”ჩამოლაბორანტება” ქართულად - კვირის პალიტრა

”ჩამოლაბორანტება” ქართულად

ზურაბ ნოღაიდელი, ნიკა გილაური, ლექსო ალექსიშვილი, ვალერი ჩეჩელაშვილი... ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, ვისაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მთავარი ხაზინა ებარა. ცოტა ხნის წინ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი კიდევ ერთხელ შეიცვალა. კახა ბაინდურაშვილის თანამდებობიდან წასვლა ნებაყოფლობით გადაწყვეტილებად მოინათლა, თუმცა სამთავრობო კულუარებში სხვაგვარი ინფორმაციები ვრცელდება.

ამჟამად უკვე”საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილს ქვეყნის მთავარი”ხაზინადარის” თანამდებობა ორი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში ეკავა. ერთ დროს პრეზიდენტის თანამოაზრესა და გვერდით მდგომს, დამსახურებები არ დაუკარგეს და თანამდებობიდან ქებით გააცილეს: საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა და საგადასახადო სექტორში ლიბერალური რეფორმების გატარება მის სახელს დაუკავშირდა. კიდევ უფრო მეტად აქეს ახალდანიშნული ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რომლის სახელს უკვე დანიშვნისთანავე დაუკავშირეს საგარეო ვალის”სწორი მენეჯმენტი”, ევრობონდების”წარმატებული განთავსება” და დონორების გამოყოფილი $4,5 მილიარდის”წარმატებით ათვისება”. იქვე ახსენეს ასევე შიდა ვალის”წარმატებული მართვაც”, რომელიც, ბოლო მონაცემებით 1,8 მილიარდ ლარს აღწევს და წლიდან წლამდე იზრდება.

ბაინდურაშვილის თანამდებობიდან წასვლას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა კონტროლის პალატის დასკვნა საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ. ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტს 2010 წლის ბიუჯეტის შესრულების საკმაოდ კრიტიკული დასკვნა წარუდგინა, სადაც სხვა ხარვეზებთან ერთად საუბარი იყო საბიუჯეტო პროგრამების შედგენის, დამტკიცებისა და გაუქმების გაუმართაობაზე, ასევე ზოგადად ფისკალური პოლიტიკის ნაკლოვანებებზე. ამრიგად, როცა ბაინდურაშვილმა მინისტრობა ნებით დატოვა, ბევრს მისი წასვლის მიზეზთა ძიებისას კონტროლის პალატის სწორედ ეს დასკვნა გაახსენდა, თუმცა ეს ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნიეს. მსგავსი დასკვნები კონტროლის პალატას სხვა არაერთ სახელმწიფო უწყებაზეც აქვს, მაგრამ ამის გამო თანამდებობა, ფაქტობრივად, ჯერ არავის დაუტოვებია.

ფინანსთა მინისტრის შეცვლის მიზეზებზე თავად სამინისტროშიც ბევრს საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბაინდურაშვილის”ჩამოლაბორანტების” მიზეზი ის სოლიდური თანხა გახდა, რომლითაც მან თითქოსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFჩ) სემინარები დააფინანსა. ამბობენ, რომ შესაძლოა სულ მალე ბაინდურაშვილი სწორედ ამ ორგანიზაციაში ვიხილოთ.

კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ბაინდურაშვილის თანამდებობიდან წასვლას უკავშირდება და რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის ცუდ სიმთვრალეს უკავშირდება. ამბობენ, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც თურმე პრეზიდენტიც იმყოფებოდა, ბაინდურაშვილმა ცოტა გადააჭარბა, ზედმეტი ალკოჰოლი მიიღო და ექსცენტრიკულად იქცეოდა. მისი ეს ქცევა თვალში მოხვედრია სააკაშვილს, რასაც მალევე მოჰყვა ფინანსთა მინისტრის შეცვლა, თუმცა ფინანსებსა და ეკონომიკაში კარგად განსწავლულ მინისტრს ერთი დათრობა თანამდებობის ფასად უჯდებოდეს, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია. თვით კახა ბაინდურაშვილი გადაჭრით უარყოფს ყველა დასახელებულ მიზეზს და ამბობს, რომ თანამდებობიდან, უბრალოდ, წავიდა. თუმცა საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რატომ შეიცვალა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი თანამდებობის პირი.

ერთ დროს სანაქებო ფინანსთა მინისტრის ჩანაცვლების მიზეზთა ძიებისას”ეკოპალიტრამ” კიდევ ერთ ინფორმაციას მიაკვლია, რომელიც მაღალი სახელისუფლებო კულუარებიდან გამოვიდა. როგორც გავარკვიეთ, ბაინდურაშვილს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის”ჩაფლავება” არ აპატიეს.

იმავე წყაროს ცნობით, ეს პროექტი შესაძლოა GPRS სისტემით აღჭურვილი ახალი სალარო აპარატების შემოტანას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი აპარატების შემოტანა და მეწარმეებისთვის უსასყიდლოდ დარიგება ჯერ კიდევ წლეულს 1-ელი მარტისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ვადებმა რატომღაც გადაიწია. იცვლებოდა პროექტის პირობებიც. თავდაპირველად ითქვა, რომ სალაროს აპარატები ყველა მეწარმეს უფასოდ დაურიგდებოდა, მოგვიანებით კი გაცხადდა, რომ აპარატებს მხოლოდ იმათ გადასცემდნენ უფასოდ, ვისი წლიური ბრუნვაც 250 ათას ლარს არ აღემატება. ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, რომელსაც მეწარმე ამ სალარო აპარატით აწარმოებს, GPRS სისტემით შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ონლაინრეჟიმში უნდა აღირიცხოს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სერვერზე ავტომატურად შევა ინფორმაცია, რამდენს ვაჭრობს ბიზნესი და საგადასახადოს სრული ინფორმაცია ექნება მისი შემოსავლის შესახებ. ბუნებრივია, ეს გააადვილებს ბიზნესის ადმინისტრირებას და საჭიროების შემთხვევაში მეწარმეებისთვის ჯარიმა-საურავების დარიცხვასაც.

ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა უწყებამ ახალი სისტემით აღჭურვილი აპარატების შესყიდვაზე ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ ბულგარულ კომპანია Daisy Technology-სთან გააფორმა, რომელმაც გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას დამკვეთისთვის 100 ათასი ცალი სალარო აპარატი უნდა მიეწოდებინა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან $13,3 მილიონია გათვალისწინებული.

თბილისში აპარატების დარიგება მეწარმეებისთვის ჯერაც არ დაწყებულა, არადა მთავარი ფინანსური უწყება პირობას დებდა, რომ ეს პროცესი დედაქალაქში ზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. ამბობენ იმასაც, რომ GPRS სისტემა საქართველოსთვის ტექნოლოგიური სიახლეა და მისი გამართულად მუშაობისთვის ქვეყანაში შესაფერისი ბაზა არ არის.

"ეკოპალიტრა” დაინტერესდა, დღეს რა სტადიაზეა ახალი სალარო აპარატების შემოტანის პროექტი. შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ როდის - ამის თქმა უჭირთ.