მთავარია ”ხარისხი” - კვირის პალიტრა

მთავარია ”ხარისხი”

უფრო მნიშვნელოვანი აქ დახარჯული ფულია, ვიდრე ჩამომსვლელთა რაოდენობა

აჭარაში წლეულს ტურისტული სეზონი შარშანდელზე ადრე დაიწყო. საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში უცხოელი ტურისტების სიმრავლემ ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა სერვისი ამით არ გაუმჯობესებულა. ქობულეთსა და ბათუმში ფასების ზრდის კულმინაციას სეზონის პიკზე ელიან, ამიტომ შიდა ტურისტები სხვა ზღვისპირა კურორტებს ეძებენ.

როგორც გავარკვიეთ, წლეულს ბათუმში ერთი თვის განმავლობაში ბინის დაქირავება $300-$500 დაგიჯდებათ; ოჯახური ტიპის სასტუმროებში ფასი დღეში $15-დან იწყება. ქალაქში მდებარე კაფე-ბარებსა და რესტორნებში 1 ნაჭერი ნამცხვარი და 1 ქილა გამაგრილებელი სასმელი 10 ლარამდე ღირს. ბათუმელები ამბობენ, რომ სასტუმროებისა და კვების ობიექტების დიდი ნაწილი თურქ ბიზნესმენებს ადგილობრივებისგან ნაყიდი ან ნაქირავები აქვთ, ტურისტებსაც ძირითადად ისინი იზიდავენ და ფასებსაც თავად აწესებენ.

სიძვირეა წლეულს ქობულეთშიც, სადაც ძირითადად სომხეთიდან ჩამოსული საქმოსნები აქტიურობენ, ქობულეთში კერძო სახლებს მთელი სეზონით ქირაობენ და შემდეგ საწოლ-საწოლ აქირავებენ. მთელი სეზონის განმავლობაში სახლის დაქირავების ფასები 20 000 დოლარიდან იწყება. ასეთი გარიგება ადგილობრივ ბინის გამქირავებლებსაც ხელს აძლევს, რადგან მათი საქმიანობა ბოლო დროს შემოსავლების სამსახურის ინტერესის სფეროში მოექცა და გადასახადებიც დაუწესდათ. ვისაც სურვილი არ აქვს სამეწარმეო საქმიანობისთვის ყველა შესაბამისი გადასახადით დაიბეგროს, უნდა ინებოს და ფიქსირებული გადასახადი გადაიხადოს - ყოველ გაქირავებულ 1 კვ.მეტრზე 10 ლარის ოდენობით.

ესეც ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზია. ამიტომ ადგილობრივი, საშუალო შემოსავლის მქონე დამსვენებელი დასვენების უფრო იაფ საშუალებას ეძებს და ვისაც თურქეთის კურორტებზეც არ მიუწვდება ხელი, გურიის ზღვისპირა სოფლებს ირჩევს დასასვენებლად. ასე რომ, თუ შარშან ურეკში, გრიგოლეთსა და შეკვეთილში საწოლს 5 ლარადაც იქირავებდით, წელს 12-14 ლარად შოვნაც კი გაჭირდება.

მაია სიდამონიძე (ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი): "ბოლო ხუთ თვეში 1 მილიონამდე უცხოელი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც შარშანდელზე 46%-ით მეტია. ზაფხულში ამ რიცხვის მკვეთრ ზრდას ველით. ძირითადი დატვირთვა, ცხადია, აჭარაზე მოვა. იქ ყოველ წელს მილიონ-ნახევრამდე ტურისტი სტუმრობს, გამონაკლისი არც ამჯერად იქნება. წლის ბოლომდე კი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა, სავარაუდოდ, სამ მილიონს მიაღწევს.

აჭარისა გარდა, ყველა რეგიონი, სადაც ინფრასტრუქტურა არსებობს, ტურისტებით დატვირთულია. ძალიან დიდი მოთხოვნაა სვანეთზე, ბევრი ტურისტი მიდის კახეთში, შიდა ბაზარიც გაჯერებულია და ადგილობრივი ტურისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქტიურად მოგზაურობენ არა მარტო უქმეებზე, არამედ ხანგრძლივი ტურებითაც.

ადგილობრივი ტურისტების უმეტესობა ზაფხულში, ცხადია, საზღვაო კურორტებს მიაშურებს, თუმცა ძალიან გაიზარდა კორპორატიული მოთხოვნა სათავგადასავლო ტურიზმზე. ძალიან ბევრი დადის ეროვნული პარკების, მღვიმეების მოსანახულებლად, უქმეებზე ბევრი დამსვენებელი სტუმრობს ლოპოტას, ყვარლის ტბას, არის ერთდღიანი ტურებიც (სიღნაღში, წყნეთში, ბეთანიაში). ადგილობრივი ბაზრის განვითარებამ გამსვლელი ტურისტების რაოდენობა შეამცირა, თუმცა ეს ჯერ სტატისტიკაში უნდა აისახოს.

შიდა ტურიზმის განვითარებაზე არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ კერძო სექტორმაც უნდა იზრუნოს, მეტად იმუშაონ შიდა ტურებზე და არა მხოლოდ შემომყვანებზე. ჩვენთვისაც შიდა ტურიზმის განვითარებაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ტურისტული პროდუქტების დანერგვის გარდა, მარკეტინგულ ღონისძიებებს მივმართავთ. ბოლო კლიპიც, "აღმოაჩინე შენი ქვეყანა თავიდან" შიდა ტურიზმზეა გათვლილი. ქვეყნის ტურისტული განვითარების ხერხემალი შიდა ტურიზმის განვითარება უნდა გახდეს.

აჭარაში ჩამოსვლისას კვლავ აქტიურობენ ტურისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან. მრავლად ჩამოდიან ყოფილ საბჭოთა (უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი) და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიდან. ხუთ თვეში რუსი ტურისტების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. მათი უმეტესობა სომხეთიდან შემოდის, თუმცა ბათუმში უკვე იგეგმება ჩარტერული რეისები მოსკოვის მიმართულებით.

ფასების მატება ძირითადად განპირობებულია საზაფხულო სეზონთან დაკავშირებული, საგრძნობლად გაზრდილი მოთხოვნით. სანამ ბაზარზე მიწოდება არ მოიმატებს და ჯანსაღი კონკურენცია არ შეიქმნება, გაძვირების ტენდენცია შენარჩუნდება".

მარინა მეტრეველი (პროფესორი, ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი): "ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პოლიტიკა არ არსებობს. მართალია, არის ტურისტების მოზიდვაზე გათვლილი ღონისძიებები, მაგრამ ტურიზმის ბუმზე ლაპარაკი მეტისმეტია... ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თბილისის ქუჩებში მოძრაობს, დამეთანხმება, რომ ტურისტების მოზღვავება ნამდვილად არ შეინიშნება. შესაძლოა ვინმე შემეკამათოს, თბილისში რატომ უნდა იყოს შესამჩნევიო, მაგრამ ჩამოსული ტურისტი უმეტესად ჯერ თბილისში ჩამოდის და შემდეგ მიემგზავრება რეგიონებში.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ტურისტების ზრდა სამ მილიონამდე არარეალურია. მათი რიცხვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავითვალოთ საზღვარზე გადმოსული ადამიანების რაოდენობიდან. მაგალითად, წითელ ხიდზე უამრავი ბოსტნეულით მოვაჭრე გადმოდის. უამრავი თურქი მძღოლი კვეთს საზღვარს სარფში. ბევრი ადამიანი უცხოეთიდან ახლობლების მოსანახულებლად ჩამოდის. შესაბამისად, არ არსებობს ტურისტების დათვლის სწორი მეთოდი.

უნდა დასრულდეს ლაპარაკი ტურისტების რაოდენობის ზრდაზე. მთავარი ის უნდა იყოს, ტურისტი რამდენს ტოვებს. დათვლის მექანიზმი საერთოდ არ არსებობს შიდა ტურიზმის თვალსაზრისითაც; ქვეყანაში საერთოდ არ არის ტურიზმის განვითარების პოლიტიკა, არ არსებობს სტრატეგია, კონცეფცია და დოკუმენტი, კანონი არ აქვთ, 1997 წელს მიღებული მოძველებული, კომუნისტებისდროინდელი კანონით ხელმძღვანელობენ.

ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში ტურისტულ პოლიტიკას უნდა წარმართავდეს, ნახევრად კერძო უწყებაა. ის აწყობს ტურებს სვანეთსა და სხვა ადგილებში.... გვაქვს მაღალი ფასები და მომსახურების ძალიან დაბალი დონე. განათლება და კადრების მომზადება უმთავრესი უნდა იყოს... სტრატეგიაში არა მხოლოდ მიმდინარე პროექტები უნდა აისახებოდეს, არამედ ისიც, თუ რა უნდა გააკეთოს კრიზისულ, არასტაბილურ ვითარებაში ქვეყანამ, რათა დარგის განვითარება არ ჩავარდეს.

ვაჟა დიასამიძე (აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი): "ადრე თუ ტურისტული სეზონი აჭარაში ივნისში იწყებოდა, წლეულს უკვე აპრილში შემოვიდა დიდი რაოდენობით ტურისტი. პირველ რიგში, ეს იმან განაპირობა, რომ ირანთან გაუმჯობესდა სავიზო რეჟიმი; სატელიტურ არხებზე სარეკლამო კამპანია წარვმართეთ და შესაბამისად, აჭარაში საკმაოდ ბევრი ტურისტია ირანიდან ჩამოსული.

ამას დაემატა ივნისის დასაწყისში თელ-ავივი-ბათუმის ჩარტერული რეისის დანიშვნა. ყოველ კვირას ისრაელიდან ასეულობით ტურისტი ჩამოდის. ბათუმში სასტუმროების დატვირთვა მთელი წლის განმავლობაში პრობლემა აღარ არის, რადგან უკვე ვმუშაობთ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ბათუმის სასტუმროების დასატვირთავად გამოფენებით, სემინარებით, კონფერენციებით, შევიმუშავეთ რამდენიმე ტური მაღალმთიან აჭარაში, არის ღვინის ტური ქედაში, რომლითაც უცხოელ ტურისტთა ყველა ორგანიზებული ჯგუფი სარგებლობს.

ყველა ცდილობს მაღალმთიანი აჭარის მონახულებას, ტური მოიცავს როგორც ეთნოგრაფიულ მხარეს, აგრეთვე ადგილობრივ ფოლკლორსა და სამზარეულოს. ეს ნამდვილი აღმოჩენაა არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ქართველი ტურისტებისთვისაც.

სურსათი გაძვირებულია, თუმცა ეს ტენდენცია შესამჩნევია მთელ საქართველოსა და მსოფლიოშიც. სასტუმროების ფასების ზრდა კი არ შეინიშნება. შარშან ბათუმში მხოლოდ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მოქმედებდა და ნომერი დღეღამეში $350 ღირდა, ახლა კი რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმროა, ერთიც ახლო მომავალში იხსნება და ფასები წინა წლებთან შედარებით იკლებს კიდეც. დღეს ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროში ნომრის ფასი საშუალოდ $250-ია. ამჟამად ბათუმის სასტუმროების თითქმის 70% აგვისტოს ბოლომდე დაჯავშნილია.

კერძო სასტუმროები ზღვისპირა ზოლში არ არიან რეგისტრირებული, როგორც სასტუმროები. ფინანსთა სამინისტრო და საგადასახადო ცდილობს ყველა იმ ობიექტის აღრიცხვას, რომელიც სასტუმრო საქმიანობას მისდევს. ჩვენი მიზანიცაა აჭარაში არსებობდეს სასტუმრო ადგილების რაოდენობის სრულად აღრიცხვა მონაცემთა ბაზაში, რათა ვიცოდეთ, რამდენი ტურისტის მიღება შეგვიძლია და მათი გაყიდვაც შეგვეძლოს.

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თურქეთში დასვენება უფრო იაფია. აუცილებელია სეგმენტების მიხედვით დაყოფა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში შესაძლოა უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე ანტალიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბათუმში დასვენება უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში ან ეგვიპტეში. აქ შესაძლოა ვიპოვოთ სასტუმროები, რომლებიც ანტალიაზე იაფია. შესაძლოა, სერვისი არ იყოს ისეთი მაღალი ხარისხისა, მაგრამ დასვენება ბათუმში განსხვავებულია, მეტია სანახაობა და გართობის საშუალებები. ანუ დასვენება ბათუმსა და თურქეთში ორი სხვადასხვა პროდუქტია, რომელთა შედარება არ შეიძლება".