რუპერტ მერდოკის წარმატება მარცხის ზღვარზე - კვირის პალიტრა

რუპერტ მერდოკის წარმატება მარცხის ზღვარზე

ვეებერთელა მედიაკორპორაციას რისკებიც ვეებერთელა ახლავს

რუპერტ მერდოკი დიდი ხანია, მსოფლიო მედიაბიზნესის ხატებად იქცა. ახალგაზრდობაში მემკვიდრეობით მიღებული პატარა ავსტრალიური გაზეთიდან, ნიჭიერმა მეწარმემ ტრანსნაციონალური მედია კორპორაცია (News Corp.) შექმნა, რომელიც ორმოცდაათ ჟურნალსა და გაზეთს, ათობით რადიოსადგურსა და ტელეარხს, კინოსტუდიებს, გამომცემლობებსა და ონლაინპროექტებს აერთიანებს. უკანასკნელ ხანს კი 80 წლის მედიამაგნატი თითქოს ალღოს კარგავს. 2007 წელს"დოუ ჯონსის" შესყიდვის შემდეგ"ნიუს კორპის" კაპიტალიზაცია მესამედით შემცირდა, არადა მედიაკომპანიებმა საშუალოდ 18-20%-ით მოიმატეს. წამგებიანი აღმოჩნდა სოციალურ ქსელ"მაისპეისის" შეძენაც; ისიც, რომ 2008 წელს მერდოკმა ფსონი ბარაკ ობამას მოწინააღმდეგეზე დადო... მცირე თუ დიდი შეცდომები"ნიუს კორპის" თავკაცსა და აქციონერებს მილიარდობით დოლარი უჯდებათ. მდგომარეობას ამწვავებს მერდოკის მემკვიდრეების ბრძოლაც მამის სავარძლისთვის.

სენსაცია, ეპატაჟი და არა- ალალმართალი თხრობა- ასეთი გახლავთ ავსტრალიელი მაგნატის ყვითელი, კომერციულად წარმატებული ტაბლოიდებისა (თჰე შუნ-ის მეთაურობით) და სხვა პროექტების მთავარი პრინციპი. მერდოკისთვის დამახასიათებელი მარკეტინგული სვლის მაგალითი იყო 1983 წელს"სანდი ტაიმსში" ჰიტლერის ყალბი დღიურების გამოქვეყნება.

"ჩემი ენთუზიაზმის საფუძველი უამრავი იდეა და ძალიან მცირე ძალაუფლებაა",- თქვა ერთხელ"ნიუს კორპის" დამფუძნებელმა. თუმცა ის ყოველთვის ოცნებობდა არა იმდენად ფულზე, რამდენადაც გავლენაზე და თავისას მიაღწია კიდეც. თითქმის ორი ათწლეულია, მედიამაგნატი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშია, შარშან ჟურნალმა"ფორბსმა" მე-13 ადგილი მიაკუთვნა. მერდოკი წარმატებას დიდად უნდა უმადლოდეს იმას, რომ ტექნოლოგიებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა"ტექნოლოგიური ალღო" ბოლო დროს თითქოს დაუჩლუნგდა.

1997 წელს მედიაკორპორაციის თავკაცი ახალ ინფორმაციულ ერაზე ალაპარაკდა:"ციფრული ინფორმაციის სამყარო მძიმე გამოცდას გადაიტანს და უკიდეგანო შესაძლებლობებს გვიქადის. გაიმარჯვებს ის, ვინც შეძლებს ცვლილებების თავის სასარგებლოდ შემობრუნებას. მთავარი ამოცანაა, ცვლილებები სხვებზე ადრე დაიწყო და სიახლეები სხვებზე ხშირად დანერგო. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც"ნიუს კორპს" XXI საუკუნის მსოფლიო ბაზარზე წარმატებით გაიყვანს". თქმა ქმნაზე ადვილი აღმოჩნდა.

თუკი 1987-97 წლებში, როცა მერდოკი ჟურნალ-გაზეთებსა და ტელეარხებს ყიდულობდა, კორპორაციის კაპიტალიზაცია $7 მლრდ-იდან $30 მლრდ-მდე გაიზარდა, მომდევნო 14 წელიწადში მისი ღირებულება ხან მაქსიმუმამდე იზრდებოდა ($76,5 მლრდ-მდე), 2011 წლის მარტის ბოლოსთვის კი $46 მლრდ-მდე დაეშვა.

