"გახურებული" კონკურენცია ნაყინის ბაზარზე - კვირის პალიტრა

"გახურებული" კონკურენცია ნაყინის ბაზარზე

"რეკლამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხანგრძლივ ეფექტს ხარისხი და მისი შენარჩუნება იძლევა"

ნაყინის წარმოება ის ბიზნესია, რომელიც ზაფხულის სეზონზე ყველაზე უკეთ "ხურდება", რადგან გაგრილების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ადგილობრივი წარმოება ამ თვალსაზრისით საკმაოდ განვითარებულია და შეიძლება ითქვას, იმპორტირებულ ნაყინს ღირსეულ კონკურენციას უწევს. თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქციას, რომელიც განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ადგილობრივ პროდუქციაში ბადალი არ აქვს. ტრადიციული ტექნოლოგიების გარდა, ადგილობრივი მწარმოებლები ნაყინის დამზადების ახალ ტექნოლოგიებსაც იყენებენ და მომხმარებელს ფართო არჩევანის საშუალება ეძლევა.

წლეულს ნაყინის ბაზარზე კომპანია "ბარამბოს" სახით ახალი მოთამაშე გამოჩნდა და აგრესიული სარეკლამო კამპანიით თუ ფართო სადისტრიბუციო ქსელით მალევე დაიკავა ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. ნაყინის მწარმოებლებსაც საფიქრალი გაუჩნდათ: ისედაც შემცირებული რეალიზაციის ფონზე, "ბარამბომ" მათ მომხმარებლების ნაწილი წაართვა. მართალია, ადგილობრივი მწარმოებლები კონკურენტს პროდუქციის ხარისხს არ უწონებენ, მაგრამ თავად კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ბაზრის მოთხოვნებს ზედმიწევნით აკმაყოფილებენ და ამბიცია აქვთ, რომ მალე მთელი ბაზრის ნახევარი დაიკავონ.

კომპანია ამ ეტაპზე ოთხი სახეობის ნაყინს აწარმოებს, ხოლო გემოვნური თვისებების მიხედვით ასორტიმენტი 15 აღწევს.

ალექსანდრე სტროგანოვი (კომპანია "ბარამბოს" მარკეტინგის მენეჯერი): "იმასთან შედარებით, რასაც ვაპირებდით ბაზრის წილის დაკავების თვალსაზრისით, ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწიეთ. დაახლოებით 25%-ის დაკავებას ვგეგმავდით საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ახლა ბევრად მეტი გვაქვს. დათვლილი გვქონდა, ბაზარი რამდენს შეადგენდა, მერე ჩვენი შესაძლებლობები შევაფასეთ და ამის ნიადაგზე განვსაზღვრეთ წარმოების მოცულობა. ჩვენ მიერ დაგეგმილმა აქციებმა ბევრად დიდი შედეგი მოგვიტანა, ვიდრე ველოდებოდით. ახლა ჩვენი გათვლებით ბაზრის დაახლოებით 35% გვიკავია, სხვადასხვა სახეობის მიხედვით. უფრო დიდ მასშტაბებზე ვაპირებთ გასვლას, წარმადობას გავზრდით, ახალ სახეობებს დავამატებთ და იმედი გვაქვს, ბაზარზე ჩვენს წილს კიდევ უფრო გავზრდით, ალბათ 40%-ზე მეტს დავიკავებთ.

შოკოლადის წარმოების შემთხვევაში ჩვენ ვეჯიბრებოდით მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებს, როგორიც არის "ნესტლე" და "კრაფტი", რომლებსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ და ბევრად უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობები, ვიდრე ქართულ კომპანიებს. ნაყინის შემთხვევაში იმიტომ გაგვიმარტივდა ბაზრის მნიშვნელოვანი წილის აღება, რომ აქ კონკურენციას ადგილობრივი კომპანიები გვიწევენ, რომლებთანაც ჩვენ, ფაქტობრივად, თანაბარ პირობებში ვიყავით.

ფასების თვალსაზრისით, იგივე ფასები გვაქვს, რაც ჩვენს ძირითად კონკურენტებს. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენი კვლევების მიხედვით, მომხმარებლის დიდ ნაწილს მოსწონს ეს ნაყინი და ამას მოწმობს გაყიდვებიც. ვფიქრობთ, ადგილობრივი ნაყინის რეალიზაციით პირველი ვართ".

"ეკოპალიტრამ" კი გამოკითხვა მოაწყო ინტერნეტპორტალზე "ამბები.გე", რომელშიც 13-დან 17 ივნისის ჩათვლით 2751-მა ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. დაისვა შეკითხვა: რომელი მწარმოებლის ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას? გამოკითხვის მონაწილეთა ყველაზე მეტი ხმა კომპანია "გურჯაანის ნაყინმა" მოაგროვა. კომპანია "ბარამბოს" მეორე ადგილი ერგო. მას მოჰყვებიან "თოლია", "იოლი", "კამპარა" და სხვ.

წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა "კასპის ნაყინი", მაგრამ გურჯაანიდან გამოჩენილმა კონკურენტმა პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, "კასპის ნაყინის" მწარმოებელ კომპანია "განთიადს" მომხმარებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა წაართვა. ამ ტენდენციების ყველაზე ობიექტური შემფასებლები ნაყინის დამტარებლები არიან. ყოველდღიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნაყინის ის ასორტიმენტი დააქვთ გასაყიდად, რომელსაც ყველაზე ხშირად ყიდულობს მომხმარებელი.

გიგი თავშავაძე (საწარმო "კასპის ნაყინის" მფლობელი): "წარმოების მოცულობა იმაზეა დამოკიდებული, ამინდი როგორია და შესაბამისად, ნაყინი რამდენი იყიდება. წლევანდელი სეზონი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შარშანდელთან შედარებით ნაყინის გაყიდვა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. თუმცა საბოლოო შედეგები ალბათ მოგვიანებით გვექნება. ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მწვავეა და ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტად "ბარამბო" აღიქმება, არა ფასისა და ხარისხის მიხედვით, არამედ დისტრიბუციისა და რეალიზაციის ფართო ქსელით. მეტი შესაძლებლობები აქვთ, მაგალითად, სარეკლამო კამპანიის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ფასებს, შარშანდელთან შედარებით ფასები გაზრდილია, რადგან ნედლეული: რძის ფხვნილი, კარაქი და შაქარი გაძვირდა. მაგალითად, შარშან თუ ნაყინი საშუალოდ 30 თეთრი ღირდა, წლეულს 35-36 თეთრი ღირს. ამჯერად შვიდი სახეობის ნაყინს ვაწარმოებთ".

გურამ ბერიკაშვილი ("გურჯაანის ნაყინის" დირექტორი): "მართალია, უკვე თვე-ნახევარზე მეტია, რაც სეზონი დაიწყო, მაგრამ ძალიან ცუდი ამინდებია და ეს ნაყინის გაყიდვაზე ცუდად აისახება. რამდენიმე დღით გამოიდარა და საქმე უკეთესად წავიდა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროდუქციის ხარისხს და მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია ამის გამო. თან ჩვენი ტექნოლოგიით ვამზადებთ პროდუქციას. მიუხედავად იმისა, რომ ნედლეული მნიშვნელოვნად გაძვირდა, მაინც ვცდილობთ დაბალი ფასის შენარჩუნებას, რათა მომხმარებელი არ დავკარგოთ.

ყველა მწარმოებელს თავისი მომხმარებელი ჰყავს, ამიტომ რეალიზაციის ჩავარდნას მხოლოდ ამინდებს ვაბრალებ და არა კონკურენტებს. რეკლამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ხანგრძლივ ეფექტს ხარისხი და მისი შენარჩუნება იძლევა. შესაბამისად, რეკლამას პროდუქციის ხარისხიც უნდა უწყობდეს ფეხს, სხვაგვარად მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში თავს არ მოგატყუებინებს. ამ სეზონზე რამდენიმე ახალი დასახელების ნაყინიც გამოვუშვით, მაგალითად, "ბუმი" და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო. ახლა კიდევ ერთი ახალი პროდუქტის გამოშვებას ვაპირებთ, ეს იქნება საფერავზე დამზადებული ნაყინი. უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა და სამ კვირაში გამოვა ბაზარზე. დღევანდელი მდგომარეობით ოცი დასახელების ნაყინს ვაწარმოებთ, ყველაზე დიდი რაოდენობით კი ვაფლის ჭიქაში დაფასოებული ნაყინი იყიდება".

P.S. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გაყიდვების სტიმულირების მიზნით, ნაყინის რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელი ახლო მომავალში სარეკლამო კამპანიების წამოწყებას აპირებს, რადგან ბაზარზე ძლიერი კონკურენტის გამოჩენა კარგს არაფერს უქადით.