თანამედროვე მეთოდები ბიზნესმენების "მოსარჯულებლად" - კვირის პალიტრა

თანამედროვე მეთოდები ბიზნესმენების "მოსარჯულებლად"

რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს საკუთარ კომპანიაში თანხის დაბანდება, თანხის გასესხება ან უძრავი და სხვა ქონების შეძენა? საკმაოდ მნიშვნელოვანს.

მაგალითად, თუ ვერ დაასაბუთებთ, რომ თანხა ლეგალურად გაქვთ ნაშოვნი, ან წინაპრების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე შესაბამისი დოკუმენტი არ აღმოგაჩნდათ, ეს შესაძლოა თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის საფუძველი გახდეს. შესაბამისად, თუ საკუთარ საწარმოში ინვესტირებას გადაწყვეტთ, ხელში უტყუარი საბუთი უნდა გეჭიროთ, რომ ეს თანხა ოდესღაც კანონიერი გზით მოგიპოვებიათ...

არადა, ვთქვათ, ოცი წლის წინ შეძენილ ან ნაჩუქარ ქონებაზე უტყუარი მტკიცებულების მოპოვება ადვილი საქმე არ არის. თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, გასათვალისწინებელია, რომ გამოძიებას შეუძლია, სადავოდ გადაქცეულ ქონებასთან დაკავშირებით თავისი ვარაუდი გამოთქვას. ეს გამოძიებისთვის ერთგვარი ბერკეტია. მეწარმე იძულებული ხდება, თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს. მართალია, სასამართლო განსაზღვრავს, ორ მხარეს შორის ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, მაგრამ საქმეც ის არის, რამდენად ხშირად დგება მეწარმის გამამართლებელი განაჩენი- სასამართლო სისტემაში მიმდინარე ზოგადი ტენდენციების შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

ეჭვის შეტანა, რომ მეწარმე უკანონო ფულის ან ქონების ლეგალიზაციას ცდილობს, თეორიულად ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება.

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ადვოკატები განმარტავენ, რომ ასეთ საქმეებში გამამართლებელი განაჩენის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ქონებას რომ ასეთ შემთხვევებში კონფისკაცია ელის, ეს ადვილი მისახვედრია. თავად მეწარმის საქმე კი შესაძლოა გვარიანად გართულდეს და გამოედავონ არა მხოლოდ ქონებას, არამედ მის მისაღებად "ჩადენილი ქმედებების" გამო და დამატებით სხვა მუხლებიც წაუყენონ. ასე რომ, შესაძლოა ქონების კონფისკაციის გარდა, ციხეშიც უკრან თავი. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ბიზნესმენი საპროცესო გარიგებასა და საკმაოდ დიდი ხარკის გადახდას თანხმდება.

გიორგი პოპიაშვილი (ადვოკატი): "ეს მუხლი არის სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე თავში: "დანაშაული სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის". 194-ე მუხლი გულისხმობს პასუხიმგებლობას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ანუ ფულის გათეთრებისთვის. ეს არის ის ვითარება, როცა მეწარმეს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს აქვს შემოსავალი, რომელიც რეგისტრირებული არსად არ არის და ის ამ შემოსავალს ლეგალიზაციას გაუკეთებს. ვთქვათ, პირს აქვს თანხა, რომელსაც ის საწარმოს ხელშეკრულებით ასესხებს, შესაბამისად, ამ გზით მოხდება ფულის ლეგალიზაცია. გუშინ თუ ის თანხა დაუსაბუთებელი იყო, შესაძლოა ამგვარად ფიქტიური ხელშეკრულება გაფორმდეს საწარმოსთან და იმ წუთიდან ფული ლეგალიზებულია. თუ გამოძიებით დადგინდა ეს მდგომარეობა, იწყება საქმის წარმოება პირის მიმართ და ბუნებრივია, წამოიჭრება ქონების ამოღებისა და კონფისკაციის საკითხი.

თუ პირმა, მაგალითად, ხელშეკრულება გააფორმა და თავის საწარმოში 50 ათასი ჩადო, და თუ გამოძიებამ გადაწყვიტა, რომ მას ასეთი თანხა ოფიციალური გზით ნაშოვნი არ აქვს, დღის წესრიგში დგება სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი. თუ პირი დაადასტურებს, რომ ქონება, რომელიც მან საწარმოში შეიტანა ან მას აღმოუჩინეს, კანონიერი გზით არის მოპოვებული, დევნაც ვერ უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, არსებობს საქმეები, რომლებიც დამთავრების შემდეგ გასაჩივრებულია და ადვოკატები ცდილობენ დადასტურებას, რომ მათ კლიენტებს ქონება ლეგალური გზით აქვთ მოპოვებული. რამდენად იზიარებს სააპელაციო ინსტანცია ასეთ საჩივრებს, სამწუხაროდ, ამის სტატისტიკაც უცნობია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ნაწილობრივ გაუზიარებია.

მაგალითად, თუ უძრავ ქონებაზეა საუბარი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბინა შეძენილია არა იმ პერიოდში, როცა პირი სამეწარმეო საქმიანობას მისდევდა, არამედ მანამდე, ან მიღებული აქვს მემკვიდრეობით. ეს კიდევ ერთი საფუძველია იმის მტკიცებისა, რომ არალეგალური გზით არ აქვს შეძენილი.

ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, რამდენად მაღალია კონკრეტული საქმის წარმოების მოტივაცია. რამდენად ობიექტურად მუშაობს ამ მიმართულებით გამოძიება, სუბიექტური მოსაზრებები შესაძლოა არსებობს, თუმცა ყოველი საქმე ინდივიდუალურია, ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ყველა საქმე თითიდან გამოწოვილია, არ შეიძლება".

აღსანიშნავია, რომ თუ საქმის წარმოება იწყება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით, პირის მთელ ქონებას მაშინვე ყადაღა ედება. მფლობელი აქტივებს ვერც გაყიდის, ვერც გააჩუქებს და ვერაფერს მოიმოქმედებს. ეს ბრალდება საკმაოდ ეფექტური ბერკეტია სხვა ეკონომიკურ დანაშაულში უკვე ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგაც. რა მუხლითაც უნდა უყენებდნენ მათ ბრალს, პრაქტიკულად ყოველთვის შეიძლება უკანონო შემოსავლებზე დამატებით გამოდავება და სამართალდამცავთა "დოლაბებში" მოყოლილი პირის მთელ ქონებაში ეჭვის შეტანა. როგორც აღინიშნა, ამის შემდეგ უკვე ბრალდებულმა უნდა ამტკიცოს და დასაბუთებაც მოაყოლოს, რომ ამა თუ იმ აქტივს კანონიერად ფლობს.

ბერკეტის ეფექტურობა არცთუ სახუმაროა. შესაძლოა, ეკონომიკურ დანაშაულში ეჭვმიტანილი მავანი მოქალაქე პრინციპულ პოზიციაზე იდგეს და დანაშაულის ფაქტს არ აღიარებდეს, ან მისი სიმძიმის შეფასებას არ ეთანხმებოდეს. ზოგჯერ ადამიანები მზად არიან, სასჯელი მოიხადონ, მაგრამ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავიდნენ.

ამ დროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება, როგორც წესი, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება. ციხეში ჩაჯდომისა და იმავდროულად მთელი ქონების დაკარგვის პერსპექტივა კი უკვე მართლაც მეტისმეტია... ბოლო პერიოდში სამართალდამცავებმა უკვე არაერთი ბიზნესმენის "მოსარჯულებლად" გამოიყენეს ეს ხერხი "წარმატებით". ასეთ წნეხში მოყოლილ ადამიანს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ საპროცესო გარიგებას დათანხმდეს, დანაშაულიც აღიაროს, ბიუჯეტი მსხვილი შენატანით შეავსოს და მიიჩნიოს, რომ კიდევ კარგად გადარჩა...