რუპერტ მერდოკი- ქაღალდის გენიაა, მისი იმპერია ექსკლუზიური ინფორმაციით აყვავდა, თუმცა მედიამაგნატს საყურადღებო მომენტი გამოეპარა. დღეს ტრადიციული მედიისთვის ძნელია ინტერნეტის ოპერატიულობასთან ბრძოლა. მერდოკმა სისწრაფის შეგრძნება დაკარგა,- მიაჩნიათ კრიტიკოსებს. ონლაინსფეროში მერდოკის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სოციალური ქსელი"მაისპეისია"."სხვა ქსელში აღმოჩნდა"

შარშან დეკემბერში"ნიუს კორპმა" აღიარა, რომ არ გამორიცხავს"მაისპეისის" თუნდაც წამგებიანად გაყიდვას. 2005 წელს მერდოკმა იმ დროისთვის პოპულარული სოციალური ქსელი $580 მლნ-ად იყიდა, მაგრამ დღეს ქსელის პოტენციური მყიდველები"გუგლი" და"მაიკროსოფტი", მასში $200 მლნ-საც არ გადაიხდიან. მერდოკმა წააგო-"მაისპეისმა" უკან დაიხია, სამაგიეროდ"გაისროლა" მარკ ცუკერბერგის"ფეისბუკმა". მან რამდენიმე წელიწადში ნახევარი მილიარდი მომხმარებელი მიიზიდა და ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი გახდა. ამჟამად"მაისპეისის" ერთი თვის აუდიტორია 60 მლნ ადამიანია,"ფეისბუკს" კი რეგულარულად 150 მლნ სტუმრობს. 2010 წელს"მაისპეისს" სარეკლამო შემოსავალი თითქმის 40%-ით შეუმცირდა ($347 მლნ).

მის მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეეძლოთ ვებგვერდების საკუთარ სურვილებზე მორგება, მაგრამ როცა გაჩნდა მკაფიო, მოსახმარად ადვილი და ფუნქციურად მდიდარი"ფეისბუკი", მომხმარებლები"ქაოსიდან წესრიგზე" გადაერთნენ."მაისპეისმა" კი, უმსხვილეს კორპორაციაში გაწევრებით, მობილურობა და ოპერატიულობა დაკარგა. დიდი როლი ითამაშა მედიამაგნატის სიხარბემ. 2005 წელს ქსელი თვეში $1 მლნ-ს გამოიმუშავებდა, მაგრამ მერდოკმა იცოტავა და ქსელი რეკლამებით გააჯერა.

წარმატება დაუჯერებელი იყო: წელიწად-ნახევარში შემოსავალი 50-ჯერ გაიზარდა, თუმცა ხანმოკლედ."მაისპეისის" სარეკლამო შემოსავალში ლომის წილი"გუგლის" ექსკლუზიურ პარტნიორულ პროგრამას ედო. რეკლამით გადატვირთვის გამო ქსელი ზვავის სისწრაფით კარგავდა მომხმარებელს და 2008 წელს"გუგლმა" კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. მერდოკი თითქოს არ დაბნეულა, ყველაფერი კრიზისს დააბრალა, შეამცირა დაბანდებები და პერსონალის მესამედიც. მაგრამ დრო ხელიდან იყო გაშვებული.

მონეტიზაცია მერდოკისებურად

"ნიუს კორპის" დამაარსებელმა სოციალური ქსელებისადმი ინტერესი დაკარგა და მისი ახალი იდეფიქსი მორიგი ინტერნეტრევოლუცია გახდა. დაასკვნა, რომ ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული რეკლამაზე და თუ ხარისხიანი კონტენტი სურს, ფული ინტერნეტის მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს, კორპორაციას დიდი ხანია ფასიან საკაბელო და თანამგზავრული ტელევიზიები ჰქონდა, თუმცა შარშან ფასიანი გახადა უმსხვილესი გამოცემების:"უოლ სტრიტ ჯორნელის","ტაიმსისა" და"სანდი ტაიმსის" ვებგვერდები. რამდენიმე თვეში გაზეთებმა ონლაინაუდიტორიის 60-90% დაკარგა. მედიამაგნატი ამას დიდად არ შეუწუხებია, მისი ლოგიკით, მილიონობით"უფასო" მომხმარებელს ასი ათასობით"ფასიანი" სჯობს.

ზოგიერთი გამომცემელი წამოწყებას იწონებს. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე თვეში"ტაიმსმა" დიდ ბრიტანეთში 200 ათასი ახალი ხელმომწერი შეიძინა, მათგან 105 ათასი სწორედ ინტერნეტში. ეს კარგი შედეგია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინტერნეტმკითხველი ჯერჯერობით"მზად არ არის", ხელმოწერას მომავალი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ეს სამი-ხუთი წლის შემდგომი პერსპექტივაა.

სიახლე იყო გაზეთ"დეილის" შექმნა პლანშეტური კომპიუტერებისთვის. ის 2011 წლის 2 თებერვალს ამოქმედდა და მისი წაკითხვა მხოლოდ iPad-ის მფლობელებს შეუძლიათ, თუ კვირაში 99 ცენტრს არ დაინანებენ, თუმცა მანამდე ამგვარი პლანშეტური გამოცემა"აიპადისთვის" ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა 2010 წლის დეკემბერში გამოუშვა. მერდოკს ეს მიმართულება სტრატეგიულად მიაჩნია და თუ ის წარმატებული გამოდგა, მაგნატი ტიპოგრაფიული, გავრცელებისა და ენერგოდანახარჯების მკვეთრად შემცირებას იმედოვნებს. ახალ"სათამაშოში" ბიზნესმენმა $30 მლნ დოლარი დააბანდა, რაც"ნიუს კორპისთვის" რაღაც გროშებია.

მეორედ იმავე მდინარეში?!

ინტერნეტი ინტერნეტად, მაგრამ აუდიტორიაზე უდიდესი გავლენა მაინც ტელევიზიას აქვს, რაშიც რუპერტ მერდოკი სულ სხვა თანხებს დებს. ამჯერად მედიამაგნატის ამოცანა ბრიტანულ ტელექსელ BSYB-ის აქციების 61%-ის შესყიდვაა (39%-ს მისი ვაჟი ჯეიმს მერდოკი ფლობს).

"ნიუს კორპი" გეგმავს, მისი კუთვნილი წამგებიანი, მაგრამ გავლენიანი არხი შკყ ნეწს-ი საჯარო კომპანიად გადააქციოს და აქციების 60,9% გადაუნაწილოს BშკყB-ის აქციონერებს. უკმაყოფილო კონკურენტები ყველანაირად ცდილობენ ამ გეგმების ჩაშლას და მარეგულირებელს ბრიტანულ მედიასივრცეზე მერდოკის გავლენის გაძლიერებაზე მიუთითებენ. რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ეს წამოწყება, ძნელი სათქმელია, არადა, ინვესტიციის მოცულობა მერდოკისთვისაც ერთობ შთამბეჭდავია ($12,7 მილიარდი).

ანუ ბიზნესმენი მზად არის, ტელეკომპანიაში თავისი 17 წლის მოგება ჩადოს. ეს იმ ამბავს ჰგავს, როცა"დოუ ჯონსის" ყიდვისას ("უოლ სტრიტ ჯორნელზე" კონტროლის დასამყარებლად), გარიგების ფასი 15-ჯერ აღემატებოდა ამერიკული ჰოლდინგის წმინდა მოგებას. შედეგად, ეკონომიკური უკუგება არ ყოფილა, მეტიც, ბოლო ოთხ წელიწადში"ნიუს კორპის" აქციონერებმა ჯამში $20 მილიარდი დაჰკარგეს.

მერდოკი ყიდულობს პრემიუმკლასის აქტივებს და ამისთვის ძალიან დიდ ფასს იხდის, სამომავლო მოგების იმედად, თუმცა ცხადია, რამე გარანტია არ არსებობს. აქ გასათვალისწინებელია მილიარდერის ასაკიც და ისიც, რომ კორპორაციის წილებისთვის უკვე დავობენ მისი მრავალრიცხოვანი მემკვიდრეები: მერდოკს სამი ცოლისგან ექვსი შვილი ჰყავს. დასავლურ პრესაში არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მერდოკი ოჯახურ კამათს მეტ დროს უთმობს, ვიდრე მედიაბაზარს და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც ღალატობდეს ალღო. ორი შვილი- ჯეიმსი და ელიზაბეთი"ნიუს კორპის" დირექტორთა საბჭოს წევრები არიან.

სამი წლის წინ მერდოკმა განაცხადა, რომ მისი ყველა შვილი კომპანიაში წილს მიიღებს, ოთხ უფროს შვილს კი გარანტირებული აქვს ხმა დირექტორთა საბჭოში. თუმცა ამ შემთხვევაში"ნიუს კორპი" შესაძლოა ჩიხში აღმოჩნდეს. ორი ხმა ორის წინააღმდეგ- პატური მდგომარეობაა. თუმცა ჯერჯერობით განწყობა ოპტიმისტურია. 2008-2009 წლების ჩავარდნის შემდეგ კორპორაციის შემოსავალმა 2010 წელს $33 მლრდ-ს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგებამ $3,13 მლრდ-ს მიაღწია.