”რიგითი ფერმერის გადასარჩენად...” - კვირის პალიტრა

”რიგითი ფერმერის გადასარჩენად...”

ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურები თუ "ახალი ხილი" - მოცვი, კივი და სხვა ეგზოტიკური სახეობები - რომელი მიმართულება უმჯობესია "ორმოში ჩავარდნილ" სოფლის მეურნეობაში ვითარების გასაუმჯობესებლად? ამ კითხვის პასუხები სხვადასხვაგვარია, საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ხელსაყრელია როგორც ძველი, ისე ახალი კულტურების მოყვანა, მთავარი საქმისადმი გონივრული მიდგომაა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში კვლევამ კი აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობაში საქართველოს ყველაზე მეტი შემოსავალი შეუძლია მიიღოს რამდენიმე მიმართულების განვითარებით - ეს არის ხილი, ბოსტნეული, თხილი და ღვინო.

დალი დოლიძე ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ახალშენში ცხოვრობს. "ერთ დროს ეს მხარე ჩაის მოსავლით ირჩენდა თავს, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა: ჩაის პლანტაციები აკაფეს და მის ნაცვლად თხილი დარგეს. ჩაის მთელი ხუთი თვის განმავლობაში ვკრეფდით და სოლიდური შემოსავალიც გვქონდა, თხილის მოსავალი კი სეზონური და ხანმოკლეა. მოკრეფილ თხილს ძირითადად გადამყიდველებს ვაბარებთ. 1 კილოგრამი ნედლი თხილი 2-2,5 ლარი ღირს, ხოლო ხმელი, კარგი - 4-5 ლარი. ისინი ტონობით ყიდულობენ და ძირითადად თურქეთში გააქვთ, სადაც ბუნებრივია, ორმაგ ფასში ყიდიან. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ჩაის მოყვანა უფრო შემოსავლიანი საქმე იყო", - გვიამბობს ის.

სხვაგვარად მიაჩნია "თხილის საექსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორ ბეგი სიორიძე, რომლის თქმითაც, წლეულს საქართველომ თხილის წარმოებით აზერბაიჯანს გაუსწრო და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა. საქართველო ყოველწლიურად 35 ათას ტონა თხილს აწარმოებს და ის ოცზე მეტ ქვეყანაში გააქვთ.

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა უკვე გამოცდილი, ტრადიციული კულტურების მოყვანას ამჯობინებს, საქართველოში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ ალტერნატიული კულტურების გაშენებაზე. მათ შორის არის ზეთისხილი, ბროწეული, ნუში, მოცვი, კივი... მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ამ წამოწყებას დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. კითხვაზე, რომელი კულტურების მოყვანა უფრო შემოსავლიანია, სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ:

თენგიზ სვანიძე (ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი): "რაც ადრე ჩაის შემოსავალი მოჰქონდა საქართველოსთვის, წარსულს ჩაჰბარდა. მაშინ არსებობდა გარანტირებული ბაზარი საბჭოთა კავშირის სახით, ახლა კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა და მას უნდა მოვერგოთ. ჩაის მთლიანად უარყოფა არ შეიძლება, ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან დააზარალებს, მაგრამ რაღაც გონივრული რეჟიმი უნდა ავირჩიოთ.

ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება, თუ საქართველოში დარჩება დაახლოებით 20-დან 25 ათას ჰექტარამდე ჩაის ვარგისი და მოსავლიანი პლანტაცია. დაახლოებით 70-80 ათასი ტონა ფოთლის წარმოება შეგვიძლია. ამას ეტაპობრივად მივაღწევთ. რაც შეეხება პლანტაციების ამოძირკვასა და იქ თხილის ან მოცვის გაშენებას, ეს უკვე მეცნიერებმა და აგრონომებმა უნდა განსაზღვრონ. მათ უნდა დაადგინონ, რომელ ნიადაგზე რა კულტურა ჩაანაცვლებს ჩაის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვთქვათ, თხილის შემოსავალი არ არის სტაბილური და მის ფასს ჩვენი მეზობელი თურქეთი განსაზღვრავს, ჩაიზე მოთხოვნილება კი მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს".

KvirisPalitra.Geპაატა კოღუაშვილი (პროფესორი): "მინდა ყურადღება გავამახვილო ე.წ. ახალი კულტურების გაშენებაზე. საქმე ის არის, რომ ეს კულტურები სულაც არ არის ახალი ქართველი გლეხისათვის. ნუში ადრეც ხარობდა კახეთში, ხარობდა ზეთისხილიც. ბროწეული მოჰყავდათ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოშიც... თუმცა უნდა შეგახსენოთ ეკონომიკის დიდი თეორეტიკოსის, ადამ სმიტის ტერმინი "შეფარდებითი უპირატესობა". ისეთი კულტურა, როგორიც ბროწეულია, აზერბაიჯანში საკმაო რაოდენობით მოჰყავთ და ჩვენ ამ მხრივ არავითარი უპირატესობა არ გვაქვს. რაც შეეხება ზეთისხილს, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო მიაქვს იტალიურ, ესპანურ ზეთისხილს, თურქეთიც უკვე შედის ამ ბაზარზე.

2005-2006 წლებში USAID-ის დაფინანსებით დაიწყო საპილოტე პროგრამა, დასავლეთ საქართველოში მოცვი გააშენეს, მაგრამ სანაცვლოდ ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი მოსპეს, რაც უდიდესი შეცდომა იყო. ბუნებრივია, ტრაგედიას ვერ ვხედავ ნუშის, ბროწეულის ან ზეთისხილის გაშენებაში, მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამ არის: ჩემი აზრით, არასწორად საზღვრავენ პრიორიტეტებს, სწორად განსაზღვრული პრიორიტეტი კი ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. ფართობები, სადაც ეს კულტურებია გაშენებული - 200-300 ჰექტარი, ან თუნდაც 500-1000 ჰექტარი, უმნიშვნელოა და ბევრს ვერაფერს შეცვლის. ეს არ არის კულტურები, რომლის წყალობითაც ქვეყანა წელში გაიმართება.

ცოტა სხვანაირად უნდა ვიფიქროთ, ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენის ეკონომიკური პოლიტიკა გვჭირდება, ამიტომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ტრადიციული, კონსერვატიული კულტურების განახლებასა და გაუმჯობესებაზე. ყველა ქვეყნის ამოცანა, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის გამოკვებაა.

ხორბალი, სიმინდი და საერთოდ, მარცვლეული კულტურები, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა - ეს ის დარგებია, რომლის გარეშეც საქართველოს მოსახლეობას თავის გატანა ძალიან გაუჭირდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა: 350 ათას ჰექტარზე გვქონდა გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, ახლა მხოლოდ 200 ათასი ჰექტარზე გვაქვს; ვენახი გვქონდა 130 ათას ჰექტარამდე და 40 ათასი ჰექტარი გახდა; ჩაი - 65 ათას ჰექტარზე, ახლა კი 15 ათას ჰექტარამდეა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი იყო, რომელიც გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობას არჩენდა. ვფიქრობ, სწორედ ტრადიციული კულტურების მოშენება და აღდგენა უნდა იქცეს ჩვენს მთავარ ამოცანად".

ლევან სილაგავა (მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი): "ალბათ განმარტება არ სჭირდება, რამდენად მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების მოყვანა ნებისმიერი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, ბოლო წლებში ხორბლის ფასი მსოფლიოში თითქმის გაორმაგდა. საქართველოს წელიწადში 700 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება, აქედან 500 ათასი ტონა - სასურსათო მიზნებისთვის. ბოლო წლებში ხორბლის ამ რაოდენობის დაახლოებით 10-12% მოგვყავდა.

წლეულს ფერმერები უფრო კარგ მოსავალს ელოდებიან, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ჩვენი საჭიროების მხოლოდ 20%-ს დააკმაყოფილებს. შესაძლოა სხვა კულტურებმაც გაამართლოს, მაგრამ ჩემი აზრით, პირველ რიგში, სწორედ იმ დარგებს სჭირდება ხელშეწყობა და დახმარება, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს ფაქტორი კარგად უნდა გავაცნობიეროთ და მიზნებიც ამის მიხედვით განვსაზღვროთ".

ზურაბ ჩეკურაშვილი (USAID-ის პროექტ "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის" სასოფლო-სამეურნეო კომპონენტის ხელმძღვანელის მოადგილე): "უპირატესად დასახელებული დარგების განვითარებისთვის გამოყოფილია სახსრები. მაგალითად, გვაქვს წარმოების პრობლემა თხილთან დაკავშირებით, დაბალია პლანტაციების პროდუქტიულობა. წლევანდელი მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 1-1,2 ტონაა, არადა, ამ მაჩვენებლის 3 ტონამდე გაზრდაა შესაძლებელი.

ბაღებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ვაშლის ჯიშების შემოტანას, ამისთვის გაკეთდება ახალი სანერგეები, სადაც გაშენდება გრენისმიტი, ფუჯი, გოლდენი და სხვ. ხილში სუბტროპიკული კულტურებიც იგულისხმება, დიდი ყურადღება დაეთმობა, მაგალითად, კივის წარმოებას. დღეს დასავლეთ საქართველოში არის კომპანია, რომელსაც, ჩემი აზრით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კივის პლანტაცია აქვს. მათ მოწყობილი აქვთ უნიკალური სარწყავი სისტემა, რომლითაც სპეციალური მიკროკლიმატი - ნისლი იქმნება.

ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა კენკროვანი კულტურები. მსოფლიოში მასზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ მიწოდებას ვერ აუდიან. მოსავალს დარგვიდან მესამე წელიწადს იძლევა. აღსანიშნავია, რომ ეს კულტურები კარგად ეწყობა დასავლეთი საქართველოს ნიადაგს".

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩაის ექსპორტი 14 ქვეყანაში განხორციელდა, ხოლო იმპორტი - 24 ქვეყნიდან. 2006 წლიდან დღემდე ჩაის ექსპორტი თვალში საცემად მცირდებოდა. მაგალითად, 2006 წლის 3818 ტონიდან 2009 წლისთვის 52 ტონამდე დაეცა, თუმცა 2010 წელს ექსპორტმა 1491 ტონა შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა 2006-დან 2009 წლამდე 783-დან 888 ტონამდე იზრდებოდა, 2010 წელს კი ჩაის იმპორტი 796 ტონამდე ჩამოვიდა.

რძის პროდუქტებიდან საქართველოს ექსპორტზე ძირითადად ყველი და ხაჭო გააქვს - აზერბაიჯანსა და სომხეთში, ხოლო იმპორტით კი ეს პროდუქცია - 21 ქვეყნიდან შემოდის. ზეთი კი საქართველოში 2010 წელს 27 ქვეყნიდან შემოიტანეს.

რაც შეეხება ბოსტნეულ კულტურებს, ოქტომბრიდან მაისამდე ქვეყანა ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას მოიხმარს - დაახლოებით 7 ათასი ტონა პომიდორს, 3 ათასი ტონა კიტრის დიდი რაოდენობით ბადრიჯანსა და სხვა ბაღჩეულს.

ხათუნა ჩიგოგიძე