მეფური დემპინგი რკინიგზის მაგნატისგან - კორნელიუს ვანდერბილტი - კვირის პალიტრა

მეფური დემპინგი რკინიგზის მაგნატისგან - კორნელიუს ვანდერბილტი

სარკინიგზო მაგნატმა კორნელიუს ვანდერბილტმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო ხაზი ააგო. აქტიურად საქმიანობდა საზღვაო ტრანსპორტში, ფინანსებში, ვაჭრობაში. მრავალი ბიზნესკონფლიქტი ცივილიზებულად გადაჭრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც მოქრთამვასა და შანტაჟს დაჰრიდებია. სახელგანთქმული დინასტიის დამაარსებელი კორნელიუს ვანდერბილტი, საზოგადოების თვალში, ამერიკული ოცნების განსახიერება იყო - ღარიბ ოჯახში გაზრდილმა ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მიაღწია. გარდა ამისა, ის ისტორიაში შევიდა, როგორც დემპინგის მეფე.

ვანდერბილტი განათლებით ვერ დაიკვეხნიდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ხეირიანად დოკუმენტებზე ხელსაც ვერ აწერდა, მაგრამ ჭკუის, მოქნილობისა და ანალიტიკური გონების წყალობით, სოციალური კიბის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ახალი ბიზნესის დაწყებისას ძველთან გამოთხოვება არასოდეს დანანებია. შესანიშნავად ერკვეოდა იმ სფეროში, რომელსაც მოგვიანებით მარკეტინგი ეწოდა. თუმცა აშშ-ის უმდიდრეს ადამიანს არასდროს უცდია ნიუ-იორკის ზეპურ საზოგადოებაში დამკვიდრება. ერთობ მოკრძალებულად ცხოვრობდა და უზარმაზარი მემკვიდრეობის შვილებზე გადანაწილება არ ისურვა.

მომავალი მაგნატის ნავი

XIX ს-ის უმდიდრესი ამერიკელი კორნელიუს ვანდერბილტი საშუალო შეძლების მენავისა და ფერმერის ოჯახში 1794 წელს დაიბადა. მათი გვარი ნიდერლანდების სოფელ დე ბილტიდან წარმოსდგება. 11 წლის კორნელიუსმა სკოლა მიატოვა და მამას ეხმარებოდა, თუმცა უსწავლელობა არასდროს უნანია. "რომ მესწავლა, დრო აღარაფრისთვის დამრჩებოდა", - ამბობდა მაგნატი.

16 წლის კორნელიუსმა დამოუკიდებელი ბიზნესი წამოიწყო: დედისგან $100 ისესხა იმ პირობით, რომ 8 აკრ მიწას (1 აკრი - დაახლოებით 0,405 ჰა) დამოუკიდებლად მოხნავდა და დათესდა. ბიჭმა კი ნავი იყიდა და მგზავრთა გადაყვანასა და კუნძულ სტეიტენ-აილენდსა და მანჰეტენს შორის ტვირთზიდვას შეუდგა. საფასურად სულ რაღაც 18 ცენტს ითხოვდა.

სანაოსნო ბიზნესი იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ ერთი წლის თავზე ბიჭმა დედას არათუ ვალი დაუბრუნა, $1000-იც მოიგო. ახალგაზრდა მენავეს სიიაფის გამო კლიენტები არ აკლდა, თავად კი წესიერი და შრომისმოყვარე მენავის სახელი დაიმკვიდრა. ფხიანი ახალგაზრდა, მენავეობასთან ერთად, ვაჭრობდა კიდეც - სტეიტენ-აილენდზე საჭირო საქონელს ყიდულობდა და ნიუ-იორკში სარფიანად ყიდდა.

1812 წლის ინგლის-ამერიკის ომის დროს, ნიუ-იორკის საქმიან წრეებში კარგი ავტორიტეტის წყალობით, ვარდერბილტს სახელმწიფო კონტრაქტი გაუფორმეს ფრონტზე საქონლის მისაწოდებლად. გამომუშავებული ფულით, კორნელიუსმა შხუნა და ორი მომცრო გემი ააგო, რის გამოც, კონკურენტებმა კომანდორი შეარქვეს. ისიც ვაჭრობდა - ხამანწკებით, საზამთროთი, ვეშაპის ქონით, ნავსადგურში მდგარ გემებს სანოვაგით ამარაგებდა. 1817 წლისთვის კორნელიუსმა $9000 დააგროვა და ბიზნესიდან წასვლაც დააპირა...

KvirisPalitra.Geეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა: სტეიტენ-აილენდიდან ნიუ-იორკამდე მარშრუტი ნავებით აივსო, შემოსავლებმაც იკლო. ის ორთქლის გემების ბიზნესით დაინტერესდა, თავისი "ფლოტი" გაყიდა და პატარა გემზე კაპიტნად მოეწყო. კორნელიუსმა გამოწვლილვით შეისწავლა გემების აგებულება და მფლობელი დაარწმუნა, ორთქლის ხომალდი აეგო, რომლის პროექტიც დამოუკიდებლად შეადგინა. გემს `ბელონა~ დაარქვეს, კორნელიუსი კი მეპატრონე გიბონსის პარტნიორი გახდა.

სამსახურის გამო ვანდერბილტი ოჯახით ნიუ-ჯერსიში დასახლდა. იქ მდინარის ნაპირას ტავერნა გახსნა, რომელიც გამვლელი გემების მგზავრების დასასვენებელ ადგილად იქცა. ტავერნაში პირველი მეუღლე სოფია დიასახლისობდა (კორნელიუსმა სულ ორჯერ იქორწინა, 19 და 73 წლის ასაკში). კორნელიუსი განაგრძობდა დემპინგს "ბელონათი" და მგზავრობისთვის საფასური კონკურენტებზე ოთხჯერ ნაკლები - $1 დააწესა. ამის გამო მთავარ კონკურენტებს, ბაზრის ლეგალურ მონოპოლისტებს - რობერტ ლივინგსტონსა და ბორბლიანი ორთქლის გემის გამომგონებელ რობერტ ფულტონს დაუპირისპირდა. ბრძოლა კომანდორის სასარგებლოდ დასრულდა: აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ლივიგსტონ-ფულტონის მონოპოლია ჰუძონის წყლებში არაკონსტიტუციურად ცნო.

1829 წლისთვის კორნელიუსმა $30 ათასი დააგროვა და სავსებით დამოუკიდებელი ბიზნესის წამოწყება დააპირა. ოჯახი ნიუ-იორკში გადაიყვანა. ამისთვის რკინისებური ნებით გადაჭრა პრობლემა ცოლთან, რომელსაც ცოცხალი თავით არ სურდა საყვარელი ნიუ-ჯერსის მიტოვება - ის ორი თვით საგიჟეთში გამოამწყვდია.

ოქროს ფსკერი

ნიუ-იორკში ვანდერბილტმა სანაოსნო კომპანია დააფუძნა და ნიუ-იორკიდან სხვადასხვა მიმართულებით მიმოსვლა გააჩაღა. 1840 წლისთვის მას უკვე 100 კომფორტული და ელეგანტური გემი ჰყავდა. 40 წლის ასაკში ვანდერბილტს ნახევარი მილიონი დოლარი ჰქონდა, თუმცა გამდიდრების ახალ გზებს დაუღალავად ეძებდა. და ისიც გამოჩნდა - ოქროს ციებ-ცხელებით ატანილი ადამიანები კალიფორნიას აწყდებოდნენ. ფხიანმა ვანდერბილტმა სწრაფად მოიფიქრა, როგორ შეემოკლებინა პანამაზე გამავალი გრძელი მარშრუტი (პანამის არხი მხოლოდ 60 წლის შემდეგ აიგო) ნიკარაგუის ტბის გავლით. სხვაობამ 600 მილი შეადგინა, მგზავრობის ფასი კი $600-დან $400-მდე ჩამოიყვანა.

1851 წელს კორნელიუსმა ნიკარაგუას ჩარტერული რეისის უფლებისთვის $10 ათასი გადაუხადა. ახალ მარშრუტს პატარა გემით პირადად ამოწმებდა და მდინარე სან-ხუანის კალაპოტიც გააწმენდინა. წამოწყებამ ვანდერბილტს წელიწადში $1 მლნ მოუტანა.

1850-იან წლებში კომანდორმა ნიუ-იორკსა და საფრანგეთს შორის ტრანსატლანტიკურ გადაზიდვებს მოჰკიდა ხელი. ამ საქმეში მის კონკურენტებს ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობები უკეთებდნენ სუბსიდიებს. კორნელიუსმა სამთავრობო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა მუშაობა მაინც განაგრძო. ხომალდი "ვანდერბილტი" იმ დროისთვის ატლანტის ოკეანეში უდიდესი იყო. მისი აგება მფლობელს $600 ათასი დაუჯდა. კომანდორმა ნაცად ტაქტიკას მიმართა: მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის საფასური შეამცირა. კონკურენტებისგან განსხვავებით, ვანდერბილტი აქცენტს ემიგრანტებსა და საშუალო კლასზე აკეთებდა.

აგრეთვე, არ აზღვევდა თავის გემებს, რადგან დარწმუნებული იყო მათ გამართულობასა და ეკიპაჟის პროფესიონალიზმში. მაგრამ ახალი წამოწყება მომგებიანი არ აღმოჩნდა. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე (1861 წ.) ვანდერბილტმა ატლანტიკური ხაზი $3 მლნ-ად გაყიდა. თავისი სიამაყე ”ვანდერბილტი” კი შეინარჩუნა და სამხედრო გემად გადააკეთა. ომის დროს ხომალდი კომანდორმა მთავრობას მიაქირავა, თუმცა გაზეთებმა ეს საჩუქრად შეაფასეს.

რკინის მეფე

სიბერეში ვანდერბილტმა რადიკალურად შეცვალა ბიზნესსტრატეგია და სარკინიგზო ბიზნესს მოჰკიდა ხელი. თავდაპირველად ის ახალი ბაზრის ანალიზს შეუდგა. იმდროინდელი ამერიკული სარკინიგზო ქსელი ნამდვილი ლაბირინთი იყო: უამრავი მოკლე რკინიგზა ასობით ბიზნესმენს ეკუთვნოდა და ისინი ხშირად კოტრდებოდნენ. კომანდორმა აქციების ყიდვა დაიწყო და ნიუ-იორკის ირგვლივ დაქსაქსული გზების ერთიანი ქსელი შექმნა. სხვა სარკინიგზო მაგნატებისგან განსხვავებით, ის სარკინიგზო ქსელის გაფართოებაში ინვესტიციებს აბანდებდა.

ეს გზა იავარდით მოფენილი არ ყოფილა - გაყალბებული აქციების ყიდვით კომანდორმა $1-2 მლნ და სარკინიგზო ხაზი დაკარგა, მაგრამ მარცხს არ შეუშინდა. უფროსი ვაჟის, უილიამის დაჟინებით სარკინიგზო ქსელი ჩიკაგომდე გააფართოვა, რისთვისაც ლეიკ შორისა და სამხრეთ მიჩიგანის ხაზები შეიძინა და აშშ-ში უდიდესი სარკინიგზო ქსელის მფლობელი გახდა.

ბედნიერების ნამსხვრევები

მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ხელმოჭერილად ცხოვრობდა. როცა მძიმე ავადმყოფს ექიმებმა შამპანურის სმა ურჩიეს, მილიონერმა ქოში უკუღმა ჰყარა - ძვირიაო! გაურბოდა ქველმოქმედებასაც. მან მხოლოდ ორჯერ გაიკრა ჯიბეზე ხელი - დაასპონსორა ცენტრალური უნივერსიტეტი (შემდგომში ვანდერბილტის უნივერსიტეტი) და ყარიბთა ეკლესია ნიუ-იორკში.

კომანდორი 1877 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრეობაც თავისებურად გაანაწილა. თორმეტი მემკვიდრიდან უდიდესი წილი უფროს ვაჟს, უილიამს ერგო, დანარჩენებმა 100-100 ათასი დოლარი მიიღეს. ეს თანხა იმ დროისთვის ფრიად შთამბეჭდავი გახლდათ, თუმცა უილიამის $90 მლნ-თან ერთობ მოკრძალებულად გამოიყურებოდა. ქვრივს კომანდორმა $500 ათასი ნაღდი ფული, ბინა ნიუ-იორკში და ცენტრალური რკინიგზის 2 ათასი აქცია დაუტოვა.

უილიამმა მამის სიცოცხლეშივე მოიპოვა ბიზნესგენიოსის რეპუტაცია, მისი დანატოვარი ქონება კი ერთიორად აქცია. თუმცა გამუდმებულ სტრესებს უილიამმა მამის სიკვდილიდან რვა წელზე მეტხანს ვერ გაუძლო. მისი სიკვდილის შემდეგ დინასტიის სადავეები კომანდორის შვილიშვილის, კორნელიუს ვანდერბილტ-უმცროსის ხელში გადავიდა.

კომანდორის შთამომავლებს ბაბუისა და მამის მარიფათი არ გამოჰყოლიათ - მათ სპორტს, იახტებს, ხელოვნებას, ცხენების მოშენებას, საგამომცემლო საქმეს, კინოპროდიუსერობასა თუ სამუზეუმო საქმეს მიჰყვეხ ხელი და მეტ-ნაკლებად წარმატებებსც მიაღწიეს. ოჯახი თანდათან ამცირებდა თავის წილს ნიუ-იორკის რკინიგზაში და საბოლოოდ 1954 წელს შვილებმა და შვილთაშვილებმა ადვილად დათმეს აქტივები, რომლებსაც დიდი კომანდორი ლამის კბილებით ეჭიდებოდა.

მოამზადა ნატა ენუქიძემ