან. ტურიზმზე ორიენტირებული ოპერატორების მეშვეობით მრავალი დამთვალიერებელი დადის კახეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების, ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის დასათვალიერებლად, გერგეტის სამების ტაძრის, ვარძიის მოსანახულებლად. ცხადია, კვლავ დიდია ტურისტების რიცხვი მცხეთაში".

საქართველოს დაცული ტერიტორიები, თუ ეკოტურიზმის განვითარდება, ამისთვის კარგი საფუძველია. პირველი დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 495 892 ჰა (ქვეყნის ტერიტორიის 7%-მდე), საიდანაც 75% ტყით არის დაფარული... საქართველოს უცხოელების წინაშე თავის მოსაწონებელი პოტენციალი ნამდვილად აქვს, მისი სწორად გამოყენება კი ტურიზმის განვითარებას უდავოდ წაადგება.

ციფრების ენით

- საქართველოში 16 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 10 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

- წლევანდელ იანვარ-მაისში, საქართველოს 879 065 ვიზიტორი ესტუმრა, რაც შარშანდელ იმავე დროის მაჩვენებელზე 44%-ით მეტია.

- წლეულს დსთ-ის ქვეყნებიდან შემოსულია 532 210 ვიზიტორი (+46%). სხვა ქვეყნებს შორის თურქეთი ლიდერობს 267 107 ვიზიტორით, აშშ-დან კი 7825 ვიზიტორი შემოვიდა.