რატომ არის უმუშევართა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი - კვირის პალიტრა

რატომ არის უმუშევართა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი

"ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 22%-ზე მეტია, ანუ ყოველი 100 ეკონომიკურად აქტიური ადამიანიდან 22 უმუშევარია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენია ქვეყნიდან წასული, გამოდის, რომ ჩვენი შრომის ბაზარი ვერ იტევს ყველა მსურველს. მათი ნაწილი ქვეყანაში რჩება და ბედის გაღიმებას ელოდება - სამსახურის შოვნამ, გამართლების მხრივ, ტოტალიზატორის დატვირთვა მიიღო"

ქვეყნის წინაშე წამოჭრილი ყველა პრობლემის ფონზეც უმუშევრობა მთავარ პრობლემად რჩება. დაუსაქმებლობა და არაკვალიფიციურობა მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილებია. როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა და მასთან ბრძოლის რა გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებს? ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.

- დიახ, უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით მოსახლეობა შემცირდა. დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობაც თითქმის 3-ჯერ არის შემცირებული და მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებას შეესაბამება.

ასეულათასობით ჩვენი თანამოქალაქე უცხოეთში საქმიანობს და საქართველოში ყოველწლიურად რომ იზრდება ფულადი ტრანზაქციები, სწორედ ამის შედეგია. დაახლოებით 1,8 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები შემოდის და ამ თანხამ თითქმის უკვე 3-ჯერ გადააჭარბა უცხოური ინვესტიციების მოცულობას, ამიტომაც სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, დიდი ხანია, პირველ ადგილზე უმუშევრობაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი კი უკან ინაცვლებს.

ყოფითმა პრობლემებმა დაჩრდილა ზოგადსახელმწიფოებრივი სტრატეგიული ამოცანები. მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიური სარჩო-საბადებლის შოვნის პრობლემის წინაშე დგას და მაღალ მატერიებთან შეჭიდების არც ფიზიკური, არც ინტელექტუალური რესურსი და დრო აღარ რჩება. ეს დიდი გამოწვევაა სახელმწიფოსთვის - არა მარტო პრესტიჟის თვალსაზრისით, არამედ მისი უსაფრთხოების, მდგრადობისა და განვითარების პერსპექტივისთვისაც.

- დღევანდელი უმუშევრობის დონე ციფრებით როგორ გამოიხატება?

- ბოლო მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 22%-ზე მეტია, ანუ ყოველი 100 ეკონომიკურად აქტიური ადამიანიდან 22-ს სამუშაო არ აქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენია ქვეყნიდან წასული, გამოდის, რომ ჩვენი შრომის ბაზარი ძალიან მოკრძალებულია. ის ვერ იტევს ყველა მსურველს. მათი ნაწილი ქვეყანაში რჩება და ბედის გაღიმებას ელოდება - სამსახურის შოვნამ, გამართლების მხრივ, ტოტალიზატორის დატვირთვა მიიღო. მეორე დიდი ნაწილი, რომელმაც ქვეყანაში სამუშაოს შოვნის იმედი დაკარგა, აქედან წავიდა. გარდა ამისა, ქვეყანაში ზოგიერთ სპეციალობაზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ მიწოდების რესურსი არ არის. სამაგიეროდ, მიწოდება ხდება სხვა მიმართულებით, რომელზეც მოთხოვნა არ არის. ანუ გვაქვს სტრუქტურული უმუშევრობა. ხომ გახსოვთ, ორი ათეული წლის წინ საქართველოში მაღალკვალიფიციური შემდუღებლები ვერ იშოვეს სუფსის ნავთობსადენის მშენებლობისთვის და იძულებული გახდნენ, ისინი პაკისტანიდან ჩამოეყვანათ. ვტრაბახობთ მედიაც, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც, ზოგი მეცნიერიც, რომ ჩვენთან სამუშაო ძალა იაფია. მოდი, შევაბრუნოთ კითხვა:

კარგი და პერსპექტიულია სამუშაო ძალის სიიაფე? ის ხომ მხოლოდ მიწოდების მეტობაზე არ მიანიშნებს, არამედ იმაზეც, რომ სამუშაო ძალა შედარებით დაბალკვალიფიციური, არაკონკურენტუნარიანია არათუ გარე ბაზარზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც და არ შეუძლია დიდი რაოდენობით დამატებული ღირებულების წარმოება.

ჩვენი მიზანი კი რა არის? ჩვენ გვინდა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ დროის ერთეულში გაცილებით მეტი დამატებული ღირებულების შექმნა კონკრეტული პროდუქციისა და მომსახურების სახით. სტრატეგია აქეთ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა მაღალ ანაზღაურებასაც ითხოვს.

- როგორ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა, რომ საქონლის სიიაფეს, შრომის მაღალ მწარმოებლურობასა და მაღალ ანაზღაურებას მივაღწიოთ? - ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმდენი პროდუქციის წარმოება, რომ იყოს მასშტაბის ეკონომია, ანუ ხელფასის წილი წარმოებული პროდუქციის ერთეულის მიმართ იმდენად მცირე იქნება, რომ ფასების ზრდაზე გავლენას ვერ მოახდენს. ასე იქცევა ყველა ქვეყანა, ჩვენი მეზობელი თურქეთით დაწყებული, ნიდერლანდებით დამთავრებული. ისინი ორიენტირებული არიან არა მხოლოდ შიდა, არამდე მსოფლიო ბაზარზე. საქართველოს შიდა 3,7-მილიონიანი ბაზარი გადახდისუნარიანობით შეესაბამება შუაგულ ევროპაში მცხოვრები 350-370 ათასი მომხმარებლის მოთხოვნას, თუმცა ევროკავშირის მოსახლეობა ნახევარი მილიარდია, ამიტომ შიდა ბაზარზე ორიენტაცია შვებას ვერ მოგვცემს. და მეორე პრობლემა - რომელ დარგებში უნდა მივაღწიოთ გარღვევას.

ჩვენი ტრადიციული კულტურის თანახმად, სულ ღვინოზე ვაკეთებთ აქცენტს და გვიხარია, რომ რაც შეიძლება მეტი ღვინო გავიდეს ქვეყნიდან, მაგრამ შევხედოთ ვენახების ფართობებს! დავუშვათ, მათ ახლანდელთან შედარებით გავაორმაგებთ და მსოფლიოს ბაზარზე გავიტანთ ფრანგული ღვინის ფასად, რომელიც ქართულ ღვინოზე 40-50%-ით ძვირი ღირს. მაქსიმალური შედეგი, რომელსაც შეიძლება წლების შემდეგ მივაღწიოთ ისე, რომ ბაზარზე იყოს მოთხოვნაც და რეალიზაციაც, არის 650-700 მილიონ დოლარამდე ღირებულების ღვინო. ეს ის მაქსიმუმია, რისი რესურსიც დღეის მდგომარეობით გააჩნია ქართულ წარმოებას, ამიტომ ეს არ არის ის პერსპექტივა, რომელზეც ორიენტაცია უნდა ავიღოთ.

- მაშ, რა ვქნათ? - ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმაზე, სადაც იარსებებს მეცნიერული მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები, მსოფლიოს წამყვან იმ მწარმოებლებთან მუშაობის გამოცდილება, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მწარმოებლურობით, ტექნოლოგიური ნოვაციებით, დაწყებული აეროკოსმოსური წარმოების სხვადასხვა კომპონენტთან კოოპერირებით, თვით აგრარულ სექტორშიც კი თანამედროვე მიღწევების გამოყენებით დამთავრებული. მაგალითად, ისრაელმა შეძლო და მიწა იქ უკვე აღარ არის მოსავლიანობის ზრდისა და წარმოების მატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.

ნიდერლანდებში, მოგეხსენებათ, ჩვენთან შედარებით გაცილებით რთული კლიმატური პირობებია, მაგრამ მისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 100 მილიარდ დოლარს აღწევს. მათ შორის მარტო ყვავილებისა და მცენარეების ექსპორტის ღირებულება დაახლოებით 11 მილიარდია. აი, რა მასშტაბებზეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ სწორედ თანამედროვე მეცნიერებისა და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვაზე არიან ისინი ორიენტირებული.

ჩვენც მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განათლებაში, არა - ფორმალურად დიპლომის მიმღებთა რაოდენობის გაზრდით, არამედ სწორედ ისეთი სპეციალისტების მომზადებით, რომლებზეც არსებობს და მომავალშიც გაჩნდება მოთხოვნა. 7-8 წელიწადში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილება სრულიად შეიცვლება, გაჩნდება ახალი სპეციალობები და იმ ახალ სპეციალობებთან მოუწევს ადაპტაცია ახლანდელი კურსდამთავრებულების თუ მომუშავე ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს. ადამიანს დასჭირდება მუდმივი სწავლა და გადამზადება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქართული რეალობისთვის აქილევსის ქუსლია - ბოლო ათწლეულებში დარღვეულია თანაფარდობა უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების პირთა მომზადების მხრივ. მათი ყოველწლიური გამოშვება თითქმის თანაბარი უნდა იყოს. რა რაოდენობითაც უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტებს უშვებენ ჩვენი უნივერსიტეტები, არანაკლები უნდა იყოს საშუალო-სპეციალური განათლების მქონეთა რიცხვი. ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათასის დეფიციტს განვიცდით, სულ კი, დღევანდელი ჩვენი ეკონომიკის მოთხოვნის გათვალისწინებით, 120-130 ათასი სპეციალისტი - ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, შემდუღებელი, მშენებელი და ა.შ. გვაკლია. დროის მოთხოვნებს კი არ უნდა ჩამოვრჩეთ, არამედ წინ უნდა ვიხედებოდეთ, მზადების პროცესი 1-2 ნაბიჯით უნდა უსწრებდეს ბაზრის კონიუნქტურას.

თუ შევძლებთ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების თვალსაზრისით გარკვეული პროპორციების ჩამოყალიბებას, თანაც იმ სპეციალობებში, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს და მომავალში უფრო გაიზრდება, მაშინ ჩვენ მართლაც გვეყოლება კვალიფიციური სპეციალისტები.

ნებისმიერი სპეციალობით მიღებული ცოდნა მორალურად ძალიან მალე, 6-8 წელიწადში ძველდება, ამიტომ დროის მოთხოვნის შესაბამისად ყოველი წარმოება, კერძო თუ სამთავრობო დაწესებულება თავისი სპეციალისტების გადამზადებას, ცოდნის ამაღლებას გარკვეული თემატური პრობლემების შესაბამისად ცდილობს. მეტსაც გეტყვით: მომავალში შეიძლება მივიღოთ სურათი - და ამის რეალური კონტურები უკვე იკვეთება - რომ სამსახურის დასაწყებად ან კარიერული ზრდისთვის დიპლომი აღარ იქნება მაგიური ძალის მქონე, იმიტომ, რომ საჭირო იქნება გარკვეული ცოდნის, ნიშან-თვისებების ერთობლიობა და ამისთვის შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს კონკრეტული კურსების გავლაც კი. გადამზადება საყოველთაო ხასიათს მიიღებს. ასე იქცევა ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი კერძო კომპანია დასავლეთში და საკუთარი ხარჯით უმაღლებს კვალიფიკაციას თანამშრომლებს. Mმეტიც - ისინი აქტიურად თანამშრომლობენ უმაღლეს სასწავლებლებთან და თავიანთი მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ ახალგაზრდა სტუდენტებში ეძებენ მომავალ თანამშრომლებს. აი, ასეთი კავშირი არსებობს ბიზნესსა და უმაღლეს სკოლას შორის. ამის ნიშნები უკვე ჩვენთანაც არსებობს, მაგრამ ისეთი უმნიშვნელო, რომ რამე გარღვევაზე ლაპარაკი ნაადრევია.

ჩვენ გვინდა უმუშევრობის დაძლევა არა მარტო იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დადიოდნენ უმუშევრები და მათ ჰქონდეთ შემოსავალი, არამედ იმისთვისაც, რომ უმუშევრობის შემცირებამ ხელი შეუწყოს ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებას, ეკონომიკური სისტემის მდგრადობას, რასაც მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება მოსდევს, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ადამიანების წარმოებული პროდუქცია, საქონელი, მომსახურება არის თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისი. ამიტომ ჩვენ სტრატეგია უნდა მივმართოთ იქით, რომ შევძლოთ მაღალი ხარისხის, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის მიწოდება-რეალიზაცია მსოფლიოს ბაზარზე. ამ მიზანს უნდა დავუქვემდებაროთ ჩვენი შიდა წარმოების ორგანიზებაც, წარმოების, ბიზნესისა და სწავლების პროცესის ურთიერთკავშირიც.

თუ ამას შევძლებთ, ეს აამოძრავებს მთელ სისტემას და სასურველ შედეგსაც მოგვიტანს. მხოლოდ ცალკეული ასპექტების განხილვა ისე, რომ ისინი არ დავუკავშიროთ ეკონომიკის სხვა კომპონენტებს, არ იქნება შედეგის მომტანი.