სამშენებლო ბაზარი "ხელოვნური გადარჩევის" წინაშე - კვირის პალიტრა

სამშენებლო ბაზარი "ხელოვნური გადარჩევის" წინაშე

"დაუმთავრებელი შენობები ჯერ უნდა შემოწმდეს და მერე დაიწყოს ლაპარაკი მათ აღდგენაზე..."

სამშენებლო სექტორი ის სფეროა, სადაც უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემაა დაგროვილი. ამ პრობლემების გამო საქართველოს ქალაქები დაუსრულებელი მშენებლობების პოლიგონს დაემსგავსა. თუმცა სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული სურათია. თუ აჭარასა და კონკრეტულად ბათუმში შეიძლება ერთგვარ სამშენებლო ბუმზე საუბარი, შედარებისთვის, ქუთაისში უძრავი ქონების ბაზარზე სრული "სიმშვიდეა". პარლამენტის იქ გადატანა ვითარებას ალბათ გამოაცოცხლებს, თუმცა ამას რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება, აგრეთვე, ათეულობით საბიუჯეტო მილიონის გახარჯვა...

თბილისში ზედიზედ გაკეთდა ოპტიმისტური განცხადებები. ქართულ-ბრიტანული კომპანია თავისუფლების მოედანზე, ცენტრალური უნივერმაღის ადგილას, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის განახლებას გეგმავს; კომპანია "ოლიმპიურ ვარსკვლავში" განაცხადეს, რომ იქ თურქი ინვესტორები შედიან; „ლისი დეველოპმენტში" ამბობენ, რომ აშშ-იდან და ჰოლანდიიდან დაბანდებებით მსხვილ პროექტს განახორციელებენ და სხვ. გავრცელდა ცნობები, რომ ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის მიმართ დაინტერესებას ჩინელებიც გამოხატავენ. ისინი კი მსხვილ პოტენციურ კლიენტურას წარმოადგენენ.

ამ ვითარებაში ყურადღება მიიპყრო ცნობამ, რომ კომპანიებს, რომლებსაც დაუმთავრებელი მშენებლობები აქვთ, ფინანსურ ამნისტიას უმზადებენ. კომპანიებს ჩამოეწერებათ საცხოვრებელი კორპუსების დაუმთავრებელი მშენებლობების გამო დაკისრებული ჯარიმები და საურავები. ოღონდ ისინი ვალდებული იქნებიან, სამ თვეში არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ახალი ვადები წარუდგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამკაცრებული სანქციები დაეკისრებათ.

ალექსანდრე ჯაფარიძე (საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის პრეზიდენტი): -საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უჩვეულო ვითარებაა.

არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რაც ჩვენთან: ინვესტიციების დაბანდება, ფაქტობრივად, სამთავრობო დონეზე მიმდინარეობს, საშუალო და მცირე ბიზნესი კი სულს ღაფავს. რასაკვირველია, ასეთ დროს ელიტური ბიზნესი გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბაზარზე კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და ამ პროცესში საქართველოც ჩართულია... თუმცა, ამის მიუხედავად, დიდი დეველოპერული ფირმები კვლავინდებურად მუშაობენ, ხოლო ვისაც ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს, გაჩერებულია.

ზემოთქმულის საუკეთესო დასტურია უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლება აჭარაში. მთავრობა ბევრს აკეთებს ამ მხარის ასაღორძინებლად და თუ მოინდომებს, არანაკლებ ბრწყინვალე ადგილი შეიძლება გახდეს ბაკურიანი, ბორჯომი ან აბასთუმანი.

რაც შეეხება ე.წ. ფინანსურ ამნისტიას, ჩემი აზრით, ეს არის გზა საიმისოდ, რომ სწრაფად გაირკვეს, ვინ ვინ არის. ყველა ფირმა, რომელსაც მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ აქვს, თამაშიდან გავარდება. ამიტომ ეს საკმაოდ მტკივნეული გზაა, რომელიც ბევრს დაღუპავს, ბევრი სამშენებლო ფირმა გაქრება. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდებიან ის დეველოპერები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, დანაპირები შეასრულონ და აღიდგინონ კლიენტის ნდობა. რაღაცით ეს ქირურგიულ ჩარევასაც მოგვაგონებს. რამდენად საჭირო იყო მსგავსი ჩარევა, მომავალი გვაჩვენებს. ოღონდ ერთი პირობის დაცვა აუცილებელია -ხელოვნური შერჩევა არ უნდა მოხდეს. თუ არსებობს ორი ძლიერი ფირმა, ისე არ უნდა გაკეთდეს, რომ ერთი ჩაიძიროს და მეორე კარგად იყოს.

გიორგი კაპანაძე (სამშენებლო კომპანია "აქსისის" დირექტორი): -ბუნებრივია, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ვადაგადაცილებული მშენებლობების გამო ჯარიმები ეწერებათ, ეს ამნისტია დიდი შეღავათი იქნება. მათ სამი თვის ვადა მიეცემათ მშენებლობის განახლების ვადების შესათანხმებლად. ვფიქრობ, ეს კარგი ინიციატივაა, რადგან კომპანიებს დაგროვებული ჯარიმები ეხსნებათ და მდგომარეობის გაუმჯობესების საკმაოდ კარგი შანსი ეძლევათ.

ანზორ საკანდელიძე (ასოციაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე): -უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ სამშენებლო კომპანიების უმრავლესობას ხელისუფლება ლობირებდა. მეც მშენებელი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ამ სფეროში გავლენიანი მფარველი და ლობისტი. დაუმთავრებელი მშენებლობები კი ჩვენთვის უდიდესი უბედურებაა. ბევრჯერ წამოვჭერი ეს საკითხი და ახლაც ვიკითხავ: ღირს კი საერთოდ ამ შენობების დამთავრება?

-რატომ არ ღირს?

-იმიტომ, რომ კარგა ხანია, ეს შენობები კონსერვაციის გარეშე დგას ღია ცის ქვეშ და ისინი საიმედო არ არის. 2004 წელს დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ერთობლივი რეიდები მოვაწყვეთ და საზარელი სურათი გადაგვეშალა: ჩვენ მიერ გამოკვლეული სახლების უმეტესობა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. მაშინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის დანგრევაც კი მოვითხოვეთ, მაგრამ არ დაანგრიეს.

არ ვიცი, ეს დაუმთავრებელი შენობები ვინ უნდა დაასრულოს, ან ვინ უნდა იყიდოს. საქართველოში თითქმის ყველაფერი უხარისხო, იაფი საშენი მასალით შენდება, რაც ძალიან საშიშია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2010 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში უკვე ამოქმედდა რვაბალიანი სეისმომედეგობის ნორმატივები. ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში სეისმომედეგობაზე შენობა-ნაგებობები არ შემოწმებულა. ჩემი აზრით, ყველა დაუმთავრებელი შენობა ჯერ უნდა შემოწმდეს და მერე უნდა დაიწყოს ლაპარაკი მათ აღდგენაზე...

ციფრების ენით

-სამშენებლო კომპანიების ბრუნვა 2011 წლის I კვარტალში, შარშანდელ იმავე დროსთან შედარებით, 24,8%-ით შემცირდა და 182,5 მლნ ლარი შეადგინა.

-"საქსტატის" ცნობით, წლევანდელი I კვარტალისთვის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 22 188 ათას ადამიანამდე შემცირდა (ერთ წელიწადში 3997-ით).

-სამშენებლო კომპანიების წლიურმა ბრუნვამ 2010 წელს 1,485 მლრდ ლარი შეადგინა, 2009 წელთან შედარებით 14,4%-ით ნაკლები.

ხათუნა ჩიგოგიძე