ექსპროპრიაცია ”იაფად” - კვირის პალიტრა

ექსპროპრიაცია ”იაფად”

კერძო ქონების ექსპროპრიაციის უფლება ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებით გაიცა

”საქართველოს რკინიგზას” ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ბრძანება ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ორჯერ გამოსცა. დოკუმენტს, რომელიც წლევანდელი 15 ივნისით თარიღდება, ხელს თავად მინისტრი ვერა ქობალია აწერს. რამდენიმე დღის შემდეგ კი იმავე შინაარსის დოკუმენტზე მისი მოადგილის, დავით გიორგაძის ხელმოწერა გაჩნდა. საინტერესოა, რომ ორივე დოკუმენტის შინაარსი იდენტურია და ორივეში ”საქართველოს რკინიგზისთვის” ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის უფლების მინიჭებაზეა ლაპარაკი.

მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება - თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხელს უშლის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას, მეპატრონეს ისე ჩამოართმევენ, არც კი შეეკითხებიან. მთავარია, ქონება არ აღმოჩნდეს რკინიგზის ახალი მარშრუტის მშენებლობის არეალში, თორემ როგორც ამბობენ - ბასტა! ახალი მარშრუტი მცხეთის ახლოს, სადგურ ზაჰესის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და აღმოსავლეთისკენ 27 კმ-ზე გრძელდება. ლილოდან მარშრუტი შეუერთდება კახეთის სარკინიგზო ხაზს და 10 კმ-ით გაგრძელდება ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით, სადგურ თბილისი-მახარისხებლამდე. ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი ავჭალის, გლდანის ტერიტორიებსა და თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობზე გაივლის, ქონების ჩამორთმევაც მათ ემუქრება, ვისი საკუთრებაც სწორედ ამ მიდამოებში აღმოჩნდება რკინიგზის მშენებლობისთვის ხელის შემშლელი.

როცა შემოვლითი მარშრუტი დაიგეგმა და მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებთათვის ცნობილი გახდა, რომ მათი ქონება სახელმწიფოს ინტერესის არეალში მოექცა, სასწრაფოდ დაიწყეს საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრირება, რათა კერძო საკუთრების უფლება დაედასტურებინათ. ზოგს იმედიც ჰქონდა, რომ სახლისა თუ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაუხდიდა და ეგებ ხეირიც კი ენახა. ცნობილია, რომ ამ პროექტის ღირებულება 220 მილიონ ევრომდეა. აქედან 30%-ს «საქართველოს რკინიგზა», ხოლო დანარჩენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აგრეთვე ევროპის საინვესტიციო ბანკი დაფარავენ. KvirisPalitra.Ge

”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრეებისგან უძრავი ქონების გამოსყიდვისთვის 14 მლნ ლარი უკვე აანაზღაურეს. ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მდებარე 860 ნაკვეთიდან ექვსასზე მეტი უკვე გამოსყიდული აქვთ, ხოლო 78 საცხოვრებელი სახლიდან 50-ზე მეტს გადაუხადეს შესაბამისი თანხა; ტერიტორიაზე არსებული 22 ბიზნესიდან კომპენსირებულია ნახევარზე მეტი. ”საქართველოს რკინიგზაში” არ აკონკრეტებენ, რა თანხა გადაიხადეს კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა თუ უძრავი ქონების გამოსყიდვისთვის. ამბობენ, რომ ყველა ცალკეულ შემთხვევაში ქონების ღირებულებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განსაზღვრავდა, უძრავი ქონების ფასი მდებარეობის მიხედვით იცვლებოდა.

როგორც ჩანს, ბევრისთვის შეთავაზებული თანხა მიუღებელი აღმოჩნდა, ამიტომაც მოლაპარაკებები გაჭიანურდა. სამაგიეროდ, «საქართველოს რკინიგზა» ახლა მათი განსახლებისთვის ექსპროპრიაციის უფლებას გამოიყენებს. ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, საკუთრების ჩამორთმევა «სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით» მოხდება, რისი ოდენობაც 1 კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 6 ლარს შეადგენს.

თუმცა, საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნორმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვ.მ. მიწის მინიმალური ფასი 14 ლარია, რომელიც იზრდება იმის მიხედვით, მესაკუთრეს რა სახის სამუშაოები ჰქონდა ჩატარებული თავის მიწაზე.

170-მა მესაკუთრემ რკინიგზას სასამართლოში უჩივლა. მათ შორის არის ლალი სუხაშვილი, რომლის კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოიტანა. ავჭალის დასახლებაში სუხაშვილების სახლის ადგილას მალე თბილისის რკინიგზის შემოვლითი ხაზი გაივლის.

ლალი სუხაშვილი: «ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადეს, რომ მოვყევით რკინიგზის მშენებლობის დერეფანში და ჯერ 28 ათასი ლარი, შემდეგ 44 ათასი ლარი შემოგვთავაზეს, მაგრამ რომ ვიანგარიშეთ, ამ თანხით ვერანაირ საცხოვრებელ ფართს ვერ ვიყიდდით და შესაბამისად მის გაყიდვაზე უარი ვთქვით».

მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს ”საქართველოს რკინიგზა” თავად არ აწარმოებდა. ეს საქმე კომპანია ”გეოგრაფიკს” მიანდეს, რომელიც რკინიგზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის სოციალურ შეფასებასა და განსახლების გეგმას ადგენდა. რასაც ”გეოგრაფიკი” ვერ გაწვდა, ექსპროპრიაციის უფლებით აღჭურვილი თვით ”საქართველოს რკინიგზა” დაასრულებს. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზამ მრავალწლიანი ნარგავი, კაკლის პლანტაცია უნდა გადაკვეთოს. პლანტაციის მფლობელ გიორგი სესიტაშვილის თქმით, ისინი ძალიან დაზარალდნენ. მიწის იმ ნაკვეთზე, რომელიც რკინიგზის ინტერესში აღმოჩნდა, ძალიან მცირე თანხას, 1 კვ.მ.-ზე 6 ლარს უხდიან, ხოლო ნარგავის ძირზე - 124 ლარს. ბუფერული ზონის მიღმა მისი ნაკვეთის კიდევ ოთხი ჰექტარი დარჩა, რომლის შეძენაზე რკინიგზა უარს ამბობს, არადა, როცა აქ სარკინიგზო ხაზი გაივლის, იმ ნაკვეთის მოვლა შეუძლებელი გახდება.

ექსპერტები ამბობენ, რომ ქონების იძულებით ჩამორთმევის დაკანონების პრეცედენტები მსოფლიოში მხოლოდ არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს. განვითარებულ სახელმწიფოებში ამგვარი დავები მხარეებს შორის შეთანხმებით გვარდება. მსგავს სიტუაციებში სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებაში საბაზრო ფასს სთავაზობს, ხოლო თუ ეს უკანასკნელი მაინც უარსაა, როგორც წესი, ცვლილება პროექტში შედის.

იურისტების განმარტებით, მოქმედი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია, მაგრამ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაშიც კი ანაზღაურების ოდენობა არ უნდა იყოს ჩამორთმეული საკუთრების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, რისი საფასურიც დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და არა თავად დაინტერესებულმა მხარემ. კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში ორივე მხარეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ხარჯებს მთლიანად ექსპროპრიატორი ფარავს