რამდენი მილიონი ლარი ჯდება 30 ოქტომბრის არჩევნები - კვირის პალიტრა

რამდენი მილიონი ლარი ჯდება 30 ოქტომბრის არჩევნები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 11,653 მლნ ლარი უჯდება.

30 ოქტომბერს გასამართი მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია. დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ.

11,653 მლნ ლარიდან შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 7,135 მლნ ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 3,017 მლნ ლარია გაწერილი. ამასთან, უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 11,382 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაზე კი - 271 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური კი 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი. კერძოდ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება - ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

"ბიზნესპრესნიუსი"