"ბორჯომი " ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთის ეროვნული ნაკრების პარტნიორია - კვირის პალიტრა

"ბორჯომი " ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთის ეროვნული ნაკრების პარტნიორია

2011 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური პარტნიორი მინერალური წყლის ბრენდი "ბორჯომი" იქნება. პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ 29 ივნისს, სასტუმრო "Holiday inn"-ში გამართული პრეზენტაციისას მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, 2011 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების მიერ გამართული ოფიციალური შეხვედრების გენერალური პარტნიორი სწორედ მინერალური წყლის სახელგანთქმული ბრენდი იქნება. პრეზენტაციას საქართველოს ნაკრების რამდენიმე კალათბურთელიც დაესწრო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად მონაწილეობს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატში, რომელიც 2011 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ლიტვაში გაიმართება. ამიტომაც, ქართველი კალათბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბრენდის მხარდაჭერა, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი მომხმარებელი ჰყავს და რომლის სახელიც უცხოელებისთვის, გარკვეულწილად, საქართველოსთან ასოცირდება. "ბორჯომი" ევრობასკეტის მასპინძელ ლიტვაშიც ძალიან უყვართ, ასე რომ, ევროპირველობის მატჩებისას ძალიან ბევრი მაყურებელი იცნობს ქართველი კალათბურთელების მაისურებზე დატანილ წარწერას და იგრძნობს, რომ ისევ შეხვდა მისთვის ასე ნაცნობ და საყვარელ ბრენდს...

ზაზა კიკვაძე: - ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი კომპანია "ბორჯომსა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის, რის შემდეგაც, კომპანია "ბორჯომი" ეროვნული ნაკრების გენერალური პარტნიორი გახდა. "ბორჯომი" ქართული ბრენდია და გარკვეულწილად, მოვალეც არის გვერდით დაუდგეს გუნდს, რომელსაც ასეთი დიდი მისია აკისრია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული ბრენდი "ბორჯომი" მსოფლიოს 33 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ყველგან ლიდერია თავის სეგმენტში და მომხმარებლების საკმაოდ დიდი არმიაც ჰყავს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს მომხმარებელი საქართველოს ნაკრების აქტიური მხარდამჭერი გახდება.

მე და ჩვენი კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი კლაიპედაში გამგზავრებას ვგეგმავთ, რათა ჩვენს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი მატჩებისას "ახლოდან" ვუქომაგოთ. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვაში "ბორჯომს" განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი ჰყავს. იქ საკუთარი წარმომადგენლობაც გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ლიტველი მეგობრები საქართველოს ნაკრების მხურვალე გულშემატკივრები იქნებიან. ჩვენი ნაკრებისთვის ეს კონტინენტის პირველი ჩემპიონატია. იმედი გვაქვს, ბიჭები წარმატებით იასპარეზებენ და ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ბესიკ ლიპარტელიანი: - მინდა, კალათბურთის ფედერაციის სახელით დიდი მადლობა ვუთხრა კომპანია "ბორჯომს" ეროვნული ნაკრების თანადგომისთვის. ის მხარდაჭერა, რასაც თქვენგან ვიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა გუნდისთვის, რომელიც პირველად თამაშობს ასეთ დიდ ტურნირზე. შეხვედრებისა და ვარჯიშების დროს, დაკარგული მინერალების აღსადგენად სპორტსმენები ყოველთვის "ბორჯომს" მიირთმევენ.

გარდა ამისა, გვიხარია, რომ ჩვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლო თამაშების დროს ვითანამშრომლებთ ისეთ დიდ ბრენდთან, რომელიც საქართველოს სახეა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ექსპორტზე გადის. თუნდაც ლიტვის მაგალითი ავიღოთ - იქ ძალიან ბევრია როგორც ქართული კალათბურთის გულშემატკივარი, ისე "ბორჯომის" მომხმარებელი, ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები ასე გამოხატავენ საქართველოსადმი სიყვარულს. ჩვენი მხრიდან კი, პირობას ვიძლევით, რომ ეროვნული გუნდის თითოეული წევრი თავს დადებს, რათა გავიმარჯვოთ და ჯგუფური ეტაპი დავძლიოთ. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება.

კოტე ტუღუში: - ფინანსურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ყურადღება და მხარდაჭერა სპორტსმენისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საქართველოს ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ის, რომ ჩვენს მაისურებზე იქნება წარწერა "ბორჯომი", კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას და მობილიზებას მოითხოვს მოთამაშეებისგან, რადგან ეს ბრენდი ძალიან ბევრ ქვეყანაშია პოპულარული და ჩვენს ქვეყანასთან ასოცირდება.

ვიქტორ სანიკიძე: - ამ ბრენდის დიდი მოყვარული ვარ - "ბორჯომიც" მიყვარს და "ბორჯომის წყაროს წყალიც". ასეთ ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობა მოთამაშეებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ორმაგ სტიმულს გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, "ბორჯომის" მომხმარებლების დიდი არმია საქართველოს ნაკრების ქომაგთა რიგებს შეავსებს. იმედია, მოლოდინს გავამართლებთ და გულშემატკივარს

გავახარებთ...

R