"ძვირფასი” ნაგავი - კვირის პალიტრა

"ძვირფასი” ნაგავი

თბილისის მერიამ ხეირი ნარჩენებისგანაც გამოადნო

თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადის გადახდა გახარჯული ელექტროენერგიის პროპორციულად მოუწევს. დედაქალაქის მერმა გასულ კვირას საკრებულოში წარადგინა პროექტი, რომლის თანახმადაც, 1-ელი ივლისიდან დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩნების მართვის მომსახურების ახალი ტარიფი ამოქმედდება. მისი დაანგარიშება აბონენტის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით მოხდება - 1 კვტ.სთ-ზე 0,05 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ცხარე კამათის შემდეგ საკრებულომ პროექტი დაამტკიცა.

ცვლილებას ქალაქის მერია იმით ასაბუთებს, რომ დედაქალაქში მაღალი მიგრაციაა და მოსახლეობის ოფიციალური რეგისტრაციის მაჩვენებელი ფაქტობრივ მდგომარეობას არ შეესაბამება. ამიტომ, ქალაქის მერიას თურმე ბევრად უფრო მეტი ნაგვის ნარჩენის გატანა უწევს, ვიდრე სულადობის მიხედვით ამ მომსახურების გადასახადის გადამხდელია. მოკლედ თუ ვიტყვით, თბილისის მუნიციპალიტეტს ამ საქამიანობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ აკმაყოფილებს და ახალი ტარიფით უფრო მეტი ფულის მოზიდვას აპირებს.

ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი წევრის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას განმარტებით, ამ სიახლით მოსახლეობას დასუფთავების მოსაკრებელი, სულ მცირე, 50%-ით გაუძვირდება. ნათქვამია, ძალა აღმართს ხნავსო და საკრებულოს სხდომაზეც, სახელისუფლებო უმრავლესობის დამსახურებით, ნარჩენების დასუფთავების ახალი ტარიფი დადგინდა.

ამიერიდან, რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმართ, მით მეტს გადაიხდით ნაგვის გატანისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, თუ დენის ხარჯვასა და ნაგვის გატანას შორის ლოგიკურ კავშირს ვერ ხედავთ ან თუ დასუფთავების მომსახურებისთვის შესაძლოა მეზობელზე მეტის გადახდამ მოგიწიოთ, რომელსაც თქვენზე მეტი ნარჩენები უგროვდება. მთავარი ის არის, რომ ამ გადასახადით ბიუჯეტში დამატებით 10-12 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება.

ჯაბა სამუშია: ”თბილისის მერიის ამ პროექტით დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ტარიფი ახლებურად იანგარიშება. შეიცვალა როგორც დაანგარიშების წესი, ასევე მისი მოცულობა. დაანგარიშების წესის შესახებ ინფორმაცია ღიაა და ის ვერ დაიმალებოდა. მერიამ თბილისის მოსახლეობას დასუფთავების გადასახადი, ფაქტობრივად, გაუძვირა.

2010 წლის შემდეგ მერია და უმრავლესობა საკრებულოს თითქმის ყოველ სხდომაზე ზრდის გადასახადებს. გაიზარდა პარკირების გადასახადი, გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა; თავის დროზე, დასუფთავების ტარიფი გააორმაგეს, გაზარდეს მიწის გადასახადი და სხვ. მერიის ბოლო ინიციატივა კი ამ გაძვირების ტენდენციის მწვერვალია, რომლის საფუძველს ვერ მივაკვლიეთ.

ჯერ წყლისა და დასუფთავების ფიქსირებული გადასახადები მიაბეს ელექტროენერგიის გადასახადს და შესაბამისად, თუ ყველაფერს არ გადაიხდიდი, ელექტროენერგიის მიწოდება შეგიწყდებოდა. მაგრამ ესეც არ იკმარეს და დასუფთავების გადასახადის დაანგარიშებაც მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად გადაწყდა. ანუ ყოველ გახარჯულ 100 კვტ/სთ-ზე აბონენტი დასუფთავებისთვის ხუთ ლარს გადაიხდის.

