როდის მოხერხდება სავალო ორმოდან ამოსვლა
20-09-2021
როდის მოხერხდება სავალო ორმოდან ამოსვლა
"როცა ათობით ათას ადამიანს არ აქვს გამჭვირვალე ფინანსური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა, ფაქტობრივად, ისინი შავ ეკონომიკაში
გადაგყავს"


"კრედიტინფოს" 2021 წლის აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კრედიტების დაფარვის ვადაგადაცილება 30 დღიდან 3 წლამდე უდასტურდება 229 854 მსესხებელს. კონტრაქტების რაოდენობა 424 005-ია. აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 800 430 ადამიანს აქვს, ჯამში 29 123 მილიარდი ლარის მოცულობის. მსესხებლების 88,36%-ს (ანუ 1 590 916 მსესხებელს) კრედიტი საბანკო სექტორიდან აქვს აღებული, ივლისის მდგომარეობით, 26 881
მილიარდი ლარის მოცულობით. ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) რეგულირებადი სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) მსესხებელი 558 109 ადამიანია და გაცემული სესხების მოცულობა 1,759 მილიარდ ლარს შეადგენს. 18 814 ად
ამიანს სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიებისგან, სულ 482,53 მილიონი ლარის. სწორედ ამ სტატისტიკას, მის შედეგებსა და მოლოდინს განვიხილავთ ჩვენს რესპონდენტებთან.

"როგორც წესი, ინფლაცია "ჭამს" ეკონომიკური აღდგენის შედეგებს"

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე: - ეკონომიკური კრიზისის პირობებში ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ის მცირდება. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 18%-მდე იყო და გაზრდა მეტადაც იყო მოსალოდნელი, მაგრამ კომერციულმა ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მომხმარებლებს საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს, თუმცა ვალის ტვირთით დამძიმებული მოსახლეობისთვის ახლანდელი 13%-იანი მაჩვენებელიც მაღალია. ალბათ, ამ მაჩვენებლის შემცირებას დრო დასჭირდება, ეს კი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ სწრაფად აღდგება ქვეყნის ეკონომიკა და მოახერხებენ თუ არა ბიზნესი, დიდი მომხმარებლები, ფიზიკური პირები საკუთარი შემოსავლების აღდგენას იმ პირობებში, როცა მაღალი ინფლაციის გამო ადამიანებს სესხების მომსახურებისთვის ფული აღარ რჩებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეკონომიკური აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს, თორემ გაზრდილი უმუშევრობა ვადაგადაცილებული, ე.წ. უმოქმედო სესხების მატებას იწვევს.

ეს ყველაფერი ეკონომიკური კრიზისის შედეგია. შარშანდლიდან მოყოლებული, ჩვენ მასზე ხშირად ვლაპარაკობთ. ეკონომიკურ კრიზისს არ ახასიათებს სწრაფად აფეთქება და სწრაფადვე ჩავლა. აღდგენის პროცესი ხანგრძლივია.

თუ გავიხსენებთ 2008-2009 წლების კრიზისს, როცა ომმაც დამატებითი პრობლემები შექმნა, წლები დასჭირდა, რომ საქართველოს ეკონომიკას ძველი მდგომარეობა აღედგინა, ადამიანებს სამუშაო ადგილები დაებრუნებინათ, შემცირებულიყო უმუშევრობაც და ინფლაციაც, რომელიც 2010-2011 წლებში მაღალი იყო, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონდა. როგორც წესი, ინფლაცია "ჭამს" ეკონომიკური აღდგენის შედეგებს. კი ტრაბახობს მთავრობა ორნიშნა ზრდით, მაგრამ ეს არის შარშანდელ მინუსიან, ჩავარდნილ წელთან შედარებით. ჩვენ 2019 წლის მაჩვენებელზე ამ წლის ბოლომდე ვერ დავბრუნდებით. იმედია, უკვე მომავალი წლიდან ინფლაციაც შემცირდება და უმუშევრობაც. მოგეხსენებათ, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, სწრაფად დავძლევთ თუ არა პანდემიას, სწრაფად აიცრება თუ არა მოსახლეობის დიდი ნაწილი და შევძლებთ თუ არა, რომ ჩვენი შემოსავლები აღვადგინოთ. წარმოიდგინეთ, ხარჯი გაიზარდა, შემოსავლები კი მას ვერ მიჰყვა და სანამ ეს არ დასრულდება, ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მნიშვნელოვან შემცირებას არ უნდა ველოდოთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საბანკო ვადაგადაცილების პროცენტული მაჩვენებელი სესხების მთლიანი პორტფელიდან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ საბანკო სესხები უფრო რთულად გაიცემა, უფრო კარგად შეისწავლიან მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებსა და საკრედიტო ისტორიას.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, როგორც წესი, უფრო სარისკო სესხებს გასცემენ, ვიდრე ბანკები. მათი პორტფელი უფრო რისკიანია, შესაბამისად, ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი, "კრედიტინფოს" მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გაცილებით მეტია.

- გამოდის, რომ ვითარების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია დრო...
- დრო და, რა თქმა უნდა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რათა სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყოს, ქვეყანა არ გადავაყოლოთ ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს და მართლაც შევძლოთ ეკონომიკის გაჯანსაღება.

"ვადაგადაცილებული და გადაუხდელი ვალების გამო საფინანსო სექტორს სერიოზული ხიფათი არ ემუქრება"
ვახტანგ ჭარაია, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი: - საფინანსო დაწესებულებების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობა, შესაძლოა, განპირობებული იყოს რამდენიმე კარგად ცნობილი, მნიშვნელოვანი ფაქტორით. მაგალითად, პანდემიამ, პირდაპირ თუ ირიბად, ხალხს დააკარგვინა შემოსავალი, სამსახური, გარკვეული ვადით გაუყინა ფინანსური ოპერაციების შესაძლებლობა და ა.შ. ამ ყველაფრის გამო ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა ფინანსური ვალდებულებები ვეღარ შეასრულეს.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სისტემატურად მცირდებოდა ვალების გასტუმრების მაჩვენებელი. ჩვენ ერთ-ერთი არჩევნების წინ გვახსოვს 800 ათასი ადამიანისთვის სესხების განულება. ეს, ალბათ, უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თუმცა ყველა ხედავდა, რომ უამრავი მოვალე ვერ ფარავდა კრედიტებს, ამ ნაბიჯის შედეგად კი მათი რაოდენობა, მართალია, ნულს არ გატოლებია, თუმცა რადიკალურად შემცირდა.
ისეც არ არის საქმე, რომ ყველაფერი პანდემიას დავაბრალოთ, რადგან პანდემიამდეც არანაკლებ რთული მდგომარეობა იყო, თუმცა ეს უფრო დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ვალდებულებების ჯამი იყო.

მოკლედ, შეიძლება დავასკვნათ, რომ არა მარტო პანდემიაა შექმნილი სირთულეების მთავარი მიზეზი, არამედ ეკონომიკური განვითარების დაბალი დონეც. აღსანიშნავია, რომ ხშირად ადამიანები, როცა საბანკო დაწესებულებებიდან უფრო მკაცრი რეგულაციების გამო კრედიტებს ვერ იღებენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართავენ, რომლებიც სესხს უფრო მაღალი პროცენტით იძლევიან. შესაძლოა ზოგჯერ ამას იმ განზრახვით აკეთებენ, რომ ვერ გადაიხდიან. რა თქმა უნდა, ასეთი უმრავლესობა არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც სოციალურმა სიდუხჭირემ განაპირობა. A
არაერთი ფაქტი გვსმენია, როცა ვალს იღებენ ისე, რომ იციან, ვერ დააბრუნებენ, თუმცა არც აპირებენ დაბრუნებას.

- უპასუხისმგებლობას იჩენენ თუ ეკონომიკური მდგომარეობის გამო სხვა გზა არ აქვთ?
- წესით, უნდა მოსთხოვო ვალის დაბრუნება, მაგრამ ყველას თავისი გასაჭირი აქვს: ვიღაცას საოპერაციოდ სჭირდება ფული, ვიღაცას - საკვებისთვის და როცა ადამიანს საარსებო წყარო გადაეკეტება, მსგავს ნაბიჯებსაც დგამს.
ამ ყველაფერს შეიძლება ისიც დავამატოთ, რომ პენსიონერების საკითხი აქტუალური და ძალიან მტკივნეულია. ისინი თავიანთი 250 ლარამდე პენსიიდან მაღალ, დაახლოებით 31%-იან სესხებს იღებენ და, ფაქტობრივად, მესამედს ბანკს უტოვებენ. აქ დაუბრუნებლობა შეუძლებელია, რადგან მომდევნო პენსიებიდან სესხს პირდაპირ აჭრიან, მაგრამ ხშირად, გარდაცვალების შემთხვევაში, გადაუხდელი ვალები (რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ჩამოიწერება) ბანკებისთვის სირთულედ იქცევა. ასეთ შემთხვევებშიM მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მაღალი პროცენტის ხარჯზე მაინც ახერხებენ მოგების მიღებას.

ბანკები და მიკროსაფინანსოები პრინციპულად სხვადასხვა მიდგომას იყენებენ, თუმცა ფორსმაჟორი არ ხდება და, როგორც წესი, ორივე ახერხებს მოგებას.

მიკროსაფინანსოსთვის, პირობითად, 10%-იანი დაუბრუნებლობა პრობლემას არ უქმნის მათ გამართულ ფუნქციონირებას, ხოლო საბანკო სექტორისთვის რამდენიმეპროცენტიანი დაუბრუნებლობა ისედაც ნორმად ითვლება. ანუ ვადაგადაცილებული და გადაუხდელი ვალების გამო სექტორს სერიოზული ხიფათი არ ემუქრება. მაგრამ თუ წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი იზრდება, ის უკვე არა მარტო ბანკის, არამედ სახელმწიფოს პრობლემაც ხდება, რადგან მერე ბანკები სხვადასხვა გზით ცდილობენ ამ ფულის დაბრუნებას, მთავრობაც გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ საზოგადოებას მხარდაჭერა აღმოუჩინოს, იქნება ეს პოლიტიკური ნიშნით, წინასაარჩევნოდ თუ ა.შ. შესაბამისად, ყველა მონაწილეობს თამაშში, რომ ეს სიტუაცია როგორმე დარეგულირდეს, თუმცა ამ საკითხის ირგვლივ დაძაბულობა სისტემატურად იზრდება. რა თქმა უნდა, ეს გვაჩვენებს, რომ მოსახლეობას არ შეუძლია ვალების გასტუმრება. თანაც ისინი, ვინც ვალს არ იხდიან, შავ სიაში ხვდებიან და ეკარგებათ არამარტო სხვა სესხის აღების, არამედ ფინანსური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა. ბარათები თუ საბანკო ანგარიშები რომ დაიბლოკება, ცხადია, სხვა სირთულეებიც ექმნებათ. როცა გყავს ათობით ათასი ადამიანი, რომელსაც არ აქვს გამჭვირვალე ფინანსური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა, ფაქტობრივად, ისინი შავ ეკონომიკაში გადაგყავს, იძულებულს ხდი, რომ მაგალითად, სამსახურში დამსაქმებელმა ხელფასი ხელზე მისცეს, ან გარკვეული პროდუქტი იყიდოს ხელზე, დაურეგისტრირებლად...

- არ გააფორმოს თავის სახელზე, თუკი რამ შერჩა და აბადია...
- კი ბატონო. სურათიც უკვე მახინჯდება. ეს არ არის სასიამოვნო და ამ საკითხზე მუშაობაა საჭირო, მაგრამ შავი ეკონომიკა ხანგრძლივი და რთული პრობლემაა. საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების გაზრდა, ეს კი ერთ და ორ დღეში არ ხდება, ამას მრავალწლიანი სწორი სტრატეგიული ეკონომიკური აღმშენებლობა სჭირდება და არა - ქაოსური, სპონტანური მოქმედება...

ასე რომ, მეეჭვება, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას, მაგრამ საჭიროა ზრუნვა, რომ შემდგომ ამან სხვა ეკონომიკური სირთულეები არ გამოიწვიოს, თორემ ეს უკვე სხვა პრობლემებს იწვევს, თუნდაც საგადასახადო, ან სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის კუთხით, როცა ეკონომიკაში რეალური სურათის ნაცვლად ხედავ მის დამახინჯებულ ვარიანტს. ეს იწვევს თუნდაც სახელმწიფო მოხელეების მიერ შესაძლო არასწორი პოლიტიკის დაგეგმვას. მერე ხშირად ასეთი საკითხები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი ხდება და წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ამას სათავისოდ იყენებს, ან ცდილობს, გამოიყენოს, რაც სწორი არ არის. ამაზე არ უნდა იხარჯებოდეს არც დრო და არც ენერგია. ამ პროცესის ბუნებრივად მოგვარება შესაძლებელია ეკონომიკის გაჯანსაღებით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით და ცხოვრების დონის ამაღლებით.
ალექს
28 სექტემბერი 2021 16:09
ბანკოკრატია შეერწყა პარტოკრატიას და წარმოქმნა პლუტოკრატია !

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები