"საწვავის გაიაფება სასტიკად აკრძალულია?!" - კვირის პალიტრა

"საწვავის გაიაფება სასტიკად აკრძალულია?!"

საწვავი წლის დასაწყისიდან რამდენჯერმე გაძვირდა, თუმცა იყო გამონაკლისიც, როცა მაისში ფასებმა 5 თეთრით დაიკლო. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. დაახლოებით ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ნავთობპროდუქტების საცალო ქსელში მსხვილმა რეალიზატორებმა საწვავზე ფასები კვლავ გაზარდეს.

მანამდე, 16-25 მაისის პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის საწვავზე ფასები მათ 5 თეთრით შეამცირეს. ნავთობიმპორტიორები კვლავ ამტკიცებენ, რომ ქართულ ბაზარზე ფასების ცვალებადობა მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს ასახავს.

მსოფლიო ბაზარზე ტენდენცია საპირისპიროა. ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი რამდენჯერმე გაიაფდა, თუმცა ზოგჯერ ფასების მაჩვენებლები ზიგზაგებითაც მოძრაობდა. 15 ივნისის მონაცემებით, ლონდონში ICE Futures Europe-ზე "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა 1 ბარელზე $120,16 შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკში NYMEX-ზე Lიგჰტ შწეეტ ტიპის ნავთობის ფასმა- 1 ბარელზე $99,37. უკვე 17 ივნისის მონაცემებით, ლონდონში ICE Futures Europe-ზე "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასმა 1 ბარელზე $113,5 შეადგინა, ნიუ-იორკში NYMEX-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის 1 ბარელი ფასი $94,36 იყო.

აღსანიშნავია, რომ 22 მაისს, ფასების 5 თეთრით შემცირებისას, ნავთობკომპანიები ამბობდნენ, რომ გაიაფება გაგრძელდებოდა. თუმცა იმედის მომცემი დაპირებები ფუჭი აღმოჩნდა. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს, ნავთობის შეძენა ბირჟებზე ფიუჩერსული (წინასწარი ხელშეკრულების დადების წესი) სისტემით ხდება და სამთვიანი გარიგებები იდება. შესაბამისად, თუ 21 მაისს პროდუქცია უკვე შემოტანილი იყო დაკლებული ფასებით, მას შემდეგ ჯერ ერთი თვეც არ გასულა და საწვავის გაძვირება ლოგიკას მოკლებულია. მით უფრო, რომ ამჟამად მსოფლიოში ნავთობის არა გაძვირების, არამედ გაიაფების ტენდენცია მიმდინარეობს. ცხადია, ეს წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს ნავთობის ბაზრის არაკონკურენტულობისა და განსაზღვრული გარიგებების შესახებ.

იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მოცულობის უმეტესი ნაწილი მოდის "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმზე", "ლუკოილზე", "ვისოლზე", "რომპტროლზე". "პრემიუმის" მარკის ხვედრითი წილი ბაზარზე 20-25%-ია, დაახლოებით 2% უკავია "სუპერს", 30%- "რეგულარს". ევროპული საწვავი საქართველოში შემოდის რუმინეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ხოლო დიზელის საწვავში აზერბაიჯანული პროდუქციის ხვედრითი წილი 75%-ია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, წლეულს ნავთობზე ყველაზე მაღალი ფასი აპრილის ბოლო რიცხვებში აღირიცხა და 1 ბარელზე $125 შეადგინა (ლონდონის ბირჟაზე). მაისის თვიდან ნავთობის ფასმა კლება დაიწყო, თუმცა ივნისიდან კვლავ ზრდის მიმართულებით წავიდა. ოპეკ-ის ქვეყნების ივნისის შეხვედრისას ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელი დარჩა, ხოლო მორიგი შეხვედრა სამი თვის შემდეგ გაიმართება. თუმცა საუდის არაბეთი მაინც აპირებს ივლისიდან ნავთობის მოპოვების გაზრდას 8,8 მლნ ბარელიდან 10 მლნ ბარელამდე, რადგან იქ მიაჩნიათ, რომ ნავთობის მაღალი ფასები პერსპექტივაში დააზარალებს ნავთობის როგორც მწარმოებელი, ასევე მომხმარებელი ქვეყნების ეკონომიკებს.

საქართველოში ნავთობპროდუქტებით საცალო ვაჭრობა რომ ერთობ მომგებიანი საქმეა, ამაზე დისტრიბუციის ბაზარზე განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელმაც "მაგნატისა" და "სენტას" ქსელები შეიძინა, "ეკო ჯორჯიას" ავტოგასამართი სადგურების შეძენასაც აპირებს. "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" სახელით საქართველოს ბაზარზე მსოფლიო სანავთობო გიგანტი "გალფი" ოპერირებს, ხოლო "ეკო ჯორჯია" ბერძნული ინდუსტრიული კომპანია "სელენიკ პეტროლიუმის" შვილობილია.

კლების ტენდენციით ხასიათდება ოპეკის ე.წ. ფასთა კალათის ფასიც, რომელიც 13 სხვადასხვა ტიპის ნავთობის ფასების ნაერთ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამ კალათის ფასი სწორხაზოვანი არ არის და ის ზოგჯერ იმატებს კიდეც, მაგრამ ბოლო დღეების მაჩვენებლები კლებაზე აშკარად მეტყველებს. საინტერესოა, რამდენად ღრმა და ხანგრძლივი უნდა იყოს ეს კლება, რომ მან საქართველომდე მოაღწიოს...

ანა გელოვანი