"არ მინდა ვიფიქრო, რომ "ენკა" ის უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც ამხელა ინვესტიციას აბანდებდა"
30-09-2021
"არ მინდა ვიფიქრო, რომ "ენკა" ის უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც ამხელა ინვესტიციას აბანდებდა"
სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ინვესტორი კომპანია ENKA nşaat-ი უარს ამბობს 800 მლნ დოლარიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა აქტივისტების ჯგუფი. შესაბამისად, თურქული კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. მიზეზად ინვესტორი საკონტრაქტო პირობების დარღვევასა და დიდი ხნის ფორსმაჟორს ასახელებს.
2019 წელს, როცა მთავრობამ ოცზე მეტ კომპანიას შორის "ენკა" შეარჩია, ითქვა, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობა მნიშვნელოვან ფაქ­ტორს წარმოადგენდა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. სამშენებ­ლო­ ნებართვის გაცემის
შემდეგ კომპანიამ ხეობაში მუშაობა დაიწყო. მას მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, მთავრობამ მის მიერ ინიცირებული პროექტისა და არჩეული­ ინვესტორის დაცვა ვერ შეძლო. ენერგეტიკოსი­ მურმან მარგველაშვილი "ენკას" გადაწყვეტილების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს.

- "საქართველოში დიდი ჰესების ადგილი­ არ არის", - ამ ფრაზას ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ხშირად იმეორებენ.

- არ
ვიცი, რა არგუმენტი ჰქონდათ ამ მოსაზრების ავტორებს, პროფესიონალებს­ მსგავსი არაფერი უთქვამთ. საქართველოში შესანიშნავად არის ამის ადგილიც და შესაძლებლობაც. თუმცა არსებითია სახელმწიფო­ ინტერესების სწორად დანახვა.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტებზე საზოგადოებას სწორი­ ორიენტირი არა აქვს აღებული და არა ის, რომ საქართველოში თურმე­ რელიეფია განსხვავებული.

რაც შეეხება "ენკას" გადაწყვეტილების შედეგს, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი შეტყობინებაა მიღებული, მდგომარეობის დასარეგულირებლად ერთი თვე რჩება და მთავრობა ინვესტორთან პოზიციების დაახლოებაზე მუშაობს. კონკრეტულად, რა თანხა ექნება საქართველოს მთავრობას გადასახდელი კომპანიისთვის, ამ ეტაპზე რთული გამოსათვლელია. სხვა­დასხვა გათვლაზე დაყრდნობით სახელდება 150 მილიონიდან 1,7 მილიარდამდე.­ თუ "ენკა" რიონის ხეობას დატოვებს, არ არის გამორიცხული, სახელმწიფოს მოსთხოვოს კუთვნილი მიწებისა და სხვა აქტივების შეძენა საბაზრო ფასად, მთავრობა კი ვალდებულია ის შეიძინოს.

2020 წელს მთავრობამ "ენკას" 121 ნაკვეთი, 325 ჰექტარი გადასცა. "ენკამ" ამ მიწებში სიმბოლური ფასი, 121 ლარი გადაიხადა, მაგრამ მას მაინც შეუძლია სახელმწიფოს ეს მიწა საბაზრო ფასად მიჰყიდოს. მეტიც, თუ მხარეები ვერ მორიგდნენ, შესაძლოა საქმე არბიტრაჟამდეც მივიდეს, რაც კიდევ გაზრდის ხარჯებს.

შეთანხმების დარღვევის გამო კომპანია აუცილებლად მოითხოვს თანხას, ვინაიდან ამ ეტაპისთვის "ენკას", სულ ცოტა, 100 მილიონი დოლარი მაინც ექნება დახარჯული. მთავრობას სხვა ხარჯებიც ექნება ნამოხვანჰესის გამო შექმნილი გაუგებრობების დასამთავრებლად. ამას გარდა, თუ პროექტი ჩაიშლება, ნამოხვანჰესი ისეთი პროექტების რიგში ჩადგება, როგორებიც არის მცხეთის რეაქტორის დანგრევა-ჩაბეტონებაზე გავრცელებული მითები, თითქოს მისი აშენების შემთხვევაში ორთავიანი ბავშვები დაიბადებოდნენ. სინამდვილეში ამ პროექტზე უარის თქმით სამეცნიერო პოტენციალი და ატომური სახელმწიფოს სტატუსი დავკარგეთ; ასევე ხუდონჰესის მშენებლობის გაჩერებით ქვეყანას ენერგეტიკული და ეკონომიკური რესურსი გამოვაცალეთ. ეს მოიტანა მართულმა პროტესტმა. მაინც ვფიქრობ, რომ ჰესის მშენებლობა კი არ ჩაიშალა, არამედ რამდენიმე ათწლეულით გადაიდო, რადგან ის მაინც აშენდება, როცა ქართველი საზოგადოება გონს მოეგება, მანამდე კი ჩაშლილი პროექტი მეტად უარყოფითად აისახება სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, რაც ისედაც ენერგოდეფიციტურ ქვეყანას სხვა ქვეყნების ენერგორესურსებზე უფრო დამოკიდებულს გახდის.

- ჰესის აშენების მოწინააღმდეგეების მტკი­ცებით, ხელშეკრულება კაბალური იყო.
- ეს სრული უმეცრებაა. ჩემი გამოცდილებით, ასევე საქმეში ჩახედული პროფესიონალების მოსაზრებებით, ვიცი, რომ ეს ხელშეკრულება არაფრით არის გამორჩეული იმისგან, რაც საქართველოსნაირი ქვეყნის პირობებში შეიძლება დაიდოს.

- ხშირად ადარებენ იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ნამოხვანჰესის ტარიფებს.
- ნამოხვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6,2 ცენტი/1 კვტ/სთ) ადარებენ იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას და აქედან აკეთებენ დასკვნას სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. ეს მიდგომა მცდარია: მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 5 წლის შემდეგ, გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6,2¢ცენტი იმოქმედებს შემდგომ 15 წელიწადს, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის შედარება დღევანდელი იმპორტის ტარიფებთან, თანაც პიკური და ბაზისური ფასების სათანადო გათვალისწინების გარეშე, სრულიად შეუსაბამოა. ამასთან, გამოტოვებულია ზაფხულის (არასავალდებულო შესყიდვის პერიოდის) იაფი 500 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც ჰესმა უნდა გამოიმუშაოს და, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს, ვინაიდან სიჭარბის პირობებშიც სხვა ელექტროსადგურებს ექსპორტზე უფრო პრიორიტეტული დაშვება აქვთ, ვიდრე ნამოხვანჰესს. ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტების შეფასებით, ჰესის ეფექტური საშუალო წლიური ტარიფი 4,91 ცენტია.

ჰესმა უნდა იმუშაოს დაახლოებით 100 წელიწადს, მისი საოპერაციო ხარჯები დაბალი იქნება და ენგურჰესის მსგავსად, ელექტროენერგიის იაფი წყარო გახდება. ეს ფასების საერთო დონის დაკლებაზეც იმოქმედებს. ამასთან, იმპორტის ტარიფისგან განსხვავებით, ნამოხვანჰესის ტარიფი (6,2 ცენტი) შეიცავს ქვეყანაში გასაწევ ხარჯებს, რაც ჩვენს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე აისახება. მათ შორის არის ქონების გადასახადი, საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯები, რეგულირებისა და სხვა გადასახადები. ცნობისთვის, ქონების გადასახადი საბალანსო ღირებულების 1%-ს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საინვესტიციო თანხის 800 მლნ დოლარიდან ნაწილი იხარჯება მართვის, საკონსულტაციო და სხვა არაკაპიტალურ ხარჯებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი სადგურის საბალანსო ღირებულება დაახლოებით 700 მლნ დოლარი იქნება. 40-წლიანი ამორტიზაციის გათვალისწინებით, წლიური ქონების გადასახადი პირველი ათი წლის განმავლობაში, საშუალოდ 6,1 მილიონი დოლარი იქნება, რაც გამომუშავების მოცულობაზე გაყოფით ნიშნავს, რომ ტარიფიდან 0,41¢ცენტი ქონების გადასახადზე, ანუ ბიუჯეტში წავა.

საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯების დიდი ნაწილის გაწევა ხდება საქართველოში, რაშიც შედის ასევე ხელფასები და საშემოსავლო გადასახადი. საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFჩ) შეფასებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაც­იო ხარჯები საშუალოდ მისი ღირებულების 2-2,5%-ს შეადგენს. ჩვენს შემთხვევაში, ნაკლებობით ვიღებთ 1,5%-ს, რაც 10 მილიონამდე დოლარია. თუ ჩავთვლით, რომ ამ თანხის 80% ადგილობრივი ხარჯებია, მივიღებთ, რომ მათ დასაფარავად ტარიფიდან დაახლოებით 0,56¢ცენტი მიდის. ამ და სხვა კატეგორიების შეკრებით ჯამურად ვიღებთ 1,02¢ცენტს. ანუ ეფექ­ტური საშუალო წლიური ტარიფიდან 3,89¢ცენტი/1 კვტ/სთ ემსახურება ინვესტიციის დაბრუნებას. დანარჩენი საქართველოში გასაწევი საოპერაციო ხარჯია, რაც ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკას ემატება.

ჰესის მოწინააღმდეგეების ლოგიკა მართლაც სწორი რომ იყოს, ეს ფასთა შორის განსხვავება, ანუ დაახლოებით 3,9¢და არა 6,2¢ცენტი უნდა შეგვედარებინა იმპორტის ფასებისთვის...

კიდევ ერთი - ელექტროენერგიის იმპორტი ემსახურება სხვა ქვეყნებში საქართველოს ხარჯზე გენერაციის საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება კი ემსახურება ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. საზოგადოებას ეს სარგებელი, ისევე როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, სათანადოდ რომ არა აქვს გაცნობიერებული, ქვეყანაში სტრატეგიული ხედვების სისუსტეზე მიუთითებს.

- შეგვიძლია ვივარაუდოთ, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში რა რეალობის წინაშე დადგება ქვეყანა?
- ელექტროენერგიის დეფიციტის, მისი გაძვირების ან არასტაბილური მიწოდების პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება.­ არადა, თუ ასე გავაგრძელებთ, მოხმარება­ შემცირდება, რადგან შემცირდება ეკონომიკა, ქვეყანას კი არც არაფრის ყიდვის თავი არ ექნება.
უნდა გავერკვეთ, ვინ არის პასუხისმგებელი დეზინფორმაციისა და უმეცრების გავრცელებაზე, რითაც საზოგადოებას თავგზა აურიეს და რიონის მცველები ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად აქციეს. გავიხსენოთ "მკვლელი ჰესები", "კაბალური ხელშეკრულება", ინვესტიცია, რომელიც თურმე სინამდვილეში არ შემოდის და სხვა "შედევრები".

შემთხვევითი არ არის, რომ ვიღაცას სახელმწიფო ინსტიტუტების, უწყებების დარგობრივი ორგანიზაციების დისკრედიტაცია და დემორალიზაცია სურს.
პირველად არ ხდება მრუდე ლოგიკის გამოყენებით საგნობრივი განხილვისთვის თავის არიდება. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო საზიანო მგონია, ვიდრე ნამოხვანჰესის პროექტის შესაძლო ჩაშლა, რადგან ასეთი მიდგომები სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი აზროვნების რყევას ემსახურება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა მსგავს­ გამოწვევებს შესაბამისად გაუმკლავდეს. ვფიქრობ, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონოდათ, უნდა გაეაზრებინათ, როგორ შეიძლებოდა მავანს ეს გამოეყენებინა... თუმცა ნურც ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებსა და საპროტესტო ტალღის შემოქმედებსაც ნუ დავუკარგავთ "დამსახურებას". ვერ დავიჯერებ, ვინმეს ნდომოდა პროექტის მნიშვნელობის გარკვევა და ვერ გაერკვია.

იქნებ ოდესმე გავიაზროთ, სად გადის ზღვარი პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო აქტივიზმს შორის?! როგორ დავაბალანსოთ გარემოსა და ქვეყნის განვითარების ინტერესები?.. რატომ არის საზოგადოებრივი ცოდნა საბაზისო ეკონომიკურ, ტექნიკურ, პოლიტიკურ საკითხებში უკიდურესად დაბალი, ისევე როგორც მეცნიერებისა და ამ საქმის მცოდნეების მიმართ ასეთი დაბალი ნდობა? როგორ განვასხვაოთ სპეციალისტები შარლატანებისგან? ამასთან არ უნდა გამოგვრჩეს, რამდენად დაცულია ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოება მსგავსი შემოტევებისა და რყევებისგან?.. სანამ ამ საკითხებზე არგუმენტირებული პასუხები არ გვექნება, ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგება.
არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს კომპანია ის უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც ამხელა დაბანდებას აპირებდა. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სხვებისთვისაც სიგნალი იყოს. ისე, ჰიდროსადგურების აშენების პრობლემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ჰესების წინააღმდეგ ამხედრებული საზოგადოებები იქაც ცდილობენ მოსახლეობა ათასი ჭორ-მართლით აიყოლიონ. საზოგადოებას თუ არ ავუხსენით ქვეყნის პრიორიტეტები, სულ ერთსა და იმავე ადგილას ვიდგებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს გართულებული კოვიდსიტუაცია?