სამკურნალო წყალი ფართო შესაძლებლობებით - კვირის პალიტრა

სამკურნალო წყალი ფართო შესაძლებლობებით

მიწის სიღმიდან ამომავალ სამკურნალო, მინერალურ წყლებს საქართველოს ბევრ კუთხეში შეხვდებით, მაგრამ "საირმე" ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია.

განსაკუთრებულია წყალი, მისი სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე და თავად კურორტი, რომელიც უნიკალური კლიმატური პირობებითა და ბევრი სხვა სიკეთით ხასიათდება.

რა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება მინერალური წყალი "საირმე", რეკომენდებულია თუ არა მისი მიღება პროფილაქტიკისთვის და ბავშვებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში დოზების დაცვა - ამ და სხვა საკითხებზე ექიმს, კურორტოლოგ-ბალნეოთერაპევტ ნანა გულუას ვესაუბრეთ.

"საირმემ, როგორც კურორტმა ფუნქციონირება გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. სწორედ ამ დროს დაიწყო მინერალური წყლების შემადგენლობისა და სამკურნალო თვისებების შესწავლა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა, მოიშალა. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, კურორტის განვითარებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. საბედნიეროდ, საირმის განვითარების კომპანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად,  დიდი შრომა გასწია და ვითარება საირმეში რადიკალურად გამოასწორა.

დღეს კურორტი საირმე დამსვნებლებს ბევრ სიახლეს სთავაზობს. დავიწყოთ იმით, რომ საირმე გახლავთ ბალნეოლოგიური პროფილის კურორტი, უნიკალური კლიმატითა და ადგილმდებარეობით, სადაც მინერალური წყლებით გასტროენტეროლოგიური და უროლოგიური პროფილის პაციენტებს მკურნალობენ. საირმის რეაბილიტაციის შემდეგ დამსვენებლებს მიიღებს საერთაშორისო დონის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ-სარეაბილიტაციო და ტურისტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც გარდა ტრადიციული ბალნეოპროცედურებისა, დამსვენებლებს ასევე სთავაზობენ საირმესთან  ახლოს ე.წ. "უდაბნოში" განახლებულ სპა-ცენტრს, რომელშიც შესაძლებელია შემდეგი პროცედურების ჩატარება:

ბალნეოთერაპია, ჰიდროთერაპია, ჰიდროკოლონოთერაპია, მასაჟი, ფიტო-ბარი-ჟანგბადის კოქტეილები, პელოიდოთერაპია (ტალახით მკურნალობა) სატრენაჟორო დარბაზი და სხვა. აქვე ფუნქციონირებს პოლიკლინიკა, სადაც პაციენტებს მოემსახურებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები: გასტროენტეროლოგი, უროლოგი, თერაპევტი, პროქტოლოგი, კარდიოლოგი, დიეტოლოგი.

- სამკურნალო კურსს დამსვენებელს ექიმი დაუნიშნავს?

- დამსვენებელმა სურვილისამებრ უნდა მიმართოს პოლიკლინიკის თერაპევტს, რომელიც ანამნეზის შეკრების და პირველადი გამოკვლევების შემდეგ დამსვენებელს საჭიროებისამებრ მიავლენს ვიწრო სპეციალიზაციის ექიმთან, რომელიც თავის მხრივ, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევებით დასვამს დიაგნოზს. შემდეგ ბალნეოთერაპევტი გახსნის საკურორტო წიგნაკს, სადაც აღნიშნული იქნება საჭირო ბალნეოპროცედურების ნუსხა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაცილებით ეფექტურია "საირმის" წყლებით კურორტზე მკურნალობა.

- რამდენად მნიშვნელოვანია წყლის მიღებისას დოზების მკაცრად დაცვა?

- აუცილებელია, რადგან წყლის ჭარბი რაოდენობით მიღება სასურველი არ არის. ყველა პაციენტმა უნდა იმოქმედოს ექიმის დანიშნულების მიხედვით, ასევე სპა ცენტრში პროცედურების დოზირებასა და რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი ბალნეოთერაპევტი. სპა ცენტრის ძირითად ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს მინერალური, უფრო კონკრეტულად კი სულფატურ-კალციუმ-ნატრიუმიანი წყალი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პროცედურის სახით. საქართველოს კურორტოლოგთა მიერ შესწავლილია და შემუშავებულია სრულყოფილი მეთოდიკა, დოზირება და ხანგრძლივობა, რაც უკუჩვენებების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. აუცილებლად მინდა დავამატო, რომ კურორტზე დასაქმებულები არიან ადგილობრივი სპეციალისტებიც, რომლებსაც გარდა იმისა, რომ დიდი გამოცდილება აქვთ, საირმის განვითარების კომპანიის გადაწყვეტილებით, დამატებით ჩაუტარდათ გადამზადებაც, რათა დამსვენებლებმა უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

- რამდენად სასარგებლოა მინერალური წყალი "საირმე" ბავშვებისთვის?

- პროფილაქტიკისთვის, პრევენციისთვის და რეაბილიტაციის მიზნით ძალიან კარგია, მაგრამ ხაზს ვუსვამ - ამ შემთხვევაშიც აუცილებელია დოზირება!

- რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება საირმის წყალი?

- ყველა დაავადების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ იმ დაავადებების ჩამონათვალს გავაკეთებ, რომელთა სამკურნალოდაც ყველაზე ხშირად გამოიყენება. ეს დაავადებებია: ნერვული სისტემის აშლილობა, ნევროზი, ნევრიტი, პოლინევრიტი, რადიკულიტი, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები - ვაგინიტი, სალპინგოოფორიტი, ენდომეტრიტი, უშვილობა;

გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის – ანგიონევროზები, ჰიპერტონია; ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემების დაავადებები-ართრიტი, პოლიართრიტი, ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, მიოზიტი, ტრავმების შემდგომი რეაბილიტაცია; უროლოგიური - ურეთრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, იმპოტენცია, შარდკენჭოვანი დაავადებები (კენჭის ზომის გათვალისწინებით), საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები-გასტრიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი, კოლიტი და სხვა. სწორედ ამ დაავადებების მკურნალობა ხდება უდაბნოს სპა-ცენტრში, რომლის რეაბილიტაციაც გერმანულ კომპანია "კრაფტთან" ერთად მოხდა და ცენტრი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. უახლოეს მომავალში სპა-ცენტრი გაცილებით მეტი სახის მომსახურებას დანერგავს და შესთავაზებს მომხმარებელს.

- ზოგადად რამდენი სახის სამკურნალო წყალი გვხვდება საირმეში?

- მოდით, ასე ვთქვათ: საირმეში 2 ტიპის წყალი გვხვდება და თითოეულ მათგანს აქვს თავისი დატვირთვა, მიღების წესი, დრო და რაოდენობა ამა თუ იმ დაავადების დროს. პირველზე, რომელიც აბაზანების სახით გამოიყენება, უკვე ვისაუბრე, ახლა ვთქვათ მეორე მინერალურ წყალზე, რომელიც პაციენტმა უნდა დალიოს.

ჩამონათვალი ამ შემთხვევაშიც უსაზღვროდ ვრცელია. წყლის მიღება ენიშნებათ პაციენტებს ქრონიკული გასტრიტის დროს გამწვავების ფაზის გარეშე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რემისიისა და არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენისადმი მიდრეკილების გარეშე. ასევე, ჰეპატიტის (არააქტიურ ფაზაში, დაავადებიდან 1-2 თვის შემდეგ), ღვიძლის ფუნქციის მცირე დარღვევებისას, ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს, ქრონიკული პიელონეფრიტის შემთხვევაში რემისიის ფაზაში, შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს.

სასმელი მინერალური წყლების მიღება კურორტულ პირობებში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ღვიძლში, აძლიერებს ნაღვლის წარმოშობასა და გამოყოფას და იწვევს ბილირუბინის, ქოლესტერინის და ქოლის მჟავას კონცენტრაციის მომატებას ნაღველში. ასევე აძლიერებს პანკრეასის წვენის გამოყოფას და მათში ბიკარბონატების მომატებას; მნიშვნელოვნად აძლიერებს და აჩქარებს რეგენერაციულ ფუნქციას; იცვლება ჟანგვა-აღდგენითი ფერმენტების აქტივობა, აქვს ანტიოქსიდანტური და სედატიური ეფექტი. მინერალური წყლები იწვევს კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფის სტიმულაციას, შინაგან ორგანოთა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ამ ეფექტს ემთხვევა სისხლში ჰორმონ გასტრინის მომატებაც.

ექიმმა მინერალური წყლების გამოყენებისას მკურნალობის ტექნიკა უნდა შეარჩიოს საჭმლის მომნელებელი ორგანოების საწყისი ფუნქციური მდგომარეობისა და მინერალური წყლის ფიზიკო-ქიმიური შედგენილობის სპეციფიკური მოქმედების გათვალისწინებით."

"საირმის რეაბილიტაციის კომპანიამ" კურორტი რამდენიმე თვეში თანამედროვე სტანდარტებს მიუსადაგა. დამსვენებლებს დახვდებათ 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სრული კომფორტი და მისაღები ფასები. სტუმრებს საირმეში უკვე 5 ივლისიდან ელიან, ასე, რომ იჩქარეთ.

240-45-45; 899-09-37-03;  www.sairme.com.ge;

info@sairme.com.ge

R