წუნდებული საქონელი იაფად - კვირის პალიტრა

წუნდებული საქონელი იაფად

"ნაჩუქარი ფასის" მიუხედავად, "კბილები" ყველა პროდუქციას უნდა გაესინჯოს

რითეილერები ყოველ ნაბიჯზე ფასდაკლებებს აცხადებენ. სამოსის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ახალ კოლექციებსაც კი 30, 50 და 80%-იანი ფასდაკლებით სთავაზობენ მომხმარებელს. ამბობენ, თვალი ჭამს და თვალი სვამსო, მომხმარებელიც ცდილობს, ხელსაყრელი მომენტი გამოიყენოს და მეტ-ნაკლებად მოდური სამოსი იაფად შეიძინოს. ამაში ცუდი თითქოს არაფერია, რომ არა ერთი გარემოება: "სეილი" შესაძლოა ხაფანგი იყოს მომხმარებლისთვის, საიდანაც თავის დაღწევა, სამწუხაროდ, ძნელია.

ცოტა ხნის წინ, სამოსის ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელიც დაბალი ფასების გამო მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და თბილისში მაღაზიათა ქსელი აქვს, დიდი ფასდაკლება გამოაცხადეს. სავაჭრო ობიექტიც უმალ აივსო ხალხით, დაბალი ფასის გამო ერთდროულად რამდენიმე ნივთს ყიდულობდნენ და გასახდელთან იმხელა რიგი იდგა, რომ ზოგი გარეთვე იცვამდა შერჩეულ სამოსს - მორგებოდათ და საქონლის დეტალურად დათვალიერებას აღარ დაეძებდნენ.

კონსულტანტ გოგონასთან ახალგაზრდა ქალი მივიდა, რომელსაც მაღაზიაში შენაძენი წინა დღეს გაეკეთებინა და შინ აღმოეჩინა, რომ ნივთს წუნი ჰქონია. მაღაზიის თანამშრომლებმა მომხმარებელს შენაძენის უკან მიღებასა და გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარი უთხრეს, არც წუნის გარეშე აღმოაჩნდათ იმავე მოდელის სამოსი, ამიტომ შესთავაზეს, იმავე ფასის რამე სხვა ნივთი შეერჩია. მომხმარებელი, ფაქტობრივად, აიძულეს, მაღაზიის შინაგანაწესს მორგებოდა.

KvirisPalitra.Geამ შემთხვევიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ მსგავსი ამბავი მეც გადამხდა. მასშტაბურმა "სეილმა" მიბიძგა, ერთ-ერთი პოპულარული ბრენდის სამოსის მაღაზიაში შევსულიყავი. დრო ცოტა მქონდა, ამიტომ ნივთი სწრაფად შევარჩიე, სალაროსთან თანხის გადასახდელად მისულს კი ზემოხსენებული შემთხვევა გამახსენდა, ამიტომ გამყიდველს ჩავეკითხე: წუნდებული ხომ არ იყო გასაყიდად გამოტანილი საქონელი. რა თქმა უნდა, ურყოფითი პასუხი მივიღე.

მხოლოდ შინ აღმოვაჩინე, რომ მაისურის ერთი სახელო მეორეზე საგრძნობლად მოკლე იყო. რაღა თქმა უნდა, გაყიდული პროდუქცია მაღაზიაში უკან არ დაიბრუნეს და მეც იგივე მირჩიეს: იმავე ფასში რამე სხვა შეარჩიეთო. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სავაჭრო ობიექტის დახლებსა თუ საკიდებზე ხარისხიან საქონელს ვეძებდი და რისი დათვალიერებაც შევძელი, 80%-ს სხვადასხვა ნაკლი ჰქონდა. ბუნებრივია, გამიჩნდა კითხვა, რატომ არ უთითებს სავაჭრო ობიექტი ფასთან ერთად, რომ გასაყიდად წუნდებული საქონელი გამოაქვს? ალბათ იმიტომ, რომ დაბალი ფასი ერთგვარი სატყუარაა მომხმარებლის მოსაზიდად, რომლის უფლებები ნაკლებად თუ აინტერესებს ვინმეს.

მადონა კოიძე (მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი): ”მომხმარებელთა ფედერაციას ამ მიმართულებით კვლევა არ გვიწარმოებია, მაგრამ ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლითაც უამრავი მომხმარებელი გვიკავშირდება ფეხსაცმელსა და სამოსთან დაკავშირებით. ფეხსაცმელი საკმაოდ ცნობილი ბრენდების მაღაზიაში იყიდება და მომხმარებელი ძვირად ყიდულობს ვითომ ტყავის ფეხსაცმელს. რაღაც დროის შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ მოატყუეს და ფეხსაცმელი დაბალი ხარისხის დერმატინისგან არის დამზადებული.

გაყიდული პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებით კი პრობლემები ხშირად იქმნება. შარშან დიდი "სეილი" ჰქონდათ გამოცხადებული ცნობილი ბრენდების მაღაზიაში, სადაც, სამწუხაროდ, წუნდებული სამოსი იყიდებოდა. ზოგს შეუმჩნეველი ნაკლი ჰქონდა, ზოგს კი იმდენად თვალში საცემი, რომ მისი მოხმარება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ხშირად ასეთ მაღაზიებში ისეთი მკრთალი განათებაა, რომ მომხმარებელს უძნელდება ნივთის გულდასმით დათვალიერება და და სასურველის შეძენა. "სეილი" იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელმა მისთვის გამოუსადეგარი პროდუქცია შეიძინოს.

საქართველოში მოქმედებს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ თუ მომხმარებელმა შეიძინა ნივთი, რომელიც მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს ან ნაკლი აქვს, შეუძლია ეს საქონელი უკან დააბრუნოს. მითითებულია მიმწოდებლის პასუხისმგებლობაც. ის ვალდებულია, მოკლე ხანში გადაცვალოს შეძენილი ნივთი სათანადო ხარისხის პროდუქციაში ან მომხმარებელს კუთვნილი თანხა დაუბრუნოს. სამწუხაროდ, ცნობილი ბრენდების მაღაზიებში ხშირად ვხედავთ წარწერას, რომ გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. ეს მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევაა".

როგორც საქონელმცოდნეებმა აგვიხსნეს, ზოგიერთ მაღაზიაში ერთგვარ ”ხერხსაც” მიმართავენ. ისინი უცხოეთში წუნდებული საქონლის პარტიებს იძენენ, რომლებიც ძალიან იაფი ღირს. ამგვარი პროდუქცია ფართო ასორტიმენტითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რადგან სხვადასხვა მზა საქონლის სერიული პარტიების წუნდებული ეგზემპლარებისგან გროვდება. დასავლელი მომხმარებლებისთვის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფასი, ამიტომ მათთვის საქონელს უფრო მაღალი კრიტერიუმებით არჩევენ.

ჩვენი მომხმარებლისთვის კი უმეტესწილად ფასია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პროდუქციის მაღალი სტანდარტი, ჩვენთან კი ათ ან თუნდაც ხუთ ლარად შეძენილ სამოსს თუ რომელიმე ნაკერი არასრულყოფილი აქვს, ამაზე შესაძლოა თვალიც დახუჭონ. რითეილერები კი თავის მომხმარებელს საკუთარი ხუთი თითივით იცნობენ...