მგზავრობა "არ გაძვირდება, მაგრამ... გაძვირდება" - კვირის პალიტრა

მგზავრობა "არ გაძვირდება, მაგრამ... გაძვირდება"

ახალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს დედაქალაქში, ბოლო ცნობებით, 10 ივლისიდან უნდა ემოძრავა. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, შეფერხების მიზეზი ტექნიკური აღმოჩნდა, ჯერ არ დასრულებულა მიკროავტობუსებში გადახდის აპარატების დამონტაჟება.

თუმცა ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ვადაც გადაიწევს... ერთი შეხედვით, ახალი, კომფორტული ტრანსპორტის შემოყვანა ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ მგზავრობის მოსალოდნელმა გაძვირებამ უკმაყოფილების ტალღა ახალი მიკროავტობუსების გამოჩენამდე არაერთხელ ააგორა. ბევრს გაუჩნდა კითხვა, რა ჯობდა: ძველი "მარშრუტკებისა" და ტარიფი შენარჩუნება, თუ მგზავრობის ღირებულების გაძვირება?

"ეკოპალიტრას" მერიის პრესსამსახურში ამცნეს, რომ ამ ეტაპზე არანაირი გაძვირება არ იგეგმება, მაგრამ თუ საწვავის ფასი მოიმატებს, ტარიფიც გაიზრდება. თუმცა მერიაში არ დაუკონკრეტებიათ, რამდენად უნდა შეიცვალოს საწვავის ფასები, რომ მგზავრობის ტარიფმა აიწიოს, ანდა დაიწიოს(?!) -ცხადია, ტარიფის შესაძლო შემცირებაზე მათ არაფერი უთქვამთ, მაგრამ მარტივი ლოგიკით, თუ საწვავის გაძვირება ტარიფს ზრდის, გაიაფებამ უნდა შეამციროს.

მგზავრობის საფასურის გაძვირებას უარყოფენ ტენდერში გამარჯვებულ "თბილ ლაინშიც" და მოქმედი ტარიფის შეძლებისგვარად შენარჩუნებას კომპანიის მიზნადაც კი აცხადებენ. როგორც ირკვევა, ჯერჯერობით ჩამოყვანილია "ფორდის" მარკის ასამდე ახალი მიკროავტობუსი, რომლებშიც სალაროებს ამონტაჟებენ. მანქანების ხაზებზე გაშვებას კომპანია არა 10 ივლისისთვის, არამედ ივლისის შუა რიცხვების შემდეგ ვარაუდობს. ჯერჯერობით არც ის არის გადაწყვეტილი, ახალი ავტომობილები რომელ მარშრუტებზე იმოძრავებს.

ახალ მიკროავტობუსებში ისეთივე გადახდის აპარატები მონტაჟდება, როგორიც ყვითელ ავტობუსებშია და "თბილ ლაინის" განმარტებით, არც ეს აპარატები დააბრუნებს ხურდას. მგზავრები შეძლებენ იმავე ბარათებით სარგებლობას, რომლებსაც მეტროსა და ავტობუსებში იყენებენ. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ახალ მიკროავტობუსებში ნახევარ ფასად იმგზავრებენ, საფასურის ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს.

კომპანიის განცხადებით, საბოლოოდ ხაზებზე 3000 სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს; მგზავრობას სადაზღვევო კომპანია დააზღვევს, რაც ყველა მძღოლსა და მგზავრს შეეხება; მძღოლებს შემოსავალი ყოველდღიურად ექნებათ; დღეს მომუშავე მძღოლები სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ და უმუშევარი არ დარჩებიან. მეტიც, "თბილ ლაინში" ამბობენ, რომ ოპერატორი კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი“ ახალ სამუშაო ადგილებსაც კი შექმნის.

დამაიმედებელი დაპირებების მიუხედავად, დღეს მოძრავი "მარშრუტკების" მძღოლები ორჭოფულ მდგომარეობაში არიან. მათთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა ყოველდღიურ შემოსავალზე ლაპარაკი, რადგან თავდაპირველად კეთდებოდა განცხადებები ყოველთვიურ, ოფიციალურად დანიშნულ ხელფასზე. "თუ ყოველდღიურ ანაზღაურებაზე მიდის ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ ძალაში დატოვეს ჩვენთვის მიუღებელი პირობები", -აცხადებენ მძღოლები. მათი განმარტებით, ახალ სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობის დასაწყებად, თითოეულმა მძღოლმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე წინასწარ 500 ევრო უნდა გადარიცხოს. მოუწევთ ყოველდღიური თანხის გადახდაც.

მძღოლები ამბობენ, რომ მათთვის ასეთი პირობის შესრულება შეუძლებელია, 500 ევრო ძალიან დიდი თანხაა, რომლის გადახდის საშუალებაც არ აქვთ. სავარაუდოდ, დაუთანხმებლობის შემთხვევაში მძღოლები სამსახურის გარეშე დარჩებიან, რადგან მძღოლს, რომელსაც "მხოლოდ" პირადობის მოწმობა აქვს, ტენდერში გამარჯვებული ფირმა 30 ათას დოლარიან მანქანაზე "ვერ დასვამს". მძღოლების შენატანიდან აპირებს კომპანია მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების დაფარვასაც. თუმცა საბოლოოდ დამტკიცებული ჯერჯერობით არც ამ შენატანის მოცულობა არ არის.

მძღოლების გადასახადი შედგება მარშრუტზე მოძრაობის, ანუ საგზურის ღირებულებისა (10 ლარი) და ყოველთვიური საიჯარო ქირისგან. საიჯარო ქირის რაოდენობა დღეში 18 ევროს (ეკვივალენტით) უტოლდება. მძღოლი მიკროავტობუსის მესაკუთრე მხოლოდ შვიდწლიანი იჯარის შემდეგ გახდება, რის შემდეგაც მხოლოდ საგზურის ღირებულებას გადაიხდის.

ის საკუთარი ხარჯით ჩაასხამს საწვავს და აღმოფხვრის დაზიანებებს, გარდა ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ე.წ. ხიდის შეკეთებისა. ასეთი პირობები მძღოლებს კაბალურად მიაჩნიათ, რადგან მათი შეფასებით, მოგებაზე ლაპარაკიც კი სასაცილო იქნება. ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშსწორება ასე მოხდება: დღის განმავლობაში სალაროში მოგროვებული თანხიდან მძღოლი გადაიხდის იმდღევანდელ გადასახადებს, ხოლო დანარჩენი თანხა მისი იქნება. იკვრება ერთგვარი სამკუთხედი -კომპანია-მძღოლი-მგზავრი, სადაც მოქმედი ტარიფის შენარჩუნება ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ მგზავრის ინტერესშია.