ინფლაციას ”ჩვეულებრივი” ღონისძიებები ვეღარ თოკავს - კვირის პალიტრა

ინფლაციას ”ჩვეულებრივი” ღონისძიებები ვეღარ თოკავს

ფულადი ერთეულის გაუფასურება, მისი მსყიდველობითი უნარის შემცირება ქაღალდის ფულის მიმოქცევის ერთგვარი”ავადმყოფობაა” - ამგვარად ახასიათებენ სპეციალისტები ინფლაციას. ეს სენი კარგა ხანია შემოეჩვია საქართველოს ეკონომიკას. მთავრობა კი იმედს არ კარგავს, რომ ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი საგაისოდ 5-6%-მდე დაეცემა, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კი ინფლაციის 8%-მდე შემცირებას სექტემბერში ვარაუდობს...

არადა, ინფლაციის მაჩვენებელმა წლევანდელ მაისში ბოლო წლების სარეკორდო ნიშნულს - 14,3%-ს მიაღწია. ქართველ ეკონომისტთა და სპეციალისტთა დიდი ნაწილი ინფლაციის 5-6%-მდე შემცირებას არარეალურ ამოცანად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ მთავრობა ნაახალწლევსაც ვარაუდობდა ინფლაციის დაწევას უკვე აპრილ-მაისიდან, მაგრამ ეს პროგნოზი საპირისპიროდ”გამართლდა”.

გია ხუხაშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): - ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. სამწუხაროდ, საქართველო დიდწილად არის დამოკიდებული საერთაშორისო კონიუნქტურაზე. ქვეყანაში თითქმის არაფერი იწარმოება და საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება მეყსეულად აისახება აქაურ ფასებზე. ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ბევრი სუბიექტური ფაქტორიც უწყობს ხელს. რატომ აქვს ხელისუფლებას იმედი, რომ ინფლაციის დონე დაიკლებს? ვფიქრობ, ის ამ საკითხში ზედმეტ ოპტიმიზმს ავლენს. ეჭვი მეპარება, ინფლაცია იმ დონემდე შემცირდეს, რასაც ისინი ვარაუდობენ. იმასაც ვფიქრობ, რომ ეს 14,3% რეალური ციფრი არ არის და სინამდვილეში ინფლაცია ქვეყანაში გაცილებით მაღალია.

დავით ნარმანია (კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი): - ხელისუფლება კვლავ გვაიმედებს. რამდენიმე თვის წინაც ამბობდნენ, რომ ინფლაცია შემცირდებოდა, თუმცა მეც და ჩემს თანამოაზრეებსაც მიგვაჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო და ჩვენი პროგნოზი გამართლდა. თავიდანვე ჩანდა, რომ ინფლაციის შემცირების წინაპირობები არ არსებობდა და მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა საკმარისი არ იქნებოდა. საქართველოში რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს ინფლაციას, მათ შორის, მონოპოლიების არსებობაც, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფასების ზრდაც. ვფიქრობ, უფრო ქმედითი მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო. ფასების ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლის მატება ალბათ გაგრძელდება, რადგან რამე ოპტიმისტური წინაპირობა არ ჩანს. თუ თავის მოტყუება გვსურს, ვთქვათ, რომ ვითარება უკეთესობისაკენ შეიცვლება, მაგრამ აჯობებს რეალისტები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა.

ავთო სილაგაძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): - სამწუხაროდ, განვითარების დონით მეზობელი ქვეყნებიც გვისწრებენ და ეს სწორედ ინფლაციის”დამსახურებაა”. მაგალითად, აზერბაიჯანში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტი 5 ათას დოლარს აღემატება, მაშინ როცა ჩვენთან დაახლოებით 2600 დოლარია. ამ მხრივ საქართველოს წინ უსწრებს სომხეთიც, რადგან ჩვენთან ინფლაცია უფრო მაღალია. საქართველოში ინფლაციის დონე პერმანენტულად, მაგრამ სწრაფი ტემპით მატულობს. ამას ხელს უწყობს ერთჯერადი ღონისძიებები, რომლებიც ხალხის მდგომარეობას ოდნავადაც ვერ ამსუბუქებს.

როგორ შეიძლებოდა მდგომარეობა გაეუმჯობესებინა 20 და 30-ლარიან ვაუჩერებს, რომლებიც მოსახლეობას დაურიგეს? ეს იყო ერთჯერადი ინიექცია ხალხის ყურადღების მისაპყრობად. მართალია, იმ მომენტში ზოგს რაღაც შეღავათი მოუტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო მიმოქცევაში გაშვებული დამატებითი სახსრები, რამაც ინფლაცია კიდევ უფრო წაახალისა. თუ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, შედეგი ყოველთვის ერთჯერადი და უარყოფითი იქნება.

- რას გულისხმობთ”უფრო ეფექტურ ნაბიჯებში”?

- პირველ რიგში, არსებული რესურსების გონივრულად გამოყენებას. საკუთარი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, რათა ქვეყანა იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული. ამჟამად, მაგალითად, ხორბლის შიდა მოთხოვნის მხოლოდ 7%-ს ვაკმაყოფილებთ, რამდენიმე წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 20-25% იყო. ბოსტნეულის, ხორცის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთიდან შემოგვაქვს. ნუთუ საამისო რესურსიც არ აქვს ჩვენს ქვეყანას? იგივე ითქმის ქათამზე, კვერცხზე, ბევრ სხვა პროდუქტზეც. სწორედ აქ არის საჭირო სახელმწიფოსგან დახმარება და სტიმულირება.

ისეთი პროექტები უნდა წახალისდეს, რომელიც ეროვნული რესურსების გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული. ეს ხალხს შემოსავლის წყაროსაც გაუჩენს, დაასაქმებს... დღეს კი ვყიდულობთ პროდუქციას, რომლის წარმოება საქართველოშიც თავისუფლად შეიძლება. თუ ასე განვაგრძობთ, უფრო მძიმე მდგომარეობაშიც აღმოვჩნდებით. თურქეთის მაგალითი გავიხსენოთ - ოციოდე წლის წინ ჩამორჩენილი ქვეყანა გონივრული პოლიტიკის წყალობით განვითარდა. თუ ეროვნულ რესურსებს არ გამოვიყენებთ, წელში ვერასოდეს გავიმართებით და საქართველო მომავალშიც სხვისი ხელის შემყურე ქვეყნად დარჩება.

ხათუნა ჩიგოგიძე