"ბილაინი" აგრძელებს ქველმოქმედებას - კვირის პალიტრა

"ბილაინი" აგრძელებს ქველმოქმედებას

"ნათელი ფერები ბავშვებს" - "ბილაინის" სოციალური პასუხისმგებლობის აქცია გრძელდება. ამჯერად კომპანია "ბილაინმა" საქველმოქმედო აქცია ქალაქ მარნეულში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "მერცხალთან" ერთად წამოიწყო.

ტრადიციისამებრ, "ბილაინის" ახალი აქციის დაწყება მარნეულში კომპანიის ახალი მომსახურების ოფისის გახსნას დაემთხვა.

აქციის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, "ბილაინის" ნებისმიერი აბონენტი, რომელიც მარნეულში "ბილაინისგან" მობილურ ტელეფონს ან სასტარტო პაკეტს შეიძენს, საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდება.

საქველმოქმედო აქციის პირობების თანახმად, მობილური ტელეფონის ღირებულებიდან ერთი ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი მარნეულში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის განვითარებას მოხმარდება.

მარნეულში "ბილაინის" ახალი მომსახურების ოფისი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა გახსნა და მარნეულის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები მობილური ტელეფონებით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ "ბილაინის" მარნეულის ოფისში კიდევ 7 ადამიანი დასაქმდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ადგილზე მიუწვდება ხელი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი მობილური ოპერატორის მომსახურებაზე.

ანდრეი პიატახინი (კომპანია "ბილაინის" გენერალური დირექტორი): "ბილაინის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო აქცია განკუთვნილია ბავშვებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზრუნველობა. მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა "ბილაინის" ახალ აბონენტებსაც შეეძლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ამ კეთილ საქმეში. "ნათელი ფერები ბავშვებს" როგორც დაგპირდით არ არის ერთჯერადი აქცია და ის ფაქტი, რომ ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება, ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ვიშოვოთ ფული ჩვენი ბიზნესით, არამედ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავუწიოთ სოციალური დახმარება გარშემომყოფებს. ყოველ ახალ ქალაქსა თუ დაბაში, სადაც ჩვენ შევალთ და გავხსნით ახალ ოფისს, აუცილებლად დავეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებულ საქმეს და სურვილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი შევძლოთ. რაც უფრო იზრდება ჩვენი აბონენტების რაოდენობა, მით მეტი შესაძლებლობა გვიჩნდება დავეხმაროთ ბავშვებსა და მათ, ვისაც ეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ახლო მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ "ბილაინის" მომსახურების ოფისების გახსნას და ასეთ აქციებს იქაც მოვაწყობთ. ჩვენ ამჟამად 16 მომსახურების ოფისი გვაქვს, რომლებიც მდებარეობს თბილისში, ზუგდიდში, ფოთში, ბორჯომში, ოზურგეთსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. როგორც ხედავთ, ჩვენი კომპანია სწრაფად იზრდება და იზრდება ჩვენი ოფისების რაოდენობაც. ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის ისტორიის დასაწყისია, გაგრძელება კი ძალიან ნათელი და ფერადი იქნება, როგორც ჩვენი აბონენტებისთვის, ასევე ყველა იმ სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის, ვის გვერდში დგომასაც კომპანია "ბილაინი" აპირებს."

თეონა ბაღდავაძე (კომპანია "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): "სოციალური პასუხისმგებლობის აქცია "ნათელი ფერები ბავშვებს", უკვე ერთი წელია ხორციელდება როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მიერ წამოწყებული საქმე, რაც ამ შემთხვევაში ბავშვთა სახლებზე ზრუნვას გულისხმობს, ბოლომდე მივიყვანოთ და ერთჯერადი აქტივობებით არ შემოვიფარგლოთ."

მაია არაბული (მარნეულის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი): "ამ სარეაბილიტაციო ცენტრში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების შვილები დადიან და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის  კურსს გადიან. სულ 30 აღსაზრდელი გვყავს. "ბილაინის" ეს აქცია და ამ ბავშვების დასახმარებლად გადარიცხული ყოველი თეთრი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცენტრში ძალიან ბევრი რამ გვჭირდება, რადგან ახალი გახსნილია და კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ცენტრში გვაქვს ბევრი ისეთი სერვისი, რაც აუცილებლად სჭირდებათ ბავშვებს, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი სახსრები, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ.

პირველი თანხით, რომელიც ამ საქველმოქმედო აქციით შემოვა, ბავშვებისთვის შევიძენ ტელევიზორს, "DVD"-ის და პრინტერს. სხვათა შორის, ჩვენთან ცენტრში ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებიც ქართულად ვერ მეტყველებდნენ. ექვსი თვეა, რაც ჩვენი ცენტრი არსებობს და დღეს ეს ბავშვები უკვე თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად, მონაწილეობენ ქართულ სპექტაკლებშიც, მღერიან და ცეკვავენ ქართულ ცეკვებს. ცხოვრების პირობების გამო ისინი დათრგუნვილი, საზოგადოების მიერ იგნორირებული ბავშვები არიან, ახლა კი ამ ცენტრის დახმარებით თვითშეფასების უნარი აუმაღლდათ და ძველებურად აგრესიულებიც აღარ არიან. "ბილაინის" აქცია დაეხმარება მათ, რომ მეგობრებივით მათაც შეძლონ ელემენტარული რამის შეძენა, ექსკურსიაზე წასვლა და სხვა."

ნიკა ჩაჩანიძე (მარნეულის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული): "სულაც არ არის რთული, იყო წარჩინეული მოსწავლე, მთავარია მოინდომო. საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით, წარჩინებულთა პირველ ათეულში მოვხვდი. უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ვნერვიულობდით, როდესაც ყველა საგანში გამოცდა დაინიშნა, მაგრამ ყველაფერს კარგად გავართვით თავი. რა თქმა უნდა, როდესაც გამოცდებს ვაბარებდი, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ შესაძლებელი იყო ამ წარჩინებისთვის კომპანია "ბილაინს" დავეჯილდოებინე, მაგრამ ამ მოულოდნელმა საჩუქარმა ძალიან გამახარა. მსგავსი წამახალისებელი საჩუქარი სტიმულია ყველა ბავშვისთვის და ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება. სხვათა შორის, მინდა, რომ ჩემი მომავალი პროფესია ეკონომიკას დავუკავშირო და უმაღლეს სასწავლებელში სწორედ ამ მეცნიერებას დავეუფლო."

R