ხინკალს ფასი დაედო! - კვირის პალიტრა

ხინკალს ფასი დაედო!

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მისულ მომხმარებელს მენიუსთან ერთად ვრცელ, ბოდიშის შემცველ ტექსტს სთავაზობენ, სადაც ნათქვამია, რომ ხორცის გაძვირების გამო, საზოგადებრივი კვების ობიექტის ადმინისტრაცია იძულებულია, ხორციან კერძებზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ამავე ტექსტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ობიექტი კერძების მოსამზადებლად ყოველთვის ადგილობრივი წარმოების, ახალ ხორცს იყენებს და შესაბამისად, მისი შეძენა ნატახტარის სასაკლაოზე, კომპანია "იბერმითში" მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით უწევს. მართალია, მომხმარებელს გაუჭირდება იმის გარჩევა, კარგად შეგემებული ხინკალი ახალი ხორცისგან არის დამზადებული, თუ ინდოეთიდან იმპორტირებული, გაყინული ხორცია მის შიგთავსში, მაგრამ ის, რაც ახლა ხორცის ბაზარზე ხდება, "საპატიო მიზეზია" სარესტორნო ბიზნესში ფასების გასაზრდელად. ხოლო იქ, სადაც კლიენტების დაკარგვის შიშით ძველ ფასებს ინარჩუნებენ, კერძებში ხორცის მოცულობას ამცირებენ. ორივე შემთხვევაში კი, მომხმარებელი რჩება დაზარალებული, რომლის უფლებებიც არსებულ პირობებში ფაქტობრივად უგულვებელყოფილია.

ქეთი ქირია (კომპანია "ვუდკაპიტაილის" მენეჯერი, რესტორნების ქსელი "თაღლაურა"): "იმის გამო, რომ ჩვენი მენიუს ერთ-ერთი მთავარი პროდუქტის, ხინკლის წარმოებისთვის მოვიხმართ მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ახალ ხორცს, იძულებული გავხდით, ბაზარზე მიმდინარე მოვლენების გამო, მზა კერძებზეც გაგვეზარდა ფასი. მაგალითად, ხინლის ფასი ჩვენს ქსელში ხუთი თეთრით გაიზარდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიმართვა ჩვენი კლიენტებისადმი, სადაც ავუხსენით ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი. სხვათა შორის, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქონლის ხორცის შესყიდვის ფასი ბევრჯერ გაიზარდა, მაგრამ ჩვენ ბოლო წუთამდე ვცდილობდით ძველი ფასები შეგვენარჩუნებინა და კორექტივები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეგვეტანა, რადგან ვიმედოვნებით, რომ ხორცის ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა.

ჩვენ ასევე ვაწარმოეთ მომხმარებლის გამოკითხვა ამ მიმართულებით, სხვათა შორის, ტესტის ტიპის გამოკითხვებს დროდადრო ვატარებთ ხოლმე სხვა და სხვა თემაზე. შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ჩვენმა მომხმარებელმა გამოკითხვის შედეგების მიხედვით არჩევანი ხარისხზე გააკეთა და გაგებით მოეკიდა ფასების ზრდას."

თამთა ხორიაშვილი (რესტორნების ქსელი "მირზაანის" სუპერვაიზერი): "მომხმარებლების ინტერესიდან გამომდინარე, ვცდილობთ არ გავაძვიროთ პროდუქცია, მაგრამ ეს ყველაფერი მისი თვითღირებულების ზრდისა და მოგების შემცირების ხარჯზე ხდება. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში ასეთი საფასო პოლიტიკის შენარჩუნება გაგვიჭირდება და იძულებული ვიქნებით, რომ ხორცისგან დამზადებულ პროდუქტებზე ფასები ჩვენც გავზარდოთ. ასე რომ, ხინკალი ალბათ ჩვენს ქსელშიც გაძვირდება და ეს გარდაუვალი იქნება.

ჩვენ მხოლოდ ახალ ხორცს ვიყენებთ კერძების მოსამზადებლად, შესაბამისად დადგა ფასების ზრდის აუცილებლობა. ამიტომ, გვირჩევნია ფასების გზრდით მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ და ხინკლის მოსამზადებლად არ გამოვიყენოთ გაყინული, იმპორტირებული ხორცი. სავარაუდოდ 10%-ით გაიზრდება ფასი მწვადსა და სხვა ხორციან კერძებზეც."

სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით, ფასები არ გაუზრდიათ ხორცპროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებს, რადგან ისინი ძირითადი ნედლეულის სახით იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. მაგალითად კომპანია "ნიკორაში" ამბობენ, რომ ფასები პროდუქციაზე გასული ზაფხულის შემდეგ აღარ გაუზრდიათ. 2008 წლიდან მოყოლებული კი ლარის კურსის 30%-ით გაუფასურებისა და ნედლეულის 25%-ით გაძვირების გამო პროდუქციაზე ფასებს დროდადრო ზრდიდნენ.

ქართულ კომპანიებს ხორცპროდუქტების დასამზადებელი ნედლეული, ძირითადად, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოაქვთ. როგორც კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში სასაქონლო მეურნეობა ნაკლებად არის განვითარებული, ადგილობრივ ხორცს მათ წარმოებაშიც მცირე წილი უჭირავს.

რა იქნება მომავალში, ამის განსაზღვრა ხორცპროდუქტების მწარმოებლებს უჭირთ, თუმცა დარწმუნებით ამბობენ, რომ თუ ნედლეულის ფასი გაიზარდა, პროდუქციას ისინიც გააძვირებენ.

ახალი ხორცის გაძვირებამ იმპორტირებულ ხორცზე მოთხოვნა უკვე გაზარდა. მოთხოვნის ზრდა კი, შესაბამისად აისახება ფასების ზრდაზე, რაც საბაზრო ეკონომიკის მარტივი ჭეშმარიტებაა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ადგილობრივთან ერთად, იმპორტირებული ხორცისგან დამზადებული ძეხვეულიც გაგვიძვირდეს.

(სპეციალურად საიტისთვის)