თვალსაჩინოებისთვის მოსახლეობას ქვითრები გამოვართვით, რათა დაგვეანგარიშებინა, თუ რამდენად გაუძვირდათ საშუალოსტატისტიკურ თბილისელებს კომუნალური გადასახადები. ამის დაანგარიშება ადვილია, ყოველი მოხმარებული კილოვატსაათი 0,05 თეთრზე მრავლდება. ჩვენი მონაცემებით, თბილისელებს, სულ მცირე, 50%-ით გაეზრდებათ კომუნალური ხარჯები. ვინც ზამთარში ელექტროღუმელით თბება ან ზაფხულში კონდიციონერით სარგებლობს, დასუფთავების მომსახურებისთვისაც გაცილებით მეტს გადაიხდის.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მერიამ სრულად უგულებელყო იმ კატეგორიის ადამიანები, ვინც მხოლოდ ელექტროენერგიას მოიხმარს, რადგან გაზიფიკაცია მასთან ჯერ არ არსებობს. თბილისში ჯერ კიდევ არის ასეთი ოჯახები და უბნები. გამოდის, ამ ადამიანებმა დასუფთავების მომსახურებისთვის გასამმაგებული და გაოთხმაგებული ტარიფით უნდა გადაიხადონ.

ვფიქრობთ, მერიის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსამართლოა. ამიტომ მას სასამართლოში გავასაჩივრებთ”.

აღსანიშნავია, რომ 24 ივნისის საკრებულოს სხდომაზე ჯერ ფრაქცია”დედაქალაქის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილმა შესთავაზა საკრებულოს წევრებს, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, ანუ ზამთრის პერიოდში, დასუფთავების გადასახადი გაენახევრებინათ, შემდეგ თინა ხიდაშელმა წამოაყენა წინადადება, დასუფთავების ახალი ტარიფი ერთი თვის შემდეგ განეხილათ. ეს წინადადებები უმრავლესობამ უარყო და 34 ხმით 8-ის წინააღმდეგ პროექტი დაამტკიცა.”კვირის პალიტრის” საიტზე ამ საკითხმა დიდი პოლემიკა გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე მკითხველის კომენტარს:

კლოდელი: ”აბსოლუტური სიგიჟე რომ არის, მგონი ზუსტად მაგიტომ დაამტკიცებენ, როგორც ამათ სჩვევიათ. ისე, საარჩევნოდ თანხების გროვების და მოყუჩების სუნი არ უდის ვითომ ამ ყველაფერს?”

მახო: ”მე ჩავწვდი ამ გენიალური იდეის ღრმა აზრს. რა არის აქ გაუგებარი?

რა თქმა უნდა, ნაგავი და დენი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. კაცო, ნაგავი ხომ ლიფტით ჩაგაქვთ დაბლა. რაც უფრო ბევრია ეს ნაგავი, მით უფრო მეტჯერ დაგჭირდებათ ლიფტის გამოძახება, შესაბამისად, იხარჯება მეტი ელექტროენერგია აი პასუხიც”.

ზაზა: ”მიდით, ჰე, საბოლოოდ ამოხადეთ სული გაღატაკებულ ხალხს, ძვალი და ტყავი დარჩათ და მაგიც მიაყოლეთ”.

გიორგი: ”დავუშვათ, მე მაქვს საკუთარი გენერატორი და არ ვიყენებ ელექტროენერგიას, ამ შემთხვევაში რა ხდება?”

რეზო: ”მაგარი სისულელეა. რა გამოდის, თუ ორსულიანი ოჯახი ზამთარში ერთ თვეში 400 კვტ-ს ვწვავ, 20 ლარი უნდა გადავიხადო დასუფთავებისთვის